“ამერიკის ხმის“ ჟურნალისტის სრულებით კანონზომიერ კითხვაზე, საქართველოს პრეზიდენტის სრულებით ლოგიკურმა პასუხმა ქართული პოლიტიკური სპექტრი ააღელვა. ქალი პრეზიდენტის მოსაზრებამ, რომ აშშ-ს სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსება გონივრული არ იქნება, მის ოპონენტებს საშუალება მისცა ის, კრემლის მაამებლობაში დაედანაშაულებინათ, ხოლო მმართველი პარტია “ქართული ოცნება”, უკვე მერამდენედ განუდგა ისედაც უპარტიო პრეზიდენტს.

“ქართულ ოცნებაში” სალომე ზურაბიშვილი დიდად რომ არ ეპიტნავებათ და საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის მხარდაჭერა იძულებითი გამოსავალი იყო, ამას დიდი ფილოსოფოსობა და ექსპერტობა არ სჭირდება. როგორც ჩანს “ოცნებას” ღალატი სჩვევია. პირველივე მარცხისთანავე (2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ზურაბიშვილმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვა და მეორე ტურის საჭიროება დადგა), “ოცნების” ლიდერებმა წარუმატებლობაში ის დაადანაშაულეს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამომრჩევლების ნაწილმა მაშინ, ზურაბიშვილს ხმა, სწორედ “ქართულ ოცნებაზე” განაწყენების გამო არ მისცა. ეს უკვე ჩავლილი საქმეა.

რეალობა კი ის არის, რომ ახალი კონსტიტუციით, ისედაც უფლებაშეზღუდულ საქართველოს პრეზიდენტ ქალს, ზურგს არც ერთი პოლიტიკური ძალა არ უმაგრებს და საკუთარი მოსაზრებების გამო, იმპიჩმენტით ემუქრებიან. ასეა თუ ისე, სალომე ზურაბიშვილი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტია…

სალომე ზურაბიშვილი

იმავე ინტერვიუში, სალომე ზურაბიშვილმა სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი აქცენტები ჰქონდა, მაგრამ რატომღაც, ისინი ოპოზიციას და ხელისუფლებასაც უყურადღებოდ დარჩათ. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის აშშ უალტერნატივოა. კითხვაზე, – არის თუ არა აშშ საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, პრეზიდენტმა განაცხადა, – აბა, სხვა ვინ?

დაასხა თუ არა სალომე ზურაბიშვილის ამ სიტყვებმა კრემლის წისქვილზე წყალი, ამაზე მეტად მნიშვნელოვანი ის არის, ამით დაიცვა თუ არა მან საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის ინტერესები. პრეზიდენტის აზრით, ამერიკა-საქართველოს შორის თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს და გაფართოვდეს, მაგრამ არ უნდა გადაიდგას პროვოკაციული ნაბიჯები.

“ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შესაძლოა პროვოკაციად იქნას აღქმული. არ მგონია აშშ მზად იყოს საქართველოში სამხედრო ბაზის გახსნისთვის. ეს ყურადღებას მიიქცევს, არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ტერორისტული ორგანიზაციებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში, ძალიან აქტიური არიან”, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

მისი გზავნილი სწორად, საზოგადოების ერთმა ნაწილმა გაიგო, მცირე ნაწილმა კი რუსულ ნარატივად შეაფასა და პრეზიდენტს “წითელი ბარათი” აჩვენეს.

“როგორც კი ვინმე რაღაც ეროვნულს იტყვის ან მოიმოქმედებს, ბზიკებივით დაესევიან ნაც-ქოცები”; “მგონი ზურაბიშვილი მართლა ჯობია “ნაცებსაც” და “ქოცებსაც” ერთად აღებულს”; “შესანიშნავი წინადადებაა, ეს არ მოსწონს მხოლოდ საქართველოს მტრებს და მათ მეხუთე კოლონას, მათი მიზანია საქართველოში მეორე სირია გამართონ”; “არასდროს ვყოფილვარ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი, ხმაც არ მიმიცია, ახლა კი ვხედავ, რომ ნამდვილად, ეროვნულად მოაზროვნე პრეზიდენტი გვყავს”, – წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.

საკითხში სიცხადე შეიტანა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და საზოგადოებას სთხოვა, პრეზიდენტს “ოცნებასთან” ნუ გააიგივებენ. კალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი “ოცნებისგან” დამოუკიდებელია.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა კი, კოლეგებსა და პრეზიდენტს მიანიშნა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამ თემზე მეტი სიფრთხილით ისაუბრონ.

რაც შეეხება ოპოზიციას, მათი რეაქცია არავის გაჰკვირვებია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზების განთავსებაზე საუბარიც კი არ მიმდინარეობს, პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერ დავით ბაქრაძეს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი ეწინააღმდეგება საქართველოს ნატო-ში და დასავლური უსაფრთხოების სისტემაში გაწევრიანებას და ამით რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. დავით ბაქრაძემ პრეზიდენტის სიტყვები ისე გაიგო, რომ საქართველო დასავლური უსაფრთხოების სისტემის ნაწილი არ უნდა იყოს და მხოლოდ რუსის ჯარის ამარად უნდა დარჩეს.

პრეზიდენტის ინტერვიუ უკომენტაროდ არც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ყოფილ ლიდერს, პარლამენტის წევრ გიგა ბოკერიას დაუტოვებია. მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს ქვეყნისთვის საზიანო და მავნებლური შეხედულებები და იდეები აქვს.

“სამწუხაროდ, ამერიკული ან რომელიმე ჩვენი მოკავშირე ქვეყნის ბაზების განლაგების საკითხი დღეს არ დგას, მაგრამ რატომ შეიძლება, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყოს ამის წინააღმდეგი. იმედი გვაქვს, რომ ამის შანსი მოგვეცემა”, – აცხადებს დეპუტატი ბოკერია.

საქართველოს პრეზიდენტმა შავ ზღვაში ამერიკის საზღვაო ძალების გემების გაზრდაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, შავი ზღვა ამერიკის სტრატეგიულ ხედვაში, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. თავის მხრივ საქართველო ემზადება იმისთვის, რომ შავი ზღვა აშშ-თან უფრო მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი გახდეს.

“საქართველო საკმაოდ ბევრს აკეთებს და ის აღიარებული სანდო პარტნიორია. ჩვენ შავი ზღვის აქეთა სანაპიროზე ვართ, მეორე მხარეს, რა თქმა უნდა, ნატოს პარტნიორები რუმინეთი და ბულგარეთი არიან. უნდა გავზარდოთ სამხედრო თანამშრომლობა, რადგან ეს საკმარისი არასდროს არაა. მეტად უნდა ვითანამშრომლოთ ნატო-სთან კიბერუსაფრთხოების სფეროში, გამომდინარე იქიდან, თუ როგორ რთულ რეგიონში მდებარეობს საქართველო. ამ პრობლემისთვის თავის გართმევა ეროვნულ დონეზე რთული ამოცანაა. ჩვენ ბევრი ახალი ფორმის თანამშრომლობის დაწყება გვჭირდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ აშშ-ს ბაზების საქართველოში განთავსების საჭიროება დღეისთვის, არ არსებობს. ყველა შემთხვევაში ეს ამერიკის მთავრობის გადასაწყვეტია. მეორე მხრივ, საქართველო თეორიულად მზად არის ამერიკული ბაზის გახსნისთვის. საამისოდ საკანონმდებლო ბაზაც არსებობს. მათ შორის, საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დოკუმენტი, რომელიც 2009 წელს გაფორმდა.

“ბაზის გახსნა ძალიან პრობლემურია. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია ბაზებს, სადაც აქვს, იქაც ხურავს. ამის საჭიროება, არც საქართველოში არის, რადგან ჩვენ ისედაც გვაქვს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა. ამერიკელი ინსტრუქტორები ამზადებენ ჩვენს 9 ბატალიონს. საქართველო არ არის ნატო-ს წევრი, შესაბამისად, ნატო-ს ეგიდით აქ ამერიკის ბაზების შემოყვანა რთულია. ორმხრივი თანამშრომლობის დონეზე კი, საჭიროა სპეციალური სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება – მიბმულობის პოლიტიკა, ანუ საქართველო მიებმება ამერიკის საგარეო თავდაცვის პოლიტიკას, დაიდება სპეციალური ხელშეკრულება ურთიერთდახმარების შესახებ, რომ აგრესიის შემთხვევაში აშშ-მ დაიცვას საქართველოს. მაგრამ ამ ეტაპზე ამის რეალიზების ელემენტები არ არსებობს”, – განუცხადა Dalma News-ს ვახტანგ მაისაიამ.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებაში საპანიკო არაფერია.

ვახტანგ მაისაია

ის გამოცდილი დიპლომატი და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტია. მან აბსოლუტურად ზუსტად ჩამოაყალიბა რეალური კონტურები და აღწერა ვითარება, თუ რა შეიძლება მოჰყვეს, საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ბაზების განთავსებას.

ტერორიზმის საფრთხეს რაც შეეხება, ანალიტიკოსის თქმით, ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ მოუწოდა თავის მომხრეებს, მის წინააღმდეგ მონაწილე ყველა სამხედრო ძალის მიმართ განახორციელონ ტერაქტები. პირველ რიგში მოიაზრება აშშ-ს შეიარაღებული ძალები.

გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო დოქტრინის, 2016 წლის რედაქციის თანახმად, კრემლი, რუსეთის საზღვრის სიახლოვეს განთავსებულ ნატოს-ს და აშშ-ს სამხედრო კომუნიკაციებს მისთვის საფრთხის შემცველად განიხილავს, შესაბამისად, საშიშროების თავიდან ასაცილებლად ადეკვატურ ზომებს მიმართავს.

“მგონი, “ქართულ ოცნებაში”, კატასტროფული დეფიციტია იმ ადამიანების, რომლებმაც ნამდვილად იციან რა არის ეროვნული უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა. სალომე ზურაბიშვილი ამ მიმართულებით თავისი პროფესიონალიზმით, ნამდვილად უდრის მთელს “ქართულ ოცნებას”. ის ამ დარგის მაღალი დონის სპეციალისტია. “ოცნება” კი “ნაციონალური მოძრაობის” ტაშ-ფანდურს არის აყოლილი და მასზე აქვთ აწყობილი დღის წესრიგი. თუ ხარ მმართველი პოლიტიკური ძალა, უნდა გამოავლინო პრინციპული პოზიცია”, – განაცხადა Dalma News-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.

პრეზიდენტის “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუს საინტერესოს უწოდებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ “ფეიკნიუსების” გავრცელება კვლავ გრძელდება. ამჯერად გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს, ვაშინგტონმა მას აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტზე უარი უთხრა. იმავდროულად, რატომღაც ყურადღების მიღმა რჩება სალომე ზურაბიშვილის წარმატებული ვიზიტები პარიზსა და ბერლინში.

გია აბაშიძე

“ე.წ ფეიკნიუსების მთავარი მიზანია საზოგადოებაში დისონანსის, უნდობლობისა და გაურკვევლობის შეტანა. ნუ მოვთხოვთ საზოგადოებას პოლიტოლოგისა და ექსპერტის უნარ-ჩვევებს. ეს ნამდვილად არ არის საზოგადოების მოვალეობა. მედიის მოვალეობაა ხალხს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ამერიკამ უარი უთხრა ზურაბიშვილს ვიზიტზე, სრული სისულელე აღმოჩნდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ასეთი მედიასაშუალებები პატივს არ სცემენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს”, – განუცხადა Dalma News-ს გია აბაშიძემ.

… და ბოლოს, სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, მას უშიშროებისა და განიარაღების სტრატეგიის საკითხებზე მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს. ის ვენაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის პირველ მდივნად მსახურობდა; იყო კონვენციური შეირაღების შემცირების საკითხში საფრანგეთის მომლაპარაკებელი ჯგუფის უფროსი; სამშობლოში ჩამოსვლამდე, პარიზში, ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო, სტრატეგიულ საკითხთა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2005 წელს, მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, რუსეთთან მოლაპარაკებებში, ქვეყნიდან რუსული ბაზების გაყვანის შეთანხმებას მიაღწია.

გიორგი ქართველი