მეათე წელია საქართველოში 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. ეს თარიღი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია მეორის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა და მოიცავს ერთკვირიან მსვლელობას რიზედან თბილისამდე. 10 წლის თავზე, 17 მაისი საქართველოში უქმედ გამოცხადდა.
წლევანდელი ღონისძიების მასშტაბმა და ხალხის სიმრავლემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. უპრეცედენტოდ ხალხმრავალი საზეიმო მსვლელობები გაიმართა მცხეთაში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში. ეს დღე ქვეყნის ყველა რეგიონში განსაკუთრებულად აღინიშნა.
17 მაისს თბილისის მთავარი გამზირიც დილიდან ხალხით გაივსო. აქ იყვნენ სხვადასხვა ასაკისა და ეროვნები ადამიანები. წინა დღეების გადაუღებელი წვიმების შემდეგ, დღესასწაულს თბილისში უჩვეულოდ მზიანი ამინდი დაემთხვა, რამაც ქუჩაში მყოფთა ამაღლებულ განწყობაზეც იქონია გავლენა. ადამიანები ქუჩაში ოჯახებით გამოვიდნენ. ახალგაზრდა წყვილები მცირეწლოვანი და ჩვილი ბავშვებითაც კი იყვნენ. ზოგ მათგანს ქართული ეროვნული სამოსი ემოსა.
ხალხი რუსთაველის გამზირზე მდებარე ქაშვეთის ეკლესიაში პარაკლისში მონაწილეობისთვის დილიდან შეიკრიბა. ტრადიციისამებრ, 11 მაისს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სამღვდელოებამ წმ. ანდრია მოციქულის მიერ განვლილი გზის მსგავსად, აწყურის ღვთისმშობლის ხატით გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვარი და დაიწყო ლოცვითი მსვლელობა. აწყურის ღვთისმშობლის ხატი დედაქალაქში 17 მაისს შემობრძანდა.
„ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველო, მიყვარხარ“, – ამ სიტყვებით მიულოცა ქაშვეთის ტაძარში შეკრებილ მრევლს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ოჯახის სიწმინდის დღე.
ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ ურიცხვ ხალხს საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიტყვით მიმართა, შემდეგ კი მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად გადაიხადა პარაკლისი. ამის შემდეგ მსვლელობა დაიძრა ავლაბრისკენ და წმ. სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა ხატით მოგზაურობა.
ასობით ათასი ადამიანი მშვიდი მსვლელობით მიაცილებდა ხატს სამების ტაძრისკენ. გზადაგზა ისმოდა შეძახილები: “ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!” და “საქართველოს გაუმარჯოს!”.
არ იყო პოლიტიკური შინაარსის შემცველი პლაკატები, აწყურის ღვთისმშობლის ხატს ხალხი სახელმწიფო დროშებითა და საეკლესიო სიმბოლოებით ხელში მიაცილებდა. მსვლელობის მონაწილე მოქალაქეები პერიოდულად ქრისტეს მიმართ საგალობელს მღეროდნენ. ხალხის სიმრავლეს აღარც თავი უჩანდა და არც ბოლო, სრული სურათის ასახვა მსვლელობის თავზე მფრინავი დრონებითაც კი შეუძლებელი გახდა. მსვლელობა ავლაბრის მოედნიდან რუსთაველის გამზირის ბოლომდე, თითქმის 4-კილომეტრზე იყო გადაჭიმული. თავისუფლების მოედანზე მოსახლეობის ფეხით მსვლელობას მთავრობის წევრები შეუერთდნენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისი მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დაცვის თანხლებით ხალხის მასაში ჩადგნენ და სამების ტაძარში ასე მივიდნენ.
ბუნებრივია, ამ ყველაფერს თავისი წინაპირობა და გამომწვევი მიზეზები აქვს, განსაკუთრებით კი ის არის მნიშვნელოვანი, თუ რამ გამოიწვია ღონისძიების ასეთი მასშტაბურობა? მანამდე გეტყვით, რომ ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში მას შემდეგ დაწესდა, რაც ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისის მთავარ გამზირზე გეი-პრაიდის ორგანიზებას გეგმავდა. როგორც ცნობილია, 17 მაისი მსოფლიოში ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული. ეს დღე 2005 წელს დაწესდა სექსუალურ უმცირესობათა ჯგუფების უფლებების დასაცავად. თარიღის შერჩევა კი უკავშირდება 1990 წლის 17 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას – ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოეღოთ.
აქვე მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი. თბილისში თვეზე მეტია მიმდინარეობს საპროტესტო აქციები მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანაში უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება. საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მწვავე წინააღმდეგობისა და დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკის მიუხედავად “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. ამ ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა სწორედ იმ დროს თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა და კანონპროექტის მოწინააღმდეგე დემონსტრაციის მონაწილეებს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. მეტიც, გერმანელმა დიპლომატმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მმართველ პარტიასთან კავშირში დაადანაშაულა და საქართველოს მოსახლეობას მიმართა:
“პატივცემულო ამომრჩევლებო, გსურთ, რომ დაკარგოთ თქვენი შვილები, შვილიშვილები? ვინაიდან ახალგაზრდა თაობა ახლა ქუჩაშია გამოსული. თუკი ამ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები დაკარგავენ ნდობას თავიანთი ქვეყნის მიმართ, როგორ ააშენებთ საქართველოს ნათელ მომავალს ახალგაზრდა თაობის გარეშე?! მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა?! ზუსტად ვიცი, რა სურთ ამ ადამიანებს. მათ სურთ უსაფრთხო ცხოვრება, სამუშაო ადგილები, პერსპექტივა თავიანთი შვილებისთვის, უსაფრთხოება, მშვიდობა. თუმცა ამ პირობებში საკმაოდ რთულია თქვენი ქვეყნის დაცვა, რადგან რუსეთის იმპერიის მადა, რომ უკრაინის შემდეგ გადაგყლაპოთ, ძალიან მაღალია“, – თქვა მიხაელ როთმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მშვიდობა იყო 17 მაისის მსვლელობის მონაწილეების მთავარი სურვილიც, თუმცა, როგორც Dalma News-თან საუბრისას ადამიანებმა აღნიშნეს, გერმანელი პოლიტიკოსის საქციელი მათთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი იყო, რადგან ის საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაერია.
—
— “მივიღებთ “გამჭვირვალობის კანონს” თუ არა, ეს საქართველოს საშინაო საქმეა. როდესაც ევროკავშირში შესვლა მიზნად დავისახეთ, არ გვითქვამს, რომ ახალ ბატონს ვეძებდით. საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი და ეს საკითხი დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ. ამისთვის ვუხდით მათ ხელფასებს. 2030 წლამდე ბევრი რამ შეიცვლება გეოპოლიტიკაში, ახლა მთავარია ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება”, – გვითხრა მსვლელობის ერთ-ერთმა მონაწილე თამარ რუხაძემ.
— “ქართული სახელმწიფო გუშინ არ შექმნილა. მიგვიღონ ჩვენი რწმენითა და თავს ნუ გვახვევენ ლგბტ-პროპაგანდას. აღვივებენ ქვეყანაში პოლარიზაციას. ჩემი შვილი 24 წლის არის. თავისუფალი აზრის გამო, სამსახურში მუდმივად კონფლიქტური სიტუაციები აქვს. ეს რანაირი დემოკრატიაა, თუ ადამიანი აზრს თავისუფლად ვერ გამოხატავს? ჩვენ არ გვინდა ფერადი რევოლუციები და ქუჩებში შეცვლილი ხელისუფლება. მომხრე ვარ “ქართული ოცნება” წავიდეს ხელისუფლებიდან და სხვა პოლიტიკური ძალა მოვიდეს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს არჩევნებით და არა რევოლუციით”, – გვითხრა ლევან დოლიძემ.
— “მოვიდეს და დაგვთვალოს როთმა, დაინახოს ქართველი ხალხის სად დგას. საქართველოში ოჯახი არის და იქნება ქალის და კაცის ერთობა, როგორც ღმერთისგან არის დაწესებული. ახალგაზრდები მარტო რადიკალური ოპოზიციის აქციებზე არ დგანან. ახალგაზრდები ვართ აქაც”, – გვითხრა მსვლელობის მონაწილე ახალგაზრდამ, ლუკა ნოზაძემ.
მსვლელობისას მამა ირაკლი ნემსაძეს გავესაუბრეთ. მას, ზოგი სხვა სასულიერო პირის მსგავსად, ხშირად დაინახავდით რომელიმე მცირეწლოვან ბავშვთან ხელჩაკიდებულს, ან ხელში აყვანით ეხმარებოდნენ პატარებს მანძილის დაძლევაში.
“დღევანდელი დღე ხაზს უსვამს იმას, რომ ოჯახი არის მცირე ეკლესია. ის არის სახელმწიფოს ქვაკუთხედი, მომავალი თაობის აღზრდის საფუძველი. ოჯახში უნდა იყოს სიყვარული და ერთგულება. ვინც ასე არ ცხოვრობს, მათთვის ქადაგებს ეკლესია, რომ სიწმინდე, ერთგულება, ურთიერთპატივისცემა, ურთიერთ თავდადება უნდა სუფევდეს ოჯახში და არა ერთმანეთის მიმართ სიძულვილი, ძალადობა. ამიტომ ეწოდება ოჯახს მცირე ეკლესია, რომ იქ, როგორც ეკლესიაში უნდა ისწავლონ სიყვარული, სიმშვიდე, ერთმანეთისთვის ცხოვრება”, – გვითხრა მამა ირაკლიმ.
მისი თქმით, საქართველო ისტორიულად წარმატებული იყო მაშინ, როდესაც მორწმუნე იყო ერი და ბერი, მაშინ ღმერთი იფარავდა ქვეყანას განსაცდელისგან.
“17 მაისი არ არის ისეთი დღე, რომელი გაგვყოფს. ეკლესია ყოველთვის იყო გამაერთიანებელი, ბოროტი ყოფს, ღმერთი აერთიანებს. ეკლესია ყველას შეაგონებს, რომ თუ ვინმე ოჯახში არ ცხოვრობს წმინდად, ვიღაც ღალატობს თავის მეუღლეს, შვილს უპატიოსნოდ ექცევა, შეიძლება ამ დღემ დააფიქროს და ცხოვრება შეცვალოს. იმედია ასეც იქნება, რომ ადამიანები სწორ გზაზე დადგნენ. როდესაც ოჯახში ქრისტე არის გამაერთიანებელი, იქ ყველაფერი თავის ადგილზე დგას. როცა ოჯახს გამოცლილი აქვს სულიერი შინაარსი, მაშინ იქ პრობლემები თავს იჩენს. თუ არ ხარ ღმერთთან, სიყვარულის მადლი ვერსაიდან ვერ მოვა”, – გვითხრა მამა ირაკლიმ.
სამების ეზოში შეკრებილ მსვლელობის მონაწილეებს მამა შიომ მიმართა:
“ჩვენი მცდელობა, რომ ჩვენი ბავშვები დავიცვათ სოდომური ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორც შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე. ოჯახური ღირებულებების დაცვა, მასზე ზრუნვა და აღორძინება, უნდა გახდეს ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი და მიმართულება. ყველაფერი ის, რაც უკავშირდება ბიბლიაში დაგმობილი ცოდვების გამართლებას, არის დიდი გამოცდა ჩვენი უფლისადმი ერთგულებისა. თუ გვსურს ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, უნდა ვუერთგულოთ უფლის მცნებებს და არ შევეგუოთ ცოდვის პროპაგანდას და მის ღირსებად წარმოჩენას”, – განაცხადა მამა შიომ.
მის შემდეგ მან სთხოვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიემართა ეკლესიის ეზოში შეკრებილი ხალხისთვის, რა დროსაც კობახიძემ ერთგვარი პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს ქრისტიანული ფასეულობებისა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ქვეყნის თითოეული მოქალაქე გაერთიანდეს სიყვარულის გარშემო, რომ მხოლოდ სიყვარულით არის შესაძლებელი აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან გაერთიანება ერთიან საქართველოში.
შორენა პაპაშვილი