სა­ხელ­მწი­ფო ადა­მი­ა­ნებს მო­ნუ­რი შრო­მის­გან დაიცავს, – ასეთია იმ კანონპროექტის ინიციატორთა განწყობა, რომელიც პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით უნდა მიიღოს და, რომელსაც მთავარი მოწინააღმდეგე დიდი ბიზნეს-ჯგუფების სახით ჰყავს. საკანონმდებლო ცვლილებების აღნიშნული პაკეტის მიზანია შრომის შესახებ კანონმდებლობის მთლიანი რეფორმირება. რეფორმა ითვალისწინებს მთელი რიგი დაქირავებული მუშახელის უფლებების საიმედო დაცვას, რაც დიდი ხანია საქართველოში აღარ არსებობს.

უმუშევართა დიდი არმიის არსებობა ქვეყანაში კატასტროფულად აიაფებს მუშახელს და აქრობს ღირსეულ სამუშაო პირობებს. პრინციპი, – თუ არ მოგწონს, შეგიძლია წახვიდე! ქვეყანა უმუშევარია, – დიდი ხანია წარმატებით მუშაობს საქართველოში. ხელფასისა და სამსახურის დაკარგვის შიშით, ბევრი ადამიანი იძულებულია აიტანოს მძიმე სამუშაო პირობები, რაც ხშირად ფსიქოლოგიური სტრესის ფასად უჯდებათ, რომ აღარაფერი ვთქვათ ფიზიკურ გადაღლასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე. ცალკე საუბრის თემაა უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფით გამოწვეული საწარმო ტრავმები და უბედური შემთხვევები.

Dalma News-ი სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ, რამდენიმე ადამიანს გაესაუბრა და აღმოჩნდა, რომ საქართველოში დასაქმებულები თანაბრად უუფლებონი არიან, როგორც კერძო, ისე საბიუჯეტო სექტორში. არ არსებობს საფეხურების მიხედვით დაწინაურების შესაძლებლობა და პროფესიონალიზმს წარმატებით უწევს კონკურენციას პროტექცია. მოქალაქეები, რომლებსაც გავესაუბრეთ, იმასაც ამბობენ, რომ ადგილობრივ კომპანიებზე მეტად უცხოელებთან მუშაობას ამჯობინებენ, რადგან თავს უფრო დაფასებულად გრძნობენ და განვითარების მეტ საშუალებებს ხედავენ. თუმცა, საქართველოს რეალობაში, ესეც შედარებითია, აქ, ღირსეული სამუშაო პირობები, ღირსეულ ანაზღაურებასთან ერთად, დიდი ფუფუნებაა. ხშირ შემთხვევაში, ეს თავად კომპანიის წარმატებას უშლის ხელს.

როგორც ჩვენი რესპოდენტები ამბობენ, სამსახურში თავს ხშირად, დაუცველად გრძნობენ. არ აქვთ ღირსეული სამუშაო პირობები, შესვენების საათები, სამსახურის დაკარგვის, თუ ხელფასის შემცირების შიშით, უპრეტენზიოდ ემორჩილებიან უსამართლო მკაცრს წესებს და გაზრდილ მოვალეობებს. მათი სურვილია, საქართველოში შრომის შესახებ ისეთი კანონი არსებობდეს, რომ დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან წასვლის ეშინოდეს.

ნათია (27) წლის, 2 მცირეწლოვანი შვილის დედაა და ერთ-ერთი დიდი სავაჭრო ცენტრის რაიონულ მარკეტში 8 თვის განმავლობაში იმუშავა და სამსახურიდან საკუთარი სურვილით წამოვიდა. კომპანიის სახელს შეგნებულად არ ვასახელებთ, რადგან იქ არსებული მდგომარეობა არაფრით განსხვავდება საქართველოში არსებული სხვა დიდი მარკეტების მდგომარეობისგან. ამ ხნის განმავლობაში, ნათიას მსგავსად, სამსახურიდან კიდევ 6 თანამშრომელი წავიდა, მათ შორის 2 დამლაგებელი. რამდენიმე მათგანი სამსახურიდან წასვლის მიზეზად პირად შეურაცხყოფასაც ასახელებს.

მათივე თქმით, პრობლემა კვლავ პროტექციით დაწინაურებაა. კომპანიის ხელმძღვანელები არ ინტერესდებიან ქვედა რგოლებში არსებული მდგომარეობით. კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილმა საგანგებო ვითარებამ კიდევ უფრო დაამძიმა სავაჭრო ქსელებში დასაქმებულთა მდგომარეობა. ხშირია შემთხვევები, როცა ჩაწოლილი საქონლის შეძენას მაღაზიის მენეჯერი კონსულტანტებს აიძულებს. არ არის ღირსეული შესვენების საათები და 7-საათიანი უწყვეტი სამუშაო დღის განმავლობაში მარკეტის თანამშრომლები ხშირად საჭმლის ჭამასაც ვერ ასწრებენ, არა თუ სკამზე დაჯდომას.

“იმდენად დაძაბული იყო გარემო, რომ აღარ მიღირდა იქ მუშაობა. 7-საათიან სამუშაო დღეზე ნახევარ საათიანი შესვენება გვქონდა, ხოლო 14-საათიან სამუშაო დღეზე – ერთ საათიანი. ნახევარ საათში რა უნდა მოასწრო? ელემენტარულად ფეხებს ვერ დაასვენებ, რომ ჩამოჯდე, როცა მთელი დღე ფეხზე დგომა გიწევს. ამ პირობებში გვავალდებულებენ ხელთათმანები და პირბადე გვეკეთსო, რომელსაც ჩვენივე ხარჯით ვიძენთ. დღეში 3 წყვილი ხელთათმანი მჭირდებოდა. იქ ჭამაც ხომ გინდა და თვის ბოლოს ხელფასიდან 150 ლარი მრჩებოდა. კორონავირუსის გამო შესაძლოა ბევრი ბიზნესი გაჩერდა და დაიხურა, მაგრამ მარკეტებს მუშაობა არა თუ არ შეუწყვიტავთ, გამდიდრდნენ. ფასები ყოველდღიურად იმატებდა. ჩვენ კი ხელფასები შეგვიმცირეს”, – ამბობენ მარკეტიდან წამოსული თანამშრომლები.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში კიდევ უფრო დამძიმდა მომსახურებისა და ჯანდაცვის სფეროებში დასაქმებულთა მდგომარეობა. ამას არასამთავრობო ორგანიზაცია “სოლიდარობის ქსელშიც” გვიდასტურებენ და აცხადებენ, რომ ამ ადამიანებს, ჯანმრთელობის რისკის ფასად, დაბალ ხელფასზე კაბალურ პირობებში უწევთ მუშაობა, მაგრამ ისინი ზრუნავენ თანამოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი

როგორც კანონპროექტის ინიციატორი, პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს, თუ დასაქმებულს აიძულებენ იმაზე მეტი იმუშაოს, ვიდრე კანონი არეგულირებს, სახელმწიფოს მისი დაცვის ვალდებულება აქვს. მაგრამ, თუ დასაქმებული კმაყოფილია თავისი სამუშაო დროით, ხელფასით, ზეგანაკვეთური სამუშაოთი სახლში თუ სხვაგან, სახელმწიფო არავის არაფერს უკრძალავს. შრომის კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დასაქმებულებისთვის გარანტიებს ქმნის და იცავს მას, ხოლო დამსაქმებლებს გარკვეულ აკრძალვებს უწესებს.

სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტში არიან დეპუტატები, რომლებიც არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენების ინტერესებს იცავენ და ხელს უშლიან რეფორმას.

საქართველოს შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, შემდეგს ითვალისწინებს: სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზღუდვა/აკრძალვა, შეთავსებითი მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულო შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისთვის შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოება. შრომის პირობები პირდაპირ კავშირშია შრომის უსაფრთხოებასთან. შეუძლებელია ინსპექტორი ამოწმებდეს მოაჯირის არსებობას, დამცავ ღვედს, ან გამწოვის მუშაობას და არ ამოწმებდეს სამუშაო საათებს.

გიგა ბექაური

როგორც Dalma News-ს არასამთავრობო ორგანიზაცია “პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის” ხელმძღვანელმა, გიგა ბექაურმა განუცხადა, საჭიროა მკაცრი და სწრაფ ეფექტიანი რეფორმა, რადგან პირობები განაპირობებს უსაფრთხოებას. ხოლო ​ბიზნეს ასოციაციისა და დიდი კაპიტალის ინტერესი, რომ შრომითი რეგულაციები არ არსებობდეს ქვეყანაში, არახალია.

“შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რასაკვირველია, გარკვეული სახის დანახარჯს გაუზრდის ბიზნესს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს დანახარჯი არ არის არსებითი და ეს მათთვის არ უნდა იყოს დიდი წნეხის მატარებელი. როდესაც შრომის უსაფრთხოების კონტროლზე იყო საუბარი, ბიზნესსექტორი მაშინაც უკმაყოფილო იყო, რადგან არ სურდათ დამატებითი დანახარჯი. რეალურად კი, აღმოჩნდა, რომ ამ რეგულაციას, ეკონომიკურ პროცესზე არანაირი ზეგავლენა არ ჰქონია. პირიქით, ამან კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მისცა დამსაქმებელს, სტაბილურად აწარმოოს სამუშაო პროცესი და არ იყოს მუდმივ დავებში შრომის უსაფრთხოების მხრივ”, – აცხადებს უფლებადამცველი.

გიგა ბექაურის თქმით, საქართველოში, დასაქმებულთა უფლებები ყოველდღიურად ირღვევა, ამას ემატება დაბალი ანაზღაურება. საქართველო მინიმალური ხელფასის განსაზღვრის თვალსაზრისით ბოლო ადგილზეა აფრიკის ქვეყნებთან ერთად, მაშინ, როცა სომხეთს, აზერბაიჯანს, რუსეთს, უკრაინას, ბელორუსს, კერძო სექტორში განსაზღვრული მინიმალური ხელფასი საქართველოზე 9-10-ჯერ მეტი აქვს.

მისივე თქმით, საქართველოში გარკვეული ბიზნესები იზრდება, მაგრამ პარალელურად არ იზრდება ხელფასები და ცდილობენ, კარგი მოგება და დანაზოგი ნახონ. საერთაშორისო პრაქტიკა კი განსხვავებულია. საქართველო უნდა იყოს ორიენტირებული უფლებების დაცვაზე, რათა გადანაწილდეს სიმდიდრე სოციალურ ფენებზე და ფული მხოლოდ 1%-ის ხელში არ მოხვდეს.

“ჩვენ უნდა ვიყოთ არა იაფი მუშახელის, არამედ ნასწავლი და კომპეტენტური სპეციალისტების ქვეყანა. გადაღლა ძალიან მძიმე გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და მის სხვა სახის სოციალურ ურთიერთობებზე. ამიტომ აუცილებელია საქართველოში ადამიანები არ იყვნენ მონურ პირობებში. ამაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ. 2013 წელს, პროფკავშირების მოთხოვნით, კანონში შევიდა მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ცვლილებები. მათ შორის, ის, რომ ადამიანის სამსახურიდან დათხოვნა მიზეზის დაუსაბუთებლად, წინასწარი გაფრთხილებისა და კომპენსაციის გარეშე არის უკანონობა. ასეთი დავები წელიწადში 300-400 გვაქვს, რომელთა 98%-ს ვიგებთ და დასაქმებულები კომპენსაციასაც იღებენ. პრობლემა ის არის, რომ სასამართლო წლობით იწელება და ადამიანებს არ უღირთ ამ დავებში შესვლა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დისკრიმინაციული რისკები”, – ამბობს ბექაური.

სწორედ ამ რისკების თავიდან ასაცილებლად საჭიროა შრომის ინსპექციის როლის გაზრდა, რომელიც ადგილზე შეამოწმებს დარღვევებს. ადამიანს უნდა შეეძლოს დარეკოს შრომის ინსპექციაში და კანონის დარღვევის შესახებ განაცხადოს. ამ თვალსაზრისით საქართველოს შეუძლია გამოიყენოს, როგორც სკანდინავიური ქვეყნების, ან მთლიანად ევროპის მაგალითი, სადაც შრომის უფლება არის დაცული და, სადაც შრომის ინსპექცია მოქმედებს, ასევე, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის – აშშ-ს გამოცდილება, სადაც, ასევე, არსებობს საკმაოდ მაღალი დონის შრომითი პირობები.

შორენა პაპაშვილი