მორიგი ისტორიული და იმავე დროს სანახაობრივი დღე ჩაიწერა საქართველოს პარლამენტის ისტორიაში. 2023 წლის 18 ოქტომბერს, ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად, X მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა ქვეყნის V პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენებას უყარეს კენჭი. დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლეს და კონსტიტუციის დარღვევის ბრალდებით მთავრობამ მისი იმპიჩმენტის წესით გადაყენება მოითხოვა.
18 ოქტომბერს ისტორიული უწოდა თავად პრეზიდენტმაც. სალომე ზურაბიშვილი და მმართველი პარტია “ქართული ოცნება” დიდი ხანია, ურთიერთბრალდებების რეჟიმში არიან. მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა, პარლამენტში კენჭისყრა შედგა, თუმცა 86 პარლამენტარის ხმა ზურაბიშვილის გადასაყენებლად საკმარისი არ აღმოჩნდა, ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრის დროს, დარბაზში სულ 90 დეპუტატი იმყოფებოდა, მათ შორის, ოპოზიციური ფლანგიდან – მხოლოდ ფრიდონ ინჯია, თეონა აქუბარდია, “გირჩი” და “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი. როგორც ეს უკანასკნელი განმარტავს, დარბაზში მხოლოდ იმიტომ დარჩა, რომ სურდა „აბსურდის თეატრი“ საკუთარი თვალით ენახა. დანარჩენები კენჭისყრის პროცესს დისტანციურად აკვირდებოდნენ. ოპოზიციის არგუმენტია ის, რომ მაღალი იქნებოდა რისკი იმისა, რომ იმპიჩმენტი შემდგარიყო, თუ კი, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები დარბაზში დარჩებოდნენ.
არშემდგარი იმპიჩმენტის მიუხედავად, მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის. არის მხოლოდ ფორმალური თანამდებობის პირია, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესებს ატარებს. “ქართული ოცნების” ლიდერების შეფასებით, კენჭისყრამ კიდევ ერთხელ გამოავლინა ოპოზიციისა და პრეზიდენტის საერთო ინტერესები.
„დადგინდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში, მრავალჯერადი, მძიმე დარღვევა. ვიხილეთ იმ ალიანსის ლუსტრაცია, რომელიც არის ჩამოყალიბებული სალომე ზურაბიშვილსა და დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციას შორის. სალომე ზურაბიშვილი დღეიდან იქნება ფორმალურად არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ “ნაც.მოძრაობის” პრეზიდენტი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ კი მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაყენებით ზიანი მიადგა ქვეყანას, მათ შორის, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, მაშინ, როდესაც ევროკომისიამ დღე-დღეზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
„ჯოზეფ ბორელმა ამ დარბაზში განაცხადა, რომ იმპიჩმენტის პროცესი ძალიან ნეგატიურად არის აღქმული ბრიუსელში“, – აცხადებს „ენმ“-ს წევრი თინათინ ბოკუჩავა.
„ხალხის ძალაში“ მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყველა კონსტიტუციურ ორგანოსთან არის კონფლიქტში, რაც იმას ნიშნავს, რომ ზურაბიშვილი არ იმსახურებს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნას.
„ის ოფიციალურად გაფორმდა, როგორც ოპოზიციის ლიდერი“, – აცხადებენ „ხალხის ძალის“ დეპუტატები.
საკუთარი იმპიჩმენტის პროცესს პარლამენტში დაესწრო პრეზიდენტიც. პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესულ ქალ პრეზიდენტს „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფეხზე ადგომით არ მიესალმნენ.
„დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება“, – ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა საპარლამენტო ტრიბუნიდან დარბაზში მყოფ დეპუტატებს, – „საქართველო ამასაც მოესწრო. იმართება პრეზიდენტის იმპიჩმენტი და ამით თქვენ თავს იწონებთ, ვითომ, ამ პროცესით კანონის უზენაესობას ამტკიცებთ“.
ორი დღით ადრე კი, პრეზიდენტმა თავისი სასახლიდან გულისტკივილი გამოთქვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მისივე შეფასებით, 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება არის არა კანონის უზენაესობის, არამედ „ერთპარტიული უზენაესობის“ გამარჯვება. პრეზიდენტმა მოსამართლეებიც დაანამუსა: – „მათ უნდა რცხვენოდეთ!“
„ცოტა არ იყოს, გული მეტკინა. თუმცა ამ ქვეყანაში არაფერი აღარ მიკვირს. გული მეტკინა იმ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომელიც დღესდღეობით იყო დარჩენილი, როგორც ჩვენს სამართლებრივ სისტემაში ერთ-ერთი ადგილი, რომელიც გარკვეულ წილად ნდობას იმსახურებდა. დღეიდან ეს უკვე აღარ არის, ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ”, – ამბობს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ არ დაურღვევია კონსტიტუცია და ვერც მმართველმა პარტიამ წარმოადგინა მის მიერ კონსტიტუციის დარღვევის მტკიცებულებები.
„ქართული ოცნების“ არგუმენტით, თუ კი, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ კონსტიტუცია არ დაურღვევია და საზღვარგარეთულ ვიზიტებზე მთავრობის ნებართვის გარეშე შეეძლო წასვლა, რატომ არ გამოიყენა საბიუჯეტო თანხები და საკუთარი ხარჯით, რატომ წავიდა ვიზიტებში?
„ამას რომ უპასუხოს სჭირდება გამბედაობა და სიმართლის თქმა“, – ამბობენ დეპუტატები.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ზურაბიშვილმა მოუწოდა დასავლელ პარტნიორებს მისი იმპიჩმენტის მიუხედავად “საქართველო არ მიატოვონ” და სტატუსის მინიჭებისას მხედველობაში მიიღონ საქართველოსა და ევროპის საერთო გამოწვევები.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტს დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს. საპარლამენტო უმრავლესობა მისგან ითხოვდა პასუხს კითხვაზე: – იმსახურებს, თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს? – მაგრამ ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანო ისე დატოვა, რომ კანონმდებლების, არც ერთი კითხვისთვის არ უპასუხია. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, თავმოყვარე ადამიანი გადადგებოდა თანამდებობიდან, რასაც V პრეზიდენტმა შემდეგი სიტყვებით უპასუხა:
„მე არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, რისთვისაც ჩამოვედი ამ ქვეყანაში, ქუჩაში ვიდექი. „ოცნების“ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად წავალ. დღეს ერთი ქვით მოკლეს დემოკრატიაც და ევროპული მომავალიც“.
საკონსტიტუციო სასამართლო სხდომები, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტი განიხილებოდა, ღია იყო მედიისთვის. უფლებადამცველი ნანა კაკაბაძის შეფასებით, მთელი ქვეყანა უყურებდა, როგორი მასტერკლასი ჩაუტარა საკონსტიტუციო სასამართლოში ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის წარმომადგენლებს.
მისივე თქმით, უპრინციპო პოლიტიკოსები დღე, მათ მსგავს “მადამ პრეზიდენტს” კბილებით იცავენ და აცხადებენ, – არ გვაინტერესებს, დაარღვია თუ არა სალომემ კონსტიტუცია, ჩვენ დღეს ის პრეზიდენტად გვჭირდება და სატანადაც რომ ვთვლიდეთ, მაინც მხარს დავუჭერთო.
“ოპოზიციის დევიზი დღეს ასეთია: „ჩვენ გვიყვარს ჩვენი, თუნდაც კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი“, თანაც, სწორედ მის იმედზეღა ვართ, რომ „მოწამლული“, „ნაწამები“ და დემენციის, კახექსიის და სხვა მრავალი განუკურნებელი სენისგან განკურნებული „პუტინის ტყვე“ (იგულისხმება პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი სააკაშვილი) გაათავისუფლოსო. ასეთ პოლიტიკოსებს მერე უკვირთ, ხალხი ხმას რატომ არ გვაძლევსო”, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.
მისი აზრით, რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ნაციონალების მიერ კრემლის აგენტად, ბიძინას მონად შერაცხილ სალომე ზურაბიშვილს მისი მაგინებელი „პრინციპული“ ოპოზიციონერები ხმალამოღებული დაიცავდნენ? მისივე თქმით, პოლიტიკა ლუსტრირების საუკეთესო საშუალებაა და საზოგადოებაც, ზოგჯერ გაოცებით, ზოგჯერ ინტერესით შეჰყურებს “უსინდისო ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა ხროვას, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ სკამებზე ასაძრომად, შესანარჩუნებლად ან დასაბრუნებლად”.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე Dalma News-თან საუბრისას ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამართლებრივი პრინციპებით. სამდღიან დებატებზე საქართველოს საზოგადოებამ იხილა ის, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლები მეტწილად, პოლიტიკური შეფასებებით ოპერირებდნენ, ვიდრე სამართლებრივ ასპექტებზე.
მისივე შეფასებით, თვითონ პრეცედენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტის წინააღმდეგ შეიტანეს სარჩელი და საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო. ერთი მხრივ ეს ფაქტი არის უხერხული მომენტი, თუმცა მეორე მხრივ, ეს არის პრეცედენტი მომავალი თაობების პოლიტიკოსებისთვის, რომ საქართველოში კონსტიტუციაზე მაღლა არავინ უნდა წარმოიდგინოს თავი.
„პრემიერ ღარიბაშვილს დასავლეთში უთხრეს, – პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ არის ლამაზიო, – საინტერესოა, თვითონ აპატიებდნენ თავიანთი ქვეყნის პრეზიდენტებს კონსტიტუციის დარღვევას?”, – ამბობს ანჯაფარიძე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 აგვისტოს, პირველ სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის განაწესი.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, ამ ვიზიტების დროს, ევროპელ ლიდერებთან, მასთან დაახლოებულ პოლიტიკოსებთან კარს მიღმა შეხვედრები გამართა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ინფორმაცია მათ კულუარულად მიაწოდა. ქართული საზოგადოებისა და მთავრობისთვის პრეზიდენტის ამ ვიზიტების შინაარსი უცნობია. პრეზიდენტს ანგარიში არც ერთ ჯერზე არ წარუდგენია.
შორენა პაპაშვილი