საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომელიც იუწყება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულებისა და ქვეყანაში ტერორისტული აქტის მომზადების ფაქტზე გამოძიების დაწყებას. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 18-323-ე და 315-ე მუხლების პირველი ნაწილით. გამოძიების ფარგლებში რამდენიმე კონკრეტული პირი უკვე დაიკითხა მოწმის სახით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.
როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, ბოლო პერიოდში განხორციელდა ორი ტერაქტი სლოვაკეთსა და აშშ-ში. სუს-ში დაწყებული გამოძიება მიანიშნებს, რომ ეს საფრთხეები აქტუალურია საქართველოსთვისაც. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი აქტების პრევენცია მოხდეს, რისთვისაც სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს.
“ქართული ოცნების” ლიდერების შეფასებით, ეს არის საერთო ხელწერა, რომელიც ახასიათებთ ერთსა და იმავე გლობალურ პოლიტიკურ ძალებს. საფრთხეები არსებობს და საქართველოსთვისაც ეს საფრთხეები აქტუალურია.
ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაიხსენა მისი და ერთ-ერთი ევროკომისრის სატელეფონო საუბარი, როდესაც ის ტერაქტთან დაკავშირებით ირიბად გააფრთხილეს. საუბრის შინაარსი მოგვიანებით ევროკომისარმაც აღიარა.
“ეს არ იყო პირადად ევროკომისრის გაფრთხილება, ის გამოიყენეს, როგორც მესენჯერი იმისათვის, რათა მოეწოდებინა შესაბამისი ინფორმაცია. მან თქვა, რომ პოლარიზაცია იქნებოდა ის, ვინც ისროდა ტყვიას. მოგეხსენებათ, პოლარიზაცია ტყვიას არ ისვრის, ტყვიებს ისვრიან კილერები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის შემაშფოთებელი, ვიღაცებს არ მოსწონთ ის პოზიცია, რომელიც უკავია საქართველოს ომთან დაკავშირებით. ასეთ პირობებში საფრთხეები არსებობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ფაქტის კომენტირებისას.
სუს-ის გამოძიების მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება აქვთ საპარლამენტო ოპოზიციაში, დეპუტატების ნაწილი შეთქმულების თეორიისკენ იხრება, ნაწილი კი უფრო მყარ მტკიცებულებებს მოითხოვს. ზოგი დეპუტატის აზრით, ეს ამბავი ისეთივე არარეალურია, როგორც ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გათხრა. ოპოზიციონერი დეპუტატების ვერსიებს შორის მინიშნება გაკეთდა “ოცნების” წინასაარჩევნო პროპაგანდაზეც.
“ფილმი მახსენდება, სადაც ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბს თხრიან და ეს არის ბრალდება. არ ვიცი, რა მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი, მაგრამ „გლობალური ომის პარტიის“ ვერსიის შემდეგ, ვალდებული ვართ, ეჭვქვეშ დავაყენოთ ყველა ვერსია, რასაც ხელისუფლება შემოგვთავაზებს ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით. უფრო შეთქმულების თეორიებისკენ ვიხრები, ვიდრე რეალობისკენ. ჩვენი პოლიტიკოსების აზრით, ხალხის შეშინება მადლიანი საქმეა. ფიქრობენ, საარჩევნოდ ხალხს რაც უფრო შეაშინებენ, მით უფრო შეუყვარდებათ“, – განაცხადა “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
გამოძიების მიმართ ნდობის დეფიციტი აქვთ “ოცნების” ყოფილი პრემიერის – გიორგი გახარიას პარტიაშიც. როგორც პარტია “საქართველოსთვის” წევრები ამბობენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, ბოლო ხანებში, მსგავსი შინაარსის არაერთი განცხადება გაკეთდა. ვარაუდობენ, რომ ეს არის ახალი პროპაგანდისტული ხაზი – არსებობს რაღაც ინფორმაცია, მაგრამ არ არის ფაქტები და მტკიცებულებები. მეორე მხრივ, გახარიას თანამებრძოლები აღიარებენ, რომ პატიმარი ექსპრეზიდენტი სააკაშვილის პარტიას – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ხელისუფლებაში დაბრუნება ნებისმიერ ფასად უნდა.
“სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებასა და გადატრიალებაზე მსგავსი შინაარსის განცხადება იმდენჯერ წაგვიკითხავს და მოგვისმენია, რომ რთულია, ფაქტების გარეშე ნდობა გაგიჩნდეს. ასეთ გამოძიებებზე დამდგარი შედეგი ვერასდროს ვნახეთ. განცხადებას ახალი, პროპაგანდისტულ-პიარული ხაზის დალაგების ნიშნები აქვს“, – აცხადებს დეპუტატი მიხეილ დაუშვილი.
საპარლამენტო ოპოზიციაში ასევე ფიქრობენ, რომ სუს-ის მიერ მორიგი შეთქმულების თეორიების ანონსი, სადაც უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები ფიგურირებენ, ნიშნავს იმას, რომ სუს-ი გადატრიალების მოწყობაში უკრაინის კვალს ხედავს, მაშინ, როცა დასავლეთის ქვეყნებს აგრესორი რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ ჰყავს გამოცხადებული.
ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას აზრით, 2014 წლიდან მოყოლებული, როდესაც მაშინდელმა შს მინისტრმა ჭიკაიძემ საბურავების რევოლუცია დააანონსა, არაერთი „გადატრიალების“ საქმეზე დაიწყო გამოძიება, თუმცა არცერთი ამ გამოძიების დასრულება არავის ახსენდება. სუს-ის მიერ გადატრიალების დაანონსების გამო „ოცნებამ“ „შეკრების და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებიც კი შეიტანა, რაც პრეზიდენტის ვეტოთი შეჩერდა. ამიტომ სუს-ის მიერ ახალი გადატრიალების თუ შეთქმულების თეორიების აქუბარდიას არ სჯერა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნება“ ასეთი პროპაგანდით მოსახლეობაში შიშს ნერგავს, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება.
მმართველი პარტიის ლიდერები გამოძიებისადმი ოპოზიციის დამოკიდებულებით შეშფოთებულნი არიან. მათი თქმით, საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს – “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობას, რაც “არავის საღლიცინო არაა”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. იგი ოპოზიციასა და მათ მედიასაშუალებებს მძიმე ბრალდებასაც კი უყენებს. საქმე იმაშია, რომ ოპოზიცია და მათ მიერ კონტროლირებადი მედიაორგანიზაციები რამდენიმე დღის განმავლობაში მალავდნენ იმ მუხლების შინაარსს, რომელთა საფუძველზეც მიმდინარეობდა უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების სუს-ის შენობაში დაკითხვები.
„როდესაც ინფორმაცია გასაჯაროვდა და სამი დღის თავზე ყველამ გაიგო, რომ საქმეში ტერორიზმის მუხლიცაა, შემდეგ საგულდაგულოდ მალავდნენ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი ფიგურირებდა, როგორც სავარაუდო მსხვერპლი ამ სავარაუდო დანაშაულისა. რატომ უნდა დამალო ეს ყველაფერი თუ რაღაცაში არ არის საქმე?! ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის. ამასთან, იმ ფონზე, როცა მსოფლიოში ბევრი მსგავსი მოვლენა „ემთხვევა“ ერთმანეთს, განსაკუთრებული ყურადღებაა მისაქცევი და ამას აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საინტერესოა სუს-ის ამ ინფორმაციის მიმართ მოსახლეობის განწყობა. მოქალაქეების ერთი ნაწილის აზრით, თუ ვინმე გეგმავს საქართველოში გადატრიალების მოწყობას, შესაბამისად უნდა აგებინონ პასუხი, წინააღმდეგ შემთხვევაში “ოცნების” ხელისუფლება საბოლოოდ დაკარგავს ხალხის ნდობას:
„თუ ნამდვილად გაბედავენ და დააპატიმრებენ გადატრიალების მომწყობებს და შესაბამისად აგებინებენ პასუხს, მაშინ კიდევ შეიძლება იწამოს კაცმა ჩვენი ხელისუფლების. თუ არა და, მაშინ ესენიც თამაშობენ“;
” მსვლელობა უნდა მიეცეს ამ საქმეს აუცილებლად! მარტო დაკითხვები და ვარაუდები არ კმარა! რაკი რევოლუციები და ომში ჩართვები არ გამოდის, ყველაზე კარგი ვარიანტი ახლა მაგათთვის ტერაქტებია”
“სხვათა შორის, ფეხბურთელები და პრემიერი რომ ბრუნდებოდნენ, იმ თვითმფრინავის ჩამოგდების მცდელობაზე ისაუბრა ადვოკატმა ზაქარეიშვილმა. არავინ გამოხმაურებია. არა მგონია, ჰაერიდან გაჩენილიყო ეს ვარაუდი. ამაზე მიმდინარეობს გამოძიება?!”;
“აქამდე უნდა ეზრუნათ ამ უმსგავსოების წინააღმდეგ და არა არჩევნებამდე 3 თვით ადრე”;
“თუ სახელმწიფოს დაცვის მექანიზმებს საფრთხე ემუქრება, ყველა მეთოდი გამართლებულია!”
პოლიტოლოგი დავით ოსეფაშვილი აზრით, რადიკალური ოპოზიცია საქართველოში დღეს, ფაქტობრივად აშშ-სა და ევროპის დესანტია, რომელიც გლობალისტების ინტერესებს ახორციელებს. გამომდინარე იქიდან, რომ კარგად ხედავენ საფრთხეს – სამუდამოდ დაკარგონ პრივილეგიები, შესაძლებლობები, პრეფერენციები რაც მათ ჰქონდათ, ასევე პოლიტიკაში ბერკეტები, მზად არიან სახელმწიფო გადატრიალებისთვის.
“ამიტომ ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ერის სერიოზული კონსოლიდაცია უნდა მოახდინოს, პრევენციულად ის ინფორმაცია, რისი გახმაურებაც შეიძლება უნდა ეცნობოს საზოგადოებას, უნდა ამხილონ ეს ადამიანები და ხელისუფლებამ კანონით მინიჭებული უფლებები და შესაძლებლობები უნდა გამოიყენოს, თუ საჭირო იქნება, რევოლუციის მომწყობი პოლიტიკური ძალების ლიდერები დააპატიმრონ, რათა აიცილოს თავიდან მათი დესტრუქციული შემოტევა“, – აცხადებს დავით ოსეფაშვილი.
მისივე თქმით, რადგან კონკრეტული პირების დაკითხვა განსაზღვრული მუხლებით მიმდინარეობს, ქმნის მოლოდინს, რომ გამოძიებას ბოლომდე მიიყვანენ.
“ვფიქრობ ბოლომდე მიჰყვებიან საქმეს. ბიძინა ივანიშვილმა, თავის ბოლო ორ გამოსვლაში, მკაფიოდ განაცხადა, რომ არჩევნების მერე, კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” მიხედავს”, – აცხადებს ოსეფაშვილი.
ექსპერტების აზრით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს. 12 წელია ოპოზიცია საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებში მარცხდება, არადა აქვთ საკუთარი პარტიული ტელევიზიები, საინფორმაციო საშუალებები, აქვთ ფინანსები და ჰყავთ საკუთარი ელექტორატი, ჰყავთ უცხოელი სპონსორები, მათზე მუშაობს არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი. ისმის კითხვა, რა უშლით ხელს ხელისუფლებაში დაბრუნებაში?
ექსპერტ გიორგი ცუცქირიძის აზრით, ოპოზიციას, რომელიც ფაქტობრივად “ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა განშტოებად არის წარმოდგენილი, არც ზნე შეუცვლია და არც წეს-ჩვეულება. დღევანდელი ფორმაციის ექს-ნაციონალები ისევე არიან დემოკრატიისგან შორს, როგორც ადრე იყვნენ. ისევე ვერ იტანენ განსხვავებულ აზრს, და არა თუ ვერ იტანენ, წამყვან პოლიტიკურ ინსტრუმენტად დღესაც ბულინგი აქვთ არჩეული. ეგზალტირებული პათოსით ებრძვიან ყველას და ყველაფერს, რაც შეიძლება მათ წარმოდგენებში, პირობითად „ლიბერალურ დღის“ წესრიგში არ ჯდებოდეს.
“ცნობილია, რომ ოპოზიცია იგებს არჩევნებს თუ ის მოქმედ ხელისუფლებას ელექტორატს აკარგვინებს ან გუშინდელ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს გადაიბირებს, მაგრამ, პრინციპით „ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია“ ამას ვერასდროს მიაღწევ, რადგან სხვათა გარიყვის პოლიტიკაზე ხარ აქცენტირებული. ამიტომაც უწოდეს ამ რადიკალურ ლიბერალიზმს, აქაც და დასავლეთშიც ნეოტროცკიზმი. ამიტომაც არიან სექტა და არანაირი შანსი დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებში არა აქვთ!”, – აცხადებს ცუცქირიძე.
მისივე თქმით, მოსახლეობა კარგად ხედავს, თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული ამ ანტიდემოკრატიული, უპრინციპო კლასტერის ხელისუფლებაში დაბრუნება.
შორენა პაპაშვილი