საქართველოში თანამედროვე სპორტული ფარიკაობის განვითარება XX საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო. პირველად თბილისელმა მოფარიკავეებმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მონაწილეობა 1935 წელს მიიღეს. ქართველი მოფარიკავეები საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაშიც იყვნენ და ჩემპიონობა, როგორც პირად, ასევე გუნდურ თამაშებშიც მოუპოვებიათ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში სპორტის ეს სახეობა მიივიწყეს. მხოლოდ 2007 წლიდან აღსდგა ფარიკაობის ფედერაციის დაფინანსება და მას შემდეგ ინტენსიური ვარჯიშები მიმდინარეობს. ქართველ მოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც ზაფხულში, თბილისში გაიმართება და მსოფლიოს 44 ქვეყნიდან დაახლოებით 500 სპორტსმენი იასპარეზებს. ამის შესახებ Dalma News-ს საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის მთავარი მწვრთნელი, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ცნობილი მოფარიკავე მერაბ ბაზაძე ესაუბრა.

– როგორ გადაიტანეთ გასული საუკუნის მძიმე 90-იანი წლები?

231943952

– საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში ფარიკაობა, მივიწყებას მიეცა. 70-იანი წლების დასაწყისში აშენებული ფარიკაობის დარბაზი დაზიანდა, სახურავიდან წვიმის წყალი ჩამოდიოდა. ხშირად არ მიეწოდებოდა წყალი და ელექტროენერგია, მაგრამ, რამდენიმე ენთუზიასტი მწვრთნელის წყალობით, მაინც განაგრძობდა დარბაზი მუშაობას და ავარჯიშებდნენ ფარიკაობის ფანატებს. იმ მძიმე წლებში, რამდენიმე ვეტერანმა მოფარიკავემ შეისყიდეს ძველი დარბაზი და მის ადგილას თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ფარიკაობის დარბაზი ააშენეს, რომელიც შემდგომ უსასყიდლოდ, 50 წლის ვადით გადასცეს ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდეგ ფარიკაობის ფედერაციას. 2007 წლიდან ფედერაციას აღუდგინეს დაფინანსება, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის “ქართუ ბანკს”, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციას (FIE), ევროპის ფარიკაობის კონფედერაციას. აქედან დაიწყო ფარიკაობის ხელახლა აღორძინება რეგიონულ, ევროპულ და მსოფლიო არენებზე. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ფარიკაობა “სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამაშიც” ჩართო, რაც ფედერაციას მომავალი განვითარების საშუალებას აძლევს.

– ამჟამად ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებით, მანამდე თუ ჩატარებულა საქართველოში ასეთი მასშტაბური შეჯიბრება?

– 6 ივნისიდან 18 ივნისამდე თბილისი ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც სხვადასხვა ქვეყნების 500 სპორტსმენი იასპარეზებს, როგორც პირად, ასევე გუნდურ შეჯიბრებებში. შეჯიბრი გაიმართება დიღომში, ოლიმპიურ პარკში. სამზადისი ინტენსიურად მიმდინარეობს, გვინდა კარგად ჩავატაროთ ეს შეჯიბრი, რადგან მთელი ევროპა ჩამოდის. საქართველოს ნაკრები 24 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. 2015 წელსაც ჩავატარეთ ევროპის ჩემპიონატი, მაგრამ ახალგაზრდებს შორის, სადაც ხმლით ფარიკაობაში სანდრო ბაზაძემ გაიმარჯვა. მეორე, ასევე მასშტაბური შეჯიბრი გვქონდა მსოფლიო თასის გათამაშებაზე. მაგრამ ეს ძალიან დიდი მასშტაბის ჩემპიონატი იქნება, იმიტომ, რომ შეჯიბრი გაიმართება დიდების, ანუ სინიორებს შორის. საერთოდ სამი ასაკობრივი ჯგუფი გვყავს, 17 წლამდე – კადეტები, 20 წლამდე – იუნიორები, ხოლო 20 წლის ზემოთ – სინიორები.

17274799_10209099259141902_659226920_n

– დღეს თუ არის ფარიკაობა პოპულარული საქართველოში?

– ფარიკაობა, ზოგადად მთელს მსოფლიოში მიიჩნევა სპორტის პოპულარულ სახეობად. დაწყებული ევროპიდან, დამთავრებული აფრიკით. საქართველოც ფარიკაობის მხრივ დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანაა. 2 ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს, უამრავი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 20-25 წლიანი ჩავარდნა გვქონდა, მაგრამ, ბოლო 4-5- წელია უკვე უმაღლეს შედეგებს აღწევენ ჩვენი სპორტსმენები. კარგი ახალგაზრდა თაობა მოდის, სახელმწიფო შეძლებისდაგვარად ხელს გვიწყობს, მაგრამ ძვირადღირებული სახეობაა, ამიტომ ცოტა მეტი ფინანსები გვჭირდება, რათა მეტად პოპულარული გახდეს ქვეყნის რეგიონებშიც. თბილისის გარდა, რამდენიმე ქალაქში უკვე გვაქვს ფილიალები: ქუთაისში, ზესტაფონში, რუსთავში და ბათუმში. ბევრი პერსპექტიული ბავშვი გვყავს, რომლებსაც სათანადო ყურადღება სჭირდებათ. ცოტა მწვრთნელების პრობლემაც გვაქვს, მაგრამ სახელმწიფო გადამზადების პროგრამებში მონაწილეობით ახალგაზრდა მწვრთნელების გადამზადებას ვიწყებთ. სპორტის ამ სახეობაში მწვრთნელის გარეშე ვერაფერს გავხდებით.

– სპორტის ყველა სახეობა მეტ-ნაკლებად განსხვავებულ ფიზიკურ მომზადებას საჭიროებს. რა ასაკიდან იწყებენ თქვენთან ვარჯიშს?

17321363_10209099269822169_1983103183_n– 7 წლის ასაკიდან უკვე შეიძლება ბავშვის ფარიკაობაში ვარჯიში. სპორტსმენს აქ სჭირდება, როგორც ფიზიკური მომზადება, ასევე მათემატიკური უნარები. სპორტსმენები სპეციალურ ფიზიკური მომზადება გადიან. ამაში შედის სირბილიც, სიმძიმეების აწევაც და გონებრივი ვარჯიშებიც. წარმატება რთულად, მაგრამ თავდაუზოგავი შრომით მიიღწევა.

– ვარჯიშიდან, რამდენ წელიწადში იძლევა სპორტსმენი შედეგს?

– 8 წლის ბავშვისთვის 4-5- წელი უკვე საკმარისია, რომ კარგი დონის მოფარიკავე გაზარდო და დაიწყოს მსოფლიო შეჯიბრებებში მონაწილეობა. ვარჯიშის დაწყება შეიძლება 10 და 12 წლიდანაც. მსოფლიოში არის ისეთი პრეცედენტებიც, როცა 15-16 წლიდან იწყებდნენ ვარჯიშს და ოლიმპიური ჩემპიონები ხდებოდნენ.

– საქართველოში რა ტრადიციები გვაქვს?

– საბჭოთა კავშირის დროს გვყავდა ოლიმპიური ჩემპიონები, რომლებიც საბჭოთა კავშირის ნაკრების სახელით გამოდიოდნენ. მათ შორის ხმლით ფარიკაობაში ნუგზარ ასათიანი, ვლადიმერ აფციაური, რომელიც სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. გვყავდა ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონი გივი ანდრიაძე, ლეგენდარული მოფარიკავე გურამ კოსტავა, ისიც მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი. სანდრო ბაზაძე, უკვე ახლანდელი ზამთრის ევროპის ჩემპიონია და ემზადება მომდევნო ოლიმპიადისთვის.

231943677
სანდრო ბაზაძე

– რა ჯდება ერთი სპორტსმენის აღჭურვილობა?

– როცა სპორტსმენი ნაკრებში ხვდება მის აღჭურვას ფედერაცია უზრუნველყოფს, მაგრამ ნაკრებში მოხვედრამდე მშობელმა უნდა იზრუნოს ბავშვის ფორმა-ინვენტარის შეძენაზე. ცოტა ძვირი სიამოვნებაა. როცა ნაკრებში ხვდება, იქ უკვე 1500 ევრო სჭირდება ერთ ბავშვს, მარტო სამოსისა და იარაღებისთვის. ასევე საჭიროა ბილიკები, აპარატები და სხვა. ფედერაცია თავისი დაფინანსების ფარგლებში ნაკრებისთვის ყველაფერს აკეთებს. ჩვენთან კონკურენცია არ არის და ძალაუნებურად გვიწევს უცხოეთში გასვლა. სახელმწიფო ზრუნავს, რომ ბავშვებმა მიიღონ გამოცდილება უცხოეთში, სპარინგ – პარტნიორები ჩამოვიყვანოთ, ან უცხოეთში წავიდეთ სპარინგ-პარტნიორად.

– ძირითადად რომელ ქვეყნებში გყავთ სპარინგ-პარტნიორები?

– უფრო გერმანიაში. ადრე ბელორუსიაში დავდიოდით. ამ ბოლო ხანებში იტალიასთან დავმეგობრდით და მათ ფედერაციასთან 4 წლიანი მემორანდუმი გავაფორმეთ, რაც ითვალისწინებს გაცვლით პროგრამებს, მწვრთნელების გადამზადებას და სხვა. იტალიის ფარიკაობის სკოლა მსოფლიოში პირველია, ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია მათ სპეციალისტებთან თანამშრომლობა. გარდა ამისა, აშშ-სთან გვაქვს ძალიან კარგი გაცვლითი პროგრამები. თუ ბავშვი წარმატებული სპორტსმენია და სურს აშშ-ს, რომელიმე უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლოს, მიჰყავთ სპორტსმენი, მშობლებს ხელშეკრულებას უფორმებენ და ასწავლიან ამერიკის ნებისმიერ პრესტიჟულ უნივერსიტეტში. ჩვენი ერთი მოფარიკავე გოგონა, თეოდორა კახიანი წელს ამთავრებს უკვე პენსილვანიაში უნივერსიტეტს. ძალიან კარგი მოფარიკავეა. თუ კარგი მოფარიკავე ხარ და მსოფლიოს 36 საუკეთესოს შორის მოხვდი, შეგიძლია ამერიკის ნებისმიერი უნივერსიტეტი დაამთავრო.

– გოგონები ბევრი გყავთ?

– კი, ბევრი გოგონა ვარჯიშობს ჩვენთან და საკმაოდ წარმატებულად.

– ფარიკაობის სახეობებს შორის მაინც, რომელში არიან წარმატებულნი ქართველი მოფარიკავეები?

– ფარიკაობის სამი სახეობა გვაქვს, ხმალი, რაპირა და დაშნა. სპორტსმენს სპეციალური დამცავი, ელექტროგამტარით აღჭურვილი ქურთუკი აცვია, რომელიც დარტყმებს აფიქსირებს. ხმალს ვინც ფლობს, მას შეუძლია დაშნითაც იფარიკაოს, მაგრამ მხოლოდ მოყვარულის დონეზე. ხმალი არის დარტყმა და ჩხვლეტა წელზემოთ. დაშნით და რაპირათი მხოლოდ ჩხვლეტა წელის არეში. ამჟამად უფრო წარმატებული ხმლით ფარიკაობაში ვართ.

– სომეხი და აზერბაიჯანელი სპარინგ-პარტნიორები თუ გყოლიათ?

– ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს სომეხ და აზერბაიჯანელ სპორტსმენებთან. ჩამოდიან, ან ისინი გვიწვევენ. საერთაშორისო დონის ტურნირებს ვატარებთ ხოლმე 4 – 5 ქვეყანა, თურქეთიც მონაწილეობს ხოლმე. რეგიონიდან ყველაზე უკეთესი მდგომარეობა ფარიკაობაში დღეს ჩვენ გვაქვს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის უკრაინასთან და ბელორუსიასთან თითქმის თანაბარი შედეგები გვაქვს.

– პრობლემებს რას შეეხება …

– თბილისის ვაკის რაიონში ძალიან კარგი დარბაზი გვაქვს, რომელიც, როგორც გითხარით წინა თაობის მოფარიკავეებმა საკუთარი სახსრებით ააგეს და ფედერაციას გადასცეს. მაგრამ ეს ცოტაა. იქ ნაკრებიც ვარჯიშობს და პატარა ბავშვებიც. მივმართეთ სპორტის სამინისტროს და ცდილობენ დაგვეხმარონ, რომ დარბაზები დედაქალაქის სხვა უბნებშიც გავხსნათ, მაგალითად გლდანში და ნაძალადევში, საიდანაც ბევრი ბავშვები დადის ჩვენთან. ბავშვები ყოველწლიურად გვემატებიან.

ესაუბრა შ.ქარჩავა