საწარმო “ნაირიტის” ყოფილი თანამშრომლები აპირებენ იბრძოლონ საწარმოს ამოქმედებისთვის. ამის შესახებ 5 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ქარხნის ყოფილმა პრესმდივანმა ანუშ არუთინიანმა, იტყობინება Dalma News -ის კორესპონდენტი.
მისივე თქმით, სწორედ საწარმოს ხელახლა ამოქმედება, მისი ექსპლუატაციაში ჩაშვება რჩება ყოფილი თანამშრომლების ძირითად მოთხოვნად, მაშინ, როდესაც ხელფასების ნაწილის დავალიანების პრობლემა ყოველთვის მეორე ადგილზე იდგა.
“გუშინ საწარმოს ყველა, თითქმის 2 ათასამდე თანამშრომელმა მიიღო ხელფასი. თავდაპირველად ყველას გილოცავთ, ასევე თქვენ, კეთილო ჟურნალისტებო, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში გვეხმარებით. ეს ყველა ჩვენგანისთვის დიდი გამარჯვებაა. მითუმეტეს, ყველა საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. ამ თანხის დიდი ნაწილი ვალების გასტუმრებას მოხმარდება, რომლებიც საწარმოს მუშებს მთელი ამ თვეებისა და წლების განმავლობაში დაუგროვდათ. ძირითადად დგას შრომითი მოწყობის საკითხი და მივაღწევთ საწარმოს გახსნას, რათა ეს პრობლემა მოვაგვაროთ, ის ხომ ძალიან მნიშვნელოვანია: ქიმიური ქარხნის მუშა, რომელმაც სიცოცხლის ათობით წლები შეალია ამ საწარმოს, არ შეუძლია სხვა ადგილას სამუშაოს შოვნა – მეტად ვიწრო სპეციალიზაციაა. მას მხოლოდ ის რჩება ემიგრაციაში წავიდეს, სადაც ეს სპეციალობა მოთხოვნადი იქნება,”- განაცხადა არუთიანიანმა.
კონფერენციის სტუმრებმა განაცხადეს, რომ თუ სომხეთის მთავრობა ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებს შეასრულებს, რომლის თანახმადაც “ნაირიტი” გაკოტრებულად უნდა გამოცხადდეს, ქარხნის ყოფილი თანამშრომლები მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გამართავენ. “მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ ჩვენთან ქვეყანაში და განაცხადეს, რომ “ნაირიტი” გაკოტრებულად უნდა გამოცხადდეს. უფრო მეტიც, მათ წარმოადგინეს ეტაპობრივი ინსტრუქცია ამ პროექტის რეალიზებისთვის. ჩვენ რა, მთავრობა არ გვყავს? არ გაგვაჩნია მსგავსი საკითხების მოგვარების საკუთარი მექანიზმები? არ არსებობს კანონი გაკოტრების შესახებ?” – აცხადებს არუთინიანი და დასძენს, რომ თუ ხელისუფლება ამ აუდიტის შედეგებს მხედველობაში არ მიიღებს, საწარმოს მუშები უფრო მასშტაბურ აქციებს გამართავენ.
მისივე თქმით, სომხეთის ხელისუფლება სრულებით ახალ ეტაპზე უნდა გავიდეს – აღიაროს “ნაირიტის” ამოქმედების საჭიროება და დაიწყოს უცხოური თუ ადგილობრივი ინვესტიციების მოძიება. “უცხოური ინვესტიციების მოძიება თუ ვერ მოხერხდება, ყურადღება უნდა გამახვილდეს შიდა რესურსებზე, ისინი არსებობს,”- განაცხადა მან, თუმცა არ დაუკონკრეტებია, სომხეთში ვინ ჩადებს ათობით მილიონ აშშ დოლარს რეზინის წარმოებაში და რატომ?
კონფერენციის სხვა მონაწილე, ქარხანა “ნაირიტის” პროფკავშირების თავმჯდომარე გრაჩ ტადევოსიანმა დასძინა, რომ სომხეთის მთავრობამ ამიერიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს ქარხნის მმართველის არჩევაზე. “ნაირიტის” ბედი რამდენიმე წელიწადში ერთხელ მეორდება – ქარხნის მართვა გადაეცა უცხოურ კომპანიებს, ეს არის “კოსიაჩიტი”, შემდეგ გადაეცა სხვა კომპანიას და ა.შ. “ნაირიტის” ვალებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ ყველაფერმა. მსგავსი შეცდომები მომავალში თავიდან უნდა ავიცილოთ,” – განაცხადა მან.
შეგახსნებთ, რომ ქარხანა “ნაირიტი” 1940 წელს ამოქმედდა და მნიშვნელოვანი როლს ასრულებდა საბჭოთა ეკონომიკაში, რადგან ხელოვნური რეზინის ერთადერთი მწარმოებელი იყო. ის ასევე აწარმოებდა მთელ რიგ ქიმიურ პროდუქციას. “ნაირიტი” მსოფლიოში ერთადერთი ქარხანაა, რომელსაც შეუძლია რეზინი ორი მეთოდით გამოუშვას: აცეტილენისა და ბუტადინის.
2006 წელს, საწარმოს აქციები შეიძინა პოლონური, ამერიკული და რუსული კომპანიების კონსორციუმმა, სომხეთის მთავრობამ კი აქციების 10 % შეინარჩუნა. მაგრამ ქარხნის დავალიანების ზრდამ გადააჭარბა აქციების ღირებულებას, ამგვარად აქციები კვლავ ბანკის კონტროლს დაექვემდებარა, რომელმაც გასცა კრედიტი ინვესტიციისთვის.
2009 წელს ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც წარმოება სრულად ვეღარ აღსდგა.
2011 წელს “ნაირიტის” ახალი ოპერატორის არჩევასთან დაკავშირებულ ტენდერში გაიმარჯვა გერმანულმა კომპანიამ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ის უბრალოდ გაქრა თვალთახედვის არედან.
“ნაირიტის” თანამშრომლები 2012 წლიდან რეგულარულად მართავენ საპროტესტო აქციებს ხელფასების დავალიანების დაფარვის მოთხოვნით. 2015 წლის თებერვალში თანამშრომლის შემცირების პროგრამის ფარგლებში, სამსახური 1 700-მა მუშაკმა დაკარგა, მაგრამ მათ მიმართ საწარმოს 20 თვის ხელფასების დავალიანება დარჩა (დაახლოებით 5,3 მილიონი სომხური დრამი, თითქმიხ 11 მილიონი აშშ დოლარი). ეს თანხა 4 აგვისტოს გაისტუმრეს.