საქართველოში შობა-ახალი წლის აღნიშვნა ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ისინი მატებენ ჩვენში ახალ წელს განსაკუთრებულ ხიბლს. განსხვავებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხის საახალწლო რიტუალები, მაგრამ ყველას საერთო მიზანი აქვს, ახალ წელს რაც შეიძლება კარგი განწყობით, ახალი მოლოდინებით, მხიარული და სავსე მაგიდით შეხვდნენ, რათა თითოეულ ოჯახში ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაქა შევიდეს.

2016 წელი საქართველოსთვის მეტად რთული გამოდგა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით: საპარლამენტო არჩევნები, ეროვნული ვალუტა ლარის კურსის კატასტროფული ვარდნა, უმუშევართა რიგების ზრდა და ა.შ. საახალწლო სამზადისის დაწყებამდე დედაქალაქის მერიამ დააანონსა, რომ საზეიმო ღონისძიებებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 1,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, რაც მოიცავს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, კეთილმოწყობის სამსახურის, ადმინისტრაციისა და პიარის საერთო დაფინანსებას.

15673114_10208374363899974_738587221_n 15673372_10208374364579991_1795083296_n 15749891_10208404830541621_2001185674_nწითელი და ოქროსფერი ბურთებით, ბაფთებით და დეკორატიული განათებით გაფორმებული, 22 მეტრი სიმაღლის, ​თბილისის მთავარი ნაძვის ხე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ 17 დეკემბერს, ბარბარობის დღესასწაულზე, თოვლის ბაბუამ “მოძრაობის თეატრის” მსახიობებთან და ბავშვებთან ერთად საზეიმოდ აანთო. საღამოს საათებში გამართულ საზეიმო ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, მეუღლესთან და შვილებთან ერთად დაესწრო. მასთან ერთად იმყოფებოდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი.

“დღითიდღე უფრო და უფრო იმატებს საახალწლო განწყობა და მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთება საქართველოსთვის წმინდა და ლამაზ დღეს, ბარბარობის დღესასწაულს დავამთხვიეთ,” – განაცხადა თბილისის მერმა და ნაძვის ხესთან შეკრებილ საზოგადოებას და თბილისის მაცხოვრებლებს ბარბარობის წმინდა დღესასწაული და კარს მომდგარი ახალი წელი მიულოცა, რომლის ლამაზად შემოსვლისთვის ქალაქის მთავრობა ყველაფერს აკეთებსო.

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე წელს განსხვავებული დიზაინით განათდა, ტრადიციულ დეკორაციას მანათობელი ბურთები და ციმციმები შეჰმატეს. საახალწლო ღონისძიებები წელს დედაენის ბაღსა და “ახალ ტფილისში” 25 დეკემბრიდან დაიწყო და 3 იანვრამდე გასტანს. 9 დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული, სპორტული და საბავშვო ღონისძიება გაიმართება. 25 დეკემბერს კი “საახალწლო ქალაქი” დედაენის ბაღში, ვახტანგ კახიძის საავტორო პროექტით “საშობაო ზღაპარი” გაიხსნა. ხოლო ტრადიციული საახალწლო გალა კონცერტი, 31 დეკემბრის ღამეს, ვარდების მოედანზე გაიმართა, ამისთვისა ბიუჯეტიდან 227 ათასი ლარი გამოყოფილი იყო.

“დედაენის ბაღში” კი საახალწლო ბაზრობა გაიმართება, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ადამიანები, საკუთარ ხელნაკეთებს გამოფენენ და ბევრი საინტერესო კულტურული ღონისძიება გაიმართება. რაც მთავარია წელს, საახალწლო ღონისძიების გამო არ გადაიკეტება დედაქალაქის ქუჩები და მოსახლეობას გადაადგილებაში ხელი არ შეეშლებათ.

15731208_10208412661617393_1340298599_nსაახალწლო ღონისძიებებისთვის ამზადებენ თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ ქუჩას, აღმაშენებლის გამზირსაც, რომლის რეაბილიტაცია სულ, რამდენიმე თვის წინათ დასრულდა. საავტომობილო ნაკადებით ერთ დროს მეტად გადატვირთული გამზირის ნაწილი, დღეს საფეხმავლო ქუჩად არის გადაკეთებული და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ხშირი მასპინძელია. თბილისში გამართული საახალწლო ღონისძიებების ერთ-ერთი ძირითადი ლოკაციაც განახლებული აღმაშენებლის გამზირი არის.

15712951_10208404830741626_269398695_n15723831_10208404830701625_1215057605_n საახალწლო დეკორატიული განათებით უკვე მორთეს ქალაქის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა და მოედანი. ახალი დიზაინით მოირთვება აეროპორტისა და აღმაშენებლის გამზირები, თუმცა თბილისელები მაინც უკმაყოფილონი არიან, რადგან საახალწლო დეკორაციების ხილვა ყველას საკუთარ უბანში და ქუჩაზე სურს.

როგორც Dalma News-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, საახალწლო მორთულობების შესყიდვის მიზნით, მათ ტენდერი გამოაცხადეს. ილუმინაციების ღირებულება 748 000 ლარით განისაზღვრა. საახალწლო ნაძვის ხეზე 175 573 ლარი დაიხარჯა, ხოლო თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის ქანდაკების მოსართავად – 33 990 ლარი.

​მთავარი საზეიმო განწყობა კი, მაინც ოჯახებშია, ქუჩის მორთულობა კი საერთო განწყობის ერთ-ერთი ატრიბუტია. წლევანდელი ზამთარი თბილისისთვის უჩვეულოდ ცივი გამოდგა, გაუფასურებული ლარისა და აწეული ფასების მიუხედავად, დიასახლისები ცდილობენ მათ საახალწლო სუფრას არ აკლდეს საცივი, გოზინაყი, ხაჭაპური, ქართული ღვინო, კეთილი სურვილები და მომავლის იმედი. მაგიდაზე უხვად იყრის თავს ქართული ნუგბარი, ხურმის, ქლიავისა და ლეღვის ჩირი, თხილი, ჩურჩხელები, ფელამუში და რაც მთავარია გოზინაყი.

​საქართველოსთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი საახალწლო ტრადიციაა მეკვლეობა. ბევრი რამეა დამოკიდებული იმ ადამიანზე, რომელიც ახალი წლის დადგომის შემდეგ პირველი შევა სხვის ოჯახში. აუცილებლად ტკბილეულით ხელდამშვენებული უნდა იყოს და არც კეთილი სურვილები დაიშუროს მასპინძლებისთვის. მეკვლეობის ტრადიცია საქართველოში ოდითგანვე არსებობდა და მას ერთხანს საკრალურ მნიშვნელობასაც კი ანიჭებდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ სწორედ პირველი სტუმრის ფეხზე იყო დამოკიდებული, რამდენად კარგი, ან ცუდი იქნებოდა მომავალი წელიწადი ოჯახისთვის. მეკვლეობა, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციიდან იღებს სათავეს. სტუმრის მიღება, ტრადიციულად, ოჯახის ღირსებად ითვლებოდა, ხოლო მეკვლე, უპირველეს ყოვლისა, სტუმარს ნიშნავს, რომელმაც გზა უნდა გაიკვალოს ოჯახისკენ და “ბედნიერი ფეხით” ესტუმროს მას. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული განსხვავებული ტრადიციების მიუხედავად, მეკვლეს ტრადიცია ყველასთვის საერთოა.

მოემზადა შ.ქარჩავა

ფოტოები შ.ქარჩავა, თბილისის მერია