დასავლური სანქციების პირობებში გაძლიერდა რუსული ბიზნესის ინტერესი საქართველოს მიმართ. ერთი მხრივ რუსეთი კვლავ რჩება ქვეყნის ნომერ პირველ ეკონომიკურ პარტნიორად, მეორე მხრივ, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და მისგან გამომდინარე ეკონომიკურ სიკეთეებს ელოდება. პარალელურად, რუსეთ-უკრაინის კონფლიკტის ფონზე, საქართველოს მთავრობა მშპ-სა და ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე საუბრობს, თუმცა საერთო სოციალური ფონი განსხვავებულ სურათს ქმნის. ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები Dalma News-თან საუბარში ეკონომისტმა და პოლიტიკმა დემურ გიორხელიძემ შეაფასა.

როგორ გესახებათ საქართველო-რუსეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება საგარეო წნეხის პირობებში?

– სტატისტიკური მონაცემებით რუსეთი საქართველოს ნომერ პირველი ეკონომიკური პარტნიორია. არ მიმაჩნია, რომ ეს რაიმე განსაკუთრებული არჩევანის შედეგია. უბრალოდ, ამის უკან დგას ის, რა შესაძლებლობებიც დღეს საქართველოს გააჩნია. პარადოქსი ის არის, რომ არ გაგვაჩნია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა და ქვეყანა ნომერ პირველი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. ამავე დროს ასოცირების უზარმაზარი ხელშეკრულება გვაკავშირებს ევროკავშირთან (მაშინაც ვწერდი, რომ ეს თავიდან ბოლომდე ბლეფი იყო) და ევროპა, ფაქტობრივად საკუთარი ინტერესების ფარგლებში მოქმედებს, ხელშეკრულებაში ცალმხრივია ინტერესები და საქართველოსთვის ეს ხელშეკრულება დღეს პრაქტიკულად არაფრის მომცემია. ამიტომ, ჩვენ გვმართებს, რეალისტურად შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები და იდეოლოგიურად არ ვიყოთ დამძიმებული საკუთარი პრაგმატული გადაწყვეტილებებით. რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა გაფართოვდება, იმიტომ, რომ სხვაგან გაფართოების საშუალება არ არის. რომც იყოს, ცალმხრივად ვერ გაფართოვდებოდა.

დემურ გიორხელიძე

– რადგან ასოცირების ხელშეკრულება ახსენეთ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზეც მინდა გკითხოთ. როგორ ფიქრობთ, აქვს საქართველოს პერსპექტივა ამ მიმართულებით? კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში როგორ აისახება ეს საქართველოს ეკონომიკაზე?

– არანაირად არ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე. კანდიდატის სტატუსი ეს არის იდეოლოგიის გამო გაბერილი თემა, რომელიც დანახული უნდა იყო გეოპოლიტიკური დაპირისპირების კონტექსტში – დასავლეთსა და რუსეთს შორის, სხვა ფუნქცია ამ უაზრო თემაზე საუბარს, ნამდვილად არ გააჩნია. საქართველოს მომავლისთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება არაფრის მომცემია. მონიჭების თხოვნაც არ გვჭირდება. საქართველო თავისი ყველა პარამეტრით – ხალხით, ეკონომიკითა და ა.შ არ ჩამოუვარდებოდა აღმოსავლეთს ევროპისა და, თუ გნებავთ, დასავლეთ ევროპის ქვეყნების, არც ერთ ხალხს. დასავლეთს საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი რომ ჰქონოდა, ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდა. მაგრამ საქართველოს ფუნქცია სხვა არის, მან უნდა შეასრულოს რუსეთზე ზეწოლის ფუნქცია და მთელი ეს 20-წლიანი საუბარი არაფრის გამო, გრძელდება და არაფრის მომცემი არ არის.

გეოპოლიტიკა ისეთი რამ არის, ჩვენ კანდიდატის სტატუსზე უარიც რომ ვთქვათ, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს სტატუსი მოგვცენ. მათ უფრო სჭირდებათ ამ სტატუსის ჩვენთვის მონიჭება. ქართველები წარსულში დარჩნენ, ისევ რუსეთუმეობასა და დასავლეთუმეობას ედავებიან ერთმანეთს, რაც ძირითადად გონებასისუსტის ნიშანია. საკუთარი სახელმწიფო როცა გაქვს, შენ გაქვს მოცემულობა რუსეთის, ევროპის, ჩინეთის და სხვა ქვეყნების სახით, კეთილი ინებე და ისწავლე ცხოვრება არ მოცემულობაში, თუ არადა, ეს სახელმწიფო, რომელიც მძიმე ტვირთი აღმოჩნდა ქართველებისთვის, მალე გათავისუფლდებიან ქართველები ამ სახელმწიფოსგან, თუ ასე გაგრძელდა ამ ქვეყნის მოვლა-პატრონობა.

– რას გულისხმობთ?

– მიმდინარე პროცესებს. ძალიან მალე ქართველები საქართველოში ეროვნულ უმცირესობაში იქნებიან და ამით დაიხურება საქართველოს ისტორია ქართველებისთვის. ძალიან ცოტა დრო დარჩა და ქართველებს ეროვნულ უმცირესობაში გადაიყვანენ. 30 წელია მიმდინარეობს ეს მიზანმიმართული პროცესი და სამწუხაროდ, ქართველი, გამყიდველი ინტელექტუალური პოლიტიკური ელიტების მეშვეობით წარმატებით ხორციელდება.

ამ პროცესის შესაჩერებელი რეცეპტიც გეცოდინებათ?

– არსებობს მარტივი გამოსავალი, როდესაც სახეზეა მარიონეტული პოლიტიკური ჯგუფების ქმედება, (თუ ამ ქვეყნის წარსული ვინმეს უღირს და მომავალი სურს, ფანტასტიკურად კარგი კულტურა გვაქვს) უნდა გამოჩნდეს პოლიტიკურ ასპარეზზე სერიოზული ძალა, მაშინ ყველაფერი წავა ისე, როგორც საქართველოს მომავალს უნდა. თუ ამის მოსურნე ცოტაა და ყველა გაიქცევა ამ ქვეყნიდან, ამ ფანტასტიკურ ქვეყანას უპატრონოდ არავინ დატოვებს.

– 2024 წლის არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით?

– არაფერი მნიშვნელოვანი არ იქნება, თუ სხვა პოლიტიკური ელიტა არ შეიქმნა. უბრალოდ 2024 წლის არჩევნები ისევე დასრულდება, როგორც დასრულდა 2020 წლის არჩევნები. ეს ხალხი ჩხუბობს დღეს საპარლამენტო სკამების გაყოფისთვის. თუ დააკვირდებით დაკვეთილ სოციოლოგიურ გამოკითხვებს, სწორედ იმ პარტიების სახეს ქმნიან, რომლებიც თითქოს რაიმე ავტორიტეტით სარგებლობენ საქართველოში. იგივე პარლამენტს მივიღებთ, იგივე ხალხით, შესაძლო განსხვავებული პროპორციით.

– დასავლური სანქციების პირობებში გაძლიერდა რუსული ბიზნესის ინტერესები საქართველოს მიმართ, იქნება ეს სატრანსპორტო დერეფნის გახსნა ცხინვალის გავლით, აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა თუ სხვა. არის ეს ის საკითხები, რომლებიც შესაძლებელია საქართველომ რუსეთთან პოლიტიკური დიალოგისთვის გამოიყენოს?

– ეს გზები გადაიკეტა გეოპოლიტიკური დაპირისპირების შედეგად. ქართველებს დღესაც ვერ გაუგიათ რა მოხდა 90-იან წლებში. უსაშველოდ შორს არიან იმისგან, რაც მოხდა. ამ გზების გახსნა გეოპოლიტიკური ინტერესებია, იმიტომ, რომ მსოფლიო პოლიტიკაში დღეს დომინანტის როლს ე.წ გლობალური სამხრეთი ასრულებს. ცხადია, ეს მნიშვნელოვანია როგორც მათთვის, ასევე რუსეთისთვის, ჩინეთისთვის და ა.შ.

როგორ აფასებთ ჩინეთთან თანამშრომლობის გაფართოებას?

– არ ვიცი რა უნდა გააქტიურდეს ჩინეთთან ამ მწირი და დეგრადირებული ეკონომიკის ფარგლებში, რაც დღეს სახეზეა? საქართველოს ეკონომიკა საცოდავ მდგომარეობაშია არასწორი საშინაო ეკონომიკური პოლიტიკის გამო, რომელიც ტარდება სანაგვეზე გადაგდებული ნეოლიბერალური პოლიტიკური და ეკონომიკური დოქტრინის ფარგლებში. ამიტომ, ჩვენ, რეალობას მოწყვეტილი ხალხი ვართ და ჩინეთზე და აშშ-ზე ისე ვლაპარაკობთ, თითქოს რაღაც საპირწონე ვიყოთ მათი, ან გაგვაჩნდეს რაიმე, რითაც სარგებელი შეიძლება მივიღოთ ან ერთისგან, ან მეორისგან.

ეკონომიკური ზრდა, მშპ-ის ზრდა, რაზედაც ხშირად საუბრობს ხელისუფლება, რატომ არ ისახება მოსახლეობის ჯიბეზე?

– ის ეკონომიკური ზრდა რომ არის, ის არ მომხდარა შიდა ეკონომიკური პროცესების რეალური სექტორის პროდუქციის შექმნის, ადამიანების დასაქმების ხარჯზე. უბრალოდ, შექმნილ ვითარებაში, ბოლო 2 წელია მილიარდობით ფული შემოვიდა ქვეყანაში. ეს ის ფულია, რომელიც ქვეყანაში არ გამომუშავებულა და ციური მანანასავით დაეპკურა ამ მთავრობას და გააუმჯობესა მონაცემები. ეს ვერაფრით ვერ აისახება საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობაზე, რადგან საქართველოს მოსახლეობას ამ ზრდაში რაიმე მონაწილეობა არ მიუღია. პირიქით, ცუდი მდგომარეობის გამო, ქვეყნიდან მასობრივად გარბიან უკვე ოჯახები. განსაკუთრებით საშიშია ახალგაზრდების დიდი ნაკადების გასვლა ქვეყნიდან.

 

– ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებზეც მინდა გკითხოთ. მოსალოდნელია თუ არა კრიზისი?

– არანაირი კრიზისი ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით არ არსებობს, ეს არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, ხელისუფლებების წაყრუების გამო. მალე გაიყრება ის ხალხი იქიდან, ვინც შექმნა ეს მახინჯი პოლიტიკა, თუმცა არ ვარ დარწმუნებული რომ უკეთეს ხალხს მიიყვანს ხელისუფლება. არაფერი საშიში ეროვნულ ბანკში მიმდინარე პროცესში არ არის. მათმა მახინჯმა პოლიტიკამ უზრუნველყო უსაშველოდ ძვირი ფული ქვეყანაში. თუმცა ეს საქართველოს პარლამენტის ბრალია, რომელიც ამტკიცებს, როგორც მთავრობის პოლიტიკას, ისე ეროვნული ბანკის პოლიტიკას.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი