ფესტივალები, როგორც წესი, კომერციული დატვირთვით და ამა თუ იმ ქალაქის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენისთვის ეწყობა ხოლმე. ორგანიზატორებს მსოფლიო დონის ვარსკვლავები, სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო ანსამბლები ჩამოჰყავთ და საფესტივალო დღეებიც ანშლაგით ჩაირბენს. იშვიათია ფესტივალი, რომელიც დამწყები ხელოვანების წარმოჩენაზე ზრუნავს, რომელიც ახალბედებსაც აძლევს შანსს მოიპოვონ თავიანთი პუბლიკა და მეტი გამოცდილება მიიღონ. მაგრამ თბილისში, სხვა ბევრ, მშვენიერ ტრადიციასთან ერთად, ამის პრეცედენტიც არსებობს.

კავკასიური ჯაზის ფესტივალი სხვა არაფერია, თუ არა ახალგაზრდა მუსიკოსების პოპულარიზაციის მცდელობა. უკვე მეშვიდე წელია, ფესტივალზე თბილისში თავს იყრიან აზერბაიჯანელი, სომეხი, თურქი და ირანელი მუსიკოსები. ფესტივალის ორგანიზატორების უმთავრესი მიზანია, ახალგაზრდა მუსიკოსების საზოგადოებისა და ერთმანეთისთვის გაცნობა.

13441862_10206879192161615_982599083_oკავკასიური ჯაზის ფესტივალი, პირველ რიგში საინტერესოა იმით, რომ აქ ჩამოდიან ახალგაზრდა მუსიკოსები, რომლებსაც ეხმარებიან განვითარებაში. ჯაზური მუსიკის სომხური საიტის რედაქტორი არმენ მანუკიანი, ზედიზედ, უკვე მესამე წელია თბილისში ფესტივალზე ჩამოდის და მიაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებების გამართვა მნიშვნელოვანია ორი მიზეზის გამო: პირველი წმინდა მუსიკალური თვალსაზრისით. რადგან ყოველთვის საინტერესოა სხვისი მუსიკალური შემოქმედების მოსმენა და საკუთარის ჩვენება. საინტერესოა გაეცნო რა ხდება მეზობელ ქვეყნებში, სხვა რესპუბლიკებში. როგორ მუსიკას უსმენენ სხვა ქვეყნის ახალგაზრდები და რამდენად თვითმყოფადია კავკასიური მუსიკა.

13417692_1189068744458885_3393657787417516999_nფესტივალის მეორე მნიშვნელოვანი მხარე ადამიანური ფაქტორია, რომელიც ასევე დიდ და საჭირო როლს ასრულებს. რეგიონის ზოგიერთ ქვეყნებს შორის პოლიტიკური დაძაბულობა, მუსიკის სიმაღლეებამდე ვერ აღწევს და აქ, უკიდურესად დაპირისპირებული ქვეყნების შვილები, ერთ სივრცეში, ეს სცენაზე დგანან, ერთ დარბაზში, გვერდიგვერდ სხედან და ერთი ინტერესი ამოძრავებთ – მუსიკა.

კავკასიური ჯაზის წლევანდელი ფესტივალი თბილისის ივანე სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში გაიხსნა. სცენაზე ამერიკელი მუსიკოსების გვერდით, თავად კონსერვატორიის რექტორმა რეზო კიკნაძემ, საქსოფონზე, რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა. ფესტივალის გახსნა მართლაც შთამბეჭდავი იყო.

სცენაზე გასვლამდე, კულისებში, ბატონი რეზო Dalma News-ს ესაუბრა და Kavkaz Jazz Festival-ის განსაკუთრებულობაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, მუსიკის როლი ხალხთა შორის ურთიერთობის ერთ-ერთი უძლიერესი საშუალებაა იმისთვის, რომ ადამიანები ერთმანეთთან შეაკავშიროს, ხანდახან შეარიგოს კიდეც.

“კავკასიური ჯაზის ფესტივალიც ამ პათეტიკური მომენტის გარშემო იკრებს მუსიკოსებს. შეიძლება, აქ ვარსკვლავური და გვირგვინოსანი სახელები არ გრგვინავს, სამაგიეროდ ჩამოდიან ადამიანები, რომლებსაც ეს საქმე ესმით, უყვართ და მშვენივრად გრძნობენ აქ თავს სტუდენტებისა და მეგობრების გარემოცვაში. შემდგომი თანამშრომლობისთვისაც მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი,” – აცხადებს რეზო კიკნაძე…

მისივე თქმით, კავკასიური ჯაზის ფესტივალის ხიბლი იმაშიც არის, რომ მეზობელი ქვეყნების მუსიკოსები ეცნობიან ერთმანეთს და ურთიერთობენ. იმართება მასტერკლასები, კონფერენციები და საკუთარი მოსაზრებების გაზიარების საშუალება ეძლევათ.

“მთავარი მაინც ის, არის, რომ აქ სხვადასხვა ეროვნების მუსიკოსი ივიწყებს რა პოლიტიკა აქვს მის სახელმწიფოს, რა სენტიმენტები აქვს თავად, სხვა ერების მიმართ. აქ მოდიან იმისთვის, რომ დაუკრან ჯაზი. ჩემის აზრით, საქართველოს წილად ხვდა, ის ბედი, რომ იყოს არა ერთ-ერთი დაპირისპირებული მხარე, არამედ მომრიგებელი, შემაკავშირებელი და დამამეგობრებელი,” – განაცხადა Dalma News-სთან საუბარში თბილისის კონსერვატორიის რექტორმა.

მის პოზიციას იზიარებს ფესტივალის სომეხი სტუმარი და კრიტიკოსი არმენ მანუკიანი, თუმცა სინანულს გამოთქვამს იმის, გამო, რომ ყოველწიურად ფესტივალი სულ მეტად იზღუდება დროში, რის გამოც ქართველი, სომეხი, თუ აზერბაიჯანელი ახალგაზრდები, ერთმანეთის სათანადოდ გაცნობასა და საერთო ენის გამონახვას ვერ ასწრებენ.

“ძველად, ერთად ვიყავით და ინფორმაციის გაცვლა აქტიურად ხდებოდა, ახლა ყველა კავშირები დარღვეულია და ინფორმაციაც ცოტა არის. თბილისში ყოველ ჯერზე, სხვადსხვა სომხურ მუსიკალურ კოლექტივებთან ერთად ჩამოვდივარ, თურქებსაც უკვე მეორედ ვხედავ. ეს ყველაფერი მუსიკისა და კულტურის თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო და სასარგებლოა. მადლიერები უნდა ვიყოთ ფესტივალის ორგანიზატორების, რომლებიც ასეთ ძალიან საჭირო და დიდ საქმეს აკეთებენ. სამწუხაროდ მუსიკოსებს, რომლებიც აქ ჩამოდიან, არ აქვთ ურთიერთობის დიდი დრო. ისინი უკრავენ ერთ სივრცეში, ერთმანეთს ეხმარებიან, ინსტრუმენტებს უწყობენ. ესეც რაღაცაა, მაგრამ ალბათ სამწუხაროდ აქ ძალიან მცირე თავად ახალგაზრდებს შორის კონტაქტი,” – მიაჩნია მანუკიანს.

მისივე თქმით, ექვსი წლის წინათ, თბილისში პირველად რომ გაიმართა კავკასიურ ჯაზის ფესტივალი, მაშინ ჯგუფები სამი რესპუბლიკიდან შეკრიბეს და პანსიონატში წაიყვანეს. ახალგაზრდები ერთად ატარებდნენ დროს, მართავდნენ რეპეტიციებს, ერთმანეთის გვერდით ცხოვრობდნენ, რასაც ადამიანური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი სარგებელი მოჰქონდა. ბოლო დროს ასეთი ურთიერთობის საშუალება ნაკლებად არის შესაძლებელი.

Kavkaz Jazz-ის საფესტივალო დღიური

ფესტივალი 8 ივნისის საღამოს, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიხსნა. ფესტივალი უფრო დიდხანს რომ გრძელდებოდეს, მართლაც კარგი იქნებოდა, მითუმეტეს, რომ ზოგი მონაწილე თბილისის ხშირი სტუმარია.

13441539_10206879222282368_508024820_oაზერბიაჯანული ჯგუფების წევრებს, Dalma News-სთან საუბარში, არ დაუმალავთ ის კეთილგანწყობა და სიმპატიები, რაც თბილისის მიმართ აქვთ და ამბობენ, რომ საქართველო ძალიან მუსიკალური ქვეყანაა.

წლევანდელი კავკასიური ჯაზის ფესტივალის სიახლე ის იყო, რომ თბილისს ორი შესანიშნავი ამერიკელი მუსიკოსი და პედაგოგი, მაიკლს ტრეისი (საქსოფონი) და კრეიგ ვაგნერი (გირატა) ეწვივნენ და ფესტივალიც მათი კონცერტით გაიხსნა. ამერიკელ ჯაზმენებს, ორი კვირის განმავლობაში ძალიან ინტენსიური სასწავლო პროგრამების ჰქონდათ. მათ თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს ქართველ ახალგაზრდა მუსიკოსებს. თბილისის კონსერვატორიის სტუდენტებისთვის ეს იყო, პირდაპირი ამერიკული სკოლა, რომელთა უმეტესობას, აშშ ჯერ თვალით არ უნახავთ.

კონცერტში მონაწილეობდნენ თულუღ თირფანის კვარტეტი. რეზო კიკნაძემ კი სპეციალურ სტუმრებთან – მაიკლს ტრეისისთან და კრეიგ ვაგნერთან ერთად დაუკრა. რამდენიმე კომპოზიციის შემდეგ თითოეულმა მუსიკოსმა საკუთარი სურვილის მიხედვით ბალადები შეასრულეს, რითაც კიდევ უფრო მეტად მოხიბლეს კონსერვატორიის დარბაზში მყოფი მსმენელი.

სომხეთიდან მონაწილეობდა ჯგუფი “მიქაელ ვოსკანიანი და მეგობრები” (წევრები: მიქაელ ვოსკანიანი, არმან პეშტმალჯიანი, დავით მელკონიანი, გურგენ ღაზარიანი და მოვსეს ღაზარიანი) და THE BIRDS (ნორაირ გაპოიანი, ლევონ სიმონიანი, კარენ მამიკონიანი, მოვსეს ებეჯიანი, გურგენ ებეჯიანი). ირანიდან მონაწილეობდა ჯგუფი ARTE MUSIC GROUP (წევრები: სანამ ფაშა, ფარზინ თეჰრანიანი, მეჰრად ნაჯაფიანი, ორფან ხატაი).

თბილისის აეროპორტიდან პირდაპირ კონსერვატორიის სცენაზე აღმოჩნდა, თურქი კომპოზიტორის თულუღ თირფანის ჯგუფი TULUG TIRPAN QUARTET (წევრები: თულუღ ტირპანი, სერდარ ბარჩინი, ეილემ ფელითი და ოკან დუმანი). თავად თულუღი ჯაზ-პიანისტია. მის შემოქმედებაში თურქული და ბალკანური ფოლკლორული მუსიკის ძალა და მელანქოლია სუფევს. ტრადიციული ევროპული კლასიკური მუსიკა შერწყმულია ამერიკულ ჯაზსა და მიუზიკლთან. თულუღ თირფანი მუშაობს ისეთ ცნობილ შემსრულებლებთან, როგორებიც არიან ალ დი მეოლა, ტრილოკ გურტუ, ანტონიო სანჩესი და მრავალი სხვა. ჩაწერილი აქვს 10 დისკი.

ფესტივალის ქართული ჯგუფები: HULEMENT (წევრები: სანდრო კვაჭაძე, ზუკა სიმონიშვილი, ირაკლი ჭოლაძე); KANUDOSI (წევრები: თეო ლომსაძე, ნიკოლოზ ღვინიაშვილი, რამაზ ნადირაძე, გია დალაქიშვილი, თორნიკე ლომსაძე, მიხეილ ჯინისიანი).

თბილისში ასევე იმყოფებოდა “ჯაზის ელჩი” მაიკლ ტრეისი. სახელოვანი ამერიკელი პედაგოგის საშემსრულებლო და პედაგოგიური მოღვაწეობა 40 წელს ითვლის და მოიცავს 20 ქვეყანას. სცენაზე გამოდიოდა ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან ელა ფიცჯერალდი, ბადი რიჩი, ჯ.ჯონსონი, ჯონი მეისი და ჯგუფი Temptations, დევიდ ლიბმანი, დევიდ ბეიკერი, ბობი შიუ, ჯერი კოკერი. გამოშვებული აქვს 6 დისკი.

კრეიგ ვაგნერი ცნობილია, როგორც ამერიკის ყველაზე მრავალმხრივი ახალგაზრდა გიტარისტი. კრეიგს თავის ბენდთან ერთად Java Men ჩაწერილი აქვს 3 დისკი. მას ასევე აქვს სოლო ჩანაწერი – Color of a Mirror (1999), ხოლო ნორა ჯონსთან – Invisible House (2013).

მრგვალი მაგიდა

13417545_1189138821118544_8841939103354749752_n

მეორე დღეს ფესტივალმა მრგვალ მაგიდასთან გადაინაცვლა, სადაც ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ამერიკელი მუსიკალური ექსპერტები. ღონისძიებას Dalma News-ის კორესპონდენტთან ერთად, ამერიკელი ჟურნალისტი მარტი როზენი ესწრებოდა, რომელიც ფესტივალის მსვლელობას ვრცლად აშუქებდა სოციალურ ქსელში სპეციალურად შექმნილ გვერდზე და სხვადასხვა ამერიკულ გამოცემაში. მრგვალი მაგიდას მწერალი ზურაბ ქარუმიძე გაუძღვა.

მუსიკალურმა ექსპერტებმა განიხილეს რეგიონში მუსიკალურ ბაზარზე არსებულ ვითარებას. მსგავსი აქტივობა Kavkaz Jazz ფესტივალის ფარგლებში მესამედ ტარდება. აზერბაიჯანს წარმოადგენენ ცნობილი კოლუმნისტი ულვი მეჰტი და პედაგოგი და მუსიკალური კრიტიკოსი თურან მამედალიევა. სომხეთიდან მრგვალ მაგიდაში მონაწილეობას მიიღეს არმენ მანუკიანმა, რომელსაც ჯაზის შესახებ არაერთი წიგნი აქვს დაწერილი.

კონფერენციაზე გამომსვლელებმა ისაუბრეს, თუ როგორ ჩაეყარა საფუძველი ჯაზს, როგორც კულტურას მათ ქვეყნებში. ჯაზის პარალელურად განიხილეს სხვა მუსიკალური მიმდინარეობებიც, კერძოდ, ეთნო ჯაზი, მოდერნ ჯაზი, ფანქი, პოპი და სხვა. ისაუბრეს სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებსა და მათ შემოქმედებაზე. სტუმრებმა გაიხსენეს საქართველოში წინა წლებში ჩატარებული ჯაზ ფესტივალები, რომელიც სხვადასხვა დროს თბილისსა და ბათუმში გაიმართა და დადებითად შეაფასეს, ის ფაქტორი, რომ ქვეყანას აქვს საშუალება, ქვეყნიდან გაუსვლელად, ორ სხვადასხვა ქალაქში, სრულიად განსხვავებულ გარემოსა და კლიმატში გამართოს ასეთი შესანიშნავი ფესტივალი.

“ჩვენთან ნამდვილ ჯაზს უკრავენ. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჰყავს არაჩვეულებრივი ჯაზ -ბენდი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის ჯაზ-ფესტივალებსა, თუ კონცერტებში მონაწილეობენ,” – განაცხადა მრგვალი მაგიდის დასასრულს ზურაბ ქარუმიძემ და სტუმრებს მადლობა გადაუხადა “კავკასიური ჯაჟის” ფესტივალში მონაწილეობისთვის.

13445657_1192063110826115_5448455203475865502_n

9 ივნისს კონცერტი თბილისის მოძრაობის თეატრში გაიმართა, სადაც უკვე ახალგაზრდა ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი შემსრულებლები გამოვიდნენ, კერძოდ, “კანუდოსი” გორიდან, THE Birds-ი ერევნიდან და J.E.F. Experiment-ი ბაქოდან.

მაგრამ როგორია კავკასიური ჯაზი?

Jazz-ი ორიგინალური ამერიკული მუსიკალური ხელოვნების ფორმაა, რომელიც ადრეულ 1920-იან წლებში ნიუ – ორლიანეში გაჩნდა; ეფუძნება დასავლეთის მუსიკალურ ტექნიკასა და თეორიას და მის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის აფრო-ამერიკელთა კულტურულ ტრადიციებს. ჯაზისთვის დამახასიათებელია რბილი ნოტები, სინკოპაცია, სვინგი, პოლირითმია და იმპროვიზაცია. ჯაზს ხშირად “ამერიკის კლასიკურ მუსიკად” მოიხსენიებენ.

ბაქოელი ელჯან ჯაბრაილოვი მიიჩნევს, რომ კავკასიური ჯაზი ამერიკულისგან სულიერებით განსხვავდება. ის უფრო ეთნიკური და აღმოსავლურია და ასეთ მუსიკას მხოლოდ ჩვენში მოისმენთ.

მისივე შეფასებით, ჯაზი ეს არის თავისუფალი მუსიკა, რომელიც იმპროვიზაციის საშუალებას იძლევა. მეგობრის მოსაზრებას იზიარებს ელჯან ჯანბრაილოვიც და აცხადებს, რომ კავკასიური ჯაზი სწორედ ეროვნული კოლორიტულობით გამოირჩევა და აქაური მუსიკაც გაცილებით სიღრმისეულია.

“იმიტომ, რომ აქ შესაძლებელია სინთეზი და გარკვეული ექსპერიმენტები სხვადასხვა ხალხურ ჟანრთან. რომლებიც ამ ქვეყნებში არსებობს, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოა, სომხეთი, თუ აზერბაიჯანი,” – აცხადებს იგი 

მან დასძა, რომ თბილისში ხშირად ჩამოდის სხვადასხვა ფესტივალებზე, რადგან ძალიან მოსწონს ის, თუ როგორ აფასებენ თბილისში ადამიანურ ურთიერთობებს და როგორ უყვართ მუსიკას.

“თბილისში მანამდე ვიმყოფებოდი როკ ფესტივალზე, მანამდე ორჯერ ჯაზის ფესტივალზე. ვმონაწილეობდით სხვა შემსრულებლებთან ერთად. აქ ძალიან კარგია, შესანიშნავი აურაა. ძალიან მუსიკალური ქალაქია თბილისი, ეს თავიდანვე ასე იყო. ძალიან მომწონს აქ. ჩვენი ახალგაზრდობა დღეს უფრო იხრება ელექტრონული მუსიკისკენ, მაგრამ გვყავს უფროსი თაობის მუსიკოსები, რომლებიც დღემდე უკრავენ და გვყავს ჯაზური მუსიკის ორკესტრი, იქ მივიღე მეც პრაქტიკა და ბევრმა ახალგაზრდა მუსიკოსმა. ძალიან კარგი შესაძლებლობები გვაქვს,” – გაგვანდო საკუთარი ფიქრები ელჯანმა.

11 ივნისს ფესტივალმა ახალციხეში გადაინაცვლა და “რაბათის ციხეში” გალა კონცერტით დასრულდა. მონაწილეობდნენ ირანული ჯგუფი ARTE-მი, სომხეთიდან მიქაელ ვოსქანიანი & მეგობრები და ჯგუფი “სტუმრები” საქართველოდან. კონცერტით საზეიმოდ გაიხსნა ხალიჩების ფესტივალი “რაბათი”. კავკასიური ჯაზის ფესტივალის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია Art Bridge. პროექტი წარადგინა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ. მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. ფესტივალის პარტნიორები არიან თურქული კულტურის ცენტრი Yunus Emre, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, გოეთეს ინსტიტუტი, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში. პროექტი Check in Georgias–ს ფარგლებში გაიმართა.

P.S. ყველაფერს აქვს გარკვეული ჩარჩოები, მაგრამ ჯაზი, ეს უფრო მეტია ვიდრე, მხოლოდ მუსიკა, ეს არის თავისუფლება, სადაც ყველა მუსიკალურ ჟანრს მოუყრია თავი. კავკასიური ჯაზის დღეები თბილისში დასრულდა, მაგრამ მუსიკა კვალავაც ჟღერს იქ, სადაც, მხოლოდ მისთვის არსებობს ადგილი. კავკასიური ჯაზი-ცოტა ნაღვლიანი და ცოტაც კოლორიტული, თავის სიტყვას მომავალშიც იტყვის.

შორენა პაპაშვილიDalma News-თვის