ცნობილმა ქართველმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ, ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში შეშფოთება გამოთქვა ქართულ სოციალურ ქსელში არსებულ ვითარებაზე. მისი თქმით, მედიასივრცეში ინფორმაციული ომია გაჩაღებული და მასში ღირსეული, განათლებული და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები უნდა მონაწილეობდნენ. პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ოპონენტები ამ კრიტერიუმებს სრულად შეესაბამებიან, ქართული მხარიდან კი სამწუხაროდ, მხოლოდ გაუნათლებელი და უზრდელი ხალხი მონაწილეობას, რომლებისგან მხოლოდ ლანძღვა-გინება და ბინძური შეურაცხყოფა ისმის. ამასთანავე, ჩანს, რომ ეს ადამიანები საკუთარ ერსაც შეურაცხყოფენ, რადგანაც თავიანთ სამშობლოს ისტორიაც კი არ იციან. გუბაზ სანიკიძე ასეთ ადამიანებს მოუწოდებს, თურქულ სერიალებს თვალი მოსწყვიტონ და საქართველოს ისტორია შეისწავლონ.
ის, თუ რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა, თბილისელი ჟურნალისტის ვიქტორია მაკსოევას მაგალითიდანაც გამოჩნდა. მან მოამზადა ვიდეორგოლი თბილისის ისტორიის და მისი სომეხი წარმომავლობის მოქალაქეების შესახებ. ნებისმიერი ნორმალური მრავალნაციონალური ქალაქის ტელევიზიებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა ის, რომ გააშუქონ ადგილობრივი ეროვნული დიასპორების, ეთნიკური, თუ რელიგიური ჯგუფების ისტორიები, მათი წვლილი კულტურულ, თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში. თუმცა, ვიქტორიას ნამუშევარს სოციალურ ქსელში ძალიან ცუდად გამოეხმაურნენ.
რამ გამოიწვია სოციალური ქსელის მომხმარებლების გარკვეული ნაწილის ასეთი აღშფოთება? ჟურნალისტმა განაცხადა, რომ დედაქალაქის ცენტრალურ, ამჟამინდელ “თავისუფლების მოედანს” ფელდმარშალ გრაფის პასკევიჩ-ერევანსკის საპატივცემულოდ ასი წლის წინ “ერევანსკის” მოედანი ერქვა. გარდა ამისა, თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში-სოლოლაკში ძალიან ბევრი სომეხი ვაჭარი ცხოვრობდა და მათი სახლები დღეს თბილისის ისტორიული ნაწილის მშვენებაა და არქიტექტურის ძეგლებად არის მიჩნეული. ამ სახლებში ხშირად სტუმრობდნენ ისეთი გამოჩენილი პიროვნებები, როგორიც იყო მაგალითად ჩაიკოვსკი და სხვები.
ამ ცნობების გასაჯაროვების გამო, სოციალურ ქსელში ჟურნალისტს თავს დაესხნენ, შეურაცხყოფა მიაყენეს და უშვერი სიტყვებით გალანძღეს. ზოგიერთებმა მისი ტელეფონის ნომერიც მოითხოვეს და დაემუქრნენ, რომ თუ პირადად სადმე შეხვდებოდნენ, თავად გაუსწორდებოდნენ.
ამასთან დაკავშირებით რისი თქმა შეიძლება? ისინი არიან ერთუჯრედიანი ადამიანები, რომლებიც სხვა ეროვნების ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ და ვერც კი ხვდებიან, რომ ამით საკუთარ ერს ამცირებენ. კარგ ოჯახში გაზრდილი, ჭეშმარიტი ქართველი არასოდეს იკადრებს იმას, რომ ვინმეს, ამ შემთხვევაში კი ქალს, უპატივცემულოდ მოექცეს.
სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა კი ასეთი რამ დაწერა:
“თბილისის გიდი რატომ უნდა იყოს სხვა ეროვნების წარმომადგენელი? თბილისის ისტორია ყველა ქართველმაც კი არ იცის, თანაც ის ყველაფერს ამახინჯებს. საშინელებაა, ასეთი რამ სად ისწავლა. ტურისტები შეცდომაში რომ არ შეიყვანონ, გამოცდები ყველა გიდმა უნდა ჩააბაროს”.
ნებისმიერმა ძირძველმა თბილისელმა შესანიშნავად იცის, რომ 1829 წელს რუსეთ–ოსმალეთის ომში, რუსეთის ჯარის მიერ ერევნის ციხე–ქალაქთან გამარჯვების აღსანიშნავად ჯარის სარდალს – ი.პასკევიჩს ერევნის გრაფის წოდება მიენიჭა, ხოლო თბილისის მთავარ მოედანს მის პატივსაცემად “პასკევიჩ–ერევანსკი”, ან შემოკლებით “ერევანსკი” დაარქვეს. შოთა რუსთაველის გამზირს – “გოლოვანსკი” ერქვა, ერთ-ერთი ცენტრალური რაიონი კი გრაფ ვორონცოვის სახელს ატარებდა.
ყველაფერი, რაზეც ჟურნალისტი თავის ვიდეორგოლში საუბრობს, საყოველთაოდ აღიარებული ისტორიული ფაქტებია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სოც.ქსელის მომხმარებლების აგრესიის საფუძველი სომხების მიმართ (არმენოფობია) ნეგატიური დამოკიდებულების ბანალური გამოხატულებაა. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით განვაცხადებთ, რომ ეს არ ეხება ყველა ქართველს და ყველა თბილისელს.
ამ ნეგატიური დამოკიდებულების გამომხატველი მაგალითები საკმარისზე მეტია. მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური ოპონენტები მათ სომხურ წარმომავლობაზე ხშირად საუბრობდნენ. სერიოზული აჟიოტაჟი მოჰყვა ფოტოხელოვან იური მეჩითოვის კულტურის მინისტრის მოადგილედ დანიშვნას. მაშინ ტელევიზიაში რეკავდნენ და ღია ეთერში აცხადებდნენ, რომ სომეხი ადამიანის მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნა ყოვლად დაუშვებელი იყო, თუმცა, იქვე დასძენდნენ, რომ ამგვარი მოსაზრება მათთვის ქსენოფობიად არ ჩაეთვალათ. ამგვარმა გამოხმაურებამ შედეგი გამოიღო და მეჩითოვმა თანამდებობა დატოვა.
როგორც ვხედავთ, სხვა ეროვნების ადამიანების გიდებად მუშაობაც კი არ შეიძლება. თავის დროზე სერიოზული სკანდალი მოჰყვა მეტროსადგურ “ავლაბართან” კინოფილმ “მიმინოს” გმირების ქანდაკებების განთავსებაზეც. მაშინაც პირდაპირ ეთერში ახალგაზრდა ხელოვნებათმცოდნე ქალბატონი ამბობდა, რომ რუსოფობიის და არმენოფობიის ფონზე, დედაქალაქის ცენტრში ფრუნზიკ მკრტჩიანის და ევგენი ლეონოვის ქანდაკებების დადგა მიზანშეწონილი არ იქნებაო. მათ შორის ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძე და გიორგი დანელიაც მოხვდნენ, როგორც წარსული საბჭოთა ხელოვნების წარმომადგენლები.
საბჭოთა პერიოდში “ქართული-ფილმი” სამართლიანად მიიჩნეოდა უზარმაზარ ქვეყანაში ერთ-ერთ წამყვან კინოსტუდიად, სადაც ათობით შესანიშნავ ფილმს იღებდნენ. საინტერესოა, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში საქართველოში რამდენი კინემატოგრაფიული შედევრი გადაიღეს?!
როგორ უნდა აუხსნა გონებადაბინდულ აგრესიულ ადამიანებს, რომ ამ ფილმის მთელი ხიბლი დანელია კი არ არის, არამედ ის კომედიური ვითარებები და ერთ მთლიან რგოლში გაერთიანებული სხვადასხვა ეროვნების ადამიანების თვისებები. ქსენოფობებმა ომი სწორედ ამ თვისებებს გამოუცხადეს.
ამისთვის მათ საკუთარ სიმართლეში დარწმუნება სჭირდებათ.
“ქართველი ქალი სომხეთში რომ წავიდეს და იგივე ცირკი მოაწყოს, მოეწონებათ?”, – დაწერა ერთ-ერთმა ვაი-პატრიოტმა.
იმ წლებში, როდესაც საბჭოთა ხელისუფლება დასასრულს უახლოვდებოდა, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი სტუდენტებს შეხვდა და ერთ-ერთმა სტუდენტმა დასვა შეკითხვა, რომელიც მისი აზრით, ქართველი ერისადმი არსებულ უსამართლო დამოკიდებულებას შეეხებოდა: “რატომ არის საქართველოში ამდენი სომხური სკოლა, სომხეთში კი არც ერთი ქართული?”. პატიაშვილმა მაშინვე უპასუხა. ისტორიულად ვითარება ისე განვითარდა, რომ საქართველოში ნახევარი მილიონი სომეხი ცხოვრობს, სომხეთში კი მხოლოდ – 800 ქართველი. მათგან ყველაზე ცნობილია, აწ უკვე გარდაცვლილი აკადემიკოსი თინათინ ასათიანი. ისე გამოვიდა, რომ მათ სკოლა უკვე დიდი ხანია დაამთავრეს და ახალი სკოლის დამაარსებელი აღარავინაა. სხვათა შორის, ერევანში ერთ-ერთი დიდი გზატკეცილი თბილისის სახელს ატარებს და ეს არავის შეურაცხყოფს და არავის აღიზიანებს.
ის, რომ საქართველოში და მის დედაქალაქში სხვა ეროვნების ასობით წარმომადგენელი ცხოვრობს – ჩვენი სიამაყეა. ჩვენს ქალაქში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ: ოვანეს თუმანიანი, გაბრიელ სუნდუკიანი, მე-19-20-ე საუკუნეების სომხური ლიტერატურის თითქმის მთელი ბრწყინვალე პლეადა. ჩვენს მიწა-წყალზე აღზრდილი ადამიანები ჩვენთვის საამაყონი არიან – არამ ხაჩატურიანი, ტიგრან პეტროსიანი, სერგეი ფარაჯანოვი. ისინი მთელი თავისი ცხოვრება ჩვენს სამშობლოს ასახელებდნენ. ჩვენ ვამაყობთ პუშკინით, გრიბოედოვით, ლერმონტოვით, ტოლსტოით, ჩაიკოვსკით, ესენინით და მაიაკოვსკით, აკადემიკოსებით პრიმაკოვით და ბურაკოვსკით. ჩვენმა პატარა საქართველომ, მთელს მსოფლიოს გაუსწრო, კოსმოსში პირველი ადამიანი გაუშვა, რადგანაც იური გაგარინი იყო პირველი ქართველი, სომეხი, უზბეკი, ესტონელი და ბევრი სხვა ქვეყნის შვილი. ეს არის ის, რაც ფაშისტმა ნაძირლებმა უნდა იცოდნენ. ფაშისტური საფლავის სახურავზე ერთ-ერთი ლურსმანი უმცროსმა სერჟანტმა მელიტონ ქანთარიამ ჩააჭედა, რომელმაც სერჟანტ მიხეილ ეგოროვთან ერთად რაიხსტაგის სახურავზე გამარჯვების სიმბოლო აღმართა.
ქსენოფობია – ფაშიზმის წინაპირობაა. ვინ იცის, ჩვენს ქვეყანაში რომ არ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც პატრიოტიზმი ნაციონალ-შოვინიზმში ერევათ, არ იქნებოდა კონფლიქტი ჩვენს ძმებთან – აფხაზებთან და ოსებთან.
თბილისის ცენტრში, ყოფილი “ერივანსკის” მოედანზე, მაღალი სვეტი დგას, რომლის თავზეც წმინდა გიორგი საყოველთაო ბოროტებას ამარცხებს. ეს ქართველი ხალხის მიერ ქსენოფობიის დრაკონის დამარცხების სიმბოლოა.
დავით კუპატაძე (თბილისი)