რუსეთს-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე კრემლის ოფიციალური პოზიცია ცნობილია. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე, 18 იანვარს, ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ დადებითად აფასებს საქართველოს, როგორც პატარა ქვეყნის მცდელობას, რეგიონში დაძაბული ვითარებისა და დასავლეთის ძლიერი წნეხის ფონზე საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს.

სერგეი ლავროვს კითხვა “ალტ-ინფოს” ჟურნალისტმა დაუსვა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ჟურნალისტის კითხვა გლობალური შინაარსის იყო, სერგეი ლავროვმა პასუხი საქართველო-რუსეთის ურთიერთობების კონკრეტულ საკითხებზე დაიყვანა. მან ისაუბრა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე და საქართველოსთვის ყველაზე მტკივნეულ და მნიშვნელოვან თემაზე – კონფლიქტურ რეგიონებზე გააკეთა აქცენტი.

“გვინდა ვიხილოთ, აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი”, როგორ ავითარებს ურთიერთობას საქართველოსთან. არის პირდაპირი მექანიზმები, რაშიც ჩვენ ვმონაწილეობთ. მიხარია, რომ აქტიურად ვითარდება ორი ქვეყნის მოსახლეობას შორის კონტაქტები. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი, შარშან, 10%-ით გაიზარდა, ეს ძირითადად რუსეთის ფედერაციის ტურიზმმა განაპირობა. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო დასავლეთის წნეხის ქვეშ იმყოფება იმისთვის, რომ სანქციებს შეუერთდეს. იმედი მაქვს, რომ მომავალში განვაახლებთ პირდაპირ ფრენებს საქართველოსთან. ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს იმდენი გამბედაობა, გაუძლოს დასავლეთის ზეგავლენას და თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ”, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

მან ერთგვარი პარალელი გაავლო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსა და უკრაინის ამჟამინდელ მდგომარეობას შორის და ორივე შემთხვევაში პასუხისმგებლობა ნატოს დააკისრა.

სერგეი ლავროვი

“ნატომ თავისი როლი ითამაშა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, სადაც მიიღეს დეკლარაცია, რომლის თანახმადაც საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები უნდა გამხდარიყვნენ. არ მინდა შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოვიყენო სააკაშვილის მიმართ, ის ემოციებს აჰყვა და ჩათვალა, რომ ეს ყველაფერი ინდულგენცია იყო. გამოჩნდა კონდოლიზა რაისი და სააკაშვილმაც გასცა ბრძანება, დაებომბათ ცხინვალი და მშვიდობისმყოფელების პოზიცია. უკრაინელებს ბუქარესტის სამიტიდან მეტი იმპულსი და დრო დასჭირდათ, რომ იმ მდგომარეობამდე მისულიყვნენ, განედევნათ ყველაფერი რუსული თავიანთი ტერიტორიებიდან”, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებებს შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ წრეებში. ოპოზიცია ცდილობს ყოველივე შეფუთოს ისე, რომ “ქართული ოცნება” და სერგეი ლავროვი ერთ ბანაკში არიან. ამ ნარატივის განეიტრალებას ცდილობს საპარლამენტო უმრავლესობა. მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ, როცა საუბარია საქართველოს მოქალაქეებისთვის მდგომარეობის შემსუბუქებაზე, მათი მთავრობა ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიესალმება.

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიაჩნიათ, რომ უკრაინის ომის ფონზე ლავროვის ეს განცხადება უკიდურესად დამამცირებელი იყო საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციისთვის.

რომან გოცირიძე

“ფაქტობრივად ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ხელისუფლება მხარს რუსეთს უჭერსო. მან შეაქო საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან არ შეერთების გამო და საჩუქრის რანგში ავიამიმოსვლის აღდგენაც დააანონსა”, – განაცხადა “ენმ”-ს დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში, რომან გოცირიძემ.

რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ცდილობენ საქართველოს მოსახლეობა დაარწმუნონ იმაში, რომ თუ კი, რუსეთსა და საქართველოს შორის მართლაც აღდგება ავიამიმოსვლა, ეს იქნება უკრაინის ღალატის პოლიტიკა, რომ საქართველო აკეთებს იმას, რაც “ოკუპანტს მოსწონს”.

“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტილებებს არ იღებს იმის მიხედვით, თუ რა მოეწონება და რა არ მოეწონება რუსეთს, განსხვავებით “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი ხელისუფლებისგან, რომლებმაც “რაც მოეწონა რუსეთს, იმაზე მოუწერეს ხელი.

“ჩვენ გადაწყვეტილებებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებთ”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ზურაბ ბათიაშვილი

ანალიტიკოს ზურაბ ბათიაშვილის შეფასებით, ლავროვის 18 იანვრის განცხადება არის საქართველოს მმართველი ძალის – „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის შედეგი და წითელი ხაზების გადაკვეთა. მისივე მოსაზრებით, პოლიტიკის ენაზე “ოცნება” საუბრობს დასავლეთთან დაახლოებაზე, მაგრამ სინამდვილეში უახლოვდება რუსეთს, მაგრამ დასავლეთს შორდება.

“ამას ვხედავთ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის არშესრულებაში. ყოველ დღე ვხედავთ, პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის “ქართული ოცნებიდან”, როგორც აკრიტიკებენ დასავლეთს. რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენა არის წითელი ხაზების გადაკვეთა და ოკუპანტთან თანამშრომლობა, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ჩვენი პროდასავლური ორიენტაცია ჩაწერილია კონსტიტუციაში და გამყარებულია რეფერენდუმის შედეგებით”, – განაცხადა ანალიტიკოსმა ზურაბ ბათიაშვილმა.

სერგეი ლავროვის განცხადებაში გაკეთებული აქცენტების შეფასება Dalma News-მა, საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის დეპუტატს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს სთხოვა, რომელიც 2018 წლიდან ხელმძღვანელობს ევგენი პრიმაკოვის სახელობის სამოქალაქო პლატფორმას საქართველოში.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ ლავროვმა, თავის განცხადებაში, მოათავსა ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც ქართველი ჟურნალისტის კითხვის ზოგადი პათოსიდანაც კი არ გამომდინარეობდა. ლავროვმა აქცენტი გააკეთა ყველაზე საჭირბოროტო საკითხებზე, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს დღეს ქართველ ხალხს: 2008 წლის მოვლენები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მინიშნებები, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ა.შ.

დიმიტრი ლორთქიფანიძე

საქართველოსთვის უცხო არ არის რუსულ დიპლომატიისთვის დამახასიათებელი ენა და სტრიქონებს შორის ჩამალული რეალური პოლიტიკის დედააზრი. დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, სერგეი ლავროვის შესაძლებლობები მსოფლიო დიპლომატიაში აღიარებულია. ამ შემთხვევაში, საქართველოს მისამართით იყო მეტი სენტიმენტები, რაც მკაფიო გზავნილია საქართველოს ხელისუფლებისთვის.

“ამის პარალელური პროცესია ის, რომ ამიერკავკასიის საკითხებში რუსეთის მთავრობაში საკადრო რეფორმა მიმდინარეობს, მთლიანად იცვლება ის კადრები, რომლებიც აქამდე კურირებდნენ კავკასიის მიმართულებას კრემლის პოლიტიკაში. საქართველოს მიმართულებით მასშტაბური ცვლილებებია რუსულ დღის წესრიგში. მათ შორის, პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილების საკითხებში, სისტემური ცვლილებები იწყება საკადრო პოლიტიკით”, – განუცხადა Dalma News-ს ლორთქიფანიძემ.

ის დარწმუნებულია, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობები აუცილებლად გადაიტვირთება საქართველოსთვის მომგებიანი პირობით.

“ბოლო 5 წელია სამოქალაქო დიპლომატიის დონეზე ამ საქმეს ვემსახურები. სამოქალაქო პლატფორმის ერთ-ერთი ლეგიტიმური მიზანი, რომელიც 2018 წელს შეიქმნა და ევგენი პრიმაკოვის სახელს ატარებს, არის ის, რომ სანამ საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენისთვის შექმნას ის წინაპირობები, რომელიც წინ უნდა უძღოდეს გლობალურ პოლიტიკურ პროცესს. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის იყო “კავკასიური დიალოგი და დიალოგი მომავლის სახელით”, სადაც საქართველოდან 35 ექსპერტი იყო წარმოდგენილი”, – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

მისივე თქმით, ამ ყველაფერს ხელს უწყობს საქართველოს ხელისუფლების კონსტრუქციული პოლიტიკა. რეგიონში დაძაბული ვითარების ფონზე, საქართველომ მოახერხა გამხდარიყო მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისი.

“გეოპოლიტიკური ცენტრი ღიად უპირისპირდება არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ჩინეთს, ამ დაპირისპირების პოლიგონი დღეს არის უკრაინა. რადიკალური დასავლეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, რუსეთის გასწვრივ, შეიქმნას დაძაბულობის კერები. იქნება ეს ტაჯიკეთი-ყირგიზეთის კონფლიქტის ინსპირაცია, ყაზახეთში მორიგი ფერადი რევოლუციის მცდელობა, რომელიც ჩავარდა, თუ ყარაბაღის ხანმოკლე, მაგრამ ძალიან სისხლისმღვრელი ომი. …და უშუალოდ საქართველო, სადაც გარანტირებულად უნდა ყოფილიყო “მეორე ფრონტი”. ეს ნიშნავდა იმას, რომ საქართველოც უნდა აღმოჩენილიყო უკრაინასთან ერთად ომში ჩაბმული”, – აცხადებს ლორთქიფანიძე.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შეძლო ქვეყნისთვის აერიდებინა საფრთხეები. მან აირჩია არა სამხედრო კონფრონტაციის გზა, არამედ გზა – ჯერ არის ეკონომიკა და მას მოჰყვება პოლიტიკა.

Dalma News-ის კითხვაზე, არის თუ არა ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლების პრეტენზიები სამართლიანი საქართველოს მიმართ, დიმიტრი ლორთქიფანიძე განმარტავს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ვერ იქნება განხილული სტრატეგიის დონეზე ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ ორ ქვეყანას შორის არა თუ დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, არამედ, არ არსებობს სავაჭრო სახლებიც. უკრაინულმა კრიზისმა ავტომატურად შეცვალა მარშრუტები, პრეფერენციების განხორციელების სტრატეგია ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე გასატარებელ ტვირთებზე. ამაში ჩართულია ჩინეთის ინტერესიც, რომელსაც საქართველოსთან ასევე, თავისი სტრატეგია აქვს.

“მესმის, რომ ვიღაცისთვის ეს არის მიუღებელი. საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინასთან იყოს პირნათელი ჰუმანიტარული თვალსაზრისით. თუ ჯვარს უნდა გვაცვან იმისთვის, რომ საქართველო თავისი მწირი თავდაცვისუნარიანობის შეზღუდული შესაძლებლობების გაცემას არ აპირებს და არ პროვოცირებს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, დაე, ასე იყოს. საქართველოს არ აქვს შეცდომის დაშვების უფლება. უკრაინის პოლიტიკური ხელისუფლების გადაწყვეტილებები საქართველოს მიმართ ხშირად არის პროვოკაციული”, – ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძეს.

რაც შეეხება მთავარ კითხვას, რა მექანიზმებს გულისხმობდა ლავროვი, რომელიც საქართველოს აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებს დაულაგებს? დიმიტრი ლორთქიფანიძის განმარტებით, პირველ რიგში ეს არის ეკონომიკური მექანიზმები. ლავროვის ამ უმნიშვნელოვანესი და უპრეცედენტო განცხადებებთან ერთად მხედველობაში უნდა მივიღოთ ის განცხადებებიც, რომლებიც მანამდეც კეთდებოდა რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან საქართველოსთვის სასარგებლო კონტექსტში. კერძოდ, სამაჩაბლოში არშემდგარი რეფერენდუმი, რომელიც ცხინვალის მთავრობის ინიციატივით უნდა გამართულიყო 2022 წლის 17 ივლისს და რომელიც არ გაიმართა რუსეთის ძალზედ პრინციპული პოზიციიდან გამომდინარე, რომ რუსეთი დაუშვებლად მიიჩნევდა ასეთი რეფერენდუმის ჩატარებას.

გიორგი ქართველი