“რუსი მომხმარებელი მზად არის შეიძინოს სომხური პროდუქცია” – ინტერვიუ კარენ ასოიანთან

მოსკოვში დიდი სპეციალიზირებული გამოფენა “პროდექსპრო – 2016” მიმდინარეობს, რომელშიც 20-ზე მეტი სომხური კომპანია მონაწილეობს. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა რუსულ ბაზარზე გასვლისა და დამკვიდრებისთვის, ასევე იმისთვის, რომ რუსმა მომხმარებელმა სომხური პროდუქცია გაიცნოს.

სომხეთის სავაჭრო წარმომადგენელი რუსეთში კარენ ასოიანი Dalma News-ს რუსეთში სომხური საკვები პროდუქტების ექსპორტის მაჩვენებელზე, არსებულ პრობლემებსა და სომხეთის ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერაზე ესაუბრა.

– როგორ აისახა რუსეთის ეკონომიკური პრობლემები სომხეთის საკვები პროდუქტების ექსპორტზე და რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის გადახდისუნარიანობის შემცირება?

– ვერ ვიტყვი, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი მრეწველობის ჩვენი, რომელიმე სფერო მკვეთრად დაეცა. რუსების სამომხმარებლო შესაძლბელობებს რაც შეეხება, ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 30% კვების პროდუქტებზე მოდის. ჩვენი საკვები პროდუქტების ექსპორტი რუსეთში დაახლოებით 30%-ით შემცირდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სომურ პროდუქციაზე კვლავაც არის მოთხოვნა. შესაძლოა, მომხმარებელი უფრო ნაკლებია, თუმცა, საერთო ჯამში, ბაზარზე ადგილი შენარჩუნებულია. უფრო მეტიც, ზოგიერთ სფეროში, მაგალითად, ახალი ხილისა და ბოსტნეულის წარმოებაში შესამჩნევი ზრდაც ფიქსირდება. თუ 2014 წლის სეზონზე (მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე) სომხეთმა რუსეთში 23 ათასი ტონა ახალი ხილი და ბოსტნეული გააგზავნა, 2015 წლის იმავე პერიოდში, ეს ციფრი ოფიციალურად 60 ათას ტონამდე გაიზარდა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ამ მონაცემებში არ შედის საავიაციო ტრანსპორტით გადაზიდული პროდუქტი, რადგან ჩვენ მხოლოდ ცალკეულ საბაჟო სივრცეში ვმუშაობთ. ანუ, რეალური მოცულობა 60 ათას ტონას აჭარბებს.

– სომხეთის მთავრობის მეთაურმა ოვიკ აბრამიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ სომეხ მწარმოებელს უნდა შეეძლოს ისარგებლოს მთელი რიგი ქვეყნების მხრიდან რუსეთისათვის საკვებ პროდუქტებზე დაწესებული ემბარგოთი. თქვენი აზრით, ჩვენი მწარმოებლები კარგად სარგებლობენ ამ შესაძლებლობით?

– დიახ, ახალი ხილისა და ბოსტნეულის ბაზარი ერთობ საჩვენებელია, რომლის თანახმადაც რუსი მომხმარებელი მზად არის სომხური პროდუქცია შეიძინოს. ჩვენ იმდენი ხილი და ბოსტნეული ვაწარმოეთ, რამდენის ჩატანასაც მოვახერხებდით. ლოგისტიკის სფეროში გარკვეული პრობლემები არსებობს, რადგანაც ერთადერთი გზა, რომლითაც შესაძლებელია ტრანსპორტირება, ზედა ლარსის სასაზღვრო გზაზე გადის – ის კი ზოგჯერ ჩაკეტილია. თუმცა, ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნების მთავრობების დონეზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სომხეთის მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, რუსული მხარე უკვე მუშაობს გარკევული მონაკვეთების გაფართოების გეგმაზე იმასთან დაკავირებით, რომ ევრაზიის კავშირის ქვეყნებიდან შემავალი საქონლისთვის ცალკე ხაზი გამოიყოს. ვიმედოვნებთ ჩვენი მთავრობის ძალისხმევა და რუსეთთან მოლაპარაკებები წარმატებით დაგირგვინდება. რუსულმა მხარემ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

– როდის განხორციელდება ეს პროგრამა?

– პროგრამა უკვე რეალიზების ეტაპზეა.

– შარშან ბევრმა დაიჩივლა, რომ ზედა ლარსის სასაზღვრო გასასვლელზე უდიდესი რიგებიაო. ეს რას უკავშირდებოდა?

– საქმე იმაშია, რომ თავად გასასვლელი სომხური მხარის ინიციატივის წყალობით ფუნქციონირებს. ყველა დაინტერესებულ ქვეყანასთან ვაწარმოეთ მოლაპარაკებები და გასასვლელის გახსნას მივაღწიეთ. თუმცა, შემდეგ ამ გზით მეზობელი სახელმწიფოებიც სარგებლობდნენ. დღეისთვის კი, ზოგიერთი ქვეყანა სულ უფრო იშვიათად იყენებს ამ გზას, რაც დამატებით შესაძლებლობებს გვიქმნის. როგორც უკვე გითხარით, რუსეთმა ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო, ზემო ლარსის გასასვლელის გარკვეულ მონაკვეთებს გააფართოებს და ევრაზიის კავშირის საქონლისთვის ცალკე ხაზი გამოიყოფა.

– ბევრი მწარმოებელი ევრაზიის კავშირის ქვეყნებთან ვაჭრობის დღგ-თი უკმაყოფილოა. ამ პრობლემის გადაჭრის გზები თუ არსებობს?

– საბაჟო კავშირში გაწევრიანებამდე სომხეთი საერთაშორისო პრაქტიკით სარგებლობდა, რომლის მიხედვითაც, კონტრაქტით გათვალისწინებული საქონელი როგორც კი დატოვებს სომხეთის ტერიტორიას, ხოლო ექსპორტიორი საგადასახადო ორგანოში ამ ფაქტის დამამტკიცებელ საბაჟო დეკლარაციას წარადგენს, მას უფლება აქვს დაიბრუნოს გადასახადი ფასის მომატებაზე, ან დღგ-ს გარეშე გაყიდვაზე. საბაჟო კავშირში, რომელსაც დღეს ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ეწოდება, საბაჟო საზღვრები, როგორც ასეთი არ არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ დღგ სადღაც უნდა დაფიქსირდეს. ის საგადასახადო ორგანოებში ფიქსირდება. მაგრამ ჯერ-ჯერობით ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ჯერ კიდევ არ არსებობს დღგ-ს დაბრუნების სრულყოფილი მექანიზმი. დღესდღეისობით მოქმედებს სქემა, რომლის თანახმადაც მყიდველის საგადასახადო სამსახურმა გამყიდველის საგადასახადო სამსახურს უნდა გაუგზავნოს დასტური, რომ მყიდველმა თავის ქვეყანაში დღგ უკვე გადაიხადა. ეს ქაღალდი შეიძლება ჩავიდეს, შეიძლება – არა, ან ძალიან დიდხანს “ისეირნოს”.

ამჟამად კოლეგიის წევრები, ევროპის ეკონომიკური კომისიის მინისტრები სომხეთიდან მუშაობენ, რათა, როგორღაც გაამარტივონ მექანიზმი. რაკი პროცესი მიდის, შედარებით აქტუალური პრობლემებისადმი ყველა სოლიდარულია, ვფიქრობ, იგი უახლოეს მომავალში მოგვარდება. ეს საბაჟო კავშირის ქვეყნებთან ჩვენს ვაჭრობას არსებთად გაზრდის.

– სომხური კონიაკი, ხილი – ეს უკვე ერთგვარი ბრენდია რუსეთში. მაგრამ არსებობს რუსი მომხმარებლისთვის არც ისე კარგად ცნობილი პროდუქცია. მაგალითად, ღვინო, მინერალური წყალი. რა უნდა გაკეთდეს რუსეთის ( და არა მხოლოდ) ბაზარზე ახალი ბრენდების დასაწინაურებლად?

– არსებობს საქონლის დაწინაურების ერთი გზა, ეს არის მარკეტინგი, სწორი რეკლამა, მარკეტინგული პოლიტიკა. რა გააკეთეს ჩვენმა მეგობარმა ქართველებმა, როდესაც რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი ხელახლა აღადგინეს? ისინი აქტიურად იყენებდნენ რუსულ მედიას. რუსეთის არხებზე რეგულარულად გადიოდა პროგრამები ქარხნების, ახლად შეძენილი დანადგარების, კარგი ვენახებისა და ა.შ. შესახებ. ამან თავისი როლი შეასრულა. ბუნებრივია, დღეს ინვესტიციების გარეშე პროდუქციის წინსვლა შეუძლებელია, რადგანაც ახლა სულ სხვა დროა, ბაზრები გადატვირთულია.რაც შეეხება ღვინის წარმოებას, ეს საერთოდაც ძალზედ სპეციფიკური სფეროა. თუ ადამიანს რომელიმე კონკრეტული ღვინო მოსწონს, მაშინ სხვა სახეობისკენ მისი ორიენტირება ძალზედ რთულია.

თუმცა, ჩვენ ამ მიმართულებითაც გარკვეული პროგრესი გვაქვს. ორი წლის წინათ, სასტუმრო “მეტროპოლში” ერევნის მერთან და სომხეთის განვითარების ფონდთან ერთად მოვაწყვეთ სომხური ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია. ღონისძიება მეღვინეობის რუსული ინსტიტუტის ( ია.ი. პოტაპენკოს სახელობის მეღვინეობისა და მევენახეობის რუსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი) ეგიდით ჩატარდა. მივიწვიეთ ღვინის მსხვილი იმპორტიორები, საზოგადო მოღვაწეები. მიმაჩნია, რომ სწორედ ამ აქციის წყალობით შეიძინა ცნობილმა რუსულმა კომპანიამ შვიდი სომხური წარმოების ღვინის რუსეთში იმპორტის ექსკლუზიური უფლება. ანუ პროცესი უკვე დაიწყო და ვფიქრობ, შემდგომშიც გაგრძელდება.

– როდესაც რუსეთში ქართული ღვინის შეტანაზე ემბარგო დაწესდა, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ევროპაში ძალზედ აქტიურობდა ეროვნული ღვინის წინსვლის საქმეში. გეგმავთ თუ არა თქვენ, ან სომხეთის საელჩო ამ იმართულებით რაიმე ნაბიჯის გადადგმას? ერთი ღონისძიების შესახებ უკვე ისაუბრეთ.

– დიახ, ამის შემდეგ ჩვენს სავაჭრო-საგამოფენო ცენტრში გავმართეთ სომხური ღვინის სერიოზული დეგუსტაცია და ეროვნული მეურნეობის მიღწევების გამოფენა. კიდევ ერთხელ მივიწვიეთ სპეციალისტები და საზოგადო მოღვაწეები. რაც შეეხება ევროპას, სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ოგანიზებით 2015 წელს ლონდონში სომხური ღვინის დიდი პრეზენტაცია მოეწყო, ხოლო 2014 წელს – ევროპის ცენტრ- ბრიუსელში (სომხეთის ეკონომიკის სამინისტროსა და ევროკავშირში ჩვენს სავაჭრო წარმომადგენლობასთან ერთად). პროცესი მიდის და სულ უფრო მეტ სერიოზულობას იძენს. ამ მომენტისთვის ეკონომიკის სამინისტროსთან და სომხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად ვმუშაობთ რუსეთში ჩვენი ღვინის პოპულარიზაციის სპეციალურ პროგრამაზე. იქნება დეგუსტაციები და პრეზენტაციები. შესაძლოა, გარკვეულ ადგილებზე, კანონის გათვალისწინებით პრომო-რგოლის დემონსტრირებაც მოვახდინოთ.

ნებისმეირი საქონლის წინსვლას ფული სჭირდება. თუმცა, გარკვეული უპირატესობაც გვაქვს. პირველ რიგში, რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობა, მეორე – როგორც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრებს, საქონელი საბაჟო გაფორმების გარეშე შეგვაქვს. ეს სერიოზულად ამარტივებს, როგორც იმპორტიორის, ისე ექსპორტიორის საქმიანობას. მიგვაჩნია, რომ რუსეთში დროთა განმავლობაში სომხურ ღვინოზე მოთხოვნა გაიზრდება. სწორედ ამის საწინდარია ის, რომ მთელი რიგი სომხური პროდუქცია უკვე საკმაოდ პოპულარულია რუსულ ბაზარზე.

– გამოფენა “პროდექსპრო-2016”-ზე მთიანი ყარაბაღის პროდუქციაც არის წარმოდგენილი. რაიმე პრობლემა ხომ არ არსებობს მათ სტენდებთან დაკავშირებით?

სინამდვილეში, წარმოდგენილნი არიან სომეხი მწარმოებლები, რომლებიც მთიანი ყარაბაღის სასოფლო-სამეურნეო ნედლეულს იყენებენ. მაგრამ წარმოება სომხეთის ტერიტორიაზე ხდება. ნედლეულის ყიდვა ნებისმიერ ადგილზეა შესაძლებელი.

აიკ ხალათიანი