საქართველოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მიმართ აშშ-ს ინტერესის შესუსტება ბოლო წლებში შესამჩნევი გახდა. რამდენიმე წელია ქვეყნებს შორის არა მხოლოდ მაღალი დონის ვიზიტები არ გამართულა, არამედ, ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოს ხელმძღვანელობას ვაშინგტონიდან არც ერთი მილოცვა არ მიუღია. რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი ფრენები ჯერ კიდევ არ არის და ამერიკაში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმია დაწესებული.
როგორც ჩანს, სტრატეგიული პარტნიორობა მხარეებს სხვადასხვაგვარად ესმით. აშშ ქართულ ეკონომიკაში ინვესტიციებს არ დებს, მისი ინტერესის სფერო მხოლოდ მეგაპროექტებია. საქართველოშიც მიხვდნენ, რომ ეროვნული წარმოება უცხო ქვეყნის ფულით ვერ აღორძინდება.
საქართველოს მმართველი პარტია “ქართული ოცნების” რიგით მეშვიდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის მეთაურის რანგში მუშაობის პირველივე ხანებში ყურადღება ამ მიმართულებით გაამახვილა და საქართველოში აშშ-ს ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა. მოგვიანებით კი პრესასთან განაცხადა, რომ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის უფრო ინტენსიური ურთიერთობის დამყარების სურვილი ორმხრივი იყო.
კობახიძის თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში შესუსტდა და “გაუმჯობესებას საჭიროებს”, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის შესუსტების პარალელურად, იზრდება ჩინეთის ინტერესი საქართველოს მიმართ: ვითარდება სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ჩინური კომპანიები „ძალიან აქტიურად“ მონაწილეობენ საქართველოში ეკონომიკურ პროექტებში, ქვეყნებმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და პირდაპირი ფრენების ხელშეკრულებებს.
მისივე თქმით, აშშ და ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან. ორივე ზესახელმწიფოა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. შესაბამისად, ამ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, ორივე მიმართულებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთანავე, საქართველო ჩინეთისგან დიდ ინტერესს ხედავს, რაც კონკრეტულ ნაბიჯებითაც გამოიხატება.
“რა თქმა უნდა, აშშ-თან ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი პარტნიორობის ისტორია, ჩინეთთან შარშან დამყარდა სტრატეგიული პარტნიორობა, შარშან მოეწერა შესაბამის შეთანხმებას ხელი. პრიორიტეტები არის არამხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული. ურთიერთობა არის ორმხრივი საქმე, შესაბამისად, პრიორიტეტებიც ორმხრივად განისაზღვრება”, – განაცხადა კობახიძემ აშშ-ს ელჩთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
კობახიძემ გაიხსენა მისი წინამორბედის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტი და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურს ჩინეთში უმაღლეს დონეზე დახვდნენ, რაც, პირველ ყოვლისა, წარმოაჩენს ჩინეთის საქართველოსადმი დამოკიდებულებას.
პრემიერ-მინისტრ კობახიძესა და აშშ-ს ელჩ დანიგანს შორის შეხვედრასთან დაკავშირებით, საელჩოს პრესსამსახური ორსიტყვიანი პრესრელიზით შემოიფარგლა. მათი ინფორმაციით, კობახიძემ და დანიგანმა განიხილეს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე და აშშ-ის ძალისხმევა ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდისთვის. ასევე, განიხილეს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის განვითარების მხარდაჭერა და ამერიკის მხრიდან ძლიერი სამხედრო პარტნიორობა, რომელიც საფუძვლად უდევს 2-ქვეყანას შორის ურთიერთობას.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ სტრატეგიულ პარტნიორებთან და კავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება შემდეგნაირად განმარტა:
“ეს არის აშშ-თვის თანამშრომლობის ინტენსიფიკაციისთვის გაწვდილი ხელი, იმის თქმა, რომ ვაფასებთ, ვუფრთხილდებით სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობას და ვისურვებდით, რომ გაცილებით ინტენსიური იყოს ეს თანამშრომლობა”, – განაცხადა მან.
სარჯველაძის შეფასებით, კობახიძის განცხადებაში აქცენტები ძალიან სწორად იყო დასმული და იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები ზუსტად ასეთივე კეთილგანწყობილი იქნება, რაც შეიძლება გამოიხატოს სავაჭრო ურთიერთობების გამარტივებაში.
საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ხელი ჯერ კიდევ 2009 წელს მოეწერა. დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობას, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხრივ, ისე თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკური, სავაჭრო, ენერგეტიკულ საკითხებში.
როგორც Dalma News-თან საუბრისას აკადემიკოსმა ლადო პაპავამ აღნიშნა, სამწუხაროდ, აშშ საქართველოში ბიზნესისა და ეკონომიკური აქტიურობის თვალსაზრისით არ არის გამორჩეული. შეერთებულმა შტატებმა დიდი როლი შეიტანა მილსადენების გაყვანის პროექტში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში. ისიც ენერგეტიკული თანამშრომლობის საერთაშორისო პროგრამის – INOGATE-ის (ინოგეიტი) ფარგლებში განხორციელდა.
ცნობისათვის, პროგრამა “ინოგეიტს” საფუძველი 1995 წელს ჩაეყარა. ის წარმოადგენდა ევროკავშირის მხრიდან მხარდამჭერის ისეთ მექანიზმს, რომელიც მიმართული იყო ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსების ევროპაში ტრანსპორტირების უზრუნველყოფისაკენ.
ლადო პაპას თქმით, ეს იყო წმინდა ამერიკული პროექტი, მაგრამ იყო გეოპოლიტიკური და არა ეკონომიკური. ერთადერთი ეკონომიკური პროექტი ამერიკელების მხრიდან განხორციელდა მაშინ, როცა XX საუკუნის ბოლოს საქართველოს მთავრობამ გაყიდა „თელასი“ (თბილისის ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია), ის იყიდა ამერიკულმა კომპანიამ და გახდა „ეი-ი-ეს თელასი“. რამდენიმე წელიწადში კომპანია გაკოტრდა და 2003 წლის ზაფხულში კომპანიის აქციები რუსულ „რაოეს“-ს მიჰყიდეს.
სხვა მნიშვნელოვანი ამერიკული ინვესტიცია, აკადემიკოს ლადო პაპავას არ ახსენდება. მისი აზრით, საქართველომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა თქვას უარი ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე.
„ჩვენთვის აშშ სტრატეგიული პარტნიორია ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნებასა და მშვიდობაში, მაგრამ დიდად ვერ დავიკვეხნით, რომ ამერიკული ინვესტიციები არის წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკაში. დაბალანსებული პოლიტიკით საქართველო უნდა გახდეს ის პლაცდარმი, სადაც შესაძლებელია, რეგიონში აშშ-ა და ჩინეთის ინტერესების გარკვეულ წილად დაბალანსება. ჩინური კაპიტალი დღეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების რეალური ინსტრუმენტია“, – განუცხადა Dalma News-ს ლადო პაპავამ.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, პოლიტიკოსი დიმიტრი ლორთქიფანიძე ირაკლი კობახიძის პრეტენზიებს აშშ-ს მიმართ სამართლიანად მიიჩნევს. მისი თქმით, ეს იყო ერთგვარი სამართლებრივი შეფასება იმ თანამშრომლობის ქარტიისა, რომლის ფარგლებში განსაკუთრებული ნაბიჯები აშშ-ს მხრიდან საქართველოს ეროვნული ინტერესების სამსახურში არ გადადგმულა.
„პირდაპირ შევხედოთ განსაკუთრებულ კაზუსს – სამართლებრივ-პოლიტიკური თვალსაზრისით შექმნილ მდგომარეობას, რომელშიც საქართველო აღმოჩნდა. 2009 წლის 9 იანვრიდან საქართველო ითვლება აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორად. ამ დღეს ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას. სხვა საკითხია, რა გააკეთა აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ვგულისხმობ პირდაპირ ინვესტიციებს, რომლებიც 1994 წლის შემდეგ არ განხორციელებულა საქართველოში აშშ-ს მხრიდან”, – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
მისივე თქმით, მეორე მხრივ, საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო ჩინეთთან. ამ უკანასკნელს კი, რეგიონში შორს მიმავალი გეგმები აქვს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ჩინეთმა ღიად გამოხატა ინტერესი. ეს მას სჭირდება იმ ეკონომიკური მეგაპროექტის განსახორციელებლად, რასაც “ერთი გზა – ერთი სარტყელი” ჰქვია. ამ პროექტის ფარგლებში საქართველო იმ ტრანსკასპიური ეკონომიკური პროექტის თანამონაწილე ხდება, რომელმაც ჩინეთი ევროკავშირთან უნდა დააკავშიროს.
დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, ირაკლი კობახიძის მხრიდან, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, აშშ-ს მიმართ ეს გაბედული განცხადება იყო, მით უფრო, რომ აშშ-თან და ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას ემატება სტრატეგიული პარტნიორობა სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთთან. ასევე, რუსეთთან განსაკუთრებული ეკონომიკური პრეფერენციები, რამაც უზრუნველყო საქართველოს ეკონომიკის ზრდა, მაშინ, როდესაც ამ ორ ქვეყანას შორის არ არსებობს დიპლომატიური და სავაჭრო წარმომადგენლობითი ურთიერთობები.
„ეს ქართულ-რუსული ურთიერთობების განსაკუთრებულ სტატუსზე მიუთითებს, რომლის არგათვალისწინება „ქართული ოცნებისთვის“ შეუძლებელი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, სამთავრობო პროგრამაში, რომელიც ირაკლი კობახიძემ პარლამენტს წარუდგინა, ძალიან მკაფიოდ ჩაიდო ქართულ-რუსული ურთიერთობების მოგვარებასთან დაკავშირებით აღებული საგარეო ვალდებულება საქართველოს მხრიდან. სხვათა შორის, 2012 წელსაც იყო ასეთი ვალდებულებები, მაგრამ დასავლელმა პარტნიორებმა არ მოგვცეს საშუალება, რომ გადატვირთვა შემდგარიყო“, – განუცხადა Dalma News-ს დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობაში ახალი და უფრო საინტერესო პერიოდი დაიწყება – მას შემდეგ, რაც საქართველო განახორციელებს ნაბიჯს არა რომელიმე სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის სასარგებლოდ, არამედ შეეცდება დააკანონოს საკუთარი სტატუსი, როგორც გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის მყარი ხიდის ფუნქციის შემსრულებელი ქვეყანა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იქნება ამიერკავკასიის სამ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებების შედეგიც.
შორენა პაპაშვილი