სომხეთში მცხოვრებ ქართველებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის “ჩვენები თავისიანებთან” პრეზენტაცია გაიმართა 11 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დარბაზში. ფილმი მოგვითხრობს ქართული სათვისტომო “ივერიას” შესახებ და აღწერს იქაური ქართველების ყოველდღიურობას. ფილმის ჩვენებას დაესწრნენ საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი, მთავრობის სხვა წევრები და მოწვეული სტუმრები.

დოკუმენტური ფილმის რეჟისორია ორგანიზაცია “აგორა-ჯორჯიას” ხელმძღვანელი ვიქტორია მაქსოევი, დამდგმელი ოპერატორი კი გარიკ აბელიანი. პროექტი განხორციელდა ევროპული ფონდ “ჰორიზონტის”, “კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ – კავკასიური სახლის”, 2011-2014 წლებში სომხეთის ელჩის საქართველოში ჰოვჰანეს მანუკიანისა და ინფორმაციულ-ანალიტიკური პორტალის “Creative Georgia News” ფინანსური მხარდაჭერით.

ქართულ დიასპორაზე ფილმის გადაღების სურვილი ჟურანლისტ ვიქტორია მაქსოევს ერთი წლის წინათ გაუჩნდა, მაგრამ სახელმწიფო უწყებების დაინტერესება გაუჭირდა. საქართველოს დიასპორის სამინისტროში ფინანსურს ვერა, მაგრამ ინფორმაციულ მხარდაჭერას დაჰპირდნენ. სირთულეების მიუხედავად ვიქტორიამ ჩანაფიქრზე უარი არ თქვა და ფილმის გადასაღებად ერევანში გაემგზავრა.

ვიქტორია პროფესიით ფილოლოგია, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აქვს მუსიკალური განათლებაც. თბილისის კონსერვატორიის ნიჭიერთა ათწლედში ვოკალისა და ფორტეპიანოს ჯგუფში სწავლობდა. ამჟამად ჟურნალისტად მუშაობს. მისი მასალები იბეჭდება არა მხოლოდ საქართველოსა და სომხეთში, ასევე ფრანგულ და თურქულ პრესაში. 2015 წელს რუსეთში გამოიცა მისი რომანი “ლიბანური კედრები”, რომელმაც მოიპოვა ოქროს დიპლომი საერთაშორისო ლიტერატურულ კინოფორუმზე “ოქროს რაინდი რუსეთში”. რომანი მოგვითხრობს ლიბიის ყოფილი მმართველის მუამარ კადაფის ბედსა და ლიბანურ მოვლენებზე.

ეროვნებით სომეხი ვიქტორია მაქსოევის ოჯახი საქართველოში ცხოვრობს, თავადაც თბილისში დაიბადა, საქართველოს მოქალაქეა და თავს ამ ქვეყნის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. დედა პროფესიით ექიმი ჰყვას, მამა ინჟინერია, ბიძა – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტია. ამბობს, რომ მისი წინაპრები თავიანთ საქმიანობას პირველ რიგში საქართველოს სამსახურში აყენებდნენ და თავის ფილმშიც შეეცადა ის ქართველები წარმოეჩინა, რომლებსაც ასევე დამსახურება აქვთ სომხეთის მიმართ.

ფილმში “ჩვენები თავისიანებთან” რეჟისორი მოგვითხრობს ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელ სვეტლანა ნამჩევაძეზე, რომელსაც ერთ-ერთ სოფელში გახსნილი აქვს საკვირაო სკოლა და ადგილობრივ ბავშვებს ასწავლის მუსიკასა და უცხო ენას.

“მიხარია, როცა ვხედავ, რომ ჩემს თანამემამულეს წვლილი შეაქვს სომხეთის კულტურის, მეცნიერების, ან განათლების განვითარებაში. ეს გვაქვს საერთო სომხებს საქართველოში და ქართველებს სომხეთში”, – გვითხრა ვიქტორიამ.

რეჟისორის პროფესიის ათვისების პარალელურად იგი მუსიკალურ კარიერასაც განაგრძობს. როგორც ინტერვიუს დასაწყისში გვითხრა, 25 დეკემბერს, კათოლიკურ შობას, ვატიკანის რადიოს ეთერში გავა მისი კლიპი, რომელიც რომის პაპ ფრანცისკს მიუძღვნა, როგორც მსოფლიოში ქრისტიანული ღირებულებების ერთ-ერთ უძლიერეს დამცველს.

“გარდა ამისა, ამ ჟესტით შევეცადე მადლობა გადამეხადა მისთვის იმ პოზიციის გამო, რომელიც აქვს სომხების გენოციდთან დაკავშირებით”, – განაცხადა ვიქტორია მაქსოევმა Dalma News-თან საუბრისას.

– ვიქტორია, ეს თქვენი პირველი დოკუმენტური ფილმია, გვიამბეთ მასზე?

– მანამდე გადავიღე სამი საბავშვო ფილმი სხვადასხვა სასწავლო პროექტების ფარგლებში. რუსულს ვასწავლიდი ჩვენ ლტოლვილ ბავშვებს, რომლებიც ფშავში წავიყვანეთ დასასვენებლად. მაშინ დავწერე სცენარი და გადავიღეთ ფილმები, მათი ჩვენება „კავკასიურ სახლში“ ვიწრო წრეში მოვაწყეთ. დოკუმენტური ფილმის გადაღებაში დამეხმარა სომეხი ოპერატორი გარიკ ადელიანი, რომელიც, ჩემდა გასაოცრად ძალიან კარგად იცნობდა ქართულ კულტურას. მან ქართული სიმღერებით გაამდიდრა ფილმი.

ფილმის გადაღების იდეა გამიჩნდა საქართველოში სომხეთის ყოფილ ელჩთან ჰოვჰანეს მანუკიანისთან ინტერვიუს შემდეგ, რომელმაც პირველმა მიამბო სომხეთში ქართული დიასპორის შესახებ. თავიდან, სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ სომხეთი იმდენად მონოეთნიკური ქვეყანაა, რომ იქ არ ცხოვრობდნენ სხვები. თურმე ქართველები სომხეთში არა მხოლოდ ცხოვრობენ, სტრუქტურიზებულები არიან ერთ საზოგადოებაში, აქვთ სათვისტომო “ივერია”. მისი დამაარსებელია მეცნიერი თინა ასათიანი, რომელიც სომხეთის სახელმწიფო პრემიით იყო დაჯილდოვებული, მან შექმნა საკვირაო სკოლა სადაც ბავშვებს ქართულ ენას ასწავლიან. დღეს მის საქმეს განაგრძობს ასევე შესანიშვანი ქალბატონი სვეტლანა ნამჩევაძე. ასწავლიან საქართველოს ისტორიას, ქართული ცეკვებს, მღერიან ქართულ სიმღერებს, ეს ყველაფერი ფილმში ვაჩვენეთ. ასევე გადავიღეთ ქალბატონები, რომლებიც უშვებენ გაზეთ “ივერიას”, აქვთ რადიო ქართულ ენაზე. იქაური ქართველები აღიარებენ, რომ ეს არის სომხეთის ხელისუფლების დამსახურება, რომ აქვთ შესაძლებლობა შეინარჩუნონ ნაციონალური იდენტობა.

– რით განსხვავდებიან სომხეთში მცხოვრები ქართველები და საქართველოში მცხოვრები სომხები?

– რა თქმა უნდა განსხვავება არის, პირველ რიგში ციფრებში, თუ საქართველოში სომხები ვართ 250 ათასამდე, იქ სხვადასხვა მონაცემბით 1000-მდე ქართველია ოფიციალურად, თუმცა, ძალიან ბევრი ქართველია იქ სამუშაოდ ჩასული. მაგალთად ფილმში ვაჩვენეთ ახალგაზრდა მამაკაცი, ქუთაისელი თენგო, რომელსაც სომხეთში თონე აქვს გახსნილი და მის პური დიდი პოპულარობით სარგებლობს. უფრო მეტად აქტიურები არიან ის ქართველი ქალბატონები, რომლებიც სომხებზე არიან გათხოვილები, ბრწყინვალედ იციან სომხური ენა და ცდილობენ შვილებს არ დაუკარგონ ქართული გენი.

– რამდენად ადაპტირებულები არიან ქართველი ქალები სომხურ ოჯახებში და, თუ ახერხებენ ქართული კულტურისა და წეს-ჩვეულებების სომხურთან შეთავსებას?

– სომხური და ქართული კულტურები ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. მაგალითად აქაურ სომხებს ძალიან ხშირად აქვთ სუფრაზე ქართული კერძები, შესაბამისად იქაც იგივენაირად ხდება. ქართველმა რძლებმა ბრწყინვალედ იციან სომხური ენა. მათი შვილები და შვილიშვილები სომხები არიან, მაგრამ, რაც ძალიან მომეწონა, ისე ზრდიან შვილებს, რომ მათ სისხლში ქართული გენი მძლავრობდეს. ეს პატარა ბავშვები სომხურ გვარს ატარებენ, მაგრამ ვალდებულად მიაჩნიათ თავი ისწავლონ ქართული ენა და ქართული კულტურა. ქართველებმა იქ შექმნეს პატარა ქართული კუნძული. მე ვნახე პატარა საქართველო სომხეთში და ძალიან გამიხარდა. ერთ-ერთი ქართველი ქალბატონი ნინო სპანდირაშვილი ფილმში ამბობს: – ძალიან გვინდა საქართველოს არ დავავიწყდეთ, რადგან საქართველოს დასაკარგი შვილები არ ჰყავსო.

სომხეთის მთავრობამ გამოჰყო შენობა, სადაც ქართულ დიასპორას, სხვა ეროვნულ უმცირესობებთან ერთად თავისი ოფისი აქვს. ფილმის გადაღებისას მოვხვდით ფესტივალზე, რომელსაც სომხეთის კულტურის სამინისტრო მართავდა. იქ იყვნენ წარმოდგენილი ებრაელებიც, რომლებიც ასევე კარგად არიან ადაპრირებულები სომხეთში. გადავიღეთ ასევე ასირიელები, ბერძნები, იეზიდები. სომხეთი თურმე მონოეთნიკური სახელმწიფო არ ყოფილა. ის ზრუნავს თავის ეროვნულ უმცირესობებზე.

– ქართული ცეკვისა და სიმღერის წრეებზე სომეხი ბავშვები თუ დადიან?

– როგორც სომხეთში საქართველოს ელჩმა თენგის შარმანაშვილმა გვითხრა, ქართული კულტურა ძალიან პოპულარულია სომხეთში. ქართულ ცეკვებზე დადიან სომხებიც. ზაფხულობით ხომ ბევრი სომეხი ჩამოდის საქართველოს ზღვისპირეთში დასასვენებლად, როდესაც ხედავენ ქართველების ცეკვას, ძალიან მოსწონთ. ბევრისგან მსმენია, რომ ქართულ ცეკვას თვითონაც სწავლობენ. ქართული სამზარეულოც იმდენად პოპულარულია სომხეთში, რომ, ელჩის თქმით, ყოველ წელს ერთი-ორი ახალი ქართული რესტორანი იხსნება. ერევანში ვეწვიეთ რესტორან “თბილისოს”. როგორც რესტორნის მეპატრონე, სომეხმა ქალბატონმა არმინემ გვითხრა, რესტორნისთვის სუნელებსა და ნიგოზს საქართველოში ყიდულობს. შესაბამისად ძალიან გემრიელი კერძები აქვთ, თავი საქართველოში გეგონებათ. რესტორანში ორი ქანდაკება აქვთ, მომღერალ ვახტანგ კიკაბიძისა და ფილმიდან “მიმინო”.

– თავად თუ გიყვართ ქართული სამზარეულო?

– ძალიან. აქაურ სომხებს სუფრაზე ყოველთვის გვაქვს ფხალეულობა, საცივი, ბაჟე და სხვა. პირადად ჩემთვის ქართული სამზარეულო უფრო ახლობელია, მაგრამ სომხური ტოლმა ყოველთვის პრიორიტეტულია. ძალიან გემრიელ ტოლმას ვამზადებ, ამ საქმის ექსპერტი ვარ.

– როგორია თქვენი თვალით დანახული ქართულ – სომხური ურთიერთობები დღეს?

– ქართულ-სომხური ურთიერთობები ორივე მხარისთვის უმნიშვნელოვანესია. თუნდათ ეკონომიკური თვალსაზრისით. საქართველოს სომხეთთან აქვს პოზიტიური სავაჭრო სალდო. სომხეთში ექსპორტით გაგვაქვს უფრო მეტი, ვიდრე ჩვენთან შემოდის სომხეთიდან. საქართველოს გავლით გადის სომხეთის ტრანზიტიც. ის ჩვენთვის ძალიან კარგი პარტნიორია. გარდა ამისა, ორივე ვართ ქრსიტიანული ერები და სტრატეგიულობის თვალსაზირისით ეს ურთიერთობები შესანარჩუნებელია.

რაც შეეხება პრობლემებს, არაფერია ისეთი რის მოგვარებაც არ შეგვიძლია. მაგალითად, ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის პრობლემა საქართველოში უფრო მწვავედ იდგა დაახლოებით 10 წლის წინათ, ახლა ეს საკითხი გაიოლდა. დღეს უკვე არსებობს სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც არაქართველ სტუდენტებს აძლევს საშუალებას, ჩააბარონ უმაღლეს სასწავლებლებში. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვიცი სამცხე-ჯავახეთიდან ვინც სწავლობს ქართულ უნივერსიტეტებში, ბრწყინვალედ ფლობენ ქართულ ენას და თქვენ წარმოიდგინეთ, ასპროცენტიანი გრანტებიც აქვთ.

– ალბათ, არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ქართული დიასპორის შესახებ მსგავსი ფილმი ჯერ არ გადაუღიათ. თუ აპირებთ ასეთივე ფილმი გადაიღოთ საქართველოში მცხოვრებ სომხებზე?

– ძალიან კარგი იდეაა, მაგრამ ეს ცოტა რთული იქნება, რადგან საქართველოში სომხური დიასპორა უფრო დიდია. სხვადასხვა ორგანიზაციებია და ყველა მათგანს ცალკე ფილმი უნდა მიუძღვნა. ჩვენ უნდა გადავიღოთ ფილმები ქართული დიასპორების შესახებ. იმდენად ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომ შეგვიალია მათ შესახებ კიდევ ბევრი ფილმი გადავიღოთ. 40 წუთიან ფილმში ვერ ჩავტევდით მთელს დიასპორას. ეს პირველი ნაბიჯი იყო.

– ფილმს ერევნის მაყურებელიც ნახავს?

– სომხეთიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ სურთ ფილმი იქაურმა საზოგადოებამაც ნახოს: – სომხებს გვგონია, რომ აქ არ გვყავს ნაციონალური უნცირესობები და არაფერი ვიცოდით მათ შესახებო. სავარაუდოდ ფილმი ერევანში რუსული ტიტრებით გავა.

– თქვენის აზრით, რამდენად ეფექტიანად მუშაობს საქართველოს ხელისუფლება ქართულ დიასპორებთან და რა ხარვეზებია გამოსასწორებელი?

– ვერ ვიტყვი, რომ დიასპორის სამინისტროს ბევრი საშუალებები აქვს საიმისოდ, რომ ქართულ დიასპორებს მიაქციონ ყურადღება. ცდილობენ ამ საკითხში სომხეთისგან ისწავლონ. სომხეთს ძალიან ძლიერი დიაპორები ჰყავს საზღვარგარეთ და კარგი ტრადიციაც აქვთ, დიასპორაც ზრუნავს სომხეთზე. რუსეთსა და აშშ-ში უმდიდრესი დიასპორა ჰყავთ. სამწუხაროდ საქართველოს საზღვარგარეთ ძლიერი დიასპორები არ ჰყავს. შვეიცარიის ელჩთან მქონდა ინტერვიუ, რომელმაც მითხრა, რომ სომხური დიასპორა იცავს თავის იდენტობას, მაგრამ ქართული დიასპორა ჟენევაში საერთოდ არ სჩანს. სომხური დიაპორა უფრო ინსტიტუციონალიზებულია, რაც კარგია, იმაში უნდა მივბაძოთ და დავამყაროთ უკეთესი ურთიერთობა დიაპოსრებთან. ამისთვის ფინანსებია საჭიროა.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი