საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს საელჩოს შორის ურთიერთობა პერმანენტულად იძაბება. აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი დიპლომატის პირობაზე კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა. მისი ბოლო ინტერვიუ კი, სადაც 2019 წლის 20 ივნისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას “გავრილოვის ღამე” უწოდა, მმართველი გუნდის ლიდერებისთვის მოთმინების ფიალის “ბოლო წვეთი” აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. გავრილოვის ღამე პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და მისი მოკავშირე პოლიტიკური ძალების მიერ დამკვიდრებული ტერმინია, რითაც ცდილობენ 20 ივნისს პარლამენტში შეჭრისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა გაანეიტრალონ. საქართველოს მთავარი პარტნიორი ქვეყნის, აშშ-ს ელჩის მხრიდან ამ ტერმინის გამოყენებამ და მასზე აგებული ხელისუფლების მიმართ კრიტიკამ ბევრი გააღიზიანა.

კელი დეგნანი ურჩევს ქართველებს, 3 წლით უკან და გაიხედონ და გაიხსენონ, საიდან მოვიდა ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია. მისი აზრით, ამის მიზეზია “გავრილოვის ღამე”, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები… და არა დასავლელი პარტნიორების განცხადებები.

კელი დეგნანი

“ნებისმიერი ბრალდება, თითქოს ჩვენ ვართ დამნაშავე პოლარიზაციაში, არის პასუხისმგებლობის არიდების მცდელობა და პასუხისმგებლობის გადატანა მათ მიერ, ვინც იცის, რომ პასუხისმგებელია დასავლელ პარტნიორებზე, რომელთაც 30 წელზე მეტია, საქართველოს დემოკრატიულ გზაზე დახმარების მეტი არაფერი გაუკეთებიათ”, – უთხრა ელჩმა ჟურნალისტებს 17 აგვისტოს.

ელჩის ეს ინტერვიუ გახდა ბოლო წვეთი, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში “დარწმუნდნენ”, რომ “ომის რიტორიკის მხარდაჭერა”, რადიკალური ოპოზიციის მიერ საქართველოში არეულობისა და ხელისუფლების უკანონო შეცვლის სურვილი ამერიკის საელჩოს მხრიდან მომდინარეობს.

ელჩის განცხადებას პარლამენტის დეპუტატი სოზარ სუბარის გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ როდესაც კელი დეგნანი არ ემიჯნება ოპოზიციის ნაწილის ანტიკონსტიტუციურ მოწოდებებს, როგორიცაა პარლამენტში შეჭრა, პარლამენტის უფლებამოსილების არცნობა, პარალელური, მთავრობის შექმნა, თავად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას უპირისპირდება, სადაც 20 ივნისის ღამე, საქართველოს პარლამენტში შეჭრის მცდელობად შეფასდა.

სოზარ სუბარი

“დეგნანი იყენებს ტერმინს, რომელიც ძალიან პოპულარულია ოპოზიციაში და “გავრილოვის ღამეს” უწოდებს. ძალიან მაინტერესებს დეგნანს მიაჩნია თუ არა გამართლებულად პოლიციელებზე თავდასხმა, მიაჩნია თუ არა, რომ ადგილი ჰქონდა პარლამენტში შეჭრას, იყო თუ არა ამისთვის მოწოდებები. ამ ყველაფერზე საქმე იყო აღძრული და ეს ყველაფერი ფაქტებით არის დადასტურებული”, – აცხადებს დეპუტატი.

როგორც სოზარ სუბარმა ბრიფინგზე განაცხადა, აშშ-ის ელჩის ძალიან სერიოზული ძალისხმევა იყო ჩადებული იმაში, რომ 20 ივნისის ღამის დამნაშავეები (ნიკა მელია, ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა), რომელთაც ბრალი ჰქონდათ წარდგენილი, ციხიდან გაეთავისუფლებინათ.

“როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი არ ემიჯნება უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების, რადიკალური ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის ომის რიტორიკას, რომელთაც სურთ ომი, ის ემიჯნება პრაქტიკულად საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც არ სურს ომი”, – განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე შეფასებით, ამერიკის საელჩო თავდაყირა აყენებს იმ ფაქტს, რომ ამერიკა საქართველოს 30 წლის განმავლობაში უანგაროდ ეხმარებოდა დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერებაში. მისი თქმით, ამ ქმედებებს დაუპირისპირებენ ხალხის ძალას, რადგან სწორედ საქართველოს მოსახლეობა წყვეტს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს.

ირაკლი კობახიძე

დეგნანის მიერ 20 ივნისის “გავრილოვის ღამედ” აღიარებამ, მმართველი პარტია “ქართულ ოცნების” ლიდერებს საშუალება მისცა ზოგიერთ კულუარულ ამბავს “ფარდა ახადონ”. “ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკვე დიდი ხანია არ მალავს კრიტიკულ განწყობას საქართველოში ევროკავშირის აწ უკვე ყოფილი ელჩის კარლ ჰარცელისა და აშშ-ის მოქმედი ელჩის კელი დეგნანის მიმართ.

“განსაკუთრებით კულისებში გამოირჩევა ისეთი განცხადებებით, რომელიც აჩვენებს უდიერ დამოკიდებულებას სახელმწიფო სუვერენიტეტის მიმართ და გვიწევდა ჩვენი სახელმწიფოს ღირსების დაცვა, ძირითადად ეს ხდებოდა კულისებში. ეს არაერთგზის მოხდა. ის ხშირ შემთხვევაში მოქმედებს არა როგორც დიპლომატი, არამედ როგორც პოლიტიკოსი”, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

ზაალ ანჯაფარიძე

ამერიკის ელჩის მხრიდან ქართული ოპოზიციის ენაზე საუბარი გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ზოგიერთი ანალიტიკოსისთვისაც. ზაალ ანჯაფარიძის აზრით, კელი დეგნანმა ბრჭყალები გამოაჩინა.

მისი მოსაზრებით, ელჩმა შესაძლოა, სრულიად გამიზნულად დაარქვა 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს ის სახელი, რაც ოპოზიციამ უწოდა – „გავრილოვის ღამე“, ან უბრალოდ ცხელ გულზე გააკეთა. ორივე შემთხვევაში ელჩის პასუხი იყო საკმაოდ დაუბალანსებელი. კერძოდ, ხელისუფლება დაადანაშაულა პოლარიზაციის შექმნაში და არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რა წვლილი მიუძღვის ოპოზიციას, მაშინ, როცა მის თვალწინ ჩაიარა მთელმა პროცესმა.

ელჩის ამ ცალმხრივ შეფასებებში ზაალ ანჯაფარიძე ხედავს ქვეტექსტს, რომ შესაძლოა ამით სურთ აგრძნობინონ საქართველოს ხელისუფლებას, რომ აშშ-ს საელჩო მათზე საკმაოდ გაბრაზებულია, ანუ აშშ-ს საელჩომ ბრჭყალები გამოაჩინა. მეორე საკითხია მისაღებია, თუ არა ქართული საზოგადოებისთვის ელჩის მხრიდან მსგავსი “გაბრაზებული ტონი”?

“ქართული საზოგადოებისთვის ნამდვილად არ არის მისაღები კოლექტიური დასავლეთის მიმართ პატრონყმური დამოკიდებულებით და ნებისმიერი, თუნდაც სამართლიანი შენიშვნა დასავლეთისა და მისი საელჩოების მხრიდან აღიქმება, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმა. სერვილიზმით არის განმსჭვალული ჩვენი საზოგადოების ნაწილი, რომელიც ცდილობს თავი მოაწონოს კოლექტიურ დასავლეთს, რომ დაეხმარონ ხელისუფლებაში მოსვლაში”, – განუცხადა Dalma News-ს ანალიტიკოსმა.

ზაალ ანჯაფარიძის თქმით, თვითონ საელჩოს ქმედებებმა გამოიწვია ის, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ოდნავ ახადეს ფარდა იმას, თუ რა ხდებოდა კულისებს მიღმა. რომ კარლ ჰაცლერი მოლაპარაკებებზე საქართველოს სუვერენიტეტს უგულვებელჰყოფდა.

“პირველი შემთხვევა არ არის, როცა მათთვის მიუღებელი ხელისუფლებები, თუნდაც უმრავლესობით ყოფილიყო არჩეული, არ მოსწონდა აშშ-ს და ყველაფერი კეთდებოდა მათ დასამხობად. ეს ტრადიცია ახლაც გრძელდება. იღებენ ისეთ ზომებს, რომ შექმნან ისეთი პირობები, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარი.

ანდრია გვიდიანი

ექსპერტ ანდრია გვიდიანის შეფასებით, აშშ-ს ელჩმა გამაოგნებელი კომენტარი გააკეთა, რომ თურმე საქართველოში პოლარიზაცია “გავრილოვის ღამემ” და “შეუსრულებელმა დაპირებებმა” გამოიწვია.

“ერთი საკითხია, რომ უკვე ფრაზეოლოგიითაც „ნაციონალური მოძრაობის“ და ქალბატონი ელჩის განცხადებები სრულ თანხვედრაში მოდის. გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ ქალბატონი დეგნანი უკვე დაუფარავად მოგვევლინა პოლიტიკურ მხარედ და სრულად დისტანცირდა ელჩის კლასიკური უფლება-მოვალეობებისგან”, – აცხადებს ანდრია გვიდიანი.

მისივე თქმით, ელჩის ბოლოდროინდელი, აშკარად ტენდენციური განცხადებები გამოუსწორებელ ზიანს აყენებს არა ელჩის, არამედ აშშ-ის რეპუტაციას.

ლადო ბოჟაძე

როგორც Dalma News-სთან საუბრისას ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ განუცხადა, ამერიკის სახელმწიფო ადმინიტრაციის არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში, სადაც შეფასებული და დაგმობილია 20 ივნისის მოვლენები, ეს დღე “გავრილოვის ღამედ” მოხსენიებული არ არის. თუმცა, ის რომ იგივე, თბილისის ექსმერი გიგი უგულავა, რომელმაც 48 მლნ მოჰპარა დედაქალაქს და სახელმწიფო გადატრიალების სხვა მოსურნეები, აშშ-ს საელჩოს დამსახურებით იყვნენ შეწყალებულებულები.

“ჩვენ უნდა გვქონდეს განცდა იმისა, რომ დასავლეთი დაინტერესებულია პირველ რიგში პოლარიზაციის დასრულებით და მათი მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა შეუწყოს ამას ხელი და აიძულოს რადიკალური ოპოზიცია მაქსიმალურად დასწიონ ტემპერატურა”, – აცხადებს ლადო ბოჟაძე.

შ.ქარჩავა