რთველის საკოორდინაციო შტაბში დღეისთვის დარეგისტრირებულია 51 ღვინის კომპანია, რომლებიც მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვას, ყურძნის სიმწიფეში შესვლისთანავე დაიწყებენ.
როგორც Dalma News-ს ღვინის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, სახელმწიფო მზად არის 10 სექტემბრიდან შეისყიდოს ჭარბი ყურძენი დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში, სადაც ღვინის კომპანიების მხრიდან ყურძნის გადამუშავებით დაინტერესება ნაკლებია. მათივე განმარტებით, კერძო ყურძნის გამყიდველი და მყიდველი თავად თანხმდებიან ყურძნის შესასყიდ რაოდენობაზე, ხარისხსა და ფასზე. სახელმწიფო ფასების რეგულაციაში არ ჩაერევა. ფასს არეგულირებს ბაზარი.
ღვინის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მევენახეებს, ნუ აჰყვებიან პროვოკაციას და აგროვადების დაცვით დაკრიფონ ყურძენი, რადგან მიაჩნიათ, რომ ყურძნის ჩასაბარებელ ფასებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიორაჟი და აქციები რთველის შეფერხებისა და ჩაშლის მცდელობის სახეს იღებს.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაცის, თითქოს წნორის ქარხანა (“ტიბაანი 2000”) მზად არის მოსახლეობისგან მიიღოს ყურძენი და საამისოდ ელოდება რთველის საკოორდინაციო შტაბის მითითებას.
“ეს არ შეესაბამება სიმართლეს – უკანასკნელ წლებში აღნიშნული ქარხნის ყურძნის გადასამუშავებელი სიმძლავრეები გამოიყენებოდა ღვინის სახელმწიფო კომპანიების მიერ და წნორის კომპანია წელს რთველის საკოორდინაციო შტაბში საერთოდ არ დარეგისტირებულა,” – აცხადებენ სააგენტოში და რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციით დაინტერესებულ პირებს ცხელი ხაზის ნომერზე 2 47 01 01 დარეკვას ურჩევენ.