ქართული სასამართლო სისტემა ქვეყნის პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის კვლავ დაპირისპირების საფუძველია. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და სირცხვილია, როცა ქვეყანა ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ აგრძელებს. ეს თემა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას წამოჭრა, რითაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარის კრიტიკა დაიმსახურა.
“ევროპის გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯებით სიარული, საკუთარ თავთან დაბრუნებას უდრის. ამიტომ არის, რომ შემეცნებით თუ ინტუიციურად, ამ გზას მხარს უჭერს მთელი საზოგადოება და ეს მხარდაჭერა წლების მანძილზე არათუ შენელდა, არამედ გაძლიერდა”, – თქვა პრეზიდენტმა.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის აზრით, პრეზიდენტმა არ იცის საზეიმო დღეს რაზე უნდა ისაუბროს, რაც პრობლემაა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი სასამართლოს საწინააღმდეგო უარგუმენტო კამპანიას შეუერთდა, რითაც პრეზიდენტის ინსტიტუტი დააზიანა.
“სირცხვილი სწორედ ეს განცხადება იყო. ჯერ ერთი, 26 მაისს, საზეიმო დღეს, როდესაც არ იცი რაზე უნდა ისაუბრო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემაა და ამაზე უნდა მივანიშნოთ, საქართველოს პრეზიდენტს იმისთვის, რომ დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი, ეს არის სერიოზული პრობლემა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას.
26 მაისს, სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ სამართლიანი სასამართლო საქართველოს ევროპული მომავლის გასაღებია, რომელიც საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის და ქართული სამართლის ძეგლებს ეფუძნება.
“ეს იქნება ანტიკური ხანის ჩვეულებითი სამართალი. მე-13 საუკუნის წიგნი “სამართლისა კაცთა შეცდომისა ყოველივე”, მე-14 საუკუნის მეფე გიორგი ბრწყინვალის სისხლის სამართლის თუ ვახტანგ მეექვსის სამართლის ძეგლების უნიკალური კრებული”, – განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ბოლო დროს ხშირია შემთხვევები, როცა პრეზიდენტის და მმართველი გუნდის ლიდერების პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ ამაში დიდ უბედურებას ვერ ხედავს. არც მოსამართლეთა კორპუსში არსებული ხარვეზები მიაჩნია გადაულახავ პრობლემად, თუმცა ამბობს, რომ სირთულეები უდავოდ არის.
მისივე თქმით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის გარკვეული პაზაჟები უცხოელების მხრიდან შენიშვნების ანარეკლია.
“მათ კი შენიშვნები არ ეზარებათ”, – ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, როგორიც არ უნდა იყოს საქართველოში განხორციელებული სასამართლო რეფორმა, ფაქტია, რომ საპატიმროში მოხვედრილი ადამიანების რიცხვი შემცირდა. პროკურატურის მოთხოვნებით გამტყუნებული ადამიანების რაოდენობამ იკლო და ა.შ. ანუ გარკვეული ჰუმანურობის ტენდენციები სახეზეა, რაც გვაფიქრებინებს, რომ არ ვიღუპებით.
რაც შეეხება პრეზიდენტის სწორებას ქართული სამართლის მე-13 – მე-14 საუკუნეების ძეგლებისკენ, როგორც რამაზ საყვარელიძე ამბობს, კარგი გამოცდილებაც კი, რასაც შორეულ ისტორიაში ვეძებთ, ამდენი ხანი ვერ ძლებს. ახლო წარსულიდან კი, საქართველოს სასამართლო სისტემის, არც თუ საამაყო გამოცდილებაც აქვს.
“სააკაშვილის დროს იძახდნენ, – ყველაფერი გადასარევიაო და გავსებული იყო ციხეები, ახლა იძახიან ყველაფერი ცუდად არისო და უკეთესობა სახეზეა. სააკაშვილი თავს ხომ იწონებდა, – რეფორმები გავატარეო, – არც დასავლეთი აკლებდა მისთვის ტაშის დაკვრას. მაგრამ იმ რეფორმირებული სასამართლოს შედეგად რა ხდებოდა? ადამიანების ბედი როგორი იყო? ამას არც უცხოელები უყურებდნენ და, არც საზოგადოებრივი აზრი იყო ასეთი ემოციური”, – განუცხადა Dalma News-ს რამაზ საყვარელიძემ.
მისივე თქმით, სასამართლო სისტემის მიმართ პრეტენზიები განპირობებულია იმითაც, რომ პარტია “ქართულმა ოცნებამ” ისე გადაიბარა სახელმწიფო სისტემა, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ნაციონალებისგან არ გაუწმენდია. მიზეზი სასამართლო სისტემაში არსებულ კლანებში უნდა ვეძებოთ.
“კლანების გადამკიდე ხელისუფლება იმ პრობლემას აწყდება… კლანი ადამიანების გაერთიანებაა. ასეთ ერთობას, საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით, შეეძლო თავდაყირა დაეყენებინა მთელი ქართული სასამართლო სისტემა. „ოცნებამ“ უბრალოდ სხვა ვერაფერი მოახერხა, გარდა იმისა, რომ კლანის ხელმძღვანელ მურუსიძეს მოუქონეს თავი“,- ამბობს რამაზ საყვარელიძე.
როგორც Dalma News-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, პრეზიდენტსა და მმართველი პარტიის ცალკეულ ლიდერებს შორის დაპირისპირება პირობითია და მას „ქართული ოცნებისთვის“ საფრთხის შემცველი ნიშნები არ აქვს.
მისივე თქმით, ზურაბიშვილი ცდილობს, საპრეზიდენტო ვადის ბოლო წლები ისე დაასრულოს, რომ ის არ იყოს აღქმული, როგორც „ქართული ოცნების“ სატელიტი, როგორც ეს მისი პრეზიდენტობის პირველ წლებში აღიქმებოდა, როცა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისგან განზე იყო გამდგარი, ახლა კი ცდილობს დამოუკიდებელი თამაში ითამაშოს. გარკვეული შთაბეჭდილება მოახდინოს ევროპელ პარტნიორებზეც.
ანჯაფარიძის შეფასებით, ზურაბიშვილი საკუთარ თამაშს თამაშობს, რაც ხშირად წინააღმდეგობაში მოდის “ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დღის წესრიგთან.
Dalma News-ის კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი მოღვაწეობას, ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა, რომ ყველაფერი შედარებითია და ამ შემთხვევაშიც ზურაბიშვილი თავის წინამორბედს უნდა შევადაროთ. ამის გათვალისწინებით, ზურაბიშვილი მარგველაშვილზე ბევრად უკეთესი პრეზიდენტია, მიუხედავად იმისა, რომ მისი მხრიდან არ ყოფილა რაიმე გამორჩეული, ზოგად ეროვნული ინიციატივა, თუ არ ჩავთვლით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საყოველთაო შერიგების იდეას, რომელიც ჩავარდა.
“შეიძლება ითქვას, რომ ზურაბიშვილს, არც არაფერი გაუკეთებია და არც არაფერი გაუფუჭებია”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
რაც შეეხება თავად ქართული სასამართლო სისტემის შეფასებას, ეყრდნობა რა სოციოლოგიური კვლევის შედეგებს, რომელიც 2018 წელს ერთ- ერთმა ცნობილმა ორგანიზაცია “იფსოსმა” ჩაატარა, ამბობს, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა გამოკითხული მოქალაქეების 35%-ში გაზრდილია, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია. ასევე, დრამატულად არის გაზრდილი გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს სასამართლოსთან შედარებით. სასამართლომ რამდენჯერმე მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რაც შესაძლოა არ მოსწონებოდა “ქართულ ოცნებას”.
“როცა უცხოელები ამბობენ, რომ არ მოსწონთ სასამართლო კორპუსის შემადგენლობა, ითხოვენ მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას, ეს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაა. მაქვს ეჭვი, რომ მათ სურთ, სასამართლოში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელთა გაკონტროლებასაც მარტივად შეძლებენ. სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლი ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად შეგიძლია მართო ქვეყანა, გააკონტროლო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები“, – ამბობს ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, სასამართლოს ირგვლივ დაწყებული ბრძოლა არის გავლენისთვის ბრძოლის გამოხატულება.
შორენა პაპაშვილი