მაღალი პოლიტიკური დუღილის პარალელურად, 2019 წელი, საქართველოს ეკონომიკისთვის დაძაბული და გამოწვევების წელი იყო, მაგრამ არც 2020 წელს უნდა ველოდეთ ეკონომიკურ აღმავლობას. 20 ივნისის ერთმა პოლიტიკურმა მოვლენამ პირდაპირი დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას, შემცირდა უცხოური ინვესტიციები, დაზარალდა ტურიზმის სფერო; ე.წ გავრილოვის ღამის შედეგად, რუსეთმა საქართველოში პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა; გაგრძელდა ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი. წლის ბოლოს კი, ამუშავდა ტრანს-ანატოლიური მილსადენი – TANAP-ი.

რა გამოწვევები ჰქონდა ქვეყანას 2019 წელს და როგორ დაძლია ისინი, ამის შესახებ Dalma News-ს ეკონომიკის სფეროს ექსპერტი, დემურ გიორხელიძე ესაუბრა.

დემურ გიორხელიძე

– პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი პერიოდია და უკან არ მივდივართ, თუმცა ვერც წინ მივდივართ, იმიტომ, რომ ძალიან მიზერული ეკონომიკა აქვს ქვეყანას. ის 3-6% -იანი ზრდა, რომელიც გვაქვს, შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს დიდი ეკონომიკისთვის, მაგრამ არა საქართველოსთვის. ამიტომ, ამ მხრივ ჩვენ ვარსებობთ. ადამიანები ცდილობენ რაღაცის გაკეთებას, თუმცა ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა არ არის.

ხელისუფლებამ ჯერჯერობით ვერ გაატარა ის აუცილებელი რეფორმები, რაც თავისუფალი კანონიერი მეწარმეობისთვის იქნება სტიმულის მიმცემი. ხელისუფლება პრაქტიკურად ოლიგარქიულ ჯგუფებზეა ორიენტირებული და მათი მხარდაჭერით შექმნილია ოლიგოპოლიური ბაზრები ეკონომიკის ყველა სფეროში. ბიზნესს აბსოლუტურად ანადგურებს ეროვნული ვალუტის უაზრო თამაში, რაც გამოწვეულია სუბიექტური მიზეზებით და არის არასწორი პოლიტიკის შედეგი. ლარის მერყეობა პრაქტიკულად გამორიცხავს რაიმე გათვლას ბიზნესში.

ვითარება, რაც 2019 წელს იყო ლარის კურსთან მიმართებაში, აშშ-ს, უძლიერესი ეკონომიკის მქონე ქვეყანას რომ დამართნოდა, ფაქტობრივად ნანგრევების პირას მიიყვანდა. დაიწყებოდა გაკოტრებების არანორმალური სერია. ჩვენ უკვე გაკოტრებული ვართ ძალიან სერიოზულად. ხელისუფლების ეფექტიანობა არის უსაშველოდ დაბალი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მშვიდობიანი პერიოდია და ამჟამინდელი ხელისუფლება, წინამორბედისგან განსხვავებით, ბიზნესს არ ძარცვავს. მაგრამ გრძელდება ოლიგოპოლიური ბაზრებისა და ე.წ დიდი ბიზნესმენების მხარდაჭერა, რომლებთან შეხვედრაზე ხშირად დადიან პრემიერ-მინისტრები და მათ აზრს ეკითხებიან. ეს მთავრობის მეთაურის არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს.

– რა არის საჭირო ეფექტიანი ეკონომიკისთვის?

– კარგი ეკონომიკისთვის სრულებით არ არის საჭიროა პრივილეგირებული ბიზნესმენების მოსაზრებების მოსმენა. როცა ერთ ჯგუფს უსმენ, ავტომატურად უარყოფ და ვნებ სხვა ჯგუფებს. ამიტომ, თუ პროფესიონალი ხარ და პოლიტიკური პასუხისმგებლობა გაქვს, არანაირი მიახლოება არ გჭირდება ბიზნესთან, ის უნდა იყოს დისტანცირებული შენგან. უნდა ააწყო ეკონომიკა თანამედროვე ეკონომიკური მოთხოვნებით და არა დრომოჭმული შეხედულებით, – ბაზრის მოქმედებაში არ ვერევი.

– სწრაფი ეკონომიკური ზრდის რესურსი თუ არსებობს დღეს საქართველოში?

– არსებობს რესურსი, რომ ეკონომიკური ზრდის სულ სხვა ტემპები მივიღოთ; რომ გაუმჯობესდეს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობა. სოციალურ სფეროსთან დაკავშირებით ხელისუფლება ზედმეტს იღებს საკუთარ თავზე. იგივე საყოველთაო ჯანდაცვა, რომ ავიღოთ. გარკვეულ ეტაპზე თავისი ფუნქცია შეასრულა.

ახლა კი, ვნახოთ რა მოხდა? გინდ სუპერმარკეტები გინახავს და გინდ საავადმყოფოები. რაღაც მახინჯმა სისტემამ სოკოებივით წარმოქმნა ისინი და ყველანი დასვა ბიუჯეტის კმაყოფაზე. თუ იმასაც გავითვალისწინებთ რა თაღლითური სქემები შეიმუშავეს ბევრ საავადმყოფოში, როცა არასათანადოდ დაფინანსებული ოპერაციების ხარჯი ხელოვნურად გაზრდილია. ეს იცის არასწორმა მიდგომამ. ხელისუფლების დახმარება არასდროს უნდა შეწყდეს გაჭირვებული ადამიანებისთვის, ვისთვისაც ეს არის აბსოლუტურად გადაუდებელი. ეს არის პენსიონერები, მარტოხელა დედები, ვეტერანები. ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ სრულებით გაუგებარი სქემა. იმ ველურობის დროს, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა, როცა გაჭირვებული ადამიანი ვერ მიდიოდა საავადმყოფოში. დღეს ეს პრობლემა დაძლეულია, მაგრამ არასწორი სისტემით, სამედიცინო სფეროში წურბელები გავაჩინეთ.

– დაწყებულია ჯანდაცვის რეფორმა, ელოდებით დადებით შედეგს?

– კი, თუ კონცეპტუალურად სწორად გატარდება. აიღეთ ყველაზე განვითარებული დასავლური ქვეყნები. ჯანდაცვა იქ, ეკონომიკური სეგმენტი, დასაქმების უზარმაზარი სფეროა. უზარმაზარი სეგმენტი უჭირავს მთელს ინფრასტრუქტურაში. დასავლეთ ევროპაში და აზიაში უკვე კარგად იციან, რომ ბევრი ფული უნდა ჩაიდოს შენი მოქალაქეების ჯანდაცვაში, რომ იმ ადამიანებმა შემდგომ, წარმატებებს მიაღწიონ და ქვეყანა განავითარონ. პრობლემაა ასევე, შერჩევითი კანონი, არათანაბარი დამოკიდებულება ბიზნესების მიმართ. მცირე და საშუალო ბიზნესი არ მოსდის ხელისუფლებას თვალში. ეს სრული განუვითარებლობაა, ამიტომ არაფერი გამოდის ჯერჯერობით.

– 2012 წელს სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმა შეიმუშავეთ, რა ეტაპზეა პროექტი?

– მოვა დრო და შეფასდება ის მილიარდი, რომელიც სოფლის მეურნეობაში წავიდა. უფრო დანაშაულებრივად ამ ფულის გამოყენება ძნელად მოსაფიქრებელი იყო. ეს ფული არ მოხმარდა ფერმერებს, იმ ადამიანებს, ვისაც სოფელში დაბრუნება სურთ. ის ისევ პრივილეგირებულ ბიზნესებში და ბანკების პროცენტებში წავიდა. ბანკები ვიღაც ფერმერს არ მისცემენ ფულს, რომ ელოდონ მერე მოგებას 5-7 წელი. მათ ვერა-ვაკე-ზემელზე რეგისტრირებულ ფირმებში გასცეს ფულის უდიდესი ნაწილი. შემოზიდეს საწამლავი – პესტიციდები, ამიტომ არის აბსოლუტურად უხარისხო, სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ჩვენ მას ვჭამთ, იმიტომ, რომ შემზღუდავი არაფერია, თუმცა მათი უდიდესი ნაწილი არ შეიძლება ადამიანს მიაწოდო.

ივანიშვილი ესწრებოდა იმ პრეზენტაციას, როცა მისივე დაკვეთით და ჩემი ხელმძღვანელობით მომზადდა “ინოვაციური ბიო სოფლის მეურნეობის პროექტი”. საქართველოს აქვს ის უნიკალურობა, რომ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი აწარმოოს. საქართველო უნდა გადავიდეს ინოვაციური განვითარების რელსებზე. მაგრამ ამას, სულ ცოტა 3 ეტაპი სჭირდება.

სოფლის მეურნეობა ეს არის გასაღები იმისთვის, რომ გაუშვა ეს მექანიზმი. სოფელში ყველაზე სწრაფად შეიძლება შედეგის მიღება. ის კომპლექსური დარგია, საჭიროებს მანქანათმშენებლობისა და მეცნიერების ძალიან სოლიდურად განვითარებას. ბიძინა ივანიშვილს ამაზე ნათქვამი აქვს, თუმცა, რატომ არ კეთდება ეს ყველაფერი უკვე 7 წელია, გაუგებარია. უცხოელებსაც გავაცანით ინოვაციური ბიო სოფლის მეურნეობის პროექტი. მათაც თქვეს, რომ ეს არის ზედგამოჭრილი საქართველოსთვის.

– გეგმა არსებობს. როდის უნდა დავიწყოთ განხორციელება?

– ყველაფერი არსებობს, მაგრამ ამას პოლიტიკური ნება სჭირდება და დეტალურ პროგრამებში გადაყვანა. ეტაპები, სტრატეგია, მიმართულებები გაწერილია, ახლა საჭიროა პროგრამების დამუშავება, ანუ სამუშაო გეგმების მომზადება. ამაზე კარგს ვერაფერს გააკეთებს მთავრობა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო მხოლოდ აგრარულ სექტორზე იყოს ჩამოკიდებული. სოფლის მეურნეობა საერთო ეკონომიკის ნაწილია, უბრალოდ სპეციფიკის გამო გამოყოფენ, იმიტომ, რომ, გარდა ეკონომიკურისა იქ არის სოციალური მომენტი. დღესაც კი ყველაფრის გაკეთება შეიძლება ამისთვის, უბრალოდ მთავრობებს ამისთვის არასდროს ეცალათ.

– TANAP-ს, როგორ შეაფასებთ. აისახება ის რიგითი მოქალაქის ჯიბეზე?

– ნებისმიერი ასეთი პროექტი კარგია, დადებითი მხარე რა თქმა უნდა არის, მაგრამ ეს ძირითადად არის თურქულ-აზერბაიჯანული პროექტი. კარგად უნდა გვესმოდეს, TANAP-ის სტრატეგიული მიზანი რა არის. ეს არის საკმაოდ კარგი შემთხვევა, როცა შესაძლებელი იქნება, მცირე რაოდენობით, მაგრამ ევროპაში ენერგორესურსების ტრანზიტიდან საქართველომ რაღაც მიიღოს. მაგრამ თქმა იმისა, რომ ეს პროექტი საქართველოს ეკონომიკას გააუმჯობესებს და ამით, რაიმე წარმატებას მივაღწევთ, ილუზიაა. ის მილიარდი კუბამეტრიც, რომელსაც საქართველო ტრანსპორტირების საფასურად მიიღებს, ისევ ოლიგარქების ვიწრო წრეს მოხმარდება. სულ სხვა მიდგომებია საჭიროა.

სამწუხაროდ, ვერც ბიძინა ივანიშვილი და ვერც მისი ხელისუფლება, ვერ მიდის რაციონალურ გარდაქმნამდე. ბიძინა ივანიშვილი უზარმაზარ ქველმოქმედებას რომ აკეთებს, კარგია. ამაზე ცუდის თქმა უმადურება იქნებოდა, მაგრამ ეს ქვეყნის განვითარებისთვის არანაირ ეფექტს არ იძლევა. ამას ადამიანების კეთილდღეობა, კვალიფიკაცია, შრომის სტიმულირება არ მოაქვს. კარგი უნდა დავაფასოთ და მადლობა ვუთხრათ, მაგრამ ამის შენიღბვა ისე, თითქოს ქვეყანა ვითარდება, გულუბრყვილობაა.

– “გავრილოვის ღამემ” იმოქმედა ქვეყნის ეკონომიკაზე? დაზარალდა ტურიზმის სფერო?

– ტურიზმი წლეულს არ არის გაზრდილი. ამ ამბავმაც იმოქმედა. ხელისუფლება საუბედუროდ, ვერ აღმოჩნდა მზად ამ გამოწვევისთვის. საქართველომ განიცადა გარკვეული შემოსავლების დანაკლისი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ. მაგრამ ეს არ არის მთავარი, ეს გამოსწორდება.

2020 წლის პირველ ნახევარში რუსეთ-საქართველოს შორის კვლავ აღდგება საჰაერო მიმოსვლა. ალბათ, ტურისტული ნაკადიც გაიზრდება. მთავარი პრობლემაა საქართველოს ხელისუფლების არასწორი ხედვა ტურიზმისადმი. არ შეიძლება დაგცინოდეს მთელი ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილო კავკასია, რომ საქართველოს დედაქალაქი ფაქტობრივად, სექსტურიზმის ცენტრი გახდა. იზრდება ბორდელების რაოდენობა და ინიღბება ეს თითქოს ადამიანის უფლებების დაცვად და დასავლურ ორიენტაციად. ასეთი ტურიზმის საქართველოს არ სჭირდება. თუმცა ტურიზმი ეკონომიკის ძალიან კარგი სეგმენტია და ის მაქსიმალურად უნდა მუშაობდეს. საქართველო იმდენად უნიკალურია თავისი ბუნებით, არ სჭირდება მას სექსტურიზმი და მარიხუანა.

– როგორი იქნება 2020 წელი?

– 2020 წელი, საქართველოს ეკონომიკისთვის დაკარგული წელი იქნება. ხელისუფლება ყველა ნაბიჯს გაზომავს მომავალი წლის არჩევნების კონტექსტში და რაიმე რეფორმებზე არ იფიქრებს. საშინლად მძიმე წელი გველის. ჩვენ ისევ გადავედით 90-იანი წლების გარემოში, როცა თამაშის წესების არარსებობის გამო, იმატა სიძულვილის ენამ. გვაქვს საშინელი დაპირისპირებები. 2020 წლის არჩევნები, კიდევ უფრო უარესი იქნება, ვიდრე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი