პოლიტიკური ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა ჰელსინკის კომისიის განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქოლ-ცენტრებიდან მიღებული თანხების ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენებაშია დადანაშაულებული. ინფორმაცია ჰელსინკის კომისიამ სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა მკაცრი ზომები მიიღოს იმ ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ, რომლებიც „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ კამპანიას აფინანსებენ.
„თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა. აღმაშფოთებელია იმის ხილვა, რომ საქართველოს მთავრობა, ასე თავხედურად უტევს თავისი ხალხის ნებას და მის ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. შეერთებული შტატები საქართველოს ერთგული მეგობარი იყო, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების კონკრეტულ დახმარებას, პოლიტიკურ მხარდაჭერას და მილიარდობით დოლარის ფინანსურ დახმარებას. რუსეთმა კი ამის საპირისპიროდ, მას მხოლოდ უბედურება, ნგრევა და სამხედრო ოკუპაცია მოუტანა“, – ვკითხულობთ აშშ-ს კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისიის) განცხადებაში.
საინტერესოა, რა მტკიცებულებებს ეყრდნობა ჰელსინკის კომისია, მაშინ, როდესაც ქოლ-ცენტრების საქმის მთავარ ფიგურანტად სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთი მინისტრი – დავით კეზერაშვილი „ბიბისის“ გახმაურებული ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში დასახელდა, თაღლითური სქემების გამოძიების რამდენიმე საქმე კი ქართველმა სამართალდამცავებმა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გახსნეს?
„ქართულ ოცნებაში“ ამ ყოველივეს წინასაარჩევნო პროცესში უხეში ჩარევად აფასებენ და აცხადებენ, რომ ასეთი აბსურდული ბრალდების მიზანია კეზერაშვილის დანაშაულების საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისთვის გადაბრალება. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ჰელსინკის კომისიის მსგავსად, „ოცნების“ ხელისუფლების ბრალეულობაში დარწმუნებულნი არიან.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის – პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, ჰელსინკის კომისიის განცხადება არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივად გამყარებული ბრალდება, რომელიც აუცილებლად იქნება გამყარებული უტყუარი მტკიცებულებებით. ცისკარიშვილის აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო წითელი ხაზები გადაკვეთა, რასაც არავინ აპატიებს. იგი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, ამ თემასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომები მიიღოს.
„ეს არის ბოლო პერიოდის ყველაზე მკაფიო სიგნალი იმის ნიშნად, რომ ქვეყანას მართავს დანაშაულებრივი სინდიკატი. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადება, ეს არის სამართლებრივად გამყარებული ბრალდება, რომელიც არ გაჟღერდებოდა, რომ არ არსებობდეს უტყუარი მტკიცებულებები აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.
ცხადია, ფაქტს გამოეხმაურნენ საქართველოს ხელისუფლების ლიდერებიც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჰელსინკის კომისიის ბრალდებას ქართული “ანდაზა მიუსადაგა „ჩემი შენ გითხარიო – გული მოგიკალიო”.
“ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც ჰელსინკის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, არ შეიძლება, მხარს უჭერდე კეზერაშვილის მიერ პენსიონერების ძარცვას და თან იმავეს აბრალებდე სხვა სუბიექტს, რომელსაც ამასთან არავითარი კავშირი არა აქვს.
„ქოლ-ცენტრების საქმე გაიხსნა სწორედ ქართული მხარის თანამონაწილეობით. ამასთან დაკავშირებით ბრიფინგიც ჩატარდა გერმანელ კოლეგებთან ერთად. არის ცნობილი კეზერაშვილი, რომელიც მთავარი ეჭვმიტანილია ამ საქმეში, ის ცხოვრობს ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ ქვეყანაში და ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. ესაა ის სურათი, რომელთან დაკავშირებითაც საჭიროა მეტი სიცხადე“, – აცხადებს კობახიძე.
როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რთულია გამოსაძიებლად ეს დანაშაული, თუმცა ამის მიუხედავად, საქართველოს პროკურატურამ, გერმანელ კოლეგებთან ერთად, მოახერხა დანაშაულის გახსნა და დანაშაული აღკვეთა.
რაც შეეხება კითხვას, „ივანიშვილი, შეიძლება, საერთაშორისო ძებნილთა სიაშიც კი აღმოჩნდეს, თუ მასთან კითხვების შემთხვევაში გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს“, – კობახიძემ განაცხადა, რომ ივანიშვილი ქოლ-ცენტრების თემასთან არაფერ შუაშია.
„რა შუაში არიან ბიძინა ივანიშვილი და ქოლ-ცენტრები? რა შუაში, კეზერაშვილში ხომ არ გეშლებათ, შვილზე მთავრდება ორივე. კეზერაშვილს მიხედეთ, ჩემი რჩევა ეს არის“, – განაცხადა მან.
ანალიტიკოს გიორგი ცქიტიშვილის აზრით, საქართველოს ხელისუფლებას, დღევანდელი ქმედებებით, ქვეყანა მიჰყავს საერთაშორისო იზოლაციამდე. პარტნიორების გარეშე დარჩენილი სახელმწიფო განწირულია რუსეთის მძევლობისთვის. გამოსავალი მარტივია – ქვეყნის გადასარჩენად ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.
„მზარდია კრიტიკული რიტორიკაა დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით. მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რევიზია, რომელიც არ იცავს ერთი მხრივ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რაც დეკლარირებულია კონსტიტუციით – საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და პარტნიორების მიმართ იქცევა სრულიად აბსურდულად. დასავლელმა პარტნიორებმა დაინახეს, რომ მათი მრავალი მცდელობის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს სურვილი გონს მოეგოს და არ გააფუჭოს 30 წლის განმავლობაში ნაშენები ურთიერთობები, რაშიც „ოცნების“ წვლილიც არის“, – აცხადებს ცქიტიშვილი.
მისივე აზრით, „ქართული ოცნება“ თავისივე პოლიტიკის ტყვეობაშია. ისინი ებრძვიან მითოლოგიურ გრძნეულს, რომელსაც „ომის პარტიას“ უწოდებენ.
„დღეს ბევრად უფრო მრავალფეროვანია პოლიტიკური არჩევანი, შეიძლება 100%-ით არავინ მოგწონდეს, მაგრამ ეს ყველგან ასეა. ქართული საზოგადოება დღეს ბევრად უფრო მრავალფეროვანია და იმედი მაქვს, საკუთარ არჩევანს გააკეთებენ. გაჭირვებული საზოგადოებით მანიპულირება ბევრად უფრო ადვილია და ამისთვის სჭირდება „ოცნებას“ სიღარიბე ქვეყანაში, განვითარებული და დასაქმებული ადამიანი იოლად ვერ წამოეგება ხელისუფლების მანიპულაციებს“, – აცხადებს გიორგი ცქიტიშვილი.
ფსიქოლოგისა და პოლიტოლოგის, რამაზ საყვარელიძის აზრით, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე „ოცნების“ მიმართ ბრალდება არის შეტევა დასავლეთიდან. ამ საქმესთან დაკავშირებით პირველი ინფორმაცია გერმანიიდან წამოვიდა და სწორედ მათგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ქოლ-ცენტრების“ საქმეში ჩართულია სააკაშვილის ხელისუფლების თავდაცვის მინისტრი.
„მთელი ამ ხნის განმავლობაში სწორედ „ქართული ოცნება“ ჩიოდა, რომ კეზერაშვილი შავი ფულით აფინანსებს ოპოზიციასო. რაში აწყობს „ოცნებას“ ეს? რაც კი სოციოლოგიური კვლევა ჩატარებულა ბოლო წლებში, ყველგან ლიდერობს „ქართული ოცნება“, მაშინ რაში სჭირდებათ ამ ქოლ-ცენტრებიდან ფული? აშშ-ს მიზანია ამ შემთხვევაში საქართველოში დააგროვოს უკმაყოფილება და მერე დააყენოს რევოლუციის საკითხი“, – განუცხადა Dalma News-ს რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგ დავით ოსეფაშვილის აზრით, აშშ და ზოგადად დასავლეთი ხედავს, რომ საქართველოში ბერკეტები ეცლებათ ხელიდან. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება იყო აბსოლუტურად მორჩილი აშშ-სა და დასავლეთის მთლიანად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კი, ბოლო წლებში, ძალიან ბევრ რამეზე უთხრა უარის დასავლეთს და ამით, ფაქტობრივად, ქართული სახელმწიფოს ინტერესები დაიცვა.
„როგორც ხელისუფლების ლიდერები აცხადებენ, დასავლეთის მაღალი თანამდებობის პირები საქართველოს ხელისუფლებისგან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას მოითხოვდნენ. ამის გამო, საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები შეიცვალა. ეს ლოგიკურიც არის. არ მგონია ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს აშშ-თან და ევროპასთან. რაც უფრო დრო გავა, ამ ურთიერთობებში დაძაბულობა იმატებს და ვფიქრობ, რომ აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან გარდაუვალი იქნება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციები“, – აცხადებს დავით ოსეფაშვილი.
მისივე თქმით, საქართველოში აუცილებლად მოხდება საგარეო ვექტორის ცვლილება და ის შეიცვლება ჩრდილოეთისკენ. იმ შემთხვევაში თუ ოქტომბრის არჩევნებში ხელისუფლება ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ცვლილებები შევა კონსტიტუციაშიც და 78-ე მუხლი გაუქმდება.
„ამ მუხლის ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაწერა არ იყო სწორი თავიდანვე. ამას გამოსწორება უნდა და ალბათ, ხელისუფლება გამოასწორებს“, – აცხადებს დავით ოსეფაშვილი.
მისივე თქმით, არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში იკვეთება შანსი, რომ რუსეთთან დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ნელ-ნელა, ეტაპობრივად განხილვა.
ჰელსინკის კომისიის ბრალდებას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წერილი 2008 წლის აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით, რომლის ადრესატიც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.
წერილში ბაიდენი აღნიშნავს, რომ იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის “უცხოური აგენტების” კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს.
„მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. 32-წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში საქართველო და შეერთებული შტატები ერთად ვიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს. ეს საერთო ღირებულებები აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს და ვიცი, რომ ეს ღირებულებები მომავალშიც გააერთიანებს ჩვენს ხალხებს”, – ნათქვამია ჯო ბაიდენის წერილში.
ამ ფონზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში მეტად პრინციპული იქნება. ეს იქნება ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის.
შორენა პაპაშვილი