აზერბაიჯანელი მწერალი, შირინ შაფიევა – მაგიური რეალიზმის ჟანრში წერს. მისი წიგნები უდიდეს რუსულ გამომცემლობა Eksmo-ში დაიბეჭდა, ხოლო სადებიუტო რომანმა “Сальса, Веретено и ноль по Гринвичу” მას ლიტერატურულ კონკურსზე “რუსული პრემია” , ნომინაციაში “დიდი პროზა” მეორე ადგილი მოუტანა.

შირინ შაფიევამ Dalma News-თან ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ სამწერლო კარიერისკენ რომელმა მწერლებმა უბიძგეს, რატომ არის ლიტერატურულ გარემოში ცოტა წარმატებული ქალი და რას კითხულობენ აზერბაიჯანში.

– ამბობენ, თითოეული მწერალი მის მიერ წაკითხული წიგნებისგან შედგება. თქვენზე, როგორც მწერალზე ვინ მოახდინეს გავლენა?

– ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბება ბავშვობაში იწყება, ამიტომ აუცილებლად უნდა აღვნიშნო დიდი საბავშვო მწერლები – ჩემთვის ისინი იყვნენ ტოვე იანსონი, ასტრიდ ლინდგრენი, ნიკოლაი ნოსოვი, ლუის კეროლი, ტოლკინი, დიუმა – ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, საბავშვო მწერალი არ არის, თუმცა მისი კითხვა ბავშვობაში დავიწყე. „ზრდასრული“ მწერლებიდან – გოგოლი, ბულგაკოვი, ძმები სტრუგატსკები, ფაზილ ისკანდერი, ედუარდ ლიმონოვი, იაროსლავ გაშეკი, მარკესი, ხორხე ამადო, უილიამ თეკერეი – ყველას ვერ ჩამოვთვლი, ყველა კარგი მწერლისგან, რაღაც შეიძლება ისწავლო.

– წიგნის „არ დაიძინო ლეღვის ხის ქვეშ“ მიმოხილვაში, ერთ-ერთმა მკითხველმა დაწერა, რომ წიგნი დასამახსოვრებელია, თუმცა განკუთვნილია უფრო ახალგაზრდა – 18-20 წლის აუდიტორიისთვის. გასაგებია, რომ მიმოხილვები ძალიან შერეულია და გემოვნების საკითხია. თქვენ თავად რომელ აუდიტორიაზე ხართ ორიენტირებული?

– ჩემს თაობასა და უფროსებზე. პრაქტიკამ აჩვენა, რომ დღევანდელი ოცი წლის მოზარდებს შორის ცოტა თუ შეძლებს გაიგოს, რაზეა ჩემი წიგნები. ისინი სხვა, კომერციულ, სერიული სცენარების კანონების მიხედვით მომზადებულ ლიტერატურაზე იზრდებიან. ასეთი წიგნები არ საჭიროებს გააზრებულ კითხვას, დამახსოვრებას და წაკითხულის გააზრებას, მათი ერთადერთი მიზანია მკითხველისთვის სწრაფი და გარანტირებული სიამოვნების მიტანა. სხვათა შორის, წიგნის „არ დაიძინო ლეღვის ხის ქვეშ“ ერთ-ერთი მთავარი თემა დანინგ-კრუგერის ეფექტია. საუბარია პროფესიონალიზმზე, უფრო სწორედ, არაპროფესიონალიზმზე. ასე რომ, ისეთი ასაკის აუდიტორიას, რომლის წარმომადგენლებსაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიათ, რა პროფესიას აირჩევენ, როცა გაიზრდებიან (ახლა ამ ასაკმა მინიმუმ ოც წლამდე გადაინაცვლა), ნაკლებ სავარაუდოა, მოერგოს.

პირველ წიგნში კონფლიქტი ზოგადად ემყარება იმ ფაქტს, რომ ორმოცდახუთი წლის კაცს სიბერის ეშინია, ხოლო მესამე რომანში ყველა მთავარი გმირი ოცდაათ წელს გადაცილებულია და მათი პრობლემები სულაც არ არის თინეიჯერული. შესაძლოა არსებობს შთაბეჭდილება, რომ ჩემს წიგნებს მხოლოდ ახალგაზრდები კითხულობენ, მაგრამ ეს ასე არ არის. უბრალოდ, უფროსი ასაკის წარმომადგენლებს უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვთ, ვიდრე სოციალურ ქსელებში მიმოხილვების წერა. თუმცა, პირადი კომუნიკაციებიდან მივხვდი, რომ ინტერნეტის გავრცელებამდე გაზრდილი თაობის წარმომადგენლები უფრო უკეთ ხვდებიან ჩემი წიგნების არსს, ვიდრე დანარჩენი.

– თქვენ თანამშრომლობთ Eksmo-სთან, რომელიც წიგნის რუსული ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. თქვენს მკითხველებს შორის, ალბათ, რუსები უფრო ჭარბობენ. განსხვავდება თუ არა რუსი მკითხველი აზერბაიჯანულისგან?

– მართალი გითხრათ, ჩემთვის ცნობილი აზერბაიჯანელი მკითხველი – ჩემი ნაცნობების ვიწრო წრეა. ჩვენს მაღაზიებამდე მხოლოდ პირველი და მესამე წიგნის რამდენიმე ეგზემპლარმა მოაღწია. მაგრამ, ზოგადად, წიგნის მაღაზიებში წარმოდგენილი ასორტიმენტის თვალსაზრისით, ჩვენთან უამრავი კლასიკა – ძველიც და თანამედროვეც იყიდება, როგორც რუსულ, ასევე აზერბაიჯანულ ენაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგი ლიტერატურა მოთხოვნადია. ცხადია, ეს სასიამოვნოა. ასევე ბევრი სიახლეცაა: რუსი და უცხოელი ავტორების თანამედროვე ბესტსელერები, გასართობი წიგნები, თინეიჯერული ლიტერატურა და ფანტასტიკა. ზოგადად, აზერბაიჯანული საზოგადოება ისევე კითხულობს, როგორც ყველა.

– ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ თქვით, რომ აზერბაიჯანის თანამედროვე ლიტერატურა ძირითადად თვალცრემლიანი ქალის რომანია. ამასთან, აღნიშნეთ რომ აზერბაიჯანელ ხალხს დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც მოტივაციის ნაკლებობის გამო, არ ავლენს. წიგნების წერისკენ რამ გიბიძგათ?

– არ ვამბობ, რომ აზერბაიჯანის მთელი თანამედროვე ლიტერატურა ქალური რომანია. ეს ის წიგნებია, რომლებიც მაღაზიებში შემხვედრია – შესაძლოა ისინი უფრო ხშირად იყიდება, რადგან უფრო მოთხოვნადია. ერთი მოტივაცია მაქვს – ვწერ იმიტომ, რომ შემიძლია. ყველამ უნდა გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია. უამრავი იდეა მაქვს: დიდიც და პატარაც. სირცხვილი იქნება თუ ისინი ფუჭად ჩაივლის. თუ ჩემმა წიგნმა ერთ ადამიანს მაინც ასიამოვნა, მის გულს შეეხო, დააფიქრა ან ანუგეშა ე.ი. ტყუილად არ მიმუშავია. ვიმედოვნებ, მოვესწრები იმ დროს, როცა პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველა მწერალი იტყვის, რომ მისი მთავარი მოტივაცია ფულია!

– თქვენი აზრით, აზერბაიჯანულ ლიტერატურულ გარემოში რატომ არის ასე ცოტა ქალი ავტორი?

– არა მგონია ცოტა იყოს, უფრო სწორად, მამრობითი და მდედრობითი სქესის ავტორების თანაფარდობა ერთნაირია. თუ არსებობს რაიმე დისბალანსი მამაკაცის სასარგებლოდ, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ქალის პროზას ტრადიციულად ზიზღით ეპყრობიან. და არა მარტო აზერბაიჯანში.

– მაგრამ ამავე დროს, წარმატებული ქალი ავტორები ბევრად ჩამორჩებიან მამაკაცებს. იმ მწერლებს შორისაც კი, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს თქვენს ლიტერატურულ გემოვნებას, თქვენ ტოვე იანსონია და ასტრიდ ლინდგრენის გარდა ყველა მამაკაცი დაასახელეთ…

– ბოლო დრომდე ქალები ყველა პროფესიაში საერთოდ უმცირესობას წარმოადგენდნენ – ვფიქრობ, მიზეზის ახსნა საჭირო არ არის. ამაზე ფემინისტები უკეთესად ისაუბრებენ. ამიტომ, ჩემს ფავორიტ მწერლებს შორის ქალი ავტორები თითქმის არ არიან. მაგრამ ახლა ქალები არ არიან შეზღუდული არც თვითრეალიზებაში და არც პროფესიის არჩევაში. კომერციულ ლიტერატურაში ქალები საკმაოდ კარგად მიიწევენ წინ – წერენ დეტექტიურ ისტორიებს, რომანტიკას, ფანტაზიას, ყველაფერს, რაც სწრაფად იწერება, დიდ გონებრივ ძალისხმევას არ საჭიროებს და ამავდროულად კარგად იყიდება. გარდა ამისა, “დიდ ლიტერატურაშიც” სულ უფრო ხშირად გვხვდება ქალის სახელები.

სერიოზული ნამუშევრების შექმნა გარკვეულწილად უფრო რთულია და არა იმიტომ, რომ ჩვენ ნაკლებად შეგვიძლია, არამედ იმიტომ, რომ ქალები ჯერ კიდევ ბევრ დაბალ ინტელექტუალურ და დაუსრულებელ საქმეს აკეთებენ – ვსაუბრობ ბავშვებზე, სახლსა და ოჯახზე ზრუნვაზე.

რაც შეეხება „დამამცირებელ დამოკიდებულებას“… ისე, ფსიქიკურად ჯანსაღ ადამიანს არ უნდა აინტერესებდეს, რა სქესისაა წიგნის ავტორი, მნიშვნელოვანი მხოლოდ ის არის, კარგია თუ არა იგი. თუ ვინმე უინტერესო წიგნს წააწყდება და იტყვის: „ქალი ავტორისგან მეტს რას უნდა ელოდო“, – უბრალოდ, ჩუმად შეიწყალე. ასეთი ადამიანი ცუდი აღზრდის შედეგია. თავად ქალებიც კი, ხშირად უარყოფენ ქალ მწერლებს. ერთ დღეს, თვალი მოვკარი კომენტარებს, სადაც განიხილავდნენ ჩემს რომანს „არ დაიძინო ლეღვის ხის ქვეშ“. განხილვის მთავარი თემა ჩემი სქესი და გარეგნობა იყო. ერთ-ერთ კომენტარს მოვიყვან: “რაც შეეხება სქესს. მისი წერის მანერა ისეთი „ქალურია“. როგორც წიგნიდან ჩანს, თემები, რომლებიც მას აღელვებს, ტიპური ქალურია“. – ცხადია, ამ კომენტარის დამწერს წიგნი არც კი უნახავს – რომანი მამაკაცის სახელით არის დაწერილი და აქცენტი ქალზე საერთოდ არ არის გაკეთებული.

ქალის ნებისმიერი იმ საქმიანობის მიმართ, რომელიც ჩვეულებრივ დიასახლისობას სცილდება, საზიზღარ დამოკიდებულებას საუკუნეების განმავლობაში ავითარებდნენ დაკომპლექსებული მამაკაცები, რომლებიც, როგორც ჩანს, საკუთარი არასრულფასოვნების გრძნობას განიცდიდნენ ბავშვის გაჩენის შეუძლებლობის გამო და ნუგეშს პოულობდნენ პოლიტიკის, მეცნიერებისა და ხელოვნების მონოპოლიაში. რასაც ახლა ვხედავთ, ამ პრაქტიკის ბოლო გამოძახილია.

– მომავალ წიგნებთან დაკავშირებით თქვენს გეგმებზე მედიასთან არ საუბრობთ. აღიარებთ, რომ არ გსურთ მძიმე თემებში ჩაძირვა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით. გარდა ამისა, ქაღალდის ფასების კატასტროფული მატება და სანქციები, რომლებიც რუსულ საგამომცემლო ბიზნესს დაშლის საფრთხეს უქმნის, წერის სურვილს გიკარგავთ. არის თუ არა ეს შემოქმედებითი კრიზისი?

– შემოქმედებითი კრიზისი, უპირველეს ყოვლისა, იდეების არარსებობაში გამოიხატება. მე კიდევ ბევრი იდეა მაქვს და სამი ახალი რომანი დეტალურად მაქვს მოფიქრებული. ახლა უბრალოდ, წერისთვის დრო არ მაქვს – ერთი წლის შვილი მყავს. გარდა ამისა, ასეთი უზარმაზარი სიყვარული, რომელიც მოულოდნელად ეწვევა ადამიანს, ძალიან ართულებს კონცენტრირებას მაშინაც კი, როდესაც სამუშაოდ რამდენიმე საათი გამომითავისუფლდება. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან (უფრო გვიან) ყველაფერს დავასრულებ, რაც დავგეგმე, რადგან ყოველთვის ვასრულებ იმას, რაც დავიწყე, მაგრამ, რა ბედი ელის უკვე დაწერილ წიგნებს, არ ვიცი. ჩემი მეგობრების გარდა, მათ თუ ვინმე წაიკითხავს, არც ეგ ვიცი. მაგრამ იმედი მაინც არსებობს.

აისელ მამედოვა