საქართველოში წელს უჩვეულოდ თბილი შემოდგომა გვაქვს, მართალია გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი წვიამინი და გრილი იყო, სამაგიეროდ სექტემბერი გვანებივრებს და სინოპტიკოსები თბილი ამინდების შენარჩუნებას ოქტომბერშიც ვარაუდობენ. ბოლო წლებში ხშირად გვესმის პლანეტაზე გლობალური დათბობის საფრთხეზე საუბრები. როგორც მეცნიერები ამბობენ, დედამიწის ზედაპირის ტემპერატურა ყოველ 40 წელიწადში 1 გრადუსით იმატებს. ბუნებრივ პროცესებს ადამიანის საქმიანობის მძიმე შედეგები, ქვანახშირის, გაზისა და ნავთობის მოხმარებით გამოყოფილი “სათბურის აირებიც” ემატება.

ბუნებრივი სათბური ეფექტის გარეშე დედამიწა ძალიან ცივი იქნებოდა და მასზე სიცოცხლეც ვერ იარსებებდა. პრობლემა ისაა, რომ ადამიანები ატმოსფეროს “სათბურის აირების” დამატებითი რაოდენობით აბინძურებენ. რაც მეტად ვითარდება კაცობრიობა, მით მეტ ენერგიას მოიხმარს. სწორედ ამის მიზეზია გლობალური დათბობის პროცესი. ფიზიკური კანონების მიხედვით, ტემპერატურის გათბობის შედეგად ნებისმიერი სხეული ფართოვდება, მათ შორის – წყალიც, რასაც მოჰყვება ოკეანის დონის აწევა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პატარა კუნძულოვან სახელმწიფოებს გლობალური დათბობის გამო დედამიწიდან გაქრობა ემუქრებათ.

მართალია საქართველო არ არის კულძულოვანი სახელმწიფო, მაგრამ წყლებით მდიდარია. ბოლო წლების გახშირებულმა წვიმებმა ქვეყანას არაერთი მატერიალური ზარალი და ადამინური მსხვერპლი მოუტანა. უდიდესი ტრაგედია კი ქვეყნის დედაქალაქში 13-14 ივნისს დატრიალდა, როდესაც მდინარე ვერეს ადიდებას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ამ თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაეროს მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში გამართულ, “ჩვენი პლანეტის დაცვა და კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის” მეოთხე ინტერაქტიულ დიალოგში მონაწილეობისას ისაუბრა და განაცხადა, რომ  საქართველო, თავისი განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობისა და მრავალფეროვანი კლიმატური პირობების გამო, კლიმატური ცვლილებებისგან საკმაოდ დაუცველია.

ღარიბაშვილმა კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლას 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა უწოდა და ე.წ. მწვანე განვითარებისადმი საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა. მისი თქმით,  საქართველოს ხელისუფლება ცდილობს პრობლემას მთელი ქვეყნის მასშტაბით დაბალი ნახშირბადის გამოყოფის ტექნოლოგიებში ინვესტიციების წახალისებით ებრძოლოს, რათა მოსახლება დაცული იყოს ზიანისგან.

საქართველო გაეროს კლიმატური ცვლილებების ჩარჩო-კონვენციას 1994 წლიდან უერთდება. აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით მომზადდა დოკუმენტი, რომელშიც ასახულია 2015 წელს გასატარებელი ზომები, რათა მოხდეს 2020 წლის შემდგომი კლიმატური ცვლილებების ნეგატიური შედეგების მინიმალიზაცია. სპეციალისტების აზრით, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია შემუშავდეს ტყეების გაკაფვისა და დეგრადაციის შედეგად წარმოქმნილი ემისიის შემცირების მექანიზმი, განვითარდეს სუფთა სატრანსპორტო მომსახურება. 2030 წლისთვის საქართველო “სათბურის აირების” ემისიის 15%-მდე შემცირებას აპირებს. “იმისთვის, რომ მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ ჩვენი პლანეტა, აუცილებელია დღესვე გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები”, – მიაჩინა ირაკლი ღარიბაშვილს.

მსოფლიოს 195-მდე ქვეყანა ცდილობს “სათბურის გაზების” ემისია შეამცირონ. საქართველოს წილი მსოფლიო ემისიაში სამი მეასედი პროცენტია. აქ არ გვაქვს მძლავრი საწარმოები, “სათბურის გაზების” ძირითად წყაროს წარმოადგენს ავტომობილები, ელექტროენერგიის გამომუშავება და გათბობისთვის გამოყენებული ბუნებრივი აირი.

და მაინც, რა საფრთხეს უქმნის გლობალური დათბობის პროცესი საქართველოს მოსახლეობას?

როგორც Dalma News-ს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კლიმატური ცვლილებების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლაზრიევმა განუმარტა,  საფრთხე მართლაც რეალურია. დედოფლის წყაროს რაიონი და ქვემო ქართლი ნალექის სიმცირის გამო გაუდაბნოება ემუქრება, ხოლო შავი ზღვის დონის მომატება საფრთხეს უქმნის აჭარას. კერძოდ, ადლიას ტერიტორიაზე დაწყებულია ქანების ჩარეცხვა და ზღვის დონის მომატებაც თვალშისაცემია. რეალური საშიშროება კი, 2050 წლისთვისაა მოსალოდნელი, როდესაც მიწის ადგილს წყალი ჩაანაცვლებს.

სპეციალისტის თქმით, გრიგოლეთის უნიკალური პლაჟები, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში საერთოდ ჩარეცხოს ზღვამ. იგივე, საფრთხე ემუქება ფოთსაც. ამავდროულად, საშიშია გლობალური დათბობისგან გამოწვეული წყალდიდობები, რომელიც საქართველოში ბოლო დროს გახშირდა. ხოლო გვალვამ დააზარალა სოფლის მოსახლეობა და ზოგადად, სოფლის მეურნეობა.

გრიგოლ ლაზრიევის თქმით, დღეს ნალექების ბუნებაც შეიცვალა. კერძოდ, თუ წლების წინ, თვეში 100 მმ. ნალექი 4-5 დღეში მოდიოდა, ახლა შეიძლება 100 მმ-ის ნახევარი ერთ დღეში მოვიდეს. შეიცვალა ცირკულაციები, ზოგან მატულობს ჰაერის ტემპერატურა, ზოგან კი კლებულობს.

კლიმატური ცვლილებები უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზეც. მაღალი ტემპერატურა, თუ ის დიდხანს გაგრძელდა, განსაკუთრებით მძიმედ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებზე, ბავშვებზე, მოხუცებზე და ქრონიკული დაავადების მქონე პირებზე.

გრიგოლ ლაზრიევის ინფორმაციით, აქტიურად გრძელდება მყინვარების დნობის პროცესი. საქართველოში შემცირებულია მყინვარების ზომები. მყინვარი კვებავს მდინარეს და თუ ინტენსიური დნობა დაიწყეს, შემცირდება მდინარის წყლის დონე, რაც ნეგატიურ გავლენას მოხდენს ენერგოსისტემასა და სასმელ წყალზე. “მყინვარი, ასევე, ქვა-ღორღის ნარევია, ეს მასა თუ ჩამოიშალა, კავკასიონის გაყოლებაზე მთიან დასახლებებს საფრთხე შეექმნებათ, რასაც, რასაკვირველია, მსხვერპლი მოჰყვება. ამის რეალური საფრთხე ნამდვილად არსებობს დაახლოებით 15-20 წელიწადში,” – აცხადებს სპეციალისტი.