ქართული პოლიტიკა დიდი ხანია LGBT-პროპაგანდის მძევლად არის ქცეული. ეს არის საკითხი, რასაც ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის საპროტესტო განწყობა და მიუღებლობა ახლავს თავს, თუმცა მეორე მხრივ, ეს ის არის, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის საკმაოდ სოლიდური უცხოური დაფინანსება და გრანტები მოაქვს.
2024 წელი საქართველოში საარჩევნო წელია – მე-11 მოწვევის პარლამენტი უნდა აირჩიონ. პარტიები და მათი ლიდერები დილემის წინაშე არიან, იბრძოლონ მოსახლეობის კონსერვატორულად განწყობილი ნაწილის ხმებისთვის (რაც ელექტორატის უმრავლესობას წარმოადგენს) და უარი თქვან უცხოურ ფულზე, თუ მიიღონ გრანტები და თავი გამოიდონ სექსუალურ უმცირესობათა დამცველებად (თითქოს ისინი საქართველოში უუფლებო მდგომარეობაში იყვნენ და მათ ვინმე ჩაგრავდეს).
ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად დიდი გრანტები რომ შემოდის, ეს ამბავი არახალია. ამჯერად კი, ცნობილი ხდება, რომ დიდი გრანტის მიმღები, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთი მინისტრის, ნიკა გვარამიას ტელეკომპანია „მთავარი არხია“.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საკითხი ეხებოდა დიდი გრანტის დამტკიცებას, რომელიც ლგბტ-პროპაგანდის ირიბი მხარდაჭერის საერთო თანხის დაახლოებით 5-6%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ სოლიდური რაოდენობაა. ინფორმაცია იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ნიკა გვარამიამ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად პარტია “ახალი” შექმნა და საპარლამენტო მანდატისთვის ბრძოლას აპირებს.
რაც შეეხება LGBT თემისადმი საკუთრივ მმართველი პარტიის პოზიციას. “ქართული ოცნება”, რომელმაც 2014 წელს “ანტიდისკრიმინაციული კანონი” მიიღო, დღეს ლგბტ თემის მიმართ მიდგომებს ცვლის და კონსტიტუციაში ცვლილების შესატანად საზოგადოებას საკანონმდებლო ცვლილებების ახალ პაკეტს სთავაზობს, რომელიც ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვანთა დაცვას, კერძოდ, ქორწინების დეფინიციას, შვილად აყვანის საკითხებს და სქესის შეცვლის სამედიცინო სერვისებს ეხება.
ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას წლების წინ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგებოდა. მიაჩნდათ, რომ ტერმინის – “სექსუალური ორიენტაციის” კანონში ასახვა არღვევდა საზოგადოების ზნეობრივ ნორმებს. 10 წლის წინ “ოცნებამ” ქართველი ამომრჩევლის წინააღმდეგობის მიუხედავად პირნათლად შეასრულა დასავლური დირექტივა და საზოგადოების დიდი ნაწილისა და საპატრიარქოს წინააღმდეგობის მიუხედავად ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. დღეს კი, როგორც ჩანს “ოცნებისთვის” პრიორიტეტები შეიცვალა. მმართველი პარტიის ლიდერები შესანიშნავად ხვდებიან საქართველოს მოსახლეობის განწყობებს და დიდად არ ახარებთ იმის განცდა, რომ შესაძლოა, მათი პოლიტიკური მომავალი LGBTQ-თემის პროპაგანდას შეეწიროს.
მაშინ, პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი “ქართულ ოცნებას” არწმუნებდა, რომ ასეთი კანონის მიღება არათუ არ დაიცავდა, არამედ დამანგრეველი იქნებოდა ოჯახისა და საზოგადოების მორალისთვის და ის, არც კონსტიტუციასთან მოვიდოდა ჰარმონიაში, რომ საქართველოს კონსტიტუცია ისედაც არის ქვეყნის თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვის გარანტი. ახლა კი “ქართული ოცნების” ლიდერები თავად გამოდიან ქვეყნის მოსახლეობის კონსერვატორული განწყობების დამცველებად და ევროპაში ქართული ტრადიციებით სურთ შესვლა.
„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, შეშფოთება უკვე გამოთქვეს ევროპის საბჭოში. ადამიანის უფლებათა კომისრის – დუნია მიატოვიჩის აზრით, ამ კანონს შეუძლია ძლიერი, ნეგატიური გავლენა მოახდინოს ლგბტ-ადამიანთა უფლებებზე, უსაფრთხოებასა და კარგად ყოფნაზე, ასევე მათ უფლებადამცველებზე. იგი ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, მკაცრად დაგმონ LGBT-ფობია ან სხვა დისკრიმინაციული რიტორიკის გამოყენება საარჩევნო კამპანიაში.
„ქართული ოცნება” თავის მართლების პოზიციაშია. მმართველი პარტიის ლიდერების განმარტებით, კანონპროექტში შესატანი 8 მუხლი ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ არის მიმართული და არა ვინმეს დისკრიმინაციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები კი ყოველივეს მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქვამენ.
საყურადღებოა ისიც, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად მმართველ გუნდს ოპოზიციის ხმებიც დასჭირდება. ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობის, ანუ 113 ხმის მოგროვებას, დიდი ალბათობით, ვერ მოახერხებს.
სულ რაღაც ერთი წლის წინ, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობდა, რომ მმართველ პარტიაში “ლგბტ პროპაგანდის” წინააღმდეგ კანონის მიღება არ განიხილებოდა რამდენიმე არგუმენტის, მათ შორის, სამართლებრივი მოსაზრებების გამო; რომ “არაჯანსაღ პროპაგანდას ჯანსაღი პროპაგანდა” უნდა დაუპირისპირონ და არა “სამართლებრივი მექანიზმები, რომელთანაც შეიძლება მერე გარკვეული პრეტენზიები გაჩნდეს”.
2022 წლის ნოემბერში “ალტ-ინფომ” პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ცვლილებების შეტანას შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში, კერძოდ, საუბარი იყო შემდეგი შინაარსის მუხლის ჩაწერაზე:
“აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას”.
როგორც კონსერვატიული მოძრაობა “ალტ-ინფოს” ლიდერ ზურაბ მახარაძე აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ნამდვილად დაიწყებს მუშაობას კანონპროექტზე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ და განხილვის პერიოდში შეწყვიტონ მმართველი პარტიის კრიტიკა.
მახარაძის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზნით აკეთებს ამას ხელისუფლება, მთავარია, რომ საკითხი დაიძრას და კანონის სახე მიიღოს.
“რაც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი რამ და ჩვენმა ფლანგმა ძალიან ყურადღებით უნდა იმოქმედოს. არ მაინტერესებს ეს ქულების დასაწერად არის, თუ წინასაარჩევნოდ. თუ ეს კანონპროექტი არის ნორმალური, ანუ ისეთი, რისთვისაც ამდენი ხანია ჩვენ ვიბრძვით, ქუჩაში გამოსვლაც რომ გახდეს საჭირო, გამოვალთ და დავიცავთ”, – განაცხადა ზურაბ მახარაძემ.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს კვლავ პროტესტი მოჰყვება არასამთავრობოებისა და “ნაციონალური მოძრაობის” ფლანგზე მყოფი პარტიების მხრიდან, “ალტ-ინფოს” ლიდერები “ოცნებას” მხარდაჭერას და კანონპროექტის ფიზიკურად დაცვას ჰპირდებიან.
“მერე რომ გამოვარდნენ ნაცები და თქვან, – რუსული კანონიაო, – “რაც უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონთან” დაკავშირებით გააკეთეს და ისროლეს მოლოტოვის კოქტეილები, ჩვენ გამოვალთ და ამ კანონს ფიზიკურად დავიცავთ ქუჩაში. არ მაინტერესებს ვინ დაიწერს ამით ქულებს და ვინ იხეირებს, საქმე არის უპირველეს ყოვლისა”, – განაცხადა ზურაბ მახარაძემ.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს სხვადასხვა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებში მუშაობის 20 წელზე მეტხნიანი გამოცდილება აქვს და ამბობს, რომ გრანტების გაცემის პროცედურებსა და პირობებზე ინფორმაციას ფლობს.
მისი თქმით, დაახლოებით 2015 წლიდან, თითქმის ყველა დონორის მოთხოვნაში გრანტების მაძიებლებისთვის ხაზგასმულია და ლამის აუცილებელია, რომ საგრანტო განაცხადში მკაფიოდ იყოს ასახული LGBTQ თემის ჩართულობის მექანიზმები.
“მოთხოვნის მიზანი, ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია – ხელი შეეწყოს LGBTQ თემის საზოგადოებაში ინტეგრაციას, რომ მათი ცხოვრების წესი აღარ აღიქმებოდეს ისე, როგორც ახლა აღიქმება საზოგადოების უმრავლესობის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ გრანტის მაძიებელი ამ მოთხოვნას სათანადოდ ვერ დააკმაყოფილებს, მიიღებს უარს. შესაბამისად, ისინი იძულებული არიან ეს გარემოება გაითვალისწინონ. ასეთია გლობალური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ”, – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.
ორგანიზაცია “ევრაზიის ინსტიტუტის” დამფუძნებლის, გულბაათ რცხილაძის მოსაზრებით, ეს არის “ოცნების” წინასაარჩევნო თემა. საქართველოში ლგბტ-პროპაგანდა ჯერ არ დგას დასავლურ დღის წესრიგში, მაგრამ მოგვიანებით, აუცილებლად გახდება აქტუალური საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
“დასავლეთი ჯერჯერობით ამის ფორსირებას არ ახდენს, ჯერ სხვა საკითხებია მოსაგვარებელი, ალბათ, როდესაც ჩათვლიან, რომ ვითარება მომწიფდა, მერე შემოაცურებენ და მოახვევენ საზოგადოებას თავზე ამ თემას. როგორც ბევრ რამეს შეაჩვიეს ჩვენი ხალხი. რაც 10-15 წლის წინ წარმოუდგენელი იყო და რაღაც სიგიჟედ ჟღერდა, დღეს, ამ სიგიჟეებზე ლაპარაკი და ასეთი თემების სერიოზულად განხილვა ჩვეულებრივი რამ გახდა”, – განუცხადა Dalma News-ს გულბაათ რცხილაძემ.
გიორგი ქართველი