თურქულმა სერიალებმა, ბოლო წლებში არა მარტო ქართველი, არამედ მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მაყურებლის გულები დაიპყრო. მათი ეთნოსისთვის დამახასიათებელი ტრადიციების, ცხოვრებისეული ისტორიების, თუ სასიყვარულო თავგადასავლების პარალელურად თურქეთი აქტიურად ცდილობს მაყურებელს ისტორიული ჟანრის სერიალებიც შესთავაზოს და თურქეთის იმპერიის “დიდებულ საუკუნეზე” მოუყვეს.

მხატვრული ნაწარმოები, თუნდაც ის ისტორიული ჟანრის იყოს, იტანს ფაქტების გალამაზებას, შეცვლას, ახალი ისტორიის შეთხზვას. თურქები ისტორიული ჟანრის მორიგი სერიალია “ალფ-არსლანი”.

ალფ-არსლანი სელჩუკთა მმართველია, რომელაც მიზნად დაისახა იმ პერიოდის ამიერკავკასიაში ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფოს, საქართველოს დახარკვა-დამორჩილება ორჯერ გაილაშქრა საქართველოზე, თუმცა, საბოლოოდ მეფე ბაგრატ IV-სგან ხარკის გადახდასა და ქვეყნის დამორჩილებას ვერ ეღირსა. მისი ლაშქრობებით საქართველომ დიდი ზარალი განიცადა. სელჩუკებმა ააოხრეს საქართველო, ხელთ იგდეს უამრავი ტყვე და ნადავლი, შეაფერხეს ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარება. რამდენიმე ხნით გადაიდო წარმატებით დაწყებული საქართველოს გაერთიანება.

ფილმის მეორე სერიაში, ქართველი ერისთავის, ლიპარიტ ბაღვაშის პერსონაჟი დამამცირებელი ფორმით ჰყავთ გამოყვანილი. ინფორმაციას ამის შესახებ ისტორიკოსი ზაზა წურწუმია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს, სადაც, ასევე მადლობას უხდის ცნობილ თურქ ისტორიკოს თალჰა უღურლუელს, რომ ეს ეპოზოდი უყურადღებოდ არ დატოვა და ქართველი ისტორიკოსების გასაკეთებელი საქმეც კი გააკეთა.

“ქართველი სარდალის ლიპარიტ ბაღვაშის დამცირება (მეორე სერია), რასაც ჩვენი ისტორიის უმაგალითო გაყალბება და ქართველების შეურაცხყოფის მცდელობა ვუწოდეთ, სასტიკად გააკრიტიკა ცნობილმა თურქმა ისტორიკოსმა, თალჰა უღურლუელიმ. თავის იუთუბარხსა და ფეისბუქგვერდებზე სპეციალურად მიმოიხილავს ლიპარიტ ბაღვაშის ცხოვრებასა და მოღვაწეობას და ამხელს სერიალის შემქმნელების მხრიდან ისტორიის სრულ უცოდინრობას”, – წერს ზაზა წურწუმია.

Dalma News-ის თხოვნაზე, მეტი ინფორმაცია მიგვეღო თურქი ისტორიკოსის თურქულენოვანი ვიდეობლოგის შინაარსზე, ზაზა წურწუმიამ დახმარება არ ისურვა. შესაბამისად შევეცადეთ საკუთარი ძალებით გაგვეგო ვიდეოს შინაარსი, (მადლობა ქეთი გიგაურსა და ქეთი ფაიდურაშვილს).

ისტორიკოსი თალჰა უღურლუელი თავის ვიოდეობლოგში აღწერს ლიპარიტ IV ბაღვაშის ცხოვრებას და მეფე ბაგრატ IV-სთან მის დაპირისპირებას. ასევე საუბრობს იმაზე, რომ სერიალის მეორე სერიაში გაყალბებულია ისტორია. გაყალბება კი მდგომარეობს იმაში რომ თოღრულ-ბეკი ბიზანტიისგან იღებს ბევრ ოქროს ლიპარიტის გათავისუფლების სანაცვლოდ. ლიპარიტს ათავისუფლებს, მაგრამ მაინც ღალატობს.

“თოღრულს სინამდვილეში არანაირი ქრთამი არ აუღია და ლიპარიტის მიმართაც ძალიან მეგობრულად და დადებითად იყო განწყობილი, სერიალში კი უარყოფითი პერსონაჟია”, – აცხადებს თურქი ისტორიკოსი და ისტორიის საკუთარ ვერსიას ყვება.

მისი თქმით, თოღრულ ბეიმ ლიპარიტი ერთი პირობით გაათავისუფლა, რომ ის აღარასდროს დაუპირისპირდებოდა თურქებს და ეს პირობა ლიპარიტმა სიცოცხლის ბოლომდე შეასრულა. თალჰა უღურლუელის თქმით, რამდენიმე წლის შემდეგ ბაღვაში სტამბულში გარდაიცვალა. ის დეტალურად საუბრობს ქართველებ შორის დაპირისპირებაზე და “დიდი სელჩუკების” გამარჯვებებზე.

“დიდი სელჩუკების ომი 1048 წელს მოხდა და სელჩუკების გამარჯვებით დასრულდა. დიდი ლიპარიტი ტყვედ აიყვანეს, მაგრამ ფილმში ამბობენ, რომ გარდაიცვალა. ვინ იყო ლიპარიტი? ძალიანაც, რომ არ გვინდოდეს ფილმში ქართველების მოხსენიება მოგვიწევს, რადგან ლიპარიტი ქართველი იყო და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ცნობილი ფიგურა. ლიპარიტი მეფე ბაგრატ IV-ის კარზე ერთ-ერთი გავლენიან და სანდო ფიგურად ითვლებოდა. წლების შემდეგ კი, თვითონ მოუნდა გამეფება და ბაგრატ VI-ის მტერი გახდა. ლიპარიტ ბაღვაშს ისეთი ძლიერი არმია ჰყავდა, აღმოსავლეთ რომის იმპერიასთანაც კი მოუწია შეტაკება”, – აცხადებს თალჰა უღურლუელი.

როგორც ცნობილია, XI საუკუნის 30-იან წლები კლდეკარის ერისთავ ლიპარიტ ბაღვაშსა და მეფე ბაგრატ IV-ს შორის კონფლიქტი წლების განმავლობაში გრძელდებოდა, რამაც სამოქალაქო დაპირისპირების სახეც კი მიიღო. 1048 წელს ლიპარიტი მონაწილეობდა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში ბიზანტიის მხარეს. სელჩუკებმა სძლიეს ბიზანტიელებს, ლიპარიტი ტყვედ ჩავარდა. 1051 წელს იგი გაათავისუფლეს ტყვეობიდან და საქართველოში დაბრუნდა. აქ ბიზანტიის მხარდაჭერით კვლავ მომძლავრდა.

ლიპარიტ ბაღვაშის დატყვევებისა და გათავისუფლების შესახებ სხვადასხვა წყარო მოიგვითხრობს. მისი თანამედროვე ბიზანტიელი ისტორიკოსი მიხეილ ატალიატე წერს:

“როცა თურქ-სელჩუკთა სულთანმა თუღრულმა დაიანახა მათთან ბრძოლაში დამარცხებული და დატყვევებული ის (ლიპარიტი) და რომ შეიტყო მისი გვარიშვილობა შეეკითხა მას თუ, როგორ უნდა მოპყრობოდა მას. ხოლო მან უპასუხა: მეფურადო. და სულთანმა მაშინვე განათავისუფლა იგი, მრავალკეცად დაუბრუნა და აღუდგინა ყველაფერი, რაც ომში დაკარგა”.

ქართველთა და ბერძენთა 50 000-იანი ლაშქრით სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაზე ცნობებს გვაწვდის არაბი ისტორიკოსი იბნ ალ-ასირი (1160-1234 წლები), – ​ტყვედ ჩავარდნილი ლიპარიტის თავისუფლების სანაცვლოდ იინალისათვის 300 ათასი დინარი და 100 ათასის საფასურის საჩუქრები შეუთავაზებიათ, მაგრამ იინალი არ დათანხმებულა.

ოსმალო ისტორიკოსთა შორის დიდ სელჩუკთა სახელმწიფოს შესახებ საინტერესო ცნობები აქვს შემონახული XVII საუკუნის ისტორიკოსს აჰმედ იბნ ლუთფულაჰს (მუნეჯიმ-ბაშის). მისი ინფორმაციით, 1048-1049 წლებში სელჩუკებს 100 000 კაცის დაუტყვევებიათ და უამრავი ნადავლი (10 000-მდე ურემი) ხელში ჩაუგდიათ. სულთან თოღრულ-ბეგის მიერ დატყვევებული ლიპარიტი უსასყიდლოდ გაუშვიათ.

ისტორიკოსი და არქეოლოგი, დიმიტრი ბაქრაძე (1880წ.) 1048 წელს ბერძენ-ქართველთა ბრძოლის აღწერისას აღნიშნავს, რომ ლიპარიტის ტყვედ ჩავარდნის მიზეზი ბერძენთა ღალატი გახდა.

როგორც დიდი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწის ივანე ჯავახიშვილი (1876 – 1940 წწ.) წერს, ლიპარიტს ტყვეობაში სამი წელიწადი გაუტარებია და 1051 წელს გაუთავისუფლებიათ. ამ საქმეში დიდი როლი ბიზანტიის კეისაერს შეუსრულებია:

“იმ წლითგან მოყოლებული, როცა ლიპარიტი სულთანმა ტყვედ წაიყვანა, ბიზანტიის კეისარი ყოველს ღონისძიებასა ხმარობდა, რომ თავისი ერთგული და ძლიერი ქართველი მოკავშირე ტყვეობითგან დაეხსნა”

1054 წელს ლიპარიტი ბიზანტიის კეისრის მოთხოვნით სამხრეთ საქართველოს მთავარი გახდა. 1058 წელს მეფემ, ორგული ფეოდალი იძულებით ბერად შეაყენა. ამის შემდეგ, ბერი ანტონი (ლიპარიტყოფილი) ბიზანტიაში გადაიხვეწა. კონსტანტინეპოლში ლიპარიტი ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. ლიპარიტ IV კონსტანტინეპოლში (თანამედროვე სტამბოლი) გარდაიცვალა, საიდანაც საქართველოში ჩამოუსვენებიათ და კაცხში დაუკრძალავთ.

ქეთევან პავლიაშვილი

როგორც Dalma News-სთან საუბარში ისტორიკოსი ქეთევან პავლიაშვილი აცხადებს, ლიპარიტ IV ბაღვაშის დროს თურქეთი, როგორც სახელმწიფო არ არსებობდა. იყო თურქ-სელჩუკთან ტომობრივი გაერთიანება, რომლის საფუძველზეც შემდგომ საუკუნეებში ყალიბდება თურქეთი, როგორც სახელმწიფო და იმპერია ხდება. ბაღვაშები ყოველთვის სარგებლობდნენ ბიზანტიის მხარდაჭერით. ბიზანტიაც სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველ ბაღვაშებს იყენებდა.

ქეთევან პავლიაშვილის თქმით, ისტორიაში არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ბორკილდადებული ლიპატირ IV იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ ის თურქეთის წინააღმდეგ არ გაილაშქრებდა.

“ჯერ ერთი, ეს არის პერიოდი, როდესაც ბიზანტია ჯობნის თურქ-სელჩუკებს და ასეთი სულელი იყო ბაღვაში, რომ ზურგი ექცია ბიზანტიისთვის და მათი მხარე დაეჭირა? ამით დაამცირეს ქართველები, რომ თითქოს, სიცოცხლის ფასად, ქართველმა სარდალმა თანხმობა თქვა, რომ არასოდეს გაილაშქრებდა მათ წინააღმდეგ. ეს არის ტყუილი. თუ არსებობს ასეთი დოკუმენტები, კეთილი ინებოს იმ თურქმა ისტორიკოსმა და წარმოადგინოს”, – განაცხადა ქეთევან პავლიაშვილმა.

მისი მოსაზრებით, ბოლო ათწლეულებია თურქეთი მიზანმიმართულად იღებს ისტორიული ჟანრის ფილმებს, სადაც, რასაკვირველია წინა პლანზე წარმოჩენილია თურქეთი და მისი მსოფლიო ბატონობა. ეს იდეოლოგიაა. რატომღაც საქართველოს არ სცალია ამ ჟანრისთვის.

ზოგადად, მხატვრული ფილმი, თუ ნაწარმოები უამრავ ტყუილ-მართალს იტანს. ავტორი ცდილობს ისტორიულ ფაქტს მხატვრული სახე მისცეს საკუთარი მაყურებლის სასარგებლოდ. თუმცა, სხვაგვარია დამოკიდებულება დოკუმენტური და სასწავლო-აღმზრდელობითი ჟანრის ფილმების, ან მეცნიერული კვლევის მიმართ, აქ ისტორიის გაყალბება მიუღებელია.

“საქართველომ უნდა გადაიღოს ისეთი მხატვრული ფილმები, სადაც ფალსიფიცირებულ ისტორიას გავაბათილებთ. საამისო თემატიკა საქართველოს ისტორიაში უამრავია, თუ როგორ ებრძოდნენ ქართველები დამპყრობებს”, – აცხადებს ისტორიკოსი ქეთევან პავლიაშვილი.

ქვეყანა, რომელიც თურქეთთან მეგობრობის საბაბით “დიდგორობას” სახელმწიფო მნიშვნელობის დღესასწაულად არ აცხადებს, ბუნებრივია, არც ისტორიული ჟანრის ფილმების გადაღებაზე იზრუნებს.

არჩილ ჭყოიძე

პოლიტოლოგი არჩილ ჭყოიძე მიიჩნევს, რომ იმის გამო, ვიღაცას, რაღაც შეიძლება არ მოეწონოს, ისტორიული თარიღების აღნიშვნაზე სახელმწიფომ უარი არ უნდა თქვას. ისტორიული ფიგურები და გმირები საქართველოს კუთვნილებაა და ამ თვალსაზრისით არავისთვის უნდა იყოს საწყენი “დიდგორობას” აღვნიშნავთ, თუ რომელიმე სხვა ბრძოლას, სადაც ქართველმა მეფეებმა მტერზე გაიმარჯვეს.

“ოსმალეთის, სპარსეთის, ბიზანტიის წინააღმდეგ იბრძოდნენ ქართველები ჩვენი ქვეყნის ძლიერებისთვის. ეს ჩვენი ისტორიაა და უნდა გავაგებინოთ სხვებსაც, რომ ჩვენი გმირების პატივისცემით უპატივცემულობას არ გამოვხატავთ ამა თუ იმ ერის მიმართ”, – აცხადებს ჭყოიძე.

მისივე თქმით, მეორე მხრივ, როცა თვითონ ქვეყნის შიგნით არ არის სათანადოდ დაფასებული გმირების ღვაწლი, რომლებიც იბრძოდნენ და აქამდე მოიყვანეს ქვეყანა, აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სადღაც, ვიღაც აბუჩად აიგდებს ჩვენს ისტორიას და კულტურას.

“ვისაც უნდა ილია ჭავჭავაძეს აყენებს შეურაცხყოფას, ქართლის დედას შეურაცხყოფენ, ნებისმიერი სიწმინდის გინება ქართულ საზოგადოებაში მარტივ თემად იქცა. ქართველმა ვაი მწერლებმა იკადრეს და თამარ მეფეზე სიბინძურეები დაწერეს, სხვას რაღა მოვთხოვოთ?”, – ამბობს არჩილ ჭყოიძე.

Dalma News-ის კითხვაზე, თუ რატომ არ არის ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის ისტორიული ჟანრი პრიორიტეტული, არჩილ ჭყოიძე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში მთავარია ფული.

“საზოგადოებრივი არხი 70 მლნ ლარით ფინანსდება და ვხედავთ, რომ არხი ქცეულია პარტია “ქართული ოცნების” პიარ ტელევიზიად. ამის ნახევარი რომ გამოიყოს პროექტებზე, რომელიც ქართული ენის პოპულარიზაციას, წარსული დიდების ისტორიულ ფაქტებზე მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმების გადაღებას მოხმარდება, ამით ჩვენ მომავალ თაობას მივცეთ სტიმულს და უფრო კარგად გავაგებინოთ, სად არის მათი ფესვები”, – აცხადებს პოლიტოლოგი.

მისივე თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ყველაფერი გადართულია იმაზე, ვიმ მოვა ხელისუფლებაში, ვინ გაძარცვავს ქვეყანას. საზოგადოება კი 30 წელია უყურებს, როგორ ანგრევენ ქვეყანას პოლიტიკოსები.

რაც შეეხება თურქულ სერიალ “ალფარსლანს”, ქართულ სოციალურ ქსელში გამოითქვა მოსაზრება, რომ აღნიშნულ ფაქტზე საჭიროა შესაბამისი რეაგირება, რომ ქართულმა მხარემ უნდა მოითხოვოს ფილმის მეორე სერიის გაუქმება და ქართული საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდა. როგორც თურქული სერიალების მოყვარულები ამბობენ, ცნობილ თურქულ სერიალ “დიდებულ საუკუნეშიც” უამრავი ისტორიული ფაქტია გაყალბებული.

ერთადერთი გამოსავალია თავად გადავიღოთ ისტორიული ჟანრის სერიალი და ყველაფერი ვთქვათ, მაგრამ სად არის ფული?

შორენა პაპაშვილი