საქართველოში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, მსოფლიო ბანკი 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს გამოყოფს, რასაც საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი 15 მილიონი აშშ დოლარი დაემატება.
შესაბამისი შეთანხმება საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის დაიდო. პროექტს 2015-2019 წლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
პროექტი მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთში ურბანული, კომუნალური, ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაციას, ამასთან კერძო სექტორის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
“აღნიშნული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ცხოვრების დონის ამაღლებას,ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და კერძო სექტორში ინვესტიციების მოზიდვას. რეგიონებში ტურისტული პოტენციალის ათვისება გაზრდის ადგილზე დასაქმებისა და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს”, – აღნიშნავენ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში.
ასევე დაგეგმილია ტურისტული მარშრუტების განვითარება, რომელიც ურბანული ლანდშაფტის და საზოგადოებრივი ავტოსადგომების განვითარებას, საინფორმაციო ჯიხურების, კაფეების და საზოგადოებრივი საპირფარეშოების მშენებლობას ითვალისწინებს.
მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს ორი მსგავსი პროექტი იმერეთისა (30 მილიონი აშშ დოლარი) და კახეთის რეგიონებში (60 მილიონი აშშ დოლარი).