ოპოზიციური პარტიების მყიფე ერთობაში გაჩენილი ბზარი, სულ უფრო ღრმა და თვალსაჩინო ხდება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 0%-იან ბარიერგადალახული პარტიები დესტრუქციულ და კონსტრუქციულ ბანაკებად ყალიბდება. ერთი ნაწილი საპარლამენტო საქმიანობის მომხრეა, უმრავლესობა კი, ხელისუფლებაზე ქუჩის აქციებით ზემოქმედების იმედს არ კარგავს. გაურკვეველია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მე-5 რაუნდის ბედიც, რომელიც უვადოდ გადაიდო.

ოპოზიციურ გაერთიანებაში შემავალი ლიდერები დიდი ხანია, ერთმანეთის მიმართ არაკეთილგანწყობას არ მალავენ, განსაკუთრებით სატელევიზიო თოქ-შოუებში, სადაც ჟურნალისტებს ხშირად უწევთ რინგის მსაჯების ფუნქციის შეთავსება. ერთ-ერთი ბოლო დაპირისპირება ტელემაყურებელმა “რუსთავი-2”-ის ეთერში იხილა, სადაც “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა, ამჟამად პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ და „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ერთმანეთს „უსინდისო“, “მატყუარა“ და „ხალხის მყვლეფავი“ უწოდეს. ელისაშვილმა ყოფილ ბანკირს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდი გაახსენა და “ქართულ ოცნებასთან” ფარული გარიგებების მცდელობაში ამხილა.

მამუკა ხაზარაძე და ალეკო ელისაშვილი

“გლდანის ციხეში ხალხს რომ ხოცავდნენ და ძვლებში ამტვრევდნენ, მაშინ, შენ იდექი და ღამე კრედიტებს უფორმებდი ფეხებით ჩამოკიდებულებს. კეზერაშვილები და ახალაიები ციხიდან რომ არეკინებდნენ”, – განაცხადა ელისაშვილმა.

ამის საპასუხოდ, მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილს მოუწოდა, ოპოზიციის შეხვედრებზე აღარ მივიდეს. ელისაშვილსა და ხაზარაძეს ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც ჰქონდათ, თუმცა სტუდიაში მყოფმა პირებმა ამის საშუალება არ მისცეს. მეორე დღეს პარტია “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ გეგმები არ შეცვლილა და ოპოზიცია კვლავ ერთიანია. ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ იმ 51-ოპოზიციონერს, რომელმაც მანდატების გაუქმებაზე განცხადება შეიტანეს, “გირჩის” სამი წევრი დაემატება, რომლებიც, ბოიკოტის რეჟიმს შეუერთდებიან, ბოიკოტი კი, მხოლოდ “ქართულ ოცნებასთან” პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე შეწყდება.

“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კი აცხადებს, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც დაასრულა, მზად არის “ქართულ ოცნებას” საჯაროდ შეხვდეს და მმართველ პარტიასთან პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე დაილაპარაკოს.

“მე-5 რაუნდს სჭირდება მომზადება და პოზიციების დაახლოება. თუ ვერ მივაღწევთ კომპრომისულ შეთანხმებას, მე-5 რაუნდიც ისეთივე უშედეგო იქნება, როგორიც სხვა რაუნდები”, – აღნიშნა ელისაშვილის თანაპარტიელმა, ლევან იოსელიანმა.

პარტია “მოქალაქეებსა” და “გირჩს” მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მე-5 რაუნდთან დაკავშირებით სხვა პარტიებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ. მათი აზრით, ახლა, ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლოს, რადგან ოპოზიციური პარტიები 2021 წლის არჩევნებში თუ დამარცხდებიან, ეს ყველაზე დიდი იმედგაცრუება იქნება მათი ამომრჩევლისთვის და ოპოზიცია დიდი ხნის განმავლობაში წელში ვერ გაიმართება.

Заал Анджапаридзе

ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე პოლიტიკურ იწილო-ბიწილოს უწოდებს, სადაც ყველა სუბიექტი ცდილობს თავისკენ გადაქაჩოს საბანი და ოპოზიციურ ერთობაში მისთვის მაქსიმალური სარგებელი იპოვოს. როგორც Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ განუცხადა, ოპოზიციურმა პარტიებმა ოპონირების თამასა ზედმეტად მაღლა ასწიეს იმ იმედით, რომ მოვლენები მათ სასარგებლოდ განვითარდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა და ახლა, ბოიკოტის გაგრძელება პრესტიჟის საკითხად რჩება.

ოპოზიციას თებერვლის ბოლომდე აქვს ვადა, გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებას, შევიდნენ თუ არა პარლამენტში. ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ოპოზიციას იმდენად სწრაფი ტემპით შეჰყავს საკუთარი თავი პოლიტიკურ ჩიხში, რომ ეეჭვება ეს ვადები სასიკეთოდ გამოიყენონ. ოპოზიციის იმედები ემყარება გაზაფხულზე საპროტესტო მუხტი გაზრდას, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეგავლენას და იმას, რომ “ქართულ ოცნებას” ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას დასავლეთი აიძულებს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში სწორედ ოპოზიციას მოუწოდებს პარლამენტში შესვლისკენ. ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების ელჩები პრემიერ გიორგი გახარიას მთავრობას ყველა საერთაშორისო ფორუმზე, მათ შორის, ევროკავშირში, ნატოში, ეუთოსა და ევროსაბჭოში აქტიურ მხარდაჭერას დაჰპირდნენ.

“ოპოზიციის პრაგმატულმა ნაწილმა იცის, რომ პარლამენტში შესვლით უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ, ვიდრე ქუჩაში ყოფნით. მეორე ნაწილს კი, არ სურს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობა, რათა დარწმუნდნენ, არჩევნები მართლა გაყალბდა, თუ არა. ისინი ხალხის ინტერესებზე კი არ საუბრობენ. ხალხი ამას ხომ ხედავს? ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ივანიშვილის წასვლით „ქართული ოცნება“ დასუსტდება, მათ კი, გაუჩნდებათ შანსი მიაღწიონ ვადამდელ არჩევნებს, რადგან მიაჩნიათ, რომ 920 000-მა ამომრჩეველმა ერთ კაცს – ბიძინა ივანიშვილს მისცა ხმა. ოპოზიციაში მიდის პოლიტიკური ტვინის კვდომის პროცესი”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

ალეკო ელისაშვილს რაც შეეხება, ანჯაფარიძე მას დამწყებ, გამოუცდელ პოლიტიკოსად ახასიათებს, რომელსაც დაღვინება სჭირდება, ამისთვის კი, პარლამენტი საუკეთესო ადგილია. ელისაშვილს აქვს შესაძლებლობა პოლიტიკური გამოცდილება შეიძინოს და საკუთარი პარტია შემდეგი არჩევნებისთვის უკეთ მოამზადოს.

დღეს, ექსპერტები ლამის ერთხმად ამბობენ, რომ პარტიებისთვის პარლამენტში შესვლა თავის გადარჩენას ნიშნავს, რათა გაზარდონ საკუთარი ცნობადობა ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ქუჩაში დგომით ამას ვერ გააკეთებენ, საქართველომ წარსულს ჩააბარა რევოლუციები და გადატრიალებები; მოსახლეობა, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია “ვარდების რევოლუცია” და აგვისტოს ომი, ქვეყანაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების მიუხედავად, უფრთხის დესტაბილიზაციის მორიგ მცდელობას. არადა იყო პერიოდი, როცა პარტიები სწორედ ქუჩაში კრეფდნენ რეიტინგს.

“ჩვენი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, ქარიზმატულ ლიდერს ჯერ კიდევ აქვს პოტენციალი, რომ ქუჩიდან მოახდინოს გარკვეული ცვლილებების ინიცირება, მაგრამ ასეთი ქარიზმატული ლიდერი ჯერჯერობით, არც ოპოზიციაში გამოჩენილა, არც საზოგადოებრივ- პოლიტიკურ ასპარეზზე. ელისაშვილი არ არის იმ კალიბრის ფიგურა, რომ გახდეს საზოგადოების წინამძღოლი, თუმცა ცდილობს”, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.

ექსპერტების აზრით, მოლაპარაკებების V რაუნდის პერსპექტივა 50/50-ზეა და დამოკიდებულია ოპოზიციაზე. ხელისუფლებამ მკაფიოდ გაავლო წითელი ხაზები – არ წავლენ ვადამდელ არჩევნებზე და არ იზიარებენ ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას. ერთადერთი რესურსი, რაზედაც შეიძლება გაიმართოს მეხუთე რაუნდი არის საარჩევნო საკითხები. ოპოზიციამ უნდა გახადოს თავისი მოთხოვნები რეალისტური, რომ ისინი პოლიტიკური მოლაპარაკებების საგნად აქციოს.

ლადო ბოჟაძე

ანალიტიკოს ლადო ბოჟაძის მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა გამოწვევაა არა მხოლოდ “ოცნებისთვის”, არამედ ოპოზიციისთვისაც. მისივე თქმით, როცა დიდი მნიშვნელობის მქონე პოლიტიკოსი გადის პოლიტიკური სივრციდან, ოპოზიციას უჩნდება შანსი მეტად მოახდინოს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება. თუმცა, სამწუხაროდ, გარკვეული პოლიტიკური პარტიები დღემდე, ვერ ახერხებენ “ენმ”-სა და “ევროპული საქართველოს” გავლენიდან გამოსვლას.

როგორც Dalma News-ს ლადო ბოჟაძემ განუცხადა, დღეს, არათუ პარლამენტის ლეგიტიმურობის საკითხი არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, არამედ, პარლამენტმა დაიწყო სრულფასოვანი მუშაობა, მიიღო ბიუჯეტი, დაამტკიცა მთავრობა, გამოსცა ამნისტია და ა.შ. მისივე თქმით, ოპოზიცია მიდის “ნაციონალური მოძრაობის” სცენარით, რომელიც ერთი მხრივ, მუდმივად ცდილობს პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანას, მეორე მხრივ – ოპოზიციური ფლანგიდან პატარა პარტიების გაქრობას.

“ოპოზიციურ ფლანგზე დომინანტი ისევ „ენმ“ იქნება, რადგან მათ ჰყავთ ხალხის ქუჩაში გამოყვანის ყველაზე მეტი რესურსი. 2024 წლის არჩევნებში 5%-იანი ბარიერის დატოვება, “ნაციონალურ მოძრაობას” აძლევს გარანტიას, რომ ოპოზიციური ფრონტიდან, მხოლოდ ის იქნება წარმოდგენილი მე-11 მოწვევის პარლამენტში. თვითმმართველობის არჩევნებშიც, საკრებულოებში ოპოზიციური ფლანგიდან ვერავინ მოხვდება „ენმ“-ს გარდა”, – აცხადებს ლადო ბოჟაძე.

მისივე თქმით, 2007 წელს, როცა ქვეყანას ნაციონალების ერთპარტიული პარლამენტი ჰყავდა, ასი ათასობით მოქალაქე ყინვაში იდგა ქუჩაში, რათა მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, რომ არჩევნები გაყალბდა. მაშინ პარლამენტში არშესვლამ დაასუსტა ოპოზიცია და ბევრი მაშინდელი ლიდერი საერთოდ ჩამოსცილდა პოლიტიკას. ჯერ კიდევ მაშინ აღარ აღმოჩნდა ქუჩა პოლიტიკური ბრძოლის ადგილად.

ლადო ბოჟაძის აზრით, ამ დროის განმავლობაში არჩევნებში გასული პარტიები რეიტინგს კარგავენ. დღეს რომ ჩატარდეს სოციოლოგიური კვლევა, “ლელოს“, “სტრატეგია აღმაშენებელს” და “ევროპულ საქართველოს” იმაზე ბევრად ნაკლები მხარდაჭერა ექნებათ, ვიდრე 31 ოქტომბერს ჰქონდა. “ლელო”, რომელსაც მესამე ძალის პრეტენზია ჰქონდა, საბოლოოდ სააკაშვილის ბანაკში აღმოჩნდა.

“ნაციონალების შიშით მამუკა ხაზარაძე პარლამენტში კი არა, შესაძლოა, კაბინეტშიც ვერ შევიდეს.  ელისაშვილის შემთხვევაში დადებითი დინამიკა იქნება. მან და იოსელიანმა, ამ ორმა ადამინმა შეძლო და საზოგადოებას აჩვენა, რომ მზად არიან დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშეები გახდნენ, შეეწინააღმდეგონ “ნაციონალურ მოძრაობას”. ოპოზიციის ამომრჩეველს რეალურად პარლამენტში არ ჰყავს ინტერესების გამტარებელი. პარტია, ვისაც პრობლემის მოგვარებისთვის მიაკითხავენ. ელისაშვილს ექნება საშუალება ასეთი გაწბილებული ამომრჩეველი თავის მხარეს გადაიყვანოს. ის არის მომლაპარაკებელი “ქართულ ოცნებასთანაც” და ოპოზიციასთანაც. ელჩებთანაც ყველაზე მოგებული ელისაშვილი და “გირჩის” ნაწილი დარჩა, ისინი მიჰყვებიან მათ რჩევებს”, – აცხადებს ლადო ბოჟაძე.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობამ 9 პარტია აირჩია, რომელთაგან 8 ბოიკოტს განაგრძობს, თუმცა შესაძლებელია ვითარება მოლაპარაკებების V რაუნდის შემდეგ შეიცვალოს, რომელიც შესაძლოა აღარც კი შედგეს.

შორენა პაპაშვილი