უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების მიმართ პარლამენტის დეპუტატ ეკა ბესელიას ხმაურიან პროტესტს, კიდევ უფრო ხმაურიანი გაგრძელება მოჰყვა. მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გამოცდილმა იურისტმა, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ პრივილეგირებულ მოსამართლეებს ბრძოლა გამოუცხადა, გაჩნდა მოლოდინი, რომ “ოცნება” დაიშლებოდა. გარკვეული პროგნოზებიც გაკეთდა თუ ვინ ვის ნავში უნდა აღმოჩენილიყო. საპარლამენტო უმრავლესობაში განხეთქილების შესახებ ინფორმაცია პარტიის კედლებს გასცდა, თუმცა დაშლა დროში გაიწელა. კიდევ უფრო გაურკვეველი ვადით გადაიდო მოსამართლეების ათკაციანი შემადგენლობის დამტკიცება.
ეკა ბესელიამ ღიად განაცხადა, რომ არაფრის ფასად დაუშვებდა იმ მოსამართლეების თბილ სავარძლებში უვადოდ გამწესებას, რომლებიც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ერთგულად ემსახურებოდნენ. რომ მათი უკანონო გადაწყვეტილების სიმძიმე წლების წინ, საკუთარ თავზე გამოსცადა, როცა 11 წლით უმცროსი ძმა და არასრულწლოვანი შვილი, პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით დაუპატიმრეს.
როგორც ეკა ბესელია იხსენებს, ყველა ინსტანციის სასამართლომ ბედნიერად გაასამართლა მის გამო დასჯილი უდანაშაულო ბიჭები, ისევე, როგორც იმ დროს სხვებს ასამართლებდნენ. ამის მიუხედევად, არ მიტირია, არ შემშინებია და უკან არ დამიხევიაო, – აცხადებს ბესელია და ქალებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მეტნი მოვიდნენ პოლიტიკაში იმისთვის, რომ პოლიტიკა გააკეთილშობილონ. მისივე თქმით, სამართლიანობისთვის ბრძოლაში შეუფასებელია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. “ნაციონალურ მოძრაობას” ყველაზე დიდი პოლიტიკური დარტყმა მიაყენეს და 215 პატიმარი, პოლიტიკური ნიშნით გასამართლებულად ცნეს.
ქალი პოლიტიკოსის კრიტიკული განცხადებების საპასუხოდ გააქტიურდა ფარული ჩანაწერების გამომშვები მანქანა. სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრები გავრცელდა. ბრძოლის მსგავსი პრაქტიკა ქართული პოლიტიკისთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს. პიკანტური ფარული კადრების გამოქვეყნებას წლების წინ ერთი ქალი მინისტრის პოლიტიკური კარიერა შეეწირა. ეკა ბესელიამ სწორედ ეს გათვლა ამოიკითხა და მოწინააღმდეგის აკრძალულ ილეთს მომზადებული დახვდა. არ დაელოდა ჩანაწერის ავთენტურობის დადგენას და ღიად განაცხადა, რომ ფარული ჩანაწერის სამიზნე თავად არის და ვიდეო “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პერიოდშია გადაღებული.
უამრავი ვერსია გაჩნდა, მთავარია დარტყმის ქვეშ “ქართული ოცნება” აღმოჩნდა. პარტიის ავტორიტეტულ ლიდერებს განმარტებების გაკეთებაც კი მოუხდათ, რომ ამ ამორალური ქმედების ჩამდენები მათ რიგებში ვერ და არ იქნებოდნენ. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რამდენიმე დეპუტატი დაიკითხა. ბოროტი ენები იმასაც ამბობდნენ, რომ ეკა ბესელია, სააკაშვილის ხელისუფლების პროკურორს, ტელეკომპანია “რუსთავის 2”-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას გაურიგდა და თანაპარტიელების დასჯა პირადი ღირსების ფასად გადაწყვიტაო. ერთი სიტყვით უამრავი ვერსია გავრცელდა. საზოგადოების დიდი ნაწილი მოსამართლეების შურისძიების ვერსიისკენ იხრება, – ლოგიკურია, რომ წინა ხელისუფლების დროს მოპოვებულ უკანონო ჩანაწერებზე ხელი სწორედ მათ მიუწვდებოდეთ და მთავარი მოწინააღმდეგის ჩამოსაშორებლად გამოამზეურესო.
საპარლამენტო უმრავლესობაში აღიარებენ, რომ ფარულმა კადრებმა ყველაზე მეტად მმართველი გუნდი დააზარალა, პოლიტიკური პროცესი გაჩერდა, ՞ქართული ოცნება՞ არამომგებიან პოზიციაში აღმოჩნდა. ჩანაწერების გავრცელება, სწორედ გუნდში პოლიტიკურ დაპირისპირებას დაემთხვა.
სანამ მმართველ პარტიაში დაბნეულობა და ურთიერთუნდობლობა პიკს მიაღწევდა, შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელების გამო 17 ადამიანი დააკავა, დაკავებულთა უმეტესობა ქალები არიან. მათ შორის არ არის ის, ვინც ვიდეომასალა “იუთუბიზე” ატვირთა. პროკურატურა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მის ვინაობას არ ასაჯაროებს. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულებს შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის՞ მხარდამჭერები არიან. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარუდგინეს, რაც 4-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დეპუტატმა ბესელიამ სასწრაფოდ გააკეთა კომენტარი, რომ იმ ადამიანების დაკავება, ვინც ფარულ ვიდეოჩანაწერს გაუაზრებლად ინახავდა ან აზიარებდა, მის ინტერესებში არ შედის, თუმცა კანონის არცოდნა მოქალაქეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებსო.
მოგვიანებით სასმართლომ რამდენიმე ბრალდებული თავდებით გაათავისუფლა, რამდენიმე კი პატიმრობაში დატოვა. ერთ მათგანს მასალის გადაგზავნისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა, დანარჩენ 6 დაკავებულს კი 1500-დან 3 000 ლარამდე.
დაკავებებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მხოლოდ გამავრცელებლების დაკავება საკმარისი არ არის. ფარული ჩანაწერის უკან პოლიტიკური ინტერესი აშკარაა, დამკვეთიც პოლიტიკური ფიგურა უნდა იყოსო.
პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ფარული კადრებით შანტაჟი საკუთარ თავზე გამოსცადა. მისი შეფასებით, როცა საქმე ქალს შეეხო, ქართული საზოგადოება ტრადიციულად მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. ვიდეოკადრების გავრცელებას საწინააღმდეგო შედეგი მოჰყვა. საზოგადოების ზიზღი იმ ადამიანებმა დაიმსახურეს, რომლებმაც თავის დროზე ეს ყველაფერი უკანონოდ ჩაიწერეს, შემდეგ არ გაანადგურეს და ახლა გამოიყენეს.
პეტრე მამრაძე არ გამორიცხავს, რომ ამაში, სრულიად სხვადასხვა ჯგუფები იყოს გარეული. მათ შორის, “ოცნების” წევრებიც. პოლიტოლოგის აზრით, არადამაჯერებელია ხელისუფლების მოქმედებაც. ის, რომ მოსამართლეთა სიას პარლამენტში უმაღლესი ლობი ყავს, საიდუმლო არ არის. ასევე ცნობილია, რომ მოსამართლეობის კანდიდატებს შორის ირაკლი კობახიძესთან და უმრავლესობის ზოგიერთ წევრთან დაახლოებული პირები არიან. მაგრამ ამ სიის უკან არ დგას ბიძინა ივანიშვილი.
“არავინ იფიქროს, რომ ივანიშვილი დგას ამ სიის უკან. მას არწმუნებენ, რომ მოსამართლეების კარგი სია შეირჩა, რომლებიც არ იქნებიან არავის ინტერესის აღმსრულებლები, მით უმეტეს, სააკაშვილის დაჯგუფების ნებას არ შეასრულებენ. ივანიშვილი ამ დროს სვამს კითხვას, – პასუხისმგებლობას იღებთ? საზოგადოების რეაქცია დადებითი იქნება? იმიტომ არ ხდება ხელების გადაგრეხა და იხევენ უკან, რომ ივანიშვილის პირადი ინტერესი ამაში არ არის. არიან უმრავლესობაში ადამიანები, ვისაც სურდათ, რომ ნებისმიერ ფასად გაეყვანათ ეს ადამიანები და უვადოდ დაენიშნათ უზენაეს სასამართლოში. ბესელიამ ეს თემა გამოიყენა და თავისი პირადი ინტერესები სახელმწიფო ინტერესებს შეუთავსა”, – აცხადებს პეტრე მამრაძე.
მისი შეფასებით, მთელს ამ ისტორიაში აბსურდულია ადამიანების დაკავებაც. კანონის თანახმად, ფარული კადრების მიღებისას მოქალაქე ვალდებულია შსს-ში დარეკოს, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად ხდება პასუხისმგებელი. ასეთ დროს, ყველა ინტერნეტმომხმარებელმა ერთდროულად რომ მიმართოს სამართალდამცველებს, ამან შესაძლოა პოლიციის პარალიზებაც კი გამოიწვიოს.
“მახსოვს ჩემს წინააღმდეგაც იგეგმებოდა ფარული კადრების გავრცელება. მაგრამ ეს არ მომხდარა სააკაშვილის დროს, არამედ შემდგომ. როდესაც შს ექსმინისტრი ჭიკაიძე და ექსპრემიერი ღარიბაშვილი საჯაროდ გავაკრიტიკე და მათ ქართული პოლიტიკის კურიოზი ვუწოდე, გაჩნდა ინფორმაცია, რომ პეტრე მამრაძის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არსებობდა, თუ როგორ ჩამიწვინა ვიღაც ქალმა ლოგინში. მაშინ, გამოვედი ტელევიზიით და მოვუწოდე ვაიშანტაჟისტებს კინოთეატრში ეჩვენებინათ ჩანაწერი”, – განუცხადა Dalma News-ს პეტრე მამრაძემ.
მისივე თქმით, ბესელია გამოცდილი იურისტია და მაშინვე მოითხოვა ყველაფერის გამოძიება და დამნაშავის დასჯა. კადრების გამავრცელებლების პროგრამა მაქსიმუმი იყო ბესელიას პოლიტიკური კარიერის კრაზი, შეელახათ მისი ავტორიტეტი პარლამენტში და საზოგადოებაში.
“ბესელიას ბევრი გულშემატკივარი აღმოაჩნდა. ფაქტია, რომ საზოგადოებას არ უნდა ეს მოსამართლეები. ასეთ დროს ტალღაზე აღმოჩნდება ის, ვინც გამოხატავს ხალხის პოზიციას. ამით ბესელიამ გარკვეული წონა და ძალა შეიძინა”, – მიაჩნია პოლიტოლოგს.
პირველი ფარული ჩანაწერები ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ “ვარდების რევოლუციამდე” გამოჩნდა. როგორც პოლიტიკოსი სოსო შატბერაშვილი იხსენებს, პირველი ფარული კადრები ქართულ პოლიტიკაში, აჭარის ყოფილი ლიდერის, ასლან აბაშიძის ავტორობით გაჩნდა, რომელიც სააკაშვილს ერთ-ერთ სასტუმროში გადაუღეს.
“როცა სააკაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა, თვითონ ნაციონალებმა მოიტანეს ეს კადრები, ჩართეს და დაიწყეს ღლიცინი. არც კი შემიხედავს მაშინ იმ კადრებისთვის, იმდენად ამაზრზენი იყო ეს ჩემთვის. ეს მთელმა საქართველომ იცის. ამის შემდეგ სააკაშვილი ხდება პრეზიდენტი და ნაცვლად იმისა, რომ სძულდეს ეს საქმე, რაც პირადად მას გაუკეთეს, პირიქით, ყველა სასტუმროში, რესტორანში, კუპეში დაამაგრეს ფარული კამერები და ადამიანების მასობრივი ჩაწერა დაიწყეს. ყველა ეს ჩანაწერი უკანონო იყო, ამის მიუხედავად არავინ დასჯილა”, – აცხადებს სოსო შატბერაშვილი.
მისი თქმით, ეკა ბესელიას შემთხვევაში კონან დოილის პრინციპიდან თუ ამოვალთ ძნელი არ იქნება მთავარი დამნაშავის მიკვლევა. რა კითხვას დასვამდა შერლოკ ჰოლმსი? – ვის აწყობდა ეკა ბესელიას კომპრომეტირება? სოსო შატბერაშვილის აზრით, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერის წინააღმდეგ სწორედ იმ მოსამართლეებმა გაილაშქრეს, ვისაც დაეჯახა ბესელია და მათი კანდიდატურების პარლამენტში განხილვა დღის წესრიგიდან მოხსნა.
დღეს, თითქმის ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ქართული პოლიტიკის მანკიერებად ქცეული – პირადი ცხოვრებით შანტაჟი, წარსულის უმძიმესი მემკვიდრეობაა. პოლიტიკოსებსა თუ ბიზნესმენებზე დაარქივებული ათასობით ვიდეოფაილი სადღაც, საიმედოდ ინახება. მერე რა, თუ ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და ეს საქართველოს კონსტიტუციითაც აღიარებულია. საზოგადოებაში კვლავ არსებობს დაუცველობის შეგრძნება. შანტაჟი გრძელდება, მაგრამ ამის გამო ჯერ არავინ დასჯილა. მთავარია საზოგადოება იდგეს მოწოდების სიმაღლეზე და ქართველი შერლოკ ჰოლმსები თავის საქმეს ასე თუ ისე გააკეთებენ.
შორენა პაპაშვილი