2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება ის ერთადერთი საკითხია, რაშიც პოლიტიკური გაერთიანებაპატრიოტთა ალიანსიდანარჩენი ოპოზიციის განწყობას იზიარებს, თუმცა იმ გაერთიანებაში ყოფნას, სადაც პოლიტიკურ ამინდს პარტიანაციონალური მოძრაობადა მისი განშტოებები ქმნიან, არც კი განიხილავენ. თავის მხრივ, არც ნაციონალები არიან უქმად და ცდილობენ, საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნონ, რომ საქართველოში პატრიოტული ძალების გამარჯვება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას და დასავლურ ღირებულებებზე უარის თქმას ნიშნავს.

ალიანსის პოლიტიკურ გეგმებზე Dalma News-ს საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ერთერთ ლიდერი, თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი, გოჩა თევდორაძე ესაუბრა.

გოჩა თევდორაძე

როგორ შეაფასებთ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის შეთანხმება?

– ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან ცუდი გარიგება მოხდა პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, მის განშტოება – “ევროპულ საქართველოსა” და სახელისუფლებო გუნდს – “ქართულ ოცნებას” შორის. მეორე მხრივ, არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვდა მთელი ქართული და საერთაშორისო საზოგადოება, ქვეყანაში მოქმედი ყველა პოლიტიკური პარტია. მაგრამ მივიღეთ გარიგებით 120/30-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება კომპრომისისთვის მზად იყო, რადგან ვერ უძლებდა საერთაშორისო და ადგილობრივ ზემოქმედებას.

მაგრამ, რადგან ამ ორ პოლიტიკურ ძალას – “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის შედგა გარიგება, ხელისუფლებას მიეცა საშუალება, რომ 120/30 პროპორციას ზემოთ არ წასულიყო. ეს გარიგება იყო შეთანხმების მეორე დოკუმენტით გამყარებული, რომელიც შეეხება პატიმრების თემას და ზოგადად მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ გარიგებაში ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია. ამ შეხვედრა ესწრებოდა “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი და მან არ მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს. მხოლოდ იმის გამო, რომ ოპოზიციის მთლიანი კონსენსუსი არ დაგვერღვია, დავთანხმდით 120/30 პროპორციას, რადგან მიგვაჩნია, რომ 77/73-თან შედარებით, ეს ვარიანტი უფრო ახლოს არის პროპორციულ სისტემასთან. მაგრამ აქ არის 40%-იანი ჩამკეტის თემაც, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც არჩევნებში ხმების 40%-ზე მეტს ვერ მიიღებს, არ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა და კოალიციური გაერთიანების გარეშე მთავრობას ვერ დააკომპლექტებს.

პროპორციული სისტემა საკმარისი გარანტიაა იმისთვის, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს?

– ცხადია, მარტო საარჩევნო სისტემის შეცვლა არ ხდის არჩევნებს გამჭვირვალესა და თავისუფალს. საჭიროა შესაბამისი საარჩევნო გარემოც. ჩვენ ვითხოვთ, რომ საარჩევნო გარემოც გაუმჯობესდეს, ამისთვის კი, საჭიროა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდეს. ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება დღეს მხოლოდ ადმინისტრაციული წესით ისჯება. ყველანი ვთანხმდებით, რომ არჩევნების გაყალბება არის მძიმე დანაშაული, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იწვევს არჩევნების გაყალბებას. მძიმე დანაშაული კი, სისხლის სამართლის წესით უნდა ისჯებოდეს და არა მხოლოდ ფულადი ჯარიმით, რომელიც არავისთვის არის რთულად გადასახდელი.

Ирма Инашвили в ходе акции протеста

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საბოლოო შეთანხმება შესაძლებელი გახდა დასავლეთის ზეგავლენის შედეგად. რამდენად მისაღები ფაქტორია ესპატრიოტთა ალიანსისთვისდა ნიშნავს თუ არა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას?

– ზემოქმედება, რომელიც დასავლური საზოგადოებისა და დიპლომატების მხრიდან განხორციელდა, გადამწყვეტი და განმსაზღვრელი გახდა იმისა, რომ გარკვეული შეთანხმება შედგა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ხელისუფლება არ იყო მზად დაჰყოლოდა საქართველოს მოსახლეობის განწყობას და მათ მოთხოვნას არად დაგიდევდათ. ხელისუფლება კომპრომისზე სწორედ საერთაშორისო ზეგავლენის შედეგად წამოვიდა. მოდიოდა კრიტიკის წერილები აშშ-ს კონგრესიდან, ევროპარლამენტიდან, ევროსაბჭოდან და ა.შ. ამდენად, მთელს ამ პოლიტიკურ პროცესებში დასავლეთმა პოზიტიური როლი შეასრულა.

თუმცა უკმაყოფილებას იწვევს ის მომენტი, როცა ხელისუფლებისგან გარკვეული პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. საკითხს უფრო სიღრმისეულად თუ შევხედავთ, ჩნდება კითხვა, – ვინ არის პოლიტპატიმარი და ვინ არა? ჩვენ ვემხრობით იმას, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ უნდა არსებობდნენ. უგულავა და “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პატიმრობაში მყოფი ზოგიერთი მაღალჩინოსნები თუ არიან პოლიტპატიმრები, რომლებზეც ხელისუფლება გვეუბნება, სისხლის სამართლის დამნაშავენი არიანო, მაშინ “ქართულ ოცნებას” რა უნდა ხელისუფლებაში? ხელისუფლებას, რომელსაც პოლიტპატიმრები ჰყავს და ადამიანები დანაშაულის გარეშე უზის ციხეში, ასეთი ხელისუფლება უნდა მიდიოდეს. თუ ესენი მართლაც სისხლის სამართლის დამნაშავენი არიან, მაშინ საქმე გვაქვს “ოცნება” და “ენმ”-ს შორის მორიგ ბინძურ გარიგებასთან. დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი. როცა დამნაშავე არ არის დასჯილი. ეს პირველ რიგში უარყოფითად მოქმედებს ახალგაზრდა თაობაზე, რომელიც ფიქრობს, რომ შეიძლება ჩაიდინო მძიმე დანაშაული და ამ დანაშაულისთვის პასუხი არავინ გაგებინოს.

როგორ შეაფასებთ ქვეყანაში არსებული შიდა პოლიტიკურ ვითარებას, სად დგანან დღეს პატრიოტები?

– დღეს ის მდგომარეობაა, რომ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” თავისი განშტოებებით, ორივე უნდა გადიოდეს პოლიტიკური ავანსცენიდან. პარტია “ქართული ოცნება” არჩევნების წინა პერიოდში ქვეყანაში ძაბავს ვითარებას და ყველაფერს ისე წარმოაჩენს, რომ თუ ამომრჩეველი მას არ მისცემს ხმას, ხელისუფლებაში ნაციონალები დაბრუნდებიან. ამით აშინებენ მოსახლეობას, ახდენენ არჩევნების პოლარიზებას. ამას ემატება ამომრჩევლის მოსყიდვა, რაც თან ახლავს “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიას. “პატრიოტთა ალიანსისთვის” ხმის მიცემა ნიშნავს იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ქვეყნის მართვაში რაიმე დოზით ვეღარ იქნება ჩართული, აღარც “ქართული ოცნება” იქნება ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი, რომელიც “ენმ”-ს დამნაშავე რეჟიმთან კოჰაბიტაციის რეჟიმში გვამყოფებს. “ოცნება” ნაციონალების გარეშე ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს.

“ქართული ოცნებისთვის” ხმის არმიცემა, ნაციონალების დაბრუნებას არ ნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მართვაში პატრიოტების მოვლენ; ეს ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” გაიწმინდება პორტირებულებისგან, რომ ქვეყნის მართვაში გადაწყვეტილებებს მარტო ვეღარ მიიღებს და შეიქმნება კოალიციური მთავრობა უპირველესად პატრიოტებთან ერთად და არა ნაციონალებთან, რაც მათ სურთ.

ალბათ, ფიქრობთ, რომ 2020 წლის პარლამენტში ალიანსი გაცილებით ფართო შემადგენლობით შეძლებს მოსვლას. რომელ პოლიტიკურ ძალასთან შეხვალთ კოალიციაში?

– ახალი მოწვევის პარლამენტში, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” მართლაც ფართო სპექტრით იქნება წარმოდგენილი. ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალზედ სოლიდური ძალით შევალთ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში. არ ვფიქრობთ, რომ, რომელიმე პოლიტიკური ძალა მიაღწევს იმდენ წარმატებას, რომ დამოუკიდებლად დააკომპლექტებს მთავრობას, უფრო საჭირო იქნება კოალიციური მთავრობა. ჩვენი თავი ვერ წარმოგვიდგენია ერთობლივ მმართველობაში ნაციონალებთან და მის ისეთ განშტოებებთან, რომლებიც დანაშაულებრივი რეჟიმის მონაწილენი იყვნენ. მათ გარდა ყველა იმ ძალასთან ვითანამშრომლებთ, რომლებსაც სწორი საგარეო, საშინაო თუ ეკონომიკური მიმართულება ექნებათ.

– “პატრიოტთა ალიანსიაწარმოებს მოსახლეობის გამოკითხვას საქართველოს სამხედრო მიუმხრომლობასა და რუსეთთან დიალოგის საკითხებზე. რა შედეგები გაქვთ?

– გამოკითხული მოსახლეობის დაახლოებით 77% მხარს უჭერს სამხედრო მიუმხრომლობას, რუსეთთან დიალოგის საჭიროებაზე ყველანი ვთანხმდებით. არა მარტო ქართული საზოგადოება, საერთაშორისო საზოგადოებაც იმისკენ მოგვიწოდებს, რომ ჩვენი ტიპის ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეგვიძლია. მშვიდობიანი გზა კი, უპირველეს ყოვლისა, დიალოგს გულისხმობს იმ მხარესთან, რომელიც არის ამ კონფლიქტის მონაწილე.

როგორ მიდის მუშაობა რეგიონებში?

– პარტიას აქტივობა არ აკლია. ჩვენ 2019 წლის 9 აპრილს, ქუთაისის სპორტის სასახლიდან დავიწყეთ მოსახლეობასთან შეხვედრები, თემებით: სამხედრო მიუმხრომლობა, დიალოგი, დავითგარეჯის თემა და მნიშვნელოვანი სოციალური საკითხები. პერმანენტულად ვმართავთ აქციებს მხარდამჭერებთან რეგიონებშიც და თბილისში.

პრაქტიკულად ეს მოიცავს წინასაარჩევნო კამპანიასაც და იმ თემებსაც, რომლებიც არის აუცილებლად გადასაწყვეტი და ეხება ქვეყნის მართლაც ხვალინდელ დღეს. მაგრამ ხელისუფლების უნიათობა, “ნაციონალური მოძრაობის” დესტრუქციული ქმედებები, ამათი ორივეს ერთად კოჰაბიტირებულ რეჟიმში ყოფნა, უკანა პლანზე წევს მნიშვნელოვან საკითხებს. ვცდილობთ, ეს წინააღმდეგობები დავძლიოთ და საქართველოს მოსახლეობას რეალურად დავანახოთ ჩვენი მიზნები და ამოცანები და არჩევნებშიც წარმატებას მივაღწიოთ.

ხვალ, რომ არჩევნებშიპატრიოტთა ალიანსმაგაიმარჯვოს, რა მიმართულებით განვითარდება ქვეყანა? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქვეყანა უარს იტყვი დასავლურ კურსზე?

– “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ყოველთვის მხარს უჭერდა და დღესაც მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. ჩვენ ვთვლით, რომ ევროკავშირის ნამდვილი წევრობა საქართველოსთვის მიღწევადია და ამ კუთხით, აუცილებლად უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ასეთი ნაბიჯები გადაიდგმება. ქვეყანა მიაღწევს, იმას, რომ ვიქნებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები.

რაც შეეხება ნატოს წევრობას. დღესაც ვიმეორებთ, რომ ნატო ნამდვილად კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, ნატო კარგია ახალგაზრდა თაობისთვის, მათი ხვალინდელი დღისთვის, ნატოში წევრობა კარგია ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის, მაგრამ ძალზედ ცუდია, რომ ნატოს წევრი ქვეყნები არ არის დღეს მზად იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გაწევრიანდეს ნატო-ში, ამის ნათელი მაგალითი არის ყოველი პერმანენტული გამოსვლა გერმანიის, საფრანგეთის და ისეთი ქვეყნების ხელმძღვანელების მხრიდან, რომლებსაც გადამწყვეტი ხმის უფლება აქვთ ნატოში.

ჩვენ უკვე 20-25 წელია გვესმის, რომ ნატო-ს კარი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ იმავდროულად გვესმის, რომ ნატო-ში ჩვენი გაწევრიანება 20-30-წლიანი პერსპექტივაა, რომ დღეს არ არის ამისთვის ქვეყანა მზად. თურმე, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩასაფრებული და როცა შანსი გაჩნდება, მივაღწევთ ნატო-ს წევრობას. ასეთი დამოკიდებულება მოსახლეობაში ნიჰილიზმს ბადებს, ვატყუებთ საზოგადოებას, რომ დღეს თუ არა ხვალ, ნატოს წევრი ვიქნებით.

ჩვენ არ გვინდა მოვატყუოთ საზოგადოებას, ჩვენ გვინდა სიმართლე ვუთხრათ მათ. საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა დღეს, მხოლოდ წითელი ლენტის აფრიალებას ჰგავს ჩვენი მეზობელი ქვეყნისთვის, რაც ჩვენ გვაზიანებს, ყოველდღიურად გვაზარალებს და არაფერს გვაძლევს პერსპექტივაში. ამიტომ, პატრიოტები ვითხოვდით სამმხრივი ფორმატის შექმნას – ნატო-საქართველო-რუსეთი, ეს იქნებოდა ძალზედ კარგი ნაბიჯი. 2 თვის განმავლობაში მოვუწოდებდით “ოცნებას” ამ მიმართულებით ნაბიჯი გადაედგა. დროსა და სივრცეში, ყოველთვის იცვლება მოვლენები და ამ საკითხმაც დაკარგა აქტუალობა, სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ დღეს ჩვენ ვეწევით სამხედრო მიუმხრომლობის პოპულარიზაციას.

დღეს ეს თემაა აქტუალური, თუ ამ კუთხითაც არ გადაიდგმება ნაბიჯები, შემდეგ შეიძლება ამ თემამაც დაკარგოს აქტუალობა. ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გადასადგმელი ნაბიჯი იმ მომენტში უნდა გადაიდგას, როცა ის აქტუალური და მიღწევადია. სამხედრო მიუმხრობლობის მსოფლიო მაგალითები არსებობს, როგორიც არის ავსტრია, შვეიცარია, ფინეთი.

საქართველომ უარი უნდა თქვას ნატო მისიებში მონაწილეობაზე?

– საქართველომ ნატო-ს მისიებში მონაწილეობაზე არ უნდა თქვას უარი, მაგრამ იმავდროულად, ჩვენი ქვეყანა უნდა დავაზღვიოთ იმისგან, რომ ნატო-ს საწვრთნელი ბაზები არ იყოს საქართველოს ტერიტორიაზე, რამაც შეიძლება ძალზედ დაგვაზიანოს.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი