კორონავირუსის მსოფლიო პანდემიამ ადამიანების ჯანმრთელობის შემდეგ, თუ რამეს მიაყენა მომაკვდინებელი დარტყმა, პირველ რიგში ქართულ ეკონომიკას. უცხოურ ინვესტიციებზე, ფულად გზავნილებსა და საერთაშორისო ტურიზმზე ჩამოკიდებული ქვეყანა ნოკდაუნის მდგომარეობიდან ნელ–ნელა გამოდის, თუმცა წინ ახალი გამოწვევებია, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. აიცილებს კი, ახალ ნოკდაუნს საქართველო Covid-19-ის II ტალღის შემთხვევაში? – ამ მთავარი კითხვით Dalma News–მა ეკონომიკის სფეროს ექსპერტებს მიმართა. პირველი ნოკდაუნის შედეგია, – გაჩერებული ბიზნესი, გაზრდილი საგარეო ვალი, კიდევ უფრო დამძიმებული სოციალური ფონი.
– ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკამ კრიზისიდან გამოსვლა დაიწყო, რამდენად საფუძვლიანია მისი ეს განცხადება?
პაატა ბაირახტარი: ჩვენს ეკონომიკას კრიზისიდან გამოსვლის არაფერი ეტყობა, კრიზისი საკმაოდ ღრმა არის. ეკონომიკის მინისტრს შეუძლია ნახოს ის ნეგატიური ეკონომიკური ზრდა, რომელიც გვაქვს. ის, რომ რეცესია 14%-დან 4-5%-ზე ჩამოვიდა, იმას არ ნიშნავს, რომ ეკონომიკა კრიზისიდან გამოვიდა. კაბალური შეზღუდვების წინააღმდეგი ვიყავი პანდემიის პირველი ტალღის დროსაც. ახლა კი, მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ ახალ შეზღუდვებს არ აპირებენ. იმ დროს, როცა ქვეყანაში კორონავირუსით 30 ინფიცირებული გვყავდა, ეკონომიკა ჩაკეტეს, დღეს კი, 170 ინფიცირებულზე იმავეს არ აპირებენ. ძალიან მარტივად დგას საკითხი, ქვეყნის მთელი ეკონომიკა გაიწირა იმ ფინანსური დახმარების იმედად, რომელიც საერთაშორისო დონორებისგან მიიღო საქართველომ. დღეს უკვე, როდესაც, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აღარ აპირებს საქართველოს დახმარებას, გამოდიან და ამბობენ, რომ არანაირ შეზღუდვებს არ აპირებენ. მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ჯანდაცვის სისტემა უფრო მომზადებულია, ვიდრე პანდემიის პირველი ტალღის დროს იყო, არის აბსურდული. ჩვენ არ გვაქვს ჯანდაცვის ისეთი სისტემა, რომელსაც შეეძლება იმგვარად გადაწყობა, რომ 30 ინფიცირებული საფრთხის შემცველი იყოს და 150 საფრთხეს არ ქმნიდეს. კრიზისიდან, რომელ გამოსვლაზეა საუბარი, როდესაც მთელი რიგი სექტორები დაკეტილია და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.
გიორგი ცუცქირიძე: რაც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, დადასტურებული ფაქტია. ბოლო თვეების, მაგალითად ივნის-აგვისტოს პერიოდი აპრილ-მაისს რომ შევადაროთ, როცა მოხდა ეკონომიკის ჩაკეტვა, ვარდნა იყო ძალიან მაღალი მაჩვენებლით, 16%-ს აღწევდა. შემდეგ უკვე, როცა შეზღუდვები მოიხსნა, ვხედავთ, რომ ბოლო თვეებში ვარდნის ტემპი არის მნიშვნელოვნად შენელებული, თუმცა 4,8% გვაქვს. ვარდნის ის მაჩვენებელი, რომელიც იყო ნოკდაუნის პერიოდში, შეიცვალა მას შემდეგ, რაც მოიხსნა შეზღუდვები. ეკონომიკამ დაიწყო გამოსვლა ვარდნის ამ ფაზიდან, თუმცა ვარდნა ისევ გრძელდება. ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება, – სავალუტო ფონდის, თუ აზიის განვითარების ბანკის. ევროკავშირის ზონაში ვარდნა საშუალოდ 8 %-მდეა. გლობალური ეკონომიკის ვარდნა დაახლოებით 15%-ია. აზიის განვითარების ბანკი ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკა იმაზე უფრო სწრაფად ჯანსაღდება, ვიდრე მანამდე იყო. ჩვენი ეკონომიკა ზრდის ტენდენციებზე გასვლას უკვე მომავალი წლიდან დაიწყებს და 2022 წლისთვის იმ სასტარტო მაჩვენებელს დაუბრუნდება, რაც პანდემიამდე იყო. ეს არის საკმაოდ სწრაფი გამოსვლა რეცესიის ციკლიდან.
– როგორ დაახასიათებთ საქართველოს ეკონომიკის არსებულ მდგომარეობას ვაჭრობის, საქონელბრუნვის, ინვესტიციების და ფულადი გადარიცხვების კუთხით?
პაატა ბაირახტარი: ეს პანდემია იმით არის განსხვავებული, რომ ჩვენ ე.წ ჯვარედინი შოკები – მიწოდების და მოხმარების შოკი გვქონდა. გარკვეულწილად, ადამიანებს აღარ ჰქონდათ იმის რესურსი, რომ დანახარჯები გაეკეთებინათ. მათ შეუმცირდათ შემოსავალი და ვეღარ ახერხებდნენ სხვადასხვა მოთხოვნის მყიდველობით დაკმაყოფილება. ამან, თავის მხრივ, მიწოდების შოკები გამოიწვია, იმიტომ, რომ შეგვიმცირდა, როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი. იმპორტი თუ მცირდება, როგორც წესი, განპირობებულია სხვადასხვა მიზეზებით. ეს ქვეყნისთვის ნეგატიური შედეგის მომტანი არ არის. იმპორტი, თუ მცირდება ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი კონკურენცია იზრდება. მაგრამ იმპორტი მოსახლეობის მყიდველობითუნარიანობის დაცემის ხარჯზე, თუ მცირდება, ეს გაცილებით უფრო დიდ პრობლემებს იწვევს, ვიდრე დადებით შედეგებს. ზოგადად იმპორტის შემცირება კარგია, თუ ეს ხდება ადგილობრივი წარმოების განვითარებით. ინვესტიციებს რაც შეეხება, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ მსოფლიო კრიზისია და ინვესტიციების შემცირება ბუნებრივიაო. კი ბატონო. მაგრამ შეგიძლიათ ნახოთ წინა წლის მონაცემები, როცა არანაირი პანდემია არ იყო, მეორე კვარტალში ინვესტიციების მოცულობას მიმდინარე წლის მეორე კვარტალმა გადაასწრო. აქედან გამომდინარე საუბარი იმაზე, რომ ყველაფერი კარგად არის და კრიზისიდან გამოვდივართ, ჩემთვის გაუგებარია.
გიორგი ცუცქირიძე: უცხოური ინვესტიციების მიმართულებით საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებელი გვაქვს. ამას მოწმობს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებიც. რეინვესტირების მაჩვენებელია ის, კომპანიებს მოგების წილი დივიდენდების სახით გააქვთ, თუ ტოვებენ ქართულ ეკონომიკაში. თუ ნდობა არ არის, ინვესტორი ფულს გაიტანს, თუ დატოვებს? ბუნებრივია, გაიტანს. როდის ტოვებს ინვესტორი ფულს ეკონომიკაში, როცა მას აქვს მოლოდინი, რომ ვარდნა, რომელიც Covid ვირუსმა გამოიწვია, მალე გაჯანსაღდება. ეს არის პერსპექტივაში ეკონომიკის შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორი.
– როგორ შეაფასებთ საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას? რომელ სფეროზე აისახა ის დადებითად და რაზე არის აუცილებელი ყურადღების გამახვილება?
პაატა ბაირახტარი: ჩვენ გვაქვს ეკონომიკის სექტორები, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში მუშაობის უფლება არ მისცეს. გარკვეული სფეროების მიმართ კი, შერჩევითი მიდგომა არსებობს, მათ შორის, უძრავი ქონების ბაზრის დახმარება. ამ მიმართულებით მთავრობამ 2 პროგრამა აამუშავა: ერთია საგარანტიო აუქციონი და მეორე, იპოთეკური სესხის თანადაფინანსება. ეს კარგია, მაგრამ რა დააშავეს სხვა სექტორებმა? შესაძლოა, მკითხველმა თქვას, რომ ამის ფინანსური რესურსი არ გააჩნდა ქვეყანას. მაშინ უკეთესი იქნებოდა ბისნესსესხების სუბსიდირება, რაც ყველა სექტორს მისწვდებოდა. სოფლის მეურნეობის დახმარების მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაოდგა, თუმცა ხარვეზები იყო, იგივე დიზელის ვაუჩერზე. პრემიერის განცხადებიდან გამომდინარე, ყველამ გაიგო, რომ 1-ლარამდე შეღავათით უნდა ესარგებლათ დიზელის შეძენის შემთხვევაში. მერე პრემიერის სიტყვების შესწორება დაიწყეს, თითქოს 1 ლარამდე კი არა 1 ლარის მიდამოებში იყო და მერე აღმოჩნდა, რომ თურმე 30 თეთრი ყოფილა. ასეთ ლაფსუსებს თუ არ ჩავთვლით, სოფლის მეურნეობის დასახმარებლად მეტ-ნაკლებად პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ იყო გარკვეული ხარვეზები.
გიორგი ცუცქირიძე: აზიის განვითარების ბანკის ბოლო ანგარიშში საქართველოს ანტიკრიზისული გეგმა საკმაოდ ეფექტიანად არის შეფასებული. მიუხედავად იმისა, რომ წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკას დიდი ვარდნა ჰქონდა, რაც გამოწვეული იყო ობიექტური ფაქტორით, – ტურიზმი ყველგან გაჩერდა, ეს ჩვენზე არ იყო დამოკიდებული. რადგან ტურიზმი იყო ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი წამყვანი გენერატორი თავისი მკვებავი დარგებით, ამან ბუნებრივია გამოიწვია ეკონომიკის ვარდნა. მაგრამ თქვენ დააკვირდით ერთ რამეს, ეკონომიკა იმაზე სწრაფად ჯანსაღდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ეს ხდება რის ხარჯზე? მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების ხარჯზე – ბიზნესის, მათ შორის სასტუმროების და შიდა ტურიზმის სტიმულირება. მართალია შიდა ტურიზმი ვერასდროს სრულყოფილად ვერ ჩაანაცვლებს საერთაშორისო ტურიზმს, მაგრამ შიდა ტურიზმმა ხომ დაიწყო უკვე ფუნქციონირება. ამ ზაფხულს საკმაოდ გადატვირთული იყო საქართველს საკურორტო რეგიონები, როგორიც არის ზღვისპირეთი, კახეთი. შიდა ტურიზმმა თავისი როლი შეასრულა. შოკიდან გამოსვლა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკამ ტურიზმიდან მიიღო, მომავალ წელს დაიწყება, ამას გვეუბნება აზიის განვითარების ბანკი. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიმართ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება არის დადებითი. აზიის განვითარების ბანკი არის საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი, ის საკმაოდ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს ქვეყანაში, როგორიც არის სატრანსპორტო დერეფნები.
– როგორ გესახებათ საქართველოს ეროვნული ვალუტის მომავალი, რა ფაქტორები მოქმედებს მის გაუფასურებაზე?
პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ვალუტაზე ძალიან ბევრი ასპექტი მოქმედებს, როგორც ეკონომიკური გუნდის, ისე მონეტარული ხელისუფლების, ანუ ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები. პროცესებს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება იწყება მყისიერად, როგორც კი საკოორდინაციო საბჭოში ახალ ეკონომიკურ შეზღუდვებზე განაცხადეს. ეკონომიკაში არსებობს ასეთი ტერმინი – ფსიქოლოგიური ფაქტორები და მისი გადაცემა ეკონომიკაზე და ეროვნულ ვალუტაზე. ფსიქოლოგიურ ფაქტორებს გააჩნია ის თავისებურება, რომ მისი გადაცემა ეროვნულ ვალუტაზე არის მყისიერი. როდესაც ერთხელ უკვე გავატარეთ გარკვეული შეზღუდვები და ქვეყნის ეკონომიკა დავხურეთ, ხოლო ეროვნულმა ვალუტამ დაიწყო გაუფასურება და რეკორდიც კი მოხსნა, ბუნებრივია, როცა სავალუტო ვაჭრობის მონაწილეები იგებენ, რომ შეზღუდვების ახალი ტალღა იწყება, ისინი ყურადღებას აღარ აქცევენ, რა ტიპის შეზღუდვებია, იწყებენ გარკვეული თადარიგის დაჭერას და თავიანთი დანაზოგების სხვა, უფრო მყარ ვალუტაში გადატანას ეროვნული ვალუტის პოტენციური გაუფასურების თავიდან ასაცილებლად. ამდენად, ფსიქოლოგიური ფაქტორები გადადის ტექნიკურ ჭრილში, ზრდის წნეხს ეროვნულ ვალუტაზე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, რასაც შეგვიძლია დაუკავშიროთ ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი დევალვაცია. აქ არის კიდევ გარკვეული ფაქტორები, რომლებიც მონეტარულ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ლარის კურსზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ფულის მასის ზრდასაც, მაგრამ არსებულ რეალობაში ეს არის ეკონომიკური გუნდის გადაწყვეტილება.
გიორგი ცუცქირიძე: ლარის გაუფასურებას იწვევს ის, როცა საგადამხდელო ბალანსი უარესდება. შემცირდა, როგორც მოქალაქეების ისე ბიზნესის შემოსავალი; შემცირდა ექსპორტი, თუმცა, ექსპორტის ვარდნა ნაკლებია, ვიდრე იმპორტის. ეს ყველაფერი ლარის კურსზე აისახა. ეს არ არის კატასტროფის მაჩვენებელი. როგორია ბოლო დღეების სტატისტიკა? კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რიცხვი იზრდება, მაგრამ მთავრობა არ აპირებს ნოკდაუნის გამოცხადებას, როგორც ეს წლის დასაწყისში იყო. თუ ექსპორტი იზრდება იმაზე მეტად, ვიდრე იმპორტი, ეს ნიშნავს, რომ წმინდა ექსპორტი არის პოზიტიური. ეს ვალუტის კურსზე, უკვე პოზიტიურად აისახება.
– მაგრამ, მეორე მხრივ, თუ იმპორტის შემცირებას მოხმარების შემცირება იწვევს?
გიორგი ცუცქირიძე: ნავთობპროდუქტები არის იმპორტის მნიშვნელოვანი წყარო. მას, რაც უფრო ნაკლებად მოვიხმართ, ის მცირდება. ის ღონისძიებები, რომლებიც მთავრობამ გადადგა – ბიზნესის სტიმულირების, ჯანდაცვისა და სოციალური პაკეტები, ეს ყველაფერი მოხმარების სტიმულირებისთვის არის. აქედან გამომდინარე შეფასება, რომ ეკონომიკური ზრდა განპირობებულია მოსახლეობის მყიდველუნარიანობის შემცირებით, არასწორია. მთავრობამ, იგივე ერთჯერადი დახმარებებით, მაგალითად 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ფულადი დახმარების გაცემით ხელი შეუწყო მოსახლეობის მყიდველუნარიანობის ზრდას. ეს ფული ხომ დახარჯეს ადამიანებმა? ჩვენ უნდა შევხედოთ ჯამში ეკონომიკა იზრდება თუ არა. როცა გაიზრდება ადამიანების შემოსავალი, იმპორტიც გაიზრდება.
– საქართველო პანდემიის II ტალღის მოლოდინშია, დაიკეტება თუ არა ამჯერადაც ქვეყნის ეკონომიკა?
პაატა ბაირახტარი: ეკონომიკის დახურვას, არც პანდემიის პირველი ტალღის დროს ვუჭერდი მხარს. მით უმეტეს, მაშინ არ იყო ამის საჭიროება. დღეს ეს ლოგიკურიც იქნებოდა. მაშინ ეს გაკეთდა იმის იმედით, რომ საგარეო დახმარება მოვიდოდა და ეს გადაარჩენდა ეკონომიკას. ეკონომიკის კიდევ ერთხელ დახურვა დამანგრეველი იქნება ქვეყნისთვის. ამას აცნობიერებს მთავრობაც და ამბობენ, – არ ვაპირებთ ფართომასშტაბიანი შეზღუდვების დაწესებასო.
გიორგი ცუცქირიძე: ის გამოცდილება, რომელიც საქართველომ და ევროკავშირმაც მიიღო, სხვათა შორის, არც ევროკავშირი აპირებს ნოკდაუნის გამოცხადებას, აჩვენებს, რომ ტრენდი არის შეცვლილი. მართალია გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, მაგრამ ფატალური შედეგები ხომ არ გაზრდილა? მთავრობა აღარ აპირებს ეკონომიკის ჩაკეტვას, გამკაცრდება გარკვეული რეგულაციები, მაგრამ აღარ შევალთ იგივე კრიზისში, რაშიც წლის დასაწყისში აღმოვჩნდით. მთავრობის ანტიკრიზისული მენეჯმენტი, გამოცდილება, რომელიც წლის დასაწყიში მიიღო აძლევს მას იმის საშუალებას, რომ ეკონომიკა აღარ ჩაკეტოს. ბიზნესის გაჩერება, შემოსავლების შემცირება და სოციალური ხარჯების ზრდა იწვევს ბიუჯეტის დეფიციტს. ლარის კურსი პირდაპირ არის მიბმული ეკონომიკის ზრდაზე.
ესაუბრა შორენა პაპაშვილი
Паата Байрахтари: Даже во время первой волны пандемии я закрытие экономики не поддерживал. Тем более, что необходимости в этом тогда не было. Сегодня это было бы логическим. Тогда это было сделано в надежде на поступление иностранной помощи и это спасло бы экономику. Очередное закрытие экономики будет разрушительным для страны. Это осознают и в правительстве и говорят, что не собираются вводить новые ограничения.
Георгий Цуцкиридзе: Опыт, который получили Грузия и Евросоюз, между прочим, и Евросоюз не собирается объявлять локдаун, показывает, что тренд изменился. Правда, выросло количество инфицированных, но фатальные последствия же не выросли? Правительство не собирается закрывать экономику, определенные регуляции будут ужесточены, но мы не войдем в тот кризис, в котором оказались в начале года. Антикризисный менеджмент правительства, опыт, который оно получило в начале года, дает возможность для того, чтобы не закрыть экономику. Остановка бизнеса, сокращение доходов и рост социальных расходов вызывают дефицит бюджета. Курс лари напрямую привязан к экономическому росту.
Беседовала Шорена Папашвили