ვაზგენ აზროიანი, სომხეთის ხუთგზის ჩემპიონი ფიგურულ სრიალში , NHK Trophy გრან-პრის მედლის მფლობელი, სპორტის საერთაშორისო ოსტატი, აპირებს სერიოზულად ჩაერთოს სომხეთში ფიგურული სრიალის განვითარებაში. აზროიანი არ იზიარებს ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სომხეთში სპორტის ეს სახეობა უპერსპექტივოა და აცხადებს, რომ სომეხ ერს ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრებებზე მონაწილეობის ყველა წინაპირობა აქვს.
„ამბობენ, რომ ფიგურულ სრიალსა და სომხეთს შორის დიდი შეუსაბამობააო. ეს დიდი მცდარი წარმოდგენაა. სომეხი ხალხი მუსიკალური, მხატვრული, ცეკვის მოყვარული, ფიზიოლოგიურად ძალიან ფეთქებადია და ეს სწორედ ის კრიტერიუმებია, რომლებიც უმაღლესი დონის სპორტსმენების გასაზრდელადაა საჭირო“, – განაცხადა მან ცოტა ხნის წინ ერევანში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
სპორტსმენის თქმით, რესპუბლიკაში სპორტის ამ სახეობისადმი სერიოზული მიდგომა და სისტემა არ არსებობს: “ სისტემა და დისციპლინა არ არის. კადრების განვითარება არ ხდება, სამწვრთნელო შტაბი უნდა გადამზადდეს და მოხდეს ხელახალი სერტიფიცირება. თუ ჩვენ ამ სისტემას ავაგებთ, დარწმუნებული ვარ, სომეხი ბავშვები დიდ ჩემპიონებად გაიზრდებიან“.
ყოველივე ზემოთქმულის გაკეთებას აზროიანი უახლოეს მომავალში აპირებს. იგი უკვე შეხვდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს კარენ გილოიანს და ფიგურული სრიალის ფედერაციის ხელმძღვანელ მელანია სტეპანიანს.
„საერთო ჯამში, ჩემს ზოგიერთ იდეას, რა თქმა უნდა, მხარი დაუჭირეს. უახლოეს მომავალში განვითარების გეგმის უკვე ოფიციალურად წარდგენას ვგეგმავ. მსურს ამ ყველაფერმა სერიოზული სახე შეიძინოს. ვაპირებ სომხეთში ფიგურული სრიალის სფეროში გლობალურად მუშაობას“, – განაცხადა ცნობილმა ფიგურისტმა.
თუმცა იმის თქმა, რომ სომხეთი ფიგურული სრიალის სფეროში საერთოდ არ არის წარმოდგენილი , არ შეიძლება. ერთ დროს რესპუბლიკას თავად აზროიანი წარმოადგენდა, რომლის მეწყვილე ანასტასია გრებენკინა იყო. ახლა სომხეთს მისი ქალიშვილი ვიქტორია აზროიანი წარმოადგენს. ეს უკანასკნელი თავის მეწყვილე არტურ გრუზდევთან ერთად ფინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. თანამოსაუბრე უდავოდ ამაყობს თავისი ქალიშვილით და მისი თქმით, ეს წყვილო პროფესიონალების საკმაოდ კარგ შეფასებას მიიღებს. მიუხედავად ამისა, აზროიან უფროსს მიაჩნია, რომ სპორტის განვითარება მხოლოდ ლეგიონერების წყალობით შეუძლებელია.
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ლეგიონერებით სპორტის განვითარება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია,თუმცა ამით დაკმაყოფილება არ შეიძლება. გვჭირდება ბაზა, როტაცია, ხაზი, სპორტსმენები, რომლებიც გაიზრდებიან და თაობების შეცვლას უზრუნველყოფენ. თუ მაგალითად, ვიქტორია აზროიანი, სომხეთის სახელით ოლიმპიურ თამაშებზე გაიმარჯვებს, ეს მშვენიერი იქნება. მაგრამ ეს მაინც არ გახდის სომხურ ფიგურულ სრიალს ძლიერს და რეალურს. აი, მაგალითად, იაპონიაში – ძალზედ წარმატებული იყო იუზურუ ჰანიუ, მას მოჰყვა შომა უნო და შემდეგ იუმა კაგეიამა. იგივეა რუსეთშიც. არის თაობათა უწყვეტობა, არის სისტემა და ეს სისტემა აქაც უნდა აიგოს. უფრო მეტიც, ვიმეორებ, სომეხი ერი არის ერი, რომელიც შექმნილია სპორტის ამ სახეობისთვის. მაგრამ რატომღაც აქ სხვანაირად ფიქრობენ… საბჭოთა პერიოდში სომეხი მოციგურავეები საკმაოდ ღირსეულად ასპარეზობდნენ“, – დასძინა აზროიანმა.
თანამოსაუბრემ სტერეოტიპებზეც ისაუბრა: “ამბობენ, მოციგურავე გამორჩეულად მაღალი და წარმოსაჩენი უნდა იყოსო. სპორტსმენებში მთავარია არა მხოლოდ სიმაღლე, ან წონა, არამედ სასიამოვნო და ჰარმონიული გარეგნობა. მთავარია ადამიანი იყოს სწრაფი, ფეთქებადი. ისე, რომ ფიზიკური პირობები რთული სამუშაოს კეთების საშუალებას აძლევდეს. იმიტომ, რომ ფიგურული სრიალი მართლაც რთულია, განსაკუთრებით ახლა, როცა ოთხმაგი ნახტომი გაჩნდა. ეს მართლაც უაღრესად კოორდინირებული და რთული სპორტია. აქ ძალიან ბევრი უნდა იმუშაო და იცოდე რას აკეთებ. რა თქმა უნდა, მწვრთნელებს ვგულისხმობ.”
თავად აზროიანს მწვრთნელის გამოცდილებაც აქვს. მისი თქმით, პირველი გამოცდილება მან მსოფლიოში ცნობილ ეთერ თუთბერიძესთან მუშაობის დროს შეიძინა.
“შანსი მომეცა ერთი წელი ეთერი თუთბერიძესთან მემუშავა. ეს იყო წინაოლიმპიური წელი, სოჭის ოლიმპიადამდე. ვმუშაობდი ევგენია მედვედევასთან და იულია ლიპნიცკაიასთან…“.
შემდეგ აზროიანს თათარსტანის რესპუბლიკის სპორტის სამინისტრომ მიიწვია და ისიც გაემგზავრა. იქ, 3 წლოს განმავლობაში ფიგურული ციგურაობის რესპუბლიკის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. მუშაობდა ისეთ სპორტსმენებთან, როგორებიც არიან კონსტანტინე მილუკოვი და ევგენი ილინი, რომლებიც შემდეგ რუსეთის ნაკრებში მოხვდნენ. მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, სომხური წარმოშობის სპორტსმენი რუსს, ებრაელ, ბელორუსელ, ყაზახ და, რა თქმა უნდა, სომეხ მოციგურავეებს წრთვნიდა. ”ეს დიდი და აუცილებელი გამოცდილება იყო”, – დასძინა აზროიანმა.
ახლა ამ გამოცდილების უშუალოდ სომხეთში გამოყენება შეიძლება. თუმცა მოციგურავეების გაზრდას დრო დასჭირდება. რაც შეეხება ახლანდელ თაობას, აზროიანმა ჟურნალისტებთან საუბარში ოლიმპიური თამაშებისთვის სომეხი სპორტსმენების მზაობაზე ისაუბრა.
”იმიტომ არ ვამბობ, რომ ვიქტორია ჩემი ქალიშვილია, მაგრამ აზროიან-გრუზდევის წყვილი ნამდვილად მიიღებს კვალიფიკაციას სერიოზულ შეჯიბრებებში. ისინი ახლა პირველ სეზონში არიან და მათ შესახებ მიმოხილვები ძალიან კარგია, მათ მაღალი ადგილების მოპოვება შეუძლიათ. ასევე არის რამდენიმე სხვა სპორტსმენიც, რომლებსაც ასევე კარგად შესრულება შეუძლიათ. თუმცა, საქმე იმაშია რომ ისინი მოწვეულო სპორტსმენები არიან და არა ამ სკოლაში გაზრდილები. სწორედ ამიტომ მინდა სომხეთში ფიგურული სრიალის განვითარების გეგმა დავიწყო. გეგმა გათვლილია ორ ოლიმპიურ ციკლზე. და თუ ახლავე დავიწყებთ ბავშვების შერჩევას და მუშაობას, მაშინ მხოლოდ ორ ციკლში ეს იქნება ის თაობა, რომელიც, მაგალითად, ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლებს გარკვეული შედეგის დადებას. ჩვენ უბრალოდ უნდა ვიმოქმედოთ. ვიმოქმედოთ თანმიმდევრულად და პროგრესულად, სწორად და პროფესიონალურად. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, ”- განაცხადა ცნობილმა მოციგურავემ.
ზემოთ აღნიშნულ პრეს-კონფერენციაზე მედიის წარმომადგენლები რუსეთის ფედერაციიდან სომხეთში ნიჭიერი მოციგურავეების შემოდინების შესაძლებლობას შეეხნენ. როგორც ცნობილია, რუს მოციგურავეებს მსოფლიოს არაერთ ჩემპიონატში აეკრძალათ მონაწილეობის მიღება. არის თუ არა შანსი, რომ სომეხი მოციგურავეების რიგებში, მაგალითად, ადელია პეტროსიანი გამოჩნდეს?
აზროიანის თქმით, ადელია მართლაც პერსპექტიული სპორტსმენია, თუმცა სომხეთის ნაკრებში მისი გადასვლა მოსალოდნელი არ არის. „ამ გოგოს დიდი ხანია ვიცნობ. იგი რუსეთის ნაკრების მთავარი გუნდის წევრია და არ მგონია, რომ ახლა რაიმე მსგავსი განზრახვა არსებობდეს… ”, – განაცხადა სპორტსმენმა. თუმცა აღნიშნა, რომ თუ ადელიას სურდა სომხეთის ნაკრებში გაწევრიანება, მაშინ, მისი აზრით, აქ პირობები შეიქმნებოდა მისთვის გამოსასვლელად. “თუმცა, ამ დროისთვის მე არ მაქვს ასეთი ინფორმაცია“, – დაასკვნა თანამოსაუბრემ.
პრესკონფერენციის დასასრულს, აზროიანმა კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი მხურვალე სურვილი, განავითაროს ფიგურული სრიალი სომხეთში:
“ძალიან ვგულშემატკივრობ და მინდა, რომ სომხურმა ფიგურულმა სრიალმა ფართომასშტაბიან, დიდ განვითარება მიაღწიოს, რათა სომეხმა სპორტსმენებმა უმაღლეს დონეზე იასპარეზონ. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ვოცნებობ, რომ ფიგურული სრიალი პოპულარული გახდეს ბავშვებსა და მათ მშობლებს შორის, რათა ის მასობრივ სპორტად იქცეს. ყველას გასაგონად ვამბობ: ეს არის სპორტი, რომელიც უამრავ შესანიშნავ თვისებას ავითარებს!
ირინა გრიგორიანი