Ника Гварамия

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, ამჟამად კი “მთავარი არხის” ხელმძღვანელი ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთ ყოფილ მაღალჩინოსან გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა. ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს “უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში”. პროკურატურა მას 2019 წლიდან ედავებოდა “რუსთავი 2”-ის დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას, მოსყიდვას, ყალბი დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

აღნიშნული ფაქტი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ქვეყანაში ოპოზიციური აზრის დევნად, ხოლო გვარამია პოლიტპატიმრად შეაფასეს. ოპოზიცია ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ “მთავარი არხის” გენ.დირექტორის ციხეში ყოფნა ზიანს მიაყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ქართული მართლმსაჯულების მიმართ კრიტიკულია საქართველოში აშშ-ს საელჩოც. გვარამიას დაკავებიდან ოთხ დღეში ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამიდან მოხსნეს და ის კვალიფიკაციის ასამაღლებლად აშშ-ში ვეღარ გაემგზავრება. თავად მოსამართლემ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და ჟურნალისტებს ვითარების აშშ-ს საელჩოში გარკვევა ურჩია. ამერიკის საელჩოში კი განაცხადეს, რომ პროგრამის მონაწილე პირების შერჩევის პროცესზე ინფორმაციას არ გასცემენ. საერთო ჯამში შეიქმნა, არც თუ უსაფუძვლო განწყობა, რომ აშშ-ს საელჩომ ირიბად, მაგრამ გვარამია უსამართლო პატიმრად მიიჩნია, მოსამართლე ჩხიკვაძე კი დასაჯა.

კრიტიკული შეფასებები გაისმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის მხრიდანაც. ქართული სასამართლოს განაჩენს “პოლიტიკური მოტივით ხმის ჩახშობა” უწოდეს და გვარამიას სასწრაფოდ გათავისუფლება მოითხოვეს. ორგანიზაცია საქართველოს სახალხო დამცველზე დაყრდნობით ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მზარდი გავლენას სასამართლოზე მიზნად ოპონენტების დათრგუნვას ისახავს.

თეა წულუკიანი

ქვეყნის ვიცე-პრემიერის, თეა წულუკიანის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტი უცხოელი პოლიტიკოსები ცდილობენ ქართულ საზოგადოებას ნამდვილ ევროპად “მიჰყიდონ” თავი. ამ კონტექსტში წულუკიანმა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი და ამერიკელი დიპლომატი, იან კელი მოიხსენია და ისინი საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

მისივე თქმით, არ შეიძლება, სისხლის სამართლის ერთმა საქმემ ქართველი ერის ევროპული არჩევანი შეცვალოს.

“არსებობს უცხოელთა ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ, რომ ქართველ ხალხს მიჰყიდონ საკუთარი თავი, თითქოს ისინი არიან თვით დასავლეთი და თვით ევროპა. და თუკი ისინი არიან რაღაცით უკმაყოფილო, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთ ევროპა, ნატო, ფრანგები, გერმანელები და პოლონელები, ყველა გვერჩის ერთიანად”, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

საქართველოს მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მხარდამჭერი განცხადებების შემდეგ, განცხადება აშშ-ს საელჩომაც გაავრცელა, რომელშიც საუბარია საქართველოს სასამართლო სისტემის მხარდაჭერის მიზნით წლების განმავლობაში მათ მიერ გაწეულ ძალისხმევაზე.

“30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში”, – წერია საელჩოს განცხადებაში.

დიმიტრი ლორთქიფანიძე

მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე Dalma News-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრების გარშემო განვითარებული შემდგომი რეზონანსი ძალიან ვრცელი კომენტარის საფუძველს იძლევა, პირველ რიგში კი აღნიშნავს, რომ არავის აქვს უფლება მოსამართლეს მოსთხოვოს ანგარიში.

“სასამართლო არის დამოუკიდებელი სახელისუფლებო შტო. მას კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული დამოუკიდებელი მოქმედების უფლება, არავის აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში მოცემული სამართალწარმოების პროცესში მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე. აქ იგულისხმება, როგორც საბოლოო სასამართლო აქტი, ისე შუალედური აქტები, რომელიც კონკრეტულ სასამართლო წარმოებას უძღვის”, – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

მისივე თქმით, აშშ იქნება თუ ნებისმიერი ქვეყნის საელჩო, რომელიც ჩაერევა მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, უხეშად ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში, რაც არის ქვეყნის მიმართ უპატივცემულობის დემონსტრირება.

“​როცა მოსამართლეს უარს ეუბნებიან უკვე დაგეგმილ ტრენინგებში და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში მონაწილეობაზე, ეს არის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლის პირდაპირი დისკრიმინაცია. მე აშკარად ვხედავ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამოხატულებას”, – აცხადებს უფლებადამცველი.

მან ასევე საჭიროდ მიიჩნევს სხვა მოსამართლეებმაც გამოხატონ სოლიდარობა კოლეგის მიმართ, გაიმართოს სამოსამართლეო კონფერენცია და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ.

“ლაშა ჩხიკვაძის კოლეგა რომ ვყოფილიყავი, სოლიდარობის ნიშნად არ წავიდოდი აშშ-ში და აღარ მივიღებდი მონაწილეობას იმ პროექტში. უბრალოდ, ჩავთვლიდი, რომ ეს არის ჩემი სახელმწიფოს შეურაცხყოფა”, – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ნიკა გვარამია

რაც შეეხება უშუალოდ ნიკა გვარამიას დაპატიმრებას, ლორთქიფანიძის თქმით, გვარამია, რომელიც იყო “სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის რუპორი”, გამოცდილია არა ერთი პოლიტიკოსის წინააღმდეგ ბრალდებების მაღალდრამატურგიულ დონეზე შეთხზვაში, რომ ადამიანები უბრალოდ გაეშავებინა, მოეხდინა მათი საქმიანი რეპუტაციის სრული დისკრედიტაცია და საზოგადოების თვალში მარგინალებად გამოეყვანა.

“თუ გავითვალისწინებთ ამ ადამიანის განუსაზღვრელი ფანტაზიის უნარს და შესაბამისად მის შესაძლებლობებს იურისტის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია ვივარაუდოთ, რომ მის მიერ შექმნილი ფინანსების მითვისების სქემა, რასაც მას სახელმწიფო ედავება, არის ძალიან ახლოს რეალობასთან”, – განუცხადა Dalma News-ს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

სოსო შატბერაშვილი

პარტია “მემარცხენე ალიანსის” გენერალური მდივანი, პარლამენტის ყოფილი წევრი სოსო შატბერაშვილი პოლიტიკოსთა იმ ნაწილს განეკუთვნება, ვინც გამოსცადა სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი სასამართლოს უსამართლობა. ამის მიუხედავად, ამბობს, რომ არასოდეს უფიქრია სამართლისთვის დესტრუქციული მეთოდებით ებრძოლა.

“როდესაც სააკაშვილის სასამართლო ჩვენს თანაპარტიელებს უსჯიდა სასჯელს, ჩვენ არ ვაწყობდით დესტრუქციას და არა მივმართავდით საელჩოებსა და უცხოელებს. ჩვენ ვასაჩივრებდით, აქ ყველა ინსტანციას რომ მოვივლიდით, შემდეგ ევროსასამართლოში ვასაჩივრებდით. არაერთი პროცესი გვაქვს მოგებული. ასე არ იქცევა დღევანდელი ოპოზიცია. ისინი პირდაპირ საელჩოებს მიმართავენ და ქვეყანას აბეზღებენ. მიდიან ევროპარლამენტში და აშშ-ს კონგრესში და ამბობენ, – არ მიანიჭონ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი”, – ამბობს სოსო შატბერაშვილი.

მისი შეფასებით, 3 წელი და 6 თვე პატიმრობა ნიკა გვარამიასთვის ძალიან მცირე სასჯელია.

“პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების პროფესია კრიმინალების თავშესაფარი გახდა, სასამართლო ყველანაირად ერიდება პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაპატიმრებას, ან ძალიან არაადეკვატურ სასჯელს უსჯის. ქართული სასამართლო სისტემა რომ გამართული არ არის და ისეთი არ არის, როგორიც საქართველოს მოქალაქეებს გვინდა, ეს ფაქტია, მაგრამ, სასამართლო სისტემა, მაინც სასამართლო სისტემაა”, – ამბობს შატბერაშვილი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლოს მიმართ ნდობა არ არსებობდა და სადაც გამამართლებელი განაჩენი 0%-ი იყო, მაშინდელი ოპოზიცია მაინც არ ირჩევდა დესტრუქციის გზას და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, ასე თუ ისე უფრთხილდებოდნენ.

“გვახსოვს, როგორ დარბოდა გიორგი კანდელაკი (“ევროპული საქართველოს” წევრი), რომ არ მიენიჭებინათ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი. ჩვენ ასეთ რამეს არ ვკადრულობდით, მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიულად მიუღებელი იყო სააკაშვილის მოსამართლეების გადაწყვეტილება”, – ამბობს სოსო შატბერაშვილი.

მისივე თქმით, “ოცნება” ანგელოზების ხელისუფლება არ გახლავთ, მაგრამ გვარამიაზე თუ დავიდა ქვეყნის ევროპული არჩევანი, ძალიან ცუდად ყოფილა ევროპის საქმეც და საქართველოს საქმეც.

პოლიტიკოსის თქმით, ევროპას დღეს, ისევე სჭირდება საქართველო, როგორც საქართველოს სჭირდება ევროპა. ხოლო საქართველოს ახლა თუ არ მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, ქვეყანაში ანტიევროპული განწყობები დაიწყება.

შორენა პაპაშვილი