ატმის მოსავლის დროულად გაყიდვის პრობლემა კახელ გლეხს უკვე წლებია აწუხებს, მიუხედავად იმისა, რომ კახეთში ხილის გადამამუშავებელი რამდენიმე ქარხანა აშენდა, გლეხს საკუთარი პროდუქციის გაყიდვა მაინც უჭირს, არ აკმაყოფილებთ საწარმოების მიერ შეთავაზებული ფასი. არის შემთხვევები, როდესაც საწარმოში ხილის ხარისხს უწუნებენ და უკან ატანენ.

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყს წელს ატმის უხვი მოსავალი აქვს. კრეფის დაწყებასთან ერთად თავი იჩინა ჩაბარების პრობლემამ. მალფუჭებადი პროდუქტის დასაწყობების პირობების არქონამ გლეხები საგონებელში ჩააგდო. სოციალურ ქსელში ერთმანეთის მიყოლებით გავრცელდა ვიდეოები, სადაც ახალგაზრდა ფერმერები საღ ხილს მდინარეში და გზის პირას ყრიდნენ. ამბობენ, რომ მოსავალთან ერთად ყუთებიც უფუჭდებათ, რომელიც 3 ლარად აქვთ შეძენილი და მთელი სეზონის განმავლობაში იყენებენ. ამგვარად, დამატებითი ხარჯის თავიდან აცილების მცდელობას საღი ხილი შეეწირა.

ახალმოკრეფილი ხილის სანაგვეზე გადაყრის ფაქტებს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ზოგი კახელ გლეხს აკრიტიკებდა და პროდუქტის გაიაფებას ურჩევდა, ზოგიც მათ მდგომარეობაში შედიოდა და ხელისუფლებას საყვედურობდა, რომ გლეხს მთელი წლის ნაშრომის საიმედოდ დაბინავების პირობები არ აქვს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ბიზნესისთვის სათანადოდ შექმნილი პირობები რომ არსებობდეს, ამ უნიკალურ ნედლეულს სერიოზულ პროდუქციად გადააქცევდნენ, რაც დიდ შემოსავალს მოიტანდა.

“ხილის გადამამუშავებელი რამდენიმე ქარხანა დადგან კახეთში. რადგან რაც ხდება, ეს სერიოზული მატერიალური დანაკარგია სახელმწიფოსთვის და პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, ვინც შრომობს და მოჰყავს მოსავალი. რუსეთის ბაზარი ქართული ხილისთვის ღიაა, მაგრამ ეს სფეროც მონოპოლიზებულია. ამიტომ არის დღეს კახელი გლეხი ამ მდგომარეობაში. თავისუფალ ეკონომიკამდე და თამაშის საერთო წესებამდე საქართველო ჯერ ძალიან შორს არის”, – მიაჩნია გიორხელიძეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტირებული ატმის მაჩვენებელი წელს, შარშანდელს მაჩვენებელს გადააჭარბა და 24 ივლისის მონაცემებით, უკვე 44% -ით მეტი, 5,853 ტონა ატამია ექსპორტირებული. ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულება კი 2.2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (76%), აზერბაიჯანში (14%), ყაზახეთში (4%) და სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება. ამჟამად, ატმის საბითუმო ფასი 30-დან 70 თეთრამდე მერყეობს.

სოფელ ჩუმლაყში ხილის გადამამუშავებელი ქარხანა 2014 წლიდან არსებობს. წელს კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა, თუმცა, დაგეგმილზე ერთი თვის დაგვიანებით, რასაც დამწიფებული ხილის მოზღვავება მოჰყვა. საწარმოში ქართულ ხილს ქვეყნის ყველა რეგიონიდან წელიწადის ოთხივე სეზონზე ჩაიბარებენ. წლეულს 5 000 ტონა ხილის ჩაბარებას გეგმავენ. ნედლეულისგან კი, ე.წ. კონცენტრატებს დაამზადებენ. გლეხები კი ამბობენ, რომ ქარხანაში მაღალი ხარისხის ხილს ითხოვენ და 1ტონა ატმიდან 300-400 კილოს თუ გადაარჩევენ, დანარჩენს უკან ატანენ.

სოფელ ჩუმლაყში, რამდენიმე წელია არსებობს აგროკრედიტით შექმნილი ხილის სამაცივრე მეურნეობა, სადაც ქართულ ატამს ახარისხებენ და ექსპორტზე ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გზავნიან. წუნს რაც შეეხება, როგორც საწარმოში ამბობენ, წლევანდელმა უხვმა ნალექმა ხილის ხარისხზეც იმოქმედა და ზოგ ფერმერებს ნახევარი ხილი უკან გაატანეს.

სოფელ ჩუმლაყის მკვიდრი ვალერი ტურაშვილი, 8 ჰექტარ ფართობზე გაშენებულ ატმის ბაღს უკვე 15 წელია უვლის. წელიწადში 100-300 ტონამდე მოსავალს ღებულობს. ის ერთ-ერთია, ვინც სოციალურ ქსელში, საკუთარი ბაღში მოკრეფილი ატმის გადაყრის პროცესის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. როგორც Dalma News-სთან საუბრისას განაცხადა, ვიდეო პოლიტიკური ზრახვებით არ გადაუღია, უბრალოდ ხალხის დაინტერესება სურდა, რომ ჩასულიყვნენ და ატამი პირდაპირი მისი ბაღიდან წაეღოთ, რადგან თავად მას პროდუქციის რეალიზება გაუჭირდა. მცდელობამ გაამართლა, ვიდეოს ნახვის შემდეგ ატამს ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა.

” რომ გადავყარე, ჩემზე მეტად არავის ტკენია გული. ჩემი ხელფასიც ეგ არის და შემოსავალიც. ვიდეოს ნახვის შემდეგ, ჩამოვიდნენ ახალგაზრდები და უამრავი ხილი გავატანე. ზოგმა არყის გამოსახდელად წაიღო. ბევრმა გლეხმა წელს ბანკის ვალი ვერ დაფარა, დანახარჯს რომ ვერ ამოიღებენ, გული უცრუვდებათ. ჩვენ შრომისმოყვარე ხალხი ვართ. ყველა ახალგაზრდა ხომ არ უნდა წავიდეს საზღვარგარეთ? გვინდა ჩვენს მიწაზე ვიშრომოთ და შევქმნათ დოვლათი. ვიდეოს დადების შემდეგ ატმის ფასმა 60-70 თეთრამდე მოიმატა”,- აცხადებს ვალერი ტურაშვილი.

სხვადასხვა ჯიშის ხილის ბაღს განსხვავებული მოვლა სჭირდება. სრული მოსავლიანობის დროს 1 კგ ხილი 10-15 თეთრამდე უჯდებათ, ამას ემატება კრეფის საფასური და საბოლოოდ 20-30 თეთრს აღწევს. როდესაც გლეხი ხილს 30 თეთრად ყიდის, იმას ნიშნავს, რომ მთელი წლის შრომას, ქიმიკატებსა და მუშახელში გადახდილ ფულს აცოცხლებს და მოგება არ რჩება.

ახალგაზრდა მებაღის განმარტებით, ხილს ბევრი დაავადება ებრძვის, ამიტომ წელიწადში სამჯერ უნდა შეიწამლოს. ძირითადად გერმანული წარმოების ქიმიკატებს იყენებენ და ზედმიწევნით იცავენ კარანტინის ვადებს. პირველ ეტაპზე მცენარეს სოკოვანი დაავადება “ხუჭუჭა” უჩნდება და თუ დროულად არ შეწამლეს, ხე ფოთოლს ვერ გამოიღებს. შემდეგი ეტაპია – “ნაცარი”, ბოლო ეტაპზე კი ნაყოფს ჭია ემუქრება, ჭიან ხილს კი აღარავინ ყიდულობს. ბოლო შეწამვლა მოსავლის აღებამდე 20- 30 დღით ადრე უნდა განხორციელდეს, რათა ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ იყოს.

a1439933697ვალერი ტურაშვილმა შრომასთან ერთად გამოცდილებაც დააგროვა. წესებს ზედმიწევნით იცავს, რადგან მოწეული ხილის პირველი მომხმარებლები მისი ოჯახის წევრები არიან. არც მთავრობას საყვედურობს უყურადღებობას და აცხადებს, რომ რაიონში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა. დადგეს სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები, გლეხები სარგებლობენ იაფი კრედიტით, არც ახალგაზრდებს ეზარებათ შრომა, მაგრამ წლევანდელმა მოსავალმა ერთი მთავარი პრობლემა წარმოაჩინა, სოფელს არ აქვს სათანადო სამაცივრე მეურნეობა, სადაც ხილს დაასაწყობებდნენ და ჩამოსულ იმპორტიორებს ხარისხიან პროდუქტს შესთავაზებენ.

“20-მდე მაცივარი რომ დაიდგას, ეს პრობლემაც მოგვარდება. მოსავლის აღების პიკი დაახლოებით 10 დღეა. წელს განსაკუთრებით უხვი მოსავალი მოვიდა და ამიტომ პრობლემაც თვალსაჩინო გახდა. სოფელს ერთი მაცივარი აქვს და იმხელა რიგი დგება, იქ მიტანას აზრი აღარ აქვს. ბევრი მაცივარი თუ იქნება, დასაწყობდება საქონელი და ფასიც დარეგულირდება. ჩამოსულ იმპორტიორს კი კარგი პირობები დახვდება და მომავალ წელსაც ჩამოვა. ბოლოს და ბოლოს ვიქირავებთ მაცივრებს და ნედლეულს არ გავაფუჭებთ”, – აცხადებს ვალეტი ტურაშვილი.

მისივე განმარტებით, მაცივარში ხილი +2-3 გრადუსზე ინახება და მოწევის პროცესს ანელებს. ტრანსპორტირების პროცესში კი 1 თვის განმავლობაში ძლებს. ხილის რუსეთის ბაზარზე გატანას, რაც შეეხება, ვალერის აზრით, ეს საქმიანობის ცალკე სფეროა, რომელზეც გლეხი არ უნდა მოცდეს.

“აგროსოლუშენსის” კომერციული დირექტორის ირაკლი ჩიქავას აზრით, ატმის ბაღი ისეთივე ბიზნესია, ისევე, როგორც პურის ცხოვა. თუ მეპურე 10-ჯერ მეტ პურს გამოაცხობს, ვიდრე მოსახლეობას სჭირდება, ბუნებრივია არ გაეყიდება. ამ ლოგიკიდან გამომდინარე გლეხმა უნდა განსაზღვროს ბაზრის მოთხოვნა და ამის მიხედვით შესთავაზოს პროდუქტი.

მისივე თქმით, ფასს მიწოდება განსაზღვრავს და პროდუქტი იაფია მაშინ, როცა ჭარბია წარმოება.

“რატომღაც ყოველთვის ვცდილობთ გავუფრთხილდეთ გლეხს. გამოსავალი შიშველი სიმართლეა. დღეს გვაქვს ატმის ჭარბი წარმოება, მაშინ, როდესაც ყველა დანარჩენი პროდუქტი შემოგვაქვს იმპორტით. იგივე ყურძენი. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ყურძნის ჭარბი წარმოება, სუფრის ყურძენი იმპორტზე შემოდის, იმიტომ, რომ საქართველოსი არ ხდება მისი დოტაცია. ეს აზარმაცებს გლეხს და ანელებს სოფლის მეურნეობის სექტორს”, – მიაჩნია ირაკლი ჩიქავას.

მებაღეობა არ არის 2-3 წლიანი ინვესტიცია. ბაღის პლანტაციების გაშენებას ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. გლეხს რომ ვუთხრათ, ამდენი ატამი არ გვჭირდება და ბაღი გამოხშირეო, არასწორი იქნება. ქართველი გლეხი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ მისი ნაშრომი ხარისხის გამო არ დაიწუნონ, სხვა ყველაფერი კი, იმედია, სწორი სახელმწიფოებრივი მიდგომით მოგვარდება. გლეხიც ისწავლის და ჭარბი წარმოების ნაცვლად, მომგებიან პროდუქციას შემოგვთავაზებს.

ავტორი: შორენა პაპაშვილი