საქართველოს პოლიტიკურად დაძაბული შემოდგომა უდგას. 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებია. ვინ იქნება ხალხის რჩეული დანამდვილებით ვერავინ ამბობს. სხვადასხვა პარტიის კვლევებს თუ დავეყრდნობით, პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის სამნი ლიდერობენ, მათ შორის ორი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანია.
შემთხვევით, ალბათ, არაფერი ხდება სამყაროში, პოლიტიკაში კი მით უმეტეს. ბოლო ხანებში ქართულ მედიასივრცეში ერთმანეთის მიყოლებით საჯაროვდება ფარული ნაჩაწერები. ჯერ იყო ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა ამხილა მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ფულის გამოძალვაში. როგორც ოქუაშვილი ირწმუნება, ივანიშვილი, სპორტის ყოფილი მინისტრის, დავით ყიფიანის ხელით მას 4 მლნ (აშშ დოლარს თუ ლარს გაურკვეველია) სთხოვდა “პატრიოტთა ალიანსის”, ანუ იმ პარტიის დასაფინანსებლად, რომლის წევრებიც იყვნენ თავად ოქუაშვილი და მისი მეუღლე.
ეს რომ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა გაიგეს, განაწყენდნენ და სამართლიანადაც. ჯერ ერთი, რომ პარტიაში ნატო ჩხეიძე და ზაზა ოქუაშვილი, საკუთარი სურვილით, 2016 წელს გაწევრიანდნენ, მეორე ის, რომ პარტიაში ნატო ჩხეიძის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებში წარსადგენად განიხილავდნენ, ეს თავად ნატოსაც სურდა. თუმცა საარჩევნო პროცესის დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს თანაპარტიელებთან აზუსტებდა. არკვევდა რა ფინანსურ წვლილს შეიტანდა ამ საქმეში პარტია და მთლიანად მას ხომ არ მოუწევდა ფულის გაღება.
“პატრიოტთა ალიანსში” არ სჯერათ, რომ ბიძინა ივანიშვილს მათზე ფიქრით აღარ სძინავს და მათთვის ფინანსური წყაროს ძიებაშია. „თქვე დალოცვილებო, ჩვენ არასდროს არაფერი გვითხოვია. გასაოცარია, რომ ვიღაც სხვა გთხოვთ ჩვენს დაფინანსებას?!”, – აცხადებს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, დეპუტატი ირმა ინაშვილი და დარწმუნებულია, რომ ამ საქმეში “ნაციონალური მოძრაობის” ხელი ურევია.
ზაზა ოქუაშვილის მიერ შეგროვებულ კომპრომატებს ბოლო აღარ უჩანს. მთავრობაში კი ამბობენ, რომ ბიზნესმენს ბიუჯეტის 51 მილიონიანი დავალიანება აქვს და ფარული ჩანაწერების სერიალებიც ამას უკავშირდება; ცდილობს საზოგადოებაში შექმნას განწყობა, თითქოს “ქართული ოცნება” მას და სიტყვის თავისუფლებას ებრძვის. სიტყვის თავისუფლებას იმიტომ, რომ კომპანია “ომეგა ჯგუფის” მფლობელი ტელეკომპანია “იბერიას” დამფუძნებელიც არის და ოქუაშვილი ფინანსური ზარალი, მის მიერ დასაქმებული ჟურნალისტების ფინანსური ზარალია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერს სათანადო პასუხი გაეცემა. დეპუტატის თქმით, “ომეგა ჯგუფის” ჩანაწერები სერიალივით დაიწყო და ყოველ ჯერზე საზოგადოებას ახალ ამბავს უყვება. ქანთარიას აზრით, ჩანაწერების ავტორი თავად ოქუაშვილია. ისინი შავი დღისთვის აქვს შეგროვებული, თუმცა რა ფუნქციით, გაურკვეველია.
“ყოვლად წარმოუდგენელია, რომ ნებისმიერმა ბიზნესმა მიიბას ტელევიზია და ამით, ის ფაქტობრივად გათავისუფლდეს გარკვეული ვალდებულებებისგან. გადასახადი გადასახადია, მას რამდენჯერმე გაუწიეს შეღავათი და გადაუვადეს”, – აცხადებს ნუკრი ქანთარია.
ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ “ომეგა ჯგუფს” 51 მლნ 717 ათასი ლარის საგადასახადო დავალიანების ძირითადი ნაწილი, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობის შედეგად დაუგროვდა. თანხის გადაუხდელობის გამო, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიება – ყადაღა.
ზაზა ოქუაშვილის ფარული ჩანაწერებით სკანდალში, საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ლევან ყიფიანი გაეხვა. შედეგად მან თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით ექსპერტიზამ ჩანაწერის არაავთენტურობის დასკვნა დადო. ყიფიანმა კი გამოძიებას ოქუაშვილის სერიალების საკუთარი ვარიანტი უამბო. კერძოდ, საუბარია ქართული თამბაქოს აღორძინების იდეაზე, რომელიც ივანიშვილს გააცნეს. მან იდეა მოიწონა და პროექტის დაფინანსების მზაობა გამოთქვა.
“თამბაქოს პლანტაციები უნდა გაგვეშენებინა და ქართული თუთუნის ბაზაზე მაღალი ხარისხის სიგარეტი და სიგარები გვეწარმოებინა, რომელიც ექსპორტზე გავიდოდა. ეს იყო საკმაოდ ძვირიანი პროექტი. დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარი ჯდებოდა…გადავწყვიტეთ, დახმარება ივანიშვილისთვის გვეთხოვა”, – აცხადებს ყიფიანი.
იმის გათვალისწინებით, რომ ქართული თამბაქოს სფეროში ოპერირებდა ზაზა ოქუაშვილი და ივანე ჩხარტიშვილი, ბიძინა ივანიშვილმა პროექტის პერსპექტივა ამ ორი კომპანიის ძალების გაერთიანებაში დაინახა. იდეის თანახმად ისინი ბიზნესში 20-20%-ით, ანუ 2-2 მლნ აშშ დოლარით შევიდოდნენ, ხოლო დანარჩენ თანხას მთლიანად ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებდა.
ლევან ყიფიანის ვერსიას ამყარებს “ომეგა ჯგუფის” კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, სადაც ოქუაშვილი და მისი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლები სიგარეტის ბაზრის განაწილების გეგმას განიხილავენ. ჩანაწერში საუბარია სიგარეტის რეალიზაციიდან 50%-იანი წილის “ქართული ოცნების” ფონდისთვის გადაცემაზე. კიდევ ერთ ფარულ აუდიოჩანაწერში საუბარია იმაზე, რომ თითოეული სიგარეტის კოლოფის რეალიზაციის შედეგად ქართული ოცნების ფონდში 2.5 თეთრი უნდა წავიდეს.
ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება გრძელდება. ამ დღეებში ომეგა -ფილმის კიდევ ერთი ფარული ვიდეო იხილა საზოგადოებამ.
“ჯერ ჩავარდა პირველი სპექტაკლი, მერე მეორე და ახლა გვთავაზობენ პირველი ჩავარდნილი სპექტაკლის მეორე სერიას, რაც სასაცილოა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ამ საკითხებზე მსჯელობა უკვე აქტუალურიც აღარ არის.
“ჯობდა, სხვა გარემოში წარმართულიყო საარჩევნო კამპანია, ევროპულ სტილში და ჯობდა, კანდიდატებს ესაუბრათ საკუთარ ხედვებზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ომეგა-ფილმის პროდუქციას სხვა ჩანაწერებიც მიჰყვა, ამჯერად თემა ბიზნესიდან კრიმინალით შეიცვალა. რაც ყველაზე საყურადღებოა, ყველა ამ “ფილმის” ექსკლუზიურად ჩვენების უპირატესობა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს აქვს.
2017 წლის დეკემბერში თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 13-მა თანატოლმა მოკლა. ერთ-ერთი მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე, შვილის მკვლელის პოვნას ხელისუფლებისგან დღემდე ითხოვს. იგი მტკიცებულებების გაყალბებასა და მოწმეების დაშინებაში, მკვლელობის მონაწილე ერთ-ერთი ბავშვის მამას, ყოფილ პროკურორ მირზა სუბელიანს ამხელს. სუბელიანი რამდენიმე თვეა პატიმრობაში იმყოფება. წინასაარჩევნო პერიოდში კი ციხიდან ახალი ფარული ჩანაწერები გამოაქვთ, სადაც ის დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს შეხვდა. ჩანაწერში სუბელიანი ხელისუფლებასთან გარიგებაზე და დანაშაულის მოწმე სხვა ბაშვების მიმართ სასტიკ მოპყრობაზე საუბრობს.
მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ საქმე ფარული ჩანაწერის უკანონო მოპოვების მუხლით აღძრა. მოგვიანებით კი საზოგადოებას აცნობეს, რომ პირი, რომელმაც სუბელიანის დეპუტატთან შეხვედრა ფარულად ჩაიწერა, პენიტენციალური დაწესებულების თანამშრომელია და მას ამის გაკეთება აიძულეს. ჩანაწერის გასაჯაროვებას მოჰყვა ის, რომ ბრალდებულმა ციხეში თავის მოკვლა სცადა, დეპუტატს კი მოუხდა განმარტებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რომ ციხეში სუბელიანის ოჯახის თხოვნით შევიდა და რომ ეს მისი ვალდებულებაა, როგორც დეპუტატის, მივიდეს ყველა ამომრჩეველთან, ვისაც მასთან შეხვედრა სურს.
სუბელიანის ფარულ ჩანაწერებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, გოგა ხაინდრავას გვარმაც გაიჟღერა, სადაც საუბარია ბრალდებულის მიერ მისთვის წერილის გაგზავნაზე.
როგორც Dama News-ს გოგა ხაინდრავამ განუცხადა, მირზა სუბელიანი დღეს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანია. ყოფილი პროკურორი, რომელიც წლების განმავლობაში დამნაშავეებს უშვებდა ციხეში, დღეს მათ გვერდით აღმოჩნდა და ცდილობს როგორმე დააღწიოს თავი ამ ვითარებას. წერილს რაც შეეხება, ხაინდრავა ამბობს, რომ ციხიდან არაფერი მიუღია, თუმცა რომ მიეღო, აუცილებლად გაასაჯაროვებდა.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ არ უსმენს ტელეეთერით გადაცემულ ფარულ ჩანაწერებს, რადგან მიაჩნია, რომ ადამიანებზე მიყურადებისა და თვალთვალის ეპოქა ქვეყანამ გაიარა, ხოლო ფარული ჩანაწერების გასაჯაროება არის ის კოშმარი, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს ამყოფოს ქვეყანა.
ფარული ჩანაწერების სცენარის ავტორებმა შედეგად მიიღეს ის, რომ ბოლო ერთი თვეა მოქალაქეებს აქვთ განცდა, რომ მათ უსმენენ, აკვირდებიან, იწერენ და საეთეროდ ამზადებენ, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ახლა ამას აკეთებს არა ხელისუფლება, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” დროს ხდებოდა, არამედ ის ძალა, ვისაც სახელისუფლებო ინსტიტუტების უსუსურობის დამტკიცება სურს. ყველა შემთხვევაში ადამიანები თავს დაუცველად გრძნობენ, პირველ რიგში კი დეპუტატები და სახელმწიფო მოხელეები.
“ყველა ფიქრობს, დღეს ვის ესაუბრა, რა თემაზე ესაუბრა, გვერდით ვინ იდგა, სად იყო დამაგრებული ვიდეოთვალი, რამე ხომ არ წამოსცდა და ა.შ. რიგითი ადამიანები ფიქრობენ, დეპუტატის საუბარს იწერენ ციხეში და მე რას მიზამენო? – ვეუბნები,- რასაც საჯაროდ ლაპარაკობთ, პირადი შეხვედრებისას იგივე გაიმეორეთ, ერთადერთი გამოსავალი საჯაროობაშია, მაგრამ მპასუხობენ: რომ დაამონტაჟონ ჩემი სიტყვები და სულ სხვა შინაარსის საუბარი გამივრცელონ, მერე რომელი ხიდიდან გადავხტეო?!”, – ამგვარად აღწერს შექმნილ ვითარებას დეპუტატი ირმა ინაშვილი.
უფლებადამცველები კი ამბობენ, არჩევნების წინ ფარული ჩანაწერების ტირაჟირება, ქართული პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელ ნაწილად იქცა. ამ ყველაფერში კი ცუდი ის არის, რომ ხელისუფლება დროს და თანხებს ხარჯავს იმაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ პროვოცირებული და ხშრად შეთხზული ცრუ ინფორმაციები გააბათილონ.
გიორგი ქართველი