საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის – “ქართულ ოცნების” ლიდერებსა და დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის დიპლომატებს შორის საუბრის ტონი დღითიდღე უსიამოვნო ჟღერადობას იძენს. მიზეზი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაა.
საქართველოს პროკურატურის მიერ ძებნილად გამოცხადებული სააკაშვილი წლების განმავლობაში აფარებდა თავს აშშ-სა და უკრაინას. დასაქმებული იყო უკრაინის მთავრობაში, ლექციებს კითხულობდა აშშ-ში.
“საქართველოს ექსპრეზიდენტი მემუარებს წერს, კითხულობს კარგად ანაზღაურებად ლექციებს, მონაწილეობს ვაშინგტონში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნებაში და ხვდება თავის ძველ ნაცნობებს ისეთებს, როგორებიც არიან სენატორი ჯონ მაკკეინი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი”, – ასე აღწერდა 2014 წელს სააკაშვილის ამერიკულ ცხოვრებას New York Times-ი.
სააკაშვილისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან თავისუფალი ცხოვრება მას შემდეგ დასრულდა, რაც 2021 წლის 1 ოქტომბერს ქართველმა სამართალდამცველებმა ის საზღვრის უკანონო გადმოკვეთისთვის დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში არაჟნის კონტეინერებთან ერთად სატვირთო ავტომობილის საბარგულით შემოიპარა.
საქართველოში დაბრუნება რომ სააკაშვილისთვის უსაფრთხო არ იქნებოდა, ეს თავადაც კარგად იცოდა და მისმა გარემოცვამაც. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც ის ამბობს, რომ ჩავიდა უკრაინაში, რათა მისი შვილი დაერწმუნებინა, უარი ეთქვა საქართველოში ჩამოსვლაზე. მაგრამ, როგორც შემდგომ, ისევ გიული ალასანიას სიტყვებიდან ვიგებთ, ექსპრეზიდენტს ეს მტკიცეთ ჰქონია გადაწყვეტილი. სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის გეგმა თავისთავად მოიაზრებდა მის დაპატიმრებასაც, მაგრამ მესამე პრეზიდენტი დარწმუნებული იყო, რომ ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებით, მისი პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ცას და მიწას შეძრავდა და “ხალხისთვის წამებულ პრეზიდენტს” პატიმრობიდან დაიხსნიდა.
თავიდანვე კრახით განწირული სცენარის ავტორობას ზოგი ვის მიაწერს და ზოგი ვის. “ენმ“-ს თავმჯდომარე ნიკა მელიამ პირველივე დღეებში აღიარა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა შეცდომა იყო. ზოგი იმასაც ამბობს, რომ სააკაშვილი იძულებული გახდა საქართველოში დაბრუნებულიყო, რადგან ეს აშშ-ის გეგმის ნაწილი იყო, რომ ქვეყანაში მორიგი ფერადი რევოლუცია მომხდარიყო. ასეა თუ ისე, რეალობა ის არის, რომ სააკაშვილს უკვე წელიწადი და სამი თვეა თავისუფლება აქვს შეზღუდული, თუმცა პატიმრობის უმეტეს ნაწილს ციხის საკნის ნაცვლად სამედიცინო კლინიკის პალატაში ატარებს.
სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ქართველი და ამერიკელი სამედიცინო ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის დაუყოვნებლივ უნდა გაგზავნონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ საკუთარი შეშფოთება გამოხატა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ. მან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა პატივის სცენ ყველა პატიმრის უფლებას, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის, როგორც ბრალდებულის და როგორც პატიმრის. პაველ ჰერჩინსკის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არის პასუხისმგებელი უზრუნველყოს, რომ სასამართლოში სააკაშვილის ყველა უფლება სრულად იყოს დაცული.
ევროპელი დიპლომატის განცხადებას საქართველოს ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე კომპეტენტური ადამიანების ზრუნავენ, ხოლო სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევა მეტად წარმატებული რომ იყოს, პატიმრის მხრიდან პენიტენციურ სამსახურთან უკეთესი თანამშრომლობაა სასურველი.
წულუკიანის თქმით, ევროკავშირის ელჩს შეშფოთების არანაირი საფუძველი არ აქვს, რადგან “კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი” იმყოფება ორპალატიან ლუქსში და გამორჩეულ პირობებში. ვიცე-პრემიერი პაველ ჰერჩინსკის ურჩევს, თავად სააკაშვილს მოუწოდოს, შეწყვიტოს მიუღებელი ქცევა, რასაც ის ექთნების, ექიმებისა და სხვა ადამიანების მიმართ ავლენს.
“ჰერჩინსკიმ მოგვიწოდა, ყველა პატიმარზე თანაბრად ვიზრუნოთ. მისი მოწოდება უკვე გავითვალისწინეთ და შევასრულეთ. მაგალითისთვის, 2010 წელს საქართველოს საპატიმროებში მზრუნველობის არარსებობით გარდაიცვალა 144 პატიმარი, შარშან გარდაიცვალა 21 პატიმარი. შესაბამისად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მოწოდება უკვე შესრულებული გვაქვს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პატრონებმა სულ უფრო მოუხშირეს საუბარს იმაზე, რომ ციხეში ის შესაძლოა მოკვდეს და ამით საქართველოს მომავალი განისაზღვროს.
“მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი პატიმრობაში მოკვდეს”, – წერს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი “ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში.
იგი მოუწოდებს აშშ-ს პრეზიდენტსა და მის ევროპელ მოკავშირეებს, არ დაუშვან სააკაშვილის ციხეში სიკვდილი. უფრო მეტიც, მაკფოლი სააკაშვილის გათავისუფლების გლობალური კამპანიის ინიციატივით გამოდის, ყოველ შემთხვევაში გაზეთის ფურცლებზე ასე წერს. მისივე შეფასებით, საქართველოში მკვეთრად დასუსტდა დემოკრატია.
მაკფოლის ეს წერილი მოძრაობა “ხალხის ძალის” დეპუტატებმა აღიქვეს საფრთხედ, რომელიც სააკაშვილს სწორედ მისი პარტნიორებისგან ემუქრება. როგორც “ოცნებიდან” გამოყოფილი დეპუტატები აცხადებენ, იგივე გზავნილი აქვთ სააკაშვილის პატრონებს საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზეც.
“სააკაშვილი თავის პატრონებს კონკრეტული თემებით აშანტაჟებს. სააკაშვილი პატრონებს ემუქრება, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით არა მხოლოდ ყველაფერს მოჰყვება, არამედ შესაბამის მტკიცებულებებსაც გაასაჯაროებს. იგივე ეხება რევოლუციის მოსაწყობად სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის სპეცოპერაციასაც, რაზეც ის პატრონებს ასევე მტკიცებულებების დადებით ემუქრება”, – აცხადებენ “ხალხის ძალის” დეპუტატები.
მათივე მოსაზრებით, სააკაშვილის ლიკვიდაციის შემთხვევაში, პატრონები ორ კურდღელს დაიჭერენ: მოიშორებენ ოქროს მოწმეს, რომელსაც ციხეში ნულოვანი პოლიტიკური ფასი აქვს და მთავარი, სააკაშვილის სიკვდილს ხელისუფლებას დააბრალებენ, ამ საბაბით, ქვეყანაში მასობრივი არეულობის მოწყობას შეეცდებიან, რისი საბოლოო მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იქნება.
როგორც “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, სააკაშვილი საქართველოში არეულობის მოსაწყობად შემოიყვანეს და ეს სპეცოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა. ვერ ახერხებენ სააკაშვილისთვის მიცემული გარანტიების შესრულებას, რომ მას გაიყვანდნენ და დააბრუნებდნენ იქ, საიდანაც შემოვიდა. ამიტომ იზრდება იმის ალბათობა, რომ სააკაშვილი ამ ყველაფერზე საუბარს დაიწყებს.
“მიხეილ სააკაშვილს დღეში რამდენიმე ვიზიტორი ჰყავს, მისი პალატა პოლიტიკურ ოფისად იქცა. ამ ფონზე, ვერავინ აიღებს გარანტიას, რომ რომელიმე ვიზიტორი საფრთხის ქვეშ არ დააყენებს თავად სააკაშვილის უსაფრთხოებას“, – განაცხადა ხუნდაძემ.
თემას გამოეხმაურა სააკაშვილის დედა, გიული ალასანია. მისი თქმით, სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია, ცდილობენ.
“ეს მოწამვლაც ამიტომ მოხდა. ამ შინაარსის განცხადებას შესაშინებლად აკეთებენ, ამერიკელებს უქნევენ თითს ალბათ”, – განაცხადა ალასანიამ.
აღსანიშნავია, რომ გარკვეული დროით ადრე, ალასანიამ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, ექსპრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაში კი, რუსეთი დაადანაშაულა. კლინიკის პალატას, სადაც მსჯავრდადებული სააკაშვილია მოთავსებული, საიმედოდ იცავენ, პალატაში ვიდეოთვალთვალის რამდენიმე კამერაც არის დამონტაჟებული. მოწამვლის მტკიცებულება დაცვის მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ლოგიკურად ჩნდება კითხვა, ვის უნდა აწყობდეს სააკაშვილის სიკვდილი?
ექსპერტი ვახტანგ მაისაია “ხალხის ძალის” სკანდალურ განცხადებას არასერიოზულსა და კომიკურს უწოდებს. მისი აზრით, მმართველი პოლიტიკური ძალა, რომლის წიაღიდანაც წამოვიდა “ხალხის ძალა”, სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკურ ჩიხშია. გარდა ამისა, “ქართული ოცნება” გაბრაზებულია აშშ-ს ადმინისტრაციაზე და მათ შორის უკვე სერიოზული ცივი ომია.
“სააკაშვილს თავისი გაჭირვებაც ეყოფა, სადაც არის და რა ფსიქოლოგიური აშლილობაც აქვს. “ქართულ ოცნებას” სურს თავი დაიზღვიოს, სააკაშვილს მართლა რამე რომ დაემართოს”, – განუცხადა Dalma News-ს ვახტანგ მაისაიამ.
მისივე თქმით, საეჭვოა, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სააკაშვილს რაიმე ახალი მტკიცებულებები ჰქონდეს, მაშინ, როდესაც ჰააგის ტრიბუნალმა გამოიტანა თავისი ვერდიქტი, ევროპარლამენტმაც შექმნა საგამოძიებო კომისია და დადო დასკვნა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც გაკეთდა სერიოზული ანალიზი და ფაქტობრივად ყველაფერი არის გაშიფრული.
“სააკაშვილმა რა უნდა თქვას ისეთი ექსტრაორდინარული, რაც ყველაფერს თავდაყირა დააყენებს?”, – ამბობს სამხედრო ექსპერტი.
მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ თავად სააკაშვილის პოლიტიკური ძალის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებსაც, ვახტანგ მაისაიას აზრით, მათ ახლა სააკაშვილისთვის საერთოდ არ ცხელათ. „ენმ“-ში დღეს მიდი სერიოზული ბრძოლა და კლანებს შორის დაპირისპირება.
“30 იანვრის შემდეგ საერთოდ იქნება თუ არა ეს პარტია, ეგეც უკვე ეჭვქვეშ დგას”, – აცხადებს მაისაია.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება დათანხმდება მსჯავრდადებული სააკაშვილის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას, ბუნებრივად პასუხისმგებლობა გადავა იმ ქვეყანაზე, რომელიც გააგრძელებს სააკაშვილის მკურნალობას. სავარაუდოდ, ასეთ შემთხვევაში დაიდება შეთანხმება, რომ გარკვეული პროცედურის შემდეგ, უკან დაუბრუნდეს მართლმსაჯულებას. მეორე საკითხია, სისხლის სამართლის კოდექსი რამდენად ითვალისწინებს ამას. მსგავსი პრეცედენტი ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში დღემდე არ ყოფილა.
გიორგი ქართველი