IRI-იმ (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) საქართველოში საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც პოლიტიკოსების რეიტინგებს შორის, კვლავ აქტუალურია ინტერესი ქვეყნის კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ავტორიტეტის მიმართ. ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს მოსწონს პატრიარქი. პოლიტიკოსებს შორის კი, მოწონების რეიტინგში თბილისის მერი კახა კალაძე ლიდერობს. გამოკითხულთა 52% ამბობს, რომ ყველაზე მოსაწონი ფიგურა კახი კალაძეა. კვლევის მიხედვით, მას მოსდევს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 48%-ით და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით. გამოკითხულთა 36%-36% ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსწონთ. მათ შემდეგ კი, 35%-ით რეიტინგში “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოკითხული რესპონდენტების თითქმის ნახევარი უნდობლობას უცხადებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს და ამბობენ, რომ არც ერთი პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს.
კერძოდ, გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ არც ერთი პარტია არ გამოხატავს მის ინტერესებს; 25% ამბობს, რომ სულ მცირე ერთი პარტია მაინც სრულად გამოხატავს მის ინტერესებს. პოლიტიკურ პარტიებს გამოკითხულთა მხოლოდ 13 %-ის ნდობა ერგოთ.
ამავე გამოკითხვის თანახმად, უმრავლესობა – 65%, NATO-ში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს. პასუხები ასე გადანაწილდა:
- გამოკითხულთა 65% – მტკიცედ მხარს უჭერს;
- 15% – გარკვეულწილად მხარს უჭერს;
- 5% – გარკვეულწილად ეწინააღმდეგება;
- 9% – კატეგორიულად ეწინააღმდეგება;
- 6% – ამბობს, რომ არ იცის, ან კითხვას არ უპასუხებს.
გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მთავარი სარგებელი უსაფრთხოებაა.
კითხვაზე, თუ რა არის საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მთავარი სარგებელი, პასუხები ასე გადანაწილდა:
- 33% – უსაფრთხოება;
- 19% – თავდაცვა;
- 11% – ეკონომიკის გაძლიერება;
- 8% – სტაბილურობა / მშვიდობა;
- 4% – ქვეყნის განვითარება;
- 3% – უკეთესი მომავალი;
- 3% – სამხედრო მხარდაჭერა;
- 2% – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა;
- 1% – რუსული აგრესიის შეჩერება;
- 4% – სხვა;
- 12% – ამბობს, რომ არ იცის ან კითხვას არ უპასუხებს.
გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ NATO-ში გაწევრიანების გზაზე მთავარი დაბრკოლება რუსეთის წინააღმდეგობაა.
პასუხები ასე გადანაწილდა:
- 23% – რუსეთის წინააღმდეგობა;
- 22% – ოკუპირებული რეგიონების სტატუსი;
- 19% – საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობა;
- 11% – საქართველოში შიდა წინააღმდეგობა;
- 7% – NATO-ს ქვეყნების წინააღმდეგობა;
- 3% – სხვა;
- 15% – ამბობს, რომ არ იცის ან კითხვას არ უპასუხებს.
რატომ ხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მუდმივად, პოლიტიკურ რეიტინგებში? რა მიზანს ემსახურება, ყოველ ჯერზე, დასავლური ორგანიზაციების მხრიდან ილია მეორის რეიტინგის გადამოწმება?
როგორც პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე აცხადებს, ჯერ კიდევ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დასავლეთის მხრიდან იყო დიდი სურვილი, რომ საქართველოში ეკლესიისა და პატრიარქის რეიტინგი დაწეულიყო და ყოფილიყო უფრო დაბლა, ვიდრე სახელმწიფო უწყებების, როგორც ევროპის ქვეყნებშია. მისივე თქმით, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, უპირველეს ყოვლისა გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო უწყებები მოსახლეობის გაცილებით მაღალი ნდობით უნდა სარგებლობდნენ, ვიდრე ეკლესია. ევროპელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოშიც ეკლესიის სტატუსი და რეიტინგი არ იყოს სახელმწიფო უწყებებზე მაღალი.
„დარწმუნებული ვარ, დიდი მოლოდინები აქვთ, რომ როდესაც გარდაიცვლება ილია მეორე, მისი შემცვლელი არ ისარგებლებს ისეთი ავტორიტეტით, როგორითაც ილია მეორე სარგებლობს. რომ დაეცემა ეკლესიის რეიტინგი, რაც დასავლეთს აწყობს. პატრიარქს აქვს უფლება დამოძღვროს საზოგადოება, შესაბამისად ის არის ყველა რეიტინგში და შესაბამისად, აქტიურად უსინჯავენ პულსს ამ ვითარებას“, – განუცხადა Dalma News-ს არჩილ სიხარულიძემ.
რაც შეეხება NATO-ს მხარდაჭერას საქართველოში. ჯერ კიდევ 2008 წელს, ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩაატარა პლებისციტი, რათა დასავლეთისთვის ქართველი ხალხის უმრავლესობის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისკენ მისწრაფების სურვილის დემონსტრირება მოეხდინა. კითხვაზე: “უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო)?“ მაშინ დადებითი პასუხის პლებისციტში მონაწილე მოსახლეობის 77%-მა დააფიქსირა, ხოლო 23% წინააღმდეგი აღმოჩნდა.
IRI-ის კვლევას თუ დავუჯერებთ, საქართველოს მოსახლეობაში ნატო-ს მიმართ ინტერესმა იკლო და დღეს, 65% ფიქსირდება. რა არის ამის მიზეზი?
პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე მიიჩნევს, რომ 65%, სრულიად ნორმალური მაჩვენებელია. მისივე აზრით, საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერა დღეს, 60-დან 70 %-მდე იქნება. მეორე საკითხია, ყოველ ჯერზე რატომ ხდება საჭირო, ნატოს მიმართ საქართველოს მოსახლეობის განწყობის გადამოწმება, თუ არა იმისთვის, რომ მუდმივად შეახსენონ ამ ქვეყნის მოსახლეობას, რომ ნატო და ევროკავშირი მათი არჩევანია?
თუმცა, ეს ისედაც ვიცით, საქართველოს კონსტიტუციაშიც კი, არსებობს მსგავსი ჩანაწერი.
არჩილ სიხარულიძის აზრით, მსოფლიო რეალობა, წინა წლებთან შედარებით, შეიცვალა. 2007 წელს, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ხმას აძლევდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, სულ სხვა რეალობა იყო. შემდეგ ყველაფერი ფუნდამენტურად შეიცვალა. დღეს უკვე, აღარც მაპ-ზე და აღარც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე არავინ საუბრობს.
მისივე თქმით, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების შემაფერხებელი არის არა მხოლოდ რუსეთი, არამედ თურქეთიც, რომელსაც რეგიონზე თავისი ხედვა აქვს.
“ძალიან ბევრ ევროპულ ღირებულებას თურქეთი გვერდზე გადადებს და მოიქცევა ისე, როგორც ჩათვლის საჭიროდ. არ მგონია თურქეთის ინტერესში იყო საქართველოს ნატო-ში შესვლა, იმიტომ, რომ ეს დაძაბავს საქართველოს ურთიერთობას რუსეთთან. თურქეთს ურჩევნია პროდასავლური საქართველო, მაგრამ არა ნატოს წევრი. თურქეთს არ სურს, სამხრეთ კავკასიაში მის დომინანტობას ვინმემ ხელი შეუშალოს“, – აცხადებს არჩილ სიხარულიძე.
მისივე თქმით, საქართველოს ნატო-ში არ მიიღებენ, ეს უკვე ნათელი გახდა, ხოლო გამუდმებით საუბარი იმ სარგებლობაზე, რასაც ქვეყანა ვერ მიიღებს, დროის ფუჭი კარგვაა.
ქართველი პოლიტოლოგის აზრით, 2008 წელს დასრულდა საქართველოს ნატოში „მოგზაურობის“ ამბავი. მას შემდეგ, ეს არის ზღაპრები, რომლებსაც გვიყვებიან, რომ მშვიდად ვიყოთ. ასევე, გვახსოვდეს, თუ რა არის ჩვენი ცხოვრების მიზანი.
“აქამდე იყო მოლოდინი, რომ თურქეთის მეგობრულ პოლიტიკასთან ერთად საქართველო შეძლებდა გამხდარიყო ნატო-ს წევრი, შეგვეძლო თეორიულად გვეფიქრა, რომ თუ რამე მოხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, ნატო მოახდენდა რეაგირებას. ამის დაშვება შესაძლებელი იყო. ჩვენი ცხოვრების მიზანი არის უსაფრთხოება და არა ნატო. ნატო უსაფრთხოებას ვერ მომცემს, რადგან ნატოს წევრი ვერ გავხდები. შეიარაღების მოწოდება ჩემთვის ომის დაწყების შემთხვევაში არის უსარგებლო, საქართველოს არ გააჩნია რესურსი, რომ იომოს”, – განუცხადა Dalma News-ს არჩილ სიხარულიძემ.
მისივე თქმით, ნატო დღეს იქცა წარსულის გამოძახილად, როდესაც საქართველოში, 24 საათის განმავლობაში ნატოზე იყო საუბარი. მაპი და ნატო ჩავარდა. დღეს ეს თემა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღებამ ჩაანაცვლა.
საქართველოს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის პერსპექტივაზე ამ დღეებში კომენტარი გააკეთა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ. თბილისში თავის ვიზიტს დიპლომატიური და პოლიტიკური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულება უწოდა.
როგორც ზბიგნევ რაუმ განაცხადა, იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს შემდგომი ნაბიჯის გადადგმა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისკენ, აუცილებელია გაფართოებაში მონაწილე ყველა მხარის, როგორც ევროპული და ტრანსატლანტიკური ინსტიტუტების, ისე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საზოგადოების ჩართულობა და ძალისხმევა.
მისივე თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროა და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა უფრო სერიოზულად შეხედოს საკუთარ როლს და გაფართოების პოლიტიკას.
“გვიახლოვდება ვილნიუსის ნატო-ს სამიტი და წლის ბოლომდე ევროკავშირმა, შესაძლოა, მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე”, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველოს მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ უნდა დასრულდეს დასავლეთის მრავალწლიანი საუბრები “ღია კარზე” და “წინსვლებზე”. საჭიროა გადაწყვეტილებები, რომელსაც ქართველი ხალხი ელის.
გიორგი ქართველი