დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, საქართველოში პრეზიდენტს სულ უფრო უმცირებენ ძალაუფლებას. ერთი ადამიანის ხელში თავმოყრილი განუსაზღვრელი უფლებები ქართული დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდა. საპრეზიდენტო მოდელიდან ქვეყანა ჯერ მმართველობის შერეულ მოდელზე გადავიდა, ხოლო 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, ქვეყანა მთლიანად პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები უქმდება.
პრეზიდენტის უფლებების შეკვეცის ხანგრძლივი პროცესი 2010 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო პრეზიდენტია, რომელიც პირდაპირი წესით – ხალხის მიერ არის არჩეული. მას შემდეგ, რაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს საარჩევნო კოლეგია აირჩევს. ამიერიდან, საქართველოს პრეზიდენტი უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე პირად აღარ ჩაითვლება.
2024 წლიდან საქართველოს პრეზიდენტს 300 წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელთა შორის იქნებიან დეპუტატები, ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების წარმომადგენლები. ასეთი სახის პრეზიდენტის არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აქამდე არ ყოფილა.
პრეზიდენტი კვლავ რჩება სახელმწიფოს მეთაურად, მთავარსარდლად და წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში; თუმცა მას აღარ ევალება, რომ „კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირება“;
პრეზიდენტი კარგავს უფლებას, რომ „მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვა მოითხოვოს და მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვაში“. საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან (ნაცვლად მანამდე არსებული 35 წლისა), რომელსაც საქართველოში 15 წელი მაინც უცხოვრია. თუმცა, კანდიდატს არჩევნებამდე ბოლო სამი წლის მანძილზე საქართველოში ცხოვრება აღარ მოეთხოვება.
შეზღუდული უფლებების მქონე პრეზიდენტის ინსტიტუტი არ მოსწონთ გიორგი გახარიას (“ქართული ოცნების” გადამდგარი პრემიერი) პარტიაში. პარტია “საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილება განხორციელდეს, რათა მომავალი პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიონ.
არგუმენტად მოჰყავთ, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის კვლავ გამოჩენა და “ქართული ოცნების” დამფუძნებლის მიერ 30 დეკემბერს გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ , ხელისუფლებაში არსებობს ბალანსის პრობლემა. ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას საკუთარ თავს სთავაზობს მისივე მთავრობის დამბალანსებლის როლში, რაც გახარიას პარტიისთვის მიუღებელია. მათი აზრით, შეუძლებელია ერთი ადამიანი წარმოადგენდეს სახელმწიფოს სტაბილურობის გარანტს, მით უფრო, საკუთარი თავის დამბალანსებლის გარანტს.
“ბოლო სამი წლის პრაქტიკამ აჩვენა, რომ პირდაპირ არჩეულმა პრეზიდენტმა (მიუხედავად იმისა, ვინ იყვნენ მისი მხარდამჭერები წარსულში თუ დღეს), გაცილებით მეტად შეძლო დამბალანსებლის ფუნქციის შესრულება. აღარაფერს ვამბობთ, საერთაშორისო მაგალითებზე, როდესაც სისტემის საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოებს შეუცვლიათ მოქმედი პრაქტიკა და დაუბრუნებიათ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ჩეხეთში 2012 წელს”, – აცხადებენ გიორგი გახარიას პარტიაში.
პარტია “საქართველოსთვის” ამზადებს ინიციატივას პარლამენტისთვის, რომელიც პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებას გულისხმობს. ისინი პარლამენტს სთავაზობენ საგაზაფხულო სესიიდანვე დაიწყონ ამ ცვლილებაზე მუშაობა. მხარდაჭერას სთხოვენ, ასევე, ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური პარტიებისა და ჯგუფების წარმომადგენლებს, დამოუკიდებელ დეპუტატებს.
გიორგი გახარიას პარტიის ინიციატივა “ქართულ ოცნებაში” მატრაკვეცობა უწოდეს. მმართველი პარტიის წარმომადგენლების თქმით, 2017 წელს, როცა საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდა, გახარია მათ პარტიაში იყო და მაშინ, “არც წინააღმდეგი იყო, არც ხმა ამოუღია”.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის – ირაკლი ზარქუას აზრით, გახარიას პარტიას ახლა თემები ამოეწურა და სისულელეებს იგონებენ.
„არ აქვთ თემები, არ იციან, რაზე ილაპარაკონ. ისინი ვერ ისაუბრებენ ეკონომიკაზე, მშვიდობაზე, ევროინტეგრაციაზე, ამიტომ იგონებენ ამ სისულელეებს“, – აცხადებენ საპარლამენტო უმრავლესობაში.
კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის მოსაზრებით, ასეთი ცვლილების განხორციელება მიზანშეწონილი არ არის 2 მიზეზის გამო. პირველი – წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით.
ხმალაძის თქმით, ამ საკითხის განხილვის დასაწყებად, არც დროა შესაფერისი და არც ვითარება. გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები დგას ქვეყნის წინაშე, მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატობისთვის შესასრულებელი რეკომენდაციები; 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები… პრეზიდენტის არჩევის წესზე ინტენსიური მსჯელობის დაწყება, ამჟამად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების მიმართ მოადუნებს ყურადღებას.
მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, თუ რამეზე ყოფილა მრავალმხრივი განხილვა და მსჯელობა, სწორედ ამაზე – რა უფრო სწორია, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, თუ იყოს არჩეული კოლეგიური ორგანოს მიერ?
მსოფლიო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, ვახტანგ ხმალაძის თქმით, შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ იმ სახელმწიფოებში, სადაც საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელი, ან მმართველობის შერეული ფორმაა (როგორიც საფრანგეთშია), პრეზიდენტებს ყველგან პირდაპირი არჩევნებით ირჩევენ. საპარლამენტო მმართველობის მოდელის მქონე ქვეყნების (საპარლამენტო რესპუბლიკები, ან კონსტიტუციური მონარქიები) უმეტეს ნაწილში პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით აირჩევა. ზოგან მხოლოდ პარლამენტის მიერ, ზოგან საარჩევნო კოლეგიის მიერ, რომელიც შედგება პარლამენტის წევრებისა და ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისგან (ასეა მაგ; გერმანიაში, იტალიაში), ასეთ ქვეყნებში, პრეზიდენტი უფრო ხშირად აირჩევა კოლეგიის მიერ და უფრო ნაკლებ შემთხვევებში – პირდაპირი არჩევნებით.
კითხვაზე, თუ რომელი სისტემა სჯობს, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ვახტანგ ხმალაძის თქმით, ექსპერტ-კონსტიტუციონალისტები უპირატესობას პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას ანიჭებენ.
საპარლამენტო მმართველობის მოდელის მქონე ქვეყნებში პრეზიდენტები არ ფლობენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, ისინი არ ერევიან მთავრობის საქმიანობაში, მათი უფლებამოსილებები აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ არის უაღრესად მცირე და მათი ფუნქცია, უფრო მეტად ისეთი სახელმწიფო ორგანოების ფორმირებაში ვლინდება, რომლებიც არ მიეკუთვნებიან აღმასრულებელ ხელისუფლებას. მონაწილეობენ, ვთქვათ, მოსამართლეთა, საარჩევნო ადმინისტრაციის, კონკურენციის ბიუროს, სტატისტიკის სამსახურის და მსგავსი ორგანოების ხელმძღვანელებს დანიშვნის პროცესში.
“ჩვენთან რომ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, იტალიაში, ამის ანალოგის თავმჯდომარე არის პრეზიდენტი. ის ორგანო ნიშნავს მოსამართლეებსა და პროკურორებს. ტრადიციულად, პარლამენტის მიღებულ კანონზე პრეზიდენტს შეუძლია გამოიყენოს შეყოვნებითი ვეტო. ეს ყველა საპარლამენტო მოდელშია. პრეზიდენტის გარეშე ვერ ხდება საგანგებო და საომარი მდგომარეობების გამოცხადება”, – განუცხადა Dalma News-ს ვახტანგ ხმალაძემ.
როგორც კონსტიტუციონალისტი განმარტავს, საპარლამენტო მოდელი და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები ერთმანეთთან შეუთავსებელია. შეზღუდული უფლებამოვალეობების გამო, სჯობს პრეზიდენტი აირჩეს არაპირდაპირი არჩევის წესით, რადგან, როდესაც პრეზიდენტი ირჩევა პირდაპირი წესით, რაც თავისთავად უმაღლეს ლეგიტიმაციას ნიშნავს, პრეზიდენტებს უფრო მეტი უფლებამოსილების ამბიცია უჩნდებათ, ვიდრე კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული.
“არაერთ ქვეყანაში ყოფილა, რომ პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი კონფლიქტში შესულა მთავრობასთან, ან პარლამენტთან. კონფლიქტის საფუძველი კი ყოფილა პრეზიდენტის განცხადება, რომ მთავრობა არ ითვალისწინებს მის აზრს, ამ დროს კი, ხალხის არჩეულია. ასეთი კონფლიქტი სახელმწიფოსთვის სასურველი არ არის, რადგან იწვევს შიდა პოლიტიკურ დაძაბულობას”, – აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.
რაც შეეხება პარტია “საქართველოსთვის” მეორე არგუმენტს – ხელისუფლებაში ბალანსის შენარჩუნებას, ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა ქვეყანაში პოლიტიკური ბალანსის პრობლემის მოგვარების გზა არ არის.
“ბალანსის პრობლემა არის ერთპარტიული მმართველობის გამო. იმ საარჩევნო სისტემით, რომლითაც აქამდე ვირჩევდით პარლამენტს, ფაქტობრივად, უზრუნველყოფილი იყო პარლამენტში ერთპარტიული უმრავლესობის არსებობა. ხშირად ეს უმრავლესობა კონსტიტუციური უმრავლესობაც კი ყოფილა. ერთპარტიული უმრავლესობის პირობებში მთავრობის საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლი, ფაქტობრივად, ნულამდეა დაყვანილი. ეს არის ბალანსის პრობლემა”, – აცხადებს ხმალაძე.
მისივე თქმით, პარლამენტს 2 უმთავრესი ფუნქცია აქვს. ერთი – კანონმდებლობის შექმნა და მეორე – მთავრობის საქმიანობის კონტროლი. ერთპარტიული უმრავლესობის პირობებში ეს კონტროლი პრაქტიკულად არ ხორციელდება. ამის გამო, მთავრობა იძენს ბევრად მეტ უფლებამოსილებას, ვიდრე მას ეკუთვნის. მთავრობა მშვიდად არის, რადგან მისია საპარლამენტო უმრავლესობა, ამ უმრავლესობის მხრიდან მათ საფრთხე არ ემუქრებათ.
“საპარლამენტო კონტროლი მუშაობს იქ, სადაც უმრავლესობა არის კოალიციური, რადგან ასეთი უმრავლესობის შიგნით არის კონკურენცია, ხოლო მთავრობის წევრებს შორის სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები არიან. აქ საპარლამენტო კონტროლი მუშაობს და ბალანსიც დაცულია”, – აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.
ერთი სიტყვით, ამომრჩეველზეა დამოკიდებული, რამდენად მაკონტროლებელი პარლამენტო ეყოლება ქვეყანას 2024 წელს.
პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით პოზიციები ოპოზიციაში ორად გაიყო. ერთი ნაწილის აზრით, საქართველოში პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას დიდი შედეგი არ მოჰყვება და პარტია „საქართველოსთვის“ ამ თემაზე დისკუსიის დაწყების ინიციატივა დაგვიანებულია. მეორე ნაწილის აზრით კი, ეს ნიშნავს დამოუკიდებლობის უფრო დიდ ხარისხს, უფრო მეტ ლეგიტიმაციას.
“თუ სახელმწიფოს მეთაურს აქვს ლეგიტიმაცია ხალხისგან, ჩვენ ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ამ იდეას, მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს, ვიდრე პრეზიდენტის არჩევის მოდელია“, – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.
შორენა პაპაშვილი