საქართველოს რიგით მესამე პრეზიდენტი, პროკურატურის მიერ ძებნილად გამოცხადებული მიხეილ სააკაშვილი ციხეშია. 2012 წელს, ხელისუფლებიდან არჩევნებით გაშვებული ექსპრეზიდენტი, რომელსაც საქართველოში 9 წლიანი დანაშაულებრივი რეჟიმის ავტორად იხსენიებენ, ქვეყანაში არჩევნების წინა დღეებში დაბრუნდა. 8 წლის შემდეგ, საქართველოში გადამზიდი სატვირთოთი შემოპარული სააკაშვილი სამართალდამცველებმა 1 ოქტომბერს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან აიყვანეს. მასთან ერთად დააკავეს სამი პირი: მათ შორის სატვირთოს მძღოლი და ბინის მეპატრონე.
ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა პირველ ოქტომბერს, დილით, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, რომლითაც მიანიშნა, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია. მოგვიანებით, ასევე, გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც მიანიშნა, რომ ბათუმში იმყოფებოდა. დროის გარკვეული შუალედის შემდეგ, კიდევ ერთი ვიდეო იყო, სადაც განაცხადა, რომ ბათუმის ბულვარშია.
საქართველოს ხელისუფლება, “ქართული ოცნების” ლიდერები მთელი დღის განმავლობაში არწმუნებდა მოსახლეობას, რომ სააკაშვილი საქართველოში კი არა, უკრაინის ერთ-ერთ კურორტზე იმყოფებოდა. დღის ბოლოს კი, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე მოსახლეობას სააკაშვილის დაკავების შესახებ აცნობა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის ვიდეოკადრები გაავრცელა. სააკაშვილმა, პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაკავებისთანავე გამოაცხადა. იგი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
მთელი ამ დროის განმავლობაში, პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი მის მხარდამჭერებს სხვადასხვა ფორმით მასობრივი აქციების ორგანიზებისა და ეროვნული დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს და ოქტომბრის ბოლოს “გადამწყვეტ ბრძოლას” აანონსებს.
სააკაშვილის აზრით, მისი გათავისუფლების ტემპი და ზუსტი დრო მხარდამჭერების ყოველდღიურ აქტიურობაზეა დამოკიდებული. იგი ასევე მოუწოდებს ემიგრანტებს, თვის ბოლოსთვის “ერთი კვირით მაინც” ჩამოვიდნენ საქართველოში, რადგან “გადამწყვეტი ბრძოლისთვის, სიტუაცია მომწიფებულია და ახლა მოდუნება დანაშაულის ტოლფასია”.
“გამარჯვება მართლა ხელის გაწვდენაზეა და ამ ჭაობიდან ყველა ერთად ამოვალთ ძალიან მალე. ჩვენ გვჭირდება დამატებითი მრავალი ათასი ემიგრანტი. ვიცი, გადაადგილება ბევრ სირთულესთანაა კავშირში, მაგრამ ახლა ეს გადამწყვეტი უპირატესობის მომტანი იქნება ხმების დასაცავად და ჩემს მხარდასაჭერად”, – წერს ციხიდან სააკაშვილი.
ის დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, რომელსაც მოიგებს.
სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მთავარ მიზანთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები გამოითქვა. მათ, ვინც სააკაშვილის ბუნებას იცნობს, არ სჯერათ მისი “გმირისა” და “წამებულის” იმიჯის. მეორენი კი, ამბობენ, რომ მას პოლიტიკური რეაბილიტაცია სჭირდება და სწორედ დასავლელი მფრაველების რეკომენდაციით გადადგა ეს ნაბიჯი.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას ბევრი მიზეზი აქვს, თუმცა, ბევრი რამ, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. ერთ-ერთი მთავარი და შესაძლო მიზეზია ის, რომ არჩევნების წინ ბოლო სტიმული მიეცა თავისი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”, რათა ამ პოლიტიკურ ძალას შეძლებოდა ძალაუფლების ხელში აღება.
თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერს, მართლაც უპრეცენდენტო იყო ნაციონალების ელექტორატის აქტიურობა. სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ “ენმ”-ს მართლაც, რამდენიმე პროცენტით მეტი ხმა მოუტანა და გამოაცოცხლა ვითარება პარტიაში. ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ეს ცოტა ნამდვილად არ არის, იმ ფონზე, როცა ბოლო წლებში ნაციონალურ მოძრაობაში საკმაოდ რთული პროცესები განვითარდა და პარტიის ამომრჩევლებში ერთგვარი დაბნეულობა და იმედგაცრუება შეინიშნებოდა.
სააკაშვილის დაბრუნების მეორე, შესაძლო მიზეზია ის, რომ სავარაუდოდ, მას უკრაინაში შეექმნა პრობლემები და ამის გამო გახდა იძულებული. ანალიტიკოსის თქმით, კიდევ ერთი შესაძლო ვერსიაა დასავლეთის ინტერესი საქართველოში იყოს კოალიციური მმართველობა.
“დასავლელ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს არაერთხელ დაუფიქსირებიათ, რომ არ მოსწონთ, როდესაც ერთი პარტიის ხელშია მმართველობის ყველა სადავე, მათ ჩამოიყვანეს აქ სააკაშვილი და მისცეს შანსი, – გვაჩვენე, გაქვს, თუ არა მხარდაჭერა, თუ არადა, ჩვენ ვერ გიშველითო”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
მისივე მოსაზრებით, ერთიანი პოზიცია, არც დასავლეთშია. ევროპარლამენტარებმა არ ურჩიეს სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლა. მათ შორის, აშშ-ს ელჩმა გამოთქვა ვარაუდი, რომ მისი აქ ჩამოსვლა დესტაბილიზაციას შეუწყობდა ხელს და ეს არასასურველი იქნებოდა.
“არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი იმდენად გულუბრყვილოა, რომ გარანტიების გარეშე ჩამოვიდა. საქმე იმაშია, რომ ის, როგორც ჩანს, მაინც არ ელოდებოდა, რომ ასე მყისიერად დააპატიმრებდნენ. მას ეგონა, რომ 3-ოქტომბრამდე თავისუფლებაზე იქნებოდა, არჩევნების მეორე დღეს გამოჩნდებოდა მიტინგზე და ამის შემდეგ, უკვე ხალხი არ მისცემდა ხელისუფლებას მისი დაპატიმრების საშუალებას. მაგრამ, ახლა, როდესაც ვითარება შეიცვალა და ის ციხეშია, გადაწყვიტეს სათადარიგო გეგმის ამუშავება, – სააკაშვილს წამებულის მანტია მოასხან. ამას ემსახურება მისი საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან შედარების მცდელობა. ასევე პეტიცია, რომელსაც საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები და სასულიერო პირების ნაწილი აწერს ხელს”, – განუცხადა Dalma News-ს ანჯაფარიძემ.
სააკაშვილს მოუწევს დაუმტკიცოს დასავლეთს, რომ ჯერ კიდევ აქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ალბათ, სწორედ საგარეო ეფექტს ემსახურებოდა 14 ოქტომბერს, თბილისის ცენტრში “ნაციონალური მოძრაობის” მიტინგი, რომელიც რელიგიური დღესასწაულს (სვეტიცხოვლობას) დაამთხვიეს. პარტიის ორგანიზებით, ქვეყნის რეგიონებიდან ჩამოიყვანეს მხარდამჭერები მოთხოვნით – „თავისუფლება სააკაშვილს“. აქციის პირდაპირ ტრანსლაციას, რამდენიმე ოპოზიციური ტელეარხი ახორციელებდა. აქციაზე ხალხის შეკრების პარალელურად ჟურნალისტები საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ცდილობდნენ. განსაკუთრებით საყურადღებოა კითხვა, რომელსაც ისინი მოქალაქეებს უსვამდნენ: უნდა შერიგდნენ, თუ არა „ოცნება“ და სააკაშვილი?
საზოგადოების ერთმა ნაწილმა პარტიული ტელევიზიების გზავნილი ხელისუფლების გადაბარების შეთანხმებულ სცენარად შეაფასა და სოციალურ ქსელში ელვის სისწრაფით გავრცელდა პეტიცია სააკაშვილის გასამართლებისა და ჩადენილი დანაშაულებების გამო, მისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯის მოთხოვნით.
ბევრი ოპოზიციური პარტია თუ ლიდერი კარგად ხვდება, რომ საკუთარი პოლიტიკური იმიჯითა და ამომრჩევლის ნდობით რისკავენ, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით დგებიან, ამდენად, 14 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობაზე ოპოზიციის ნაწილმა საერთოდ უარი განაცხადა, ნაწილი კი, პარტიული სიმბოლიკის გარეშე, სოლიდარობის ნიშნად შეუერთდა „ენმ“-ს პროტესტს, თუმცა, იმედოვნებენ, რომ ნაციონალები ქვეყანაში, კიდევ ერთ რევოლუციას ჩაუდგებიან სათავეში.
ზაალ ანჯაფარიძის მოსაზრებით, ქვეყანაში მორიგი რევოლუცია მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მდგრადია ხელისუფლება: მმართველ გუნდში არსებობს თუ არა განხეთქილება; რამდენად ძლიერად მუშაობენ ინსტიტუტები, ხომ არ არიან ისინი კორუმპირებულები? ყველაზე მთავარია, რამდენად ძლიერია ხელისუფლების მიმართ ხალხის მხარდაჭერა.
“3 ოქტომბერს რევოლუცია ჩაუვარდათ და შიმშილობის სცენარიც ამ გეგმის ნაწილია, რათა სააკაშვილის, როგორც ლიდერის აქტუალიზაცია მოახდინონ და მსოფლიო საზოგადოებას ის “ქართული ოცნების” მსხვერპლად წარმოუდგინონ. ხელისუფლების პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. მას რომ უკეთესი პოლიტიკა ეწარმოებინა, 2012 წლიდან მოყოლებული არ ყოფილიყო ძალიან მძიმე შეცდომები, რაც გროვდება ხალხში და მათი მოთმინების ფიალაც უსასრულო არ არის, არც ეს რეალობა გვექნებოდა, რომ მოსახლეობის 27-30% ჯერ კიდევ ემხრობა ნაციონალებს და “ქართულ ოცნებაზეა” გულაცრუებული”, – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე და მმართველმა პარტიას ურჩევს, საღად შეხედოს სიტუაციას, აღიაროს დაშვებული შეცდომები.
14 ოქტომბრის აქციას რაც შეეხება, სააკაშვილის მხარდამჭერები ცდილობდნენ, ნაკლებად აგრესიულები ყოფილიყვნენ და ხალხი არა რევანშისტულ მიზნებში დაერწმუნებინათ, მაგრამ საკუთარ ბუნებას მაინც ვერ გაექცნენ და ვერც აგრესიის ენაზე თქვეს უარი. მეორე საკითხია, რამდენად შთამბეჭდავი და საყურადღებო იყო თავისუფლების გამზირზე შეკრებილი ხალხის რაოდენობა და მათი პროტესტის სამართლიანობა. ეს იმ ფონზე, როდესაც სააკაშვილისა და მისი პარტიის მიერ შექმნილი რეჟიმისგან დაზარალებული და მოკლული ადამიანების სია სამნიშნა ციფრებს სცილდება. სააკაშვილი ციხიდან ემუქრება ხელისუფლების ლიდერებს, რომ ის და მელია მათ კაბინეტებიდან გამოყრის.
ექსპერტ დემურ გიორხელიძის შეფასებით, 14 ოქტომბრის აქციის მთავარი ნაკლი სწორედ რეგიონებიდან ხალხის ჩამოყვანის ორგანიზება და სამართლებრივი სახელმწიფოსთვის შეუფერებელი მოთხოვნა იყო.
მისივე თქმით, ცხადია, ნებისმიერი პროტესტი ყურადღებას იმსახურებს, მაგრამ პროტესტი – ეს არის საზოგადოების თვითორგანიზების შედეგი და არა პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხის ორგანიზებული ჩამოყვანა ხელისუფლების სრული დახმარებით!
“ასე, რომ, ამ მიზნის გათვალისწინებით, ხალხის რაოდენობა არ იყო შთამბეჭდავი და არც გასაგები – რადგან ითხოვდნენ ისეთ რამეს, რისი მოთხოვნაც, არ შეიძლება: არავინ ითხოვს სასამართლოს! გამოუშვი, რადგან მიშაა! ეს უკვე არშემდგარი სახელმწიფოს დიაგნოზია. ამ არასწორი მოთხოვნით 100 ათასიც რომ შეკრებილიყო, ჩემთვის ეს არადამაჯერებელი და არასერიოზული იქნებოდა. როცა უკანონობას ითხოვენ, უკანონობას სჩადიან და რევოლუციებს აწყობენ! არ მომეწონა და, არც მომიტინგეთა სტრუქტურა იყო დამაჯერებელი: თუ პოლიტიკური პროტესტია, მას სხვა სტრუქტურის მომიტინგეები უნდა ჰყავდეს”, – განუცხადა Dalma News-ს დემურ გიორხელიძემ.
შ. ქარჩავა