ბიბლიური ღირებულებების მქადაგებელი და ოჯახის სიწმინდის დამცველი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. პატრიარქს, რომელსაც მალე 86 წელი შეუსრულდება, წმინდა სინოდის წევრმა, ეპისკოპოსმა, მეუფე პეტრემ საჯაროდ უწოდა მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი. მისი თქმით, მამათმავლები, დაზიანებული ფსიქიკის მქონე ადამიანები დღესაც ეკლესიის წიაღში არიან და დუმილის სანაცვლოდ 1000-დან 2000 აშშ დოლარამდე ფულს აძლევენ. ამ პირების პერსონიფიცირებაზე პეტრე უარს ამბობს, თუმცა არ ერიდება პატრიარქის სახელისა და იმიჯის შელახვას.
საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა კითხვები: რას ისახავს მიზნად სინოდის წევრის ასეთი ქმედება? რა კონკრეტულ შემთხვევაზეა საუბარი და რატომ ისროლეს ტალახი პირდაპირ პატრიარქისკენ?
საეკლესიო კარის “თამაშები” სერიალივით მიჰყვა ერთმანეთს. ზოგმა 31 წლის წინანდელი ამბავი გაიხსენა, ზოგმა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მხრიდან სასულიერო პირების ფარული ჩანაწერებით შანტაჟი. ერთი სიტყვით, ქართულ საზოგადოებას მოწყენის დროს ნამდვილად არ აქვს. სანამ ქართულ ტელე-სივრცეში სკანდალური განცხადებები ერთი მეორის მიყოლებით კეთდებოდა, მართლმადიდებელმა მრევლმა მხარდაჭერა გამოუცხადა თავის პატრიარქს.
თბილისის სამების ტაძარსა და მის ეზოში უამრავმა ადამიანი შეიკრიბა. მათი აზრით, პატრიარქი მიზანმიმართული შეტევის ობიექტია, მისი იმიჯის დაკნინებით კი, მავანთ, ეკლესიის, როგორც ინსტიტუტის მოშლა და სახელმწიფოს დასუსტება სურთ.
შეფასებები გაისმა ექსპრტებისა და პოლიტიკოსების მხრიდანაც. თუმცა მათი უმეტესობა თავს არიდებდა ამ თემის კომენტირებას. ექსპერტების ნაწილის აზრით, სკანდალების სერიალი თუ გაგრძელდა, ქვეყანა დაკარგავს სულიერ საყრდენს, რომელსაც აქამდე ეყრდნობოდა და რომლის სიმყარეში ლომის წილი სწორედ პატრიარქს აქვს. როგორც ჩანს ილია II-მ გადაწყვიტა, უფრო გაბედულად იმოქმედოს და აღარ დაელოდოს თავისით, როგორ ჩაივლის ყველაფერი. სწორედ ასეთმა სტრატეგიამ გამოიწვია პრობლემების ზრდა.
ექსპერტი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მეუფე პეტრეს გაშვების მიზეზი გაცილებით ადრე არსებობდა. ის ბოლო ხანებში ძალიან ხშირად აკეთებდა ძალიან მკვეთრ და საპატრიარქოსთვის ზიანის მომტან განცხადებებს.
“პატრიარქის მიმართ იმ აგრესიაში, რომელიც შიგადაშიგ ისმის, ფაქტობრივად, მთელი ამ კულტურული სიმყარის მიმართ აგრესია იკითხება. პატრიარქის სახელის მორყევით მთელი ქართული კულტურის ავტორიტეტი ირყევა და ამისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი მხოლოდ უარყოფითად შეიძლება შეფასდეს”, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მამათმავლობის პრობლემას რაც შეეხება, რამაზ საყვარელიძის თქმით, ეს მხოლოდ ქართული ეკლესიისთვის დამახასიათებელი არ არის. ანალოგიური პრობლემა ტივტივებს ბევრ კათოლიკურ ეკლესიაში, ასევე, ჯარში, ანუ იმ სივრცეებში, სადაც ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე არიან. ამ ტიპის თავყრილობებში ხშირია პრობლემები, რაც უკავშირდება სქესობრივი ორიენტაციის შეცვლას ან გამრუდებას. ამ პრობლემიდან გამოსავლის პოვნა ყველა ქვეყნისთვის და ერთობისთვის ძნელია. არც ისაა გასაკვირი, რომ თუ არ ეგულება ამ პრობლემის მოგვარების გასაღები, პატრიარქს უბრალოდ თავი აერიდებინა ამ პრობლემისთვის.
“რატომ გაიხსენეს 30 წლის წინანდელი ამბები, ესაა საინტერესო. ისევ იგივე მიზეზებთან მივდივართ, – პოლიტიკური. რადგან სახელმწიფოებრიობის შერყევის ერთ-ერთი კარგი ბერკეტი შესაძლოა აღმოჩნდეს ეკლესიაზე შეტევა”, – განუცხადა Dalma News-ს რამაზ საყვარელიძემ.
როგორ აღმოჩნდა, არც ისე მარტივად ყოფილა საქმე ეკლესიაში. არა მხოლოდ მამათმავლობისთვის, საპატრიარქოდან სასულიერო პირები ნარკოტიკის მოხმარებისა და სხვა ცოდვისთვისაც ირიცხებიან, ასეთები ეკლესიაში დაბრუნების პერსპექტივას საბოლოოდ კარგავენ. ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი აცხადებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ბოლო ჟამის წინაშეა, ეკლესია დაკარგავს რაოდენობას, მაგრამ მიიღებს ხარისხს. ეკლესიაში დარჩება ის მრევლი, რომელმაც იცის რისთვის არის აქ.
მიტროპოლიტი 31 წლის წინანდელ ამბებს იხსენებს, როცა 1988 წელს, სემინარიის სტუდენტმა სემინარიის მაშინდელი რექტორი (ეპისკოპოსი), წილკნისა და დუშეთის ამჟამინდელი მიტროპოლიტი ზოსიმე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და ამის შესახებ წერილი დაწერა. მაშინ ეს სტუდენტის მხრიდან პროვოკაციად შეფასდა. ეკლესიის გარეთ ეროვნული მოძრაობა იკიდებდა ფეხს, სტუდენტებს ქუჩის აქციებზე მიუწევდათ გული, სემინარიის რექტორატი კი, ასეთი სტუდენტების მიმართ სიმკაცრეს იჩენდა, ლექციების გაცდენას უკრძალავდათ, სტუდენტებმაც შური იძიესო.
როგორც მეუფე ანტონი აცხადებს, სასულიერო პირებისგან ყველა ხელისუფლების დროს, გარკვეული პოლიტიკური პოზიციის დაკავებას ითხოვენ, ხოლო, როცა პოლიტიკოსები წინააღმდეგობას აწყდებიან, ბრაზდებიან და იწყებენ სასულიერო პირების საზოგადოების თვალში დისკრედიტაციას.
“აბაშაში როცა დავიწყე მსახური, 70 წლის შემდეგ, პირველი მოძღვარი ვიყავი. ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა იმისთვის, რომ ადამიანების ნდომა მომეპოვებინა, სამღვდელოებას კრიტიკული თვალით გვიყურებდნენ. ჯერ კიდევ მე-2 კურსის სტუდენტი ვიყავი, მახსოვს, მაშინაც უპირისპირდებოდნენ ეკლესიას. ეკლესიისგან ეროვნული მოძრაობის დროს ითხოვდნენ გარკვეული პოზიციის დაკავებას, მაშინ ჩვენ ნეიტრალიტეტს ვინარჩუნებდით, ამის გამო პოლიტიკოსები გვინაწყენდებოდნენ”, – აცხადებს მეუფე ანტონი.
მისი შეფასებით, ეკლესიის გარშემო შექმნილი სკანდალური ვითარების ერთ-ერთი მიზეზი იმაშიც მდგომარეობს, რომ საპატრიარქომ ფართოდ გაუღო კარი აკადემიაში სწავლის ყველა მსურველს. მეუფე ანტონი ეკლესიის წიაღში მამათმავლობის არსებობას არ გამორიცხავს, მაგრამ ამბობს, რომ ამ მიმართულებით ეკლესიაში მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს; რამდენიმე მოძღვარს შეუჩერდა უფლებამოსილება, რამდენიმე განაყენეს, გაფრთხილება მისცეს.
“დღეს, ისეთი ჟამია, ეროვნული სახე რომ დააკარგვინონ ადამიანს, მას ტრადიცია უნდა მოუსპონ, ერთგულება და ხასიათის სიმტკიცე განუმერყეონ. ამაზე მიდის მუშაობა. ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, ეს მთლიანად მთელს მსოფლიოში აღძრული წინააღმდეგობრივი მოძრაობაა”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
მისივე თქმით, ყოფილი მეუფის, პეტრეს მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებული განცხადება მღვდელმთავრებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. პატრიარქის მიმართ მისგან მსგავს ცილისწამებას არავინ ელოდა.
თეოლოგი ლევან აბაშიძის განმარტებით, როდესაც ეპისკოპოსი იტყვის პატრიარქზე, რომ ის აღარ არის მწყემსი კეთილი, ეს სერიოზული გამონათქვამია. მაგრამ გამოთქმასაც აქვს თავისი ფორმა. მისივე განმარტებით, მეუფე მეტრეს შეუჩერდა მსახურების უფლება, აღარ არის მიტროპოლიტი ჭყონდიდის ეპარქიაში, მაგრამ ის დარჩა ეპისკოპოსად.
“პატრიარქმა, ამ სიტუაციაში, ყველაზე რბილი გადაწყვეტილება მიიღო”, – მიაჩნია ლევან აბაშიძეს.
მისივე მოსაზრებით, სინოდის სხდომის წელიწადში ორჯერ ჩატარება საკმარისი არ არის, ამას პატრიარქიც ხვდება. ამდენად, არ გამორიცხავს, რომ მოკლე ხანებში კიდევ ერთი სხდომა გაიმართოს, სადაც სწორედ მეუფე პეტრეს ბრალდებებს განიხილავენ. მოიხდის თუ არა ბოდიშს ცილისწამებისთვის, წავა მონასტერში და მოინანიებს თუ არა?
პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე მოითხოვს, პეტრემ დაასახელოს მამათმავლობაში შემჩნეული ყველა პირი და ისინი ეკლესიამ მოიცილოს. სხვა შემთხვევაში, მისი ცილისწამების ნიაღვარი საქართველოს რეპუტაციას საერთაშორისო დონეზე შეარყევს.
ანდრიაძის მოსაზრებით, ასეთი პირები თუ არსებობენ დღეს, ეკლესიაში, ისინი ჯერ კომუნისტების, შემდეგ შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებების უშიშროებისგან საგანგებოდ ჩანერგილები არიან. მათი მიზანი იყო ეკლესიის რეპუტაციის შელახვა.
“თავად მეუფე პეტრე არის ახალაიების ოჯახის ახლობელი და მთელი იმ ფაშისტური მანქანის, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ერქვა, ინფორმაციის მქონე. ასეთი ხალხი, სწორედ მათ ინტერესებს ემსახურება და ხომ არ გაიყვანენ მათ ეკლესიიდან? ეს ადამიანი გარე ძალების ზეწოლის ქვეშაა, ეს არ ჰგავს გონიერი ადამიანის ქმედებას, უშიშროებამ უნდა დაასრულოს ეს სპექტაკლი”, – მიაჩნია ანდრიაძეს.
კიდევ უფრო საინტერესო ამბებს ყვება დეკანოზი შალვა კეკელია. მისი აზრით, მეუფე პეტრეს ერთი მიზანი აქვს, ილია მეორე მოკვდეს და მისი 42-წლიანი მოღვაწეობა განადგურდეს. მან თავის სიტყვაშიც ახსენა, რომ პატრიარქის მოღვაწეობა იყო მითი. მოგონილი, ტყუილი. დეკანოზ შალვას თქმით, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა 2004 წელს, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნისას დაიწყო. მაშინაც პატრიარქის გადაყენებას ითხოვდნენ.
“მაშინ სტუდენტი ვიყავი. სასულიერო აკადემიაში 24 სტუდენტი მოძებნეს, რომლებმაც გაზეთ “24 საათში”, რომელსაც გიგა ბოკერია და გიგი უგულავა მართავდნენ, ეკლესიის წინააღმდეგ წერილი დაწერეს. დღეს მათი ნაწილი უცხოეთშია, ნაწილი კი თეოლოგებად გვევლინებიან. ეს 24 კაცი, ყოველდღე ბოკერიასთან იკრიბებოდნენ და მისგან იღებდნენ მითითებებს, როგორ შემოეტანათ შფოთი ეკლესიაში. ყველა ამ სტუდენტმა შემდგომ, განათლება ევროპაში მიიღეს. მათ ასეთი პირობა ჰქონდათ”, – აცხადებს დეკანოზი შალვა კეკელია.
მისივე ინფორმაციით, ბოლო 6 წლის განმავლობაში 30-მდე სასულიერო პირი განაყენეს მღვდელმსახურებიდან ნარკოდანაშაულის, მრუშობისა და მამათმავლობის ბრალდებით.
“მრუშობის ცოდვა, მამათმავლობა, ნარკოტიკის შემოტანა ეკლესიაში და მოხმარება, ის ცოდვებია, რომელსაც ეკლესია არ ეგუება და ამ სასულიერო პირის განკვეთა უნდა დადგეს. მას არანაირი უფლება არ აქვს, ეკლესიამ ოდესმე შეიწყალოს”, – აცხადებს მამა შალვა კეკელია.
ცნობილი გახდა ისიც, რომ ყველაზე დიდი ფული ეკლესიაში პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დახარჯა, მაგრამ საინტერესოა რაში? წინამძღვრების მოსყიდვაში. მიჰყავდათ უცხოეთში, ასვენებდნენ, მერე ვიდეოს უღებდნენ და ფარული ჩანაწერებით აშანტაჟებდნენ: – თუ მხარს ნაციონალებს არ დაუჭერდნენ, ფარულ კადრებს ნელ-ნელა გაასაჯაროებდნენ და ეკლესიას ცუდ დღეში ჩავარდებოდა.
თავად ილია II წუხილს გამოთქვამს მეუფე პეტრეს გამო და ამბობს, რომ ის გამორჩეული მღვდელთმთავარი იყო და მეტად სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება. მანამდე კი, მრევლს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და მათთან ერთად იგალობა: “დავიღალე, ღმერთო! დავიღალე”…
შ. ქარჩავა