საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საერთაშორისო კონგრესი “ქართველოლოგიის პრობლემები და პერსპექტივები” გაიმართა. მასში მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა ცნობილმა ქართველოლოგებმა მიიღეს. კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი წევრი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორეა.

ქართველოლოგიურ მიმართულებათა მაკოორდინირებელი ცენტრი ტრადიციულად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაა. ხოლო კონგრესის გამართვა, ერთის მხრივ არის იმ შედეგების ერთგვარი დათვალიერება, რასაც ქართველოლოგებმა მიაღწიეს სამშობლოში და მის ფარგლებს გარეთ; მეორეს მხრივ, მეცნიერები ხელისუფლებას შეახსენებენ, თუ რა პრობლემები შეექმნა ქართველოლოგიის განვითარებას უკანასკნელი ათწლეულების გაჭიანურებული კრიზისის შედეგად.

როგორც მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ გვითხრა, ნიადაგისა და ბუნებრივი კლიმატური პირობების მრავალფეროვნების გარდა, კავკასია უნიკალურია მისი მრავალეროვნულობით. ამ რეგიონში მცხოვრები 20 მილიონი ადამიანი, 40-ზე მეტ ენაზე საუბრობს. თუმცა ამ მრავალფეროვნებას თან სდევს პრობლემებიც.

მეცნიერის თქმით, კავკასიის ფედრობების 80% საქართველოს უკავია და ის ყოველთვის იყო წარმმართველი ძალა კავკასიონის საგარეო მიმართულებაში. “კავკასიურ მენტალიტეტს არსებობის უფლება აქვს. ისტორიოგრაფიაში, არქეოლოგიაში, წყაროთმცოდნეობასი არსებობს სადაო საკითხები, რომლებიც ჩვენს მეზობლებთან ერთად უნდა გადავწყვიტოთ. ჰუმანიტარული მეცნიერება დღეს ერთგვარ ფარად იქცა. ამ კონგრესის მიზანიც სწორედ ის, არის, რომ ამ ფარს მიღმა დავინახოთ ქართული მეცნიერების ფესვები”, – მიაჩნია გიორგი კვესიტაძეს.

კონგრესზე წარმოდგენილი 115 ნაშრომიდან, განსაკუთარებით რამდენიმე ნაშრომია საინტერესო, მათ შორის “სომხეთში აღმოჩენილ ქართული ხელნაწერის უცნობ ახალ ფრაგმენტებზე” მოხსენება მოამზადა საფრანგეთიდან ჩამოსულმა მეცნიერი ბერნარდ უტიემ. ქართველმა მეცნიერმა ვახტანგ ლიჩელმა კი გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილ ახალ წარწერებზე ისაუბრა. რუმინელმა მეცნიერმა ნიკოლაი დურამ, თავისი მოხსენების თემად ანთიმოზ ივერიელის ცხოვრებას და მოღვაწეობა შეარჩია. სომხეთიდან ჩამოსულმა მეცნიერმა აირაპეტ მარგარიანმა წარმოადგინა თემა: “ქორწინებითი კავშირები საქართველოსა და კილიკიის სომხეთის სამეფო სახლებს შორის XIV საუკუნის პირველ ნახევარში”.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ კონგერსზე წაკითხული ყველა მოხსენება რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოიცემა. კვესიტაძე იმედოვნებს, რომ მომავალი კონგრესები გაცილებით მრავალრიცხოვანი იქნება. ამ თვალსაზრისით კი მნიშვნელოვნად მიიჩნევს რუსეთთან ხიდის აღდგენას.

“ის ფაქტი, რომ რუსეთიდან ჩამოვიდა დიდი დელეგაცია, მეტყველებს იმაზე, რომ ბოლოსდაბოლოს უნდა აღდგეს ეს ურთიერთობები. ქართველები მზად ვართ მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის”, – განაცხადა გიორგი კვესიტაძემ.

ქართველოლოგ მეცნიერთა კონგრესის გახსნას დაესწრნენ კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მეუფე დანიელი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. კონგრესისი ერთ-ერთი სულისჩამდგმელია როსტოვის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ბესარიონ მესხი, რომელიც იმედოვნებს, რომ ეს პირველი კეთილი ნაბიჯი იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის გაბზარული ხიდების შეკეთებისა და გამყარების საქმეში.

“ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და ყველა აქ მყოფი მეცნიერი დამეთანხმება. საქართველო ჩემთვის ბევრს ნიშნავს. აქ ცოტა ხანს, 18 წლის ასაკამდე ვიცხოვრე, მაგრამ ჩემი მშობლები, ნათესავები და დაც აქ არიან. სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ქართველი, მშობლიური ენა და მშობლიური “იავნანა” არ უნდა დაავიწყდეს. საქართველო კავკასიის ნათელი და ლამაზი კუთხეა და ჩემი მიზანია, წვლილი შევიტანო ჩატეხილი ხიდების აღდგენაში”, – განაცხადა ბესარიონ მესხმა Dalma-News-სთან საუბარში.

როსტოვის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ქართველ კოლეგებს სხვა ბევრი სასიამოვნო ამბავიც ჩამოუტანა. კერძოდ, მისი ძალისხმევით როსტოვში აშენდება წმინდა ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქართველებს სალოცავისთვის საკმაოდ დიდი და ლამაზი ტერიტორია გამოიუყო. საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ კი თავის მხრივ ეკლესიას ორი ხატი აჩუქა.

“უკვე ავაშენეთ სამრეკვლო. მალე ეკლესიის აშენებას დავიწყებთს. როსტოვში საუკეთესო ადგილი გამოგვიყვეს. გვერდით ხელოვნური ტბა მდებარეობს და შესანიშნავი ხედები იშლება. ეკლესიის ბაზაზე გავხსენით საკვირაო სკოლა, სადაც ქართული ენა ისწავლება”, – გვითხრა რუსეთში მოღვაწე ქართველმა მეცნიერმა.

მისივე თქმით, როსტოვის უნივერსიტეტში საქართველოდან ჩასული სტუდენტებიც სწავლობენ, რომლებიც რუსულ ენას და მეცნიერებას ეუფლებიან. “მეცნიერება, კი ყველა ენაზე ერთნაირია?”, – მიაჩნია ბესარიონ მესხს.

მასთან ერთად თბილისში, კონკრესზე ჩამოვიდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამხრეთის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი გენადი მატიშოვი, რომელიც ქართველ კოლეგა გიორგი კვესიტაძეს შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. გენადი მატიშოვი პროფესიით ოკეანოლოგია. მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის პოპულარიზაცია და საზოგადოების ყურადღების იმ პრობლემებისკენ მიპყრობა, რომელიც დღეს მეცნიერებას აწუხებს.

ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენის საჭიროებაზე კონგრესზე რამდენჯერმა ითქვა. ხიდი, რომელიც ბოლო წლებში, ქვეყნებს შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობების გამო დაზიანდა, დროულად გამაგრებას საჭიროებს, რათა მასზე ორმხრივად აღდგეს მოძრაობა და არა ცალმხრივად. როსტოვის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორ ბესარიონ მესხს მიაჩნია, რომ ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ახალგაზრობას, რომელსაც არ სურს კარჩაკეტილობა და სურთ იცოდნენ ისტორია, მონაწილეობა მიიღონ ყველა იმ კულტურულ ღონისძიებებში, რომლებიც ერების დაახლოებას შეუწყობს ხელს.

რამდენად იქნება ქართველოლოგთა კონგრესი რუსეთ-საქართველოს შორის ხიდჩატეხილობის პრობლემის მოგვარების საწინდარი, ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ მეცნიერებათა აკადემიის სააქტო დარბაზში შეკრებილი საზოგადოება, იმედს არ კარგავს, რომ იგი შემდგომ პოლიტიკურ პროცესებზე დადებით გავლენას მოახდენს.

“ნებისმიერ შემთხვევაში ორი დიდებული ხალხი მშვიდობასა და თანხმობაში უნდა ცხოვრობდნენ. პოლიტიკური პრობლემები უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით. პრობლემები ჩნდება იქ, სადაც ადამიანები ერთმანეთს აღარ ესაუბრებიან. საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას ხელი უნდა შეუწყოს მეცნიერებამ, განათლებამ, სტუდენტებმა” – განუცხადა Dalma News-ს ბესარიონ მესხმა.

შორენა პაპაშვილი