საქართველოს დედაქალაქ თბილისში, Techno Boom-ს, Aray Tomorrow-ს, Elit Electronics-ს, Alta-სა და უამრავი სხვა კომპიუტერული ტექნიკის არაერთ ფილიალს ნახავთ, სადაც მოხმარებელს ფართო არჩევანს სთავაზობენ. ყველა მაღაზიას აქვს საკუთარი ვებგვერდი, ან სულ მცირე Facebook -გვერდი მაინც, სადაც ბაზარზე შემოტანილი სიახლეების შესახებ ინფორმაციის წაკითხვაა შესაძლებელი.

საქართველოში მაღაზიებს კომპიუტერული ტექნიკით სადისტრიბუციო კომპანიები ამარაგებენ, რომლებსაც პროდუქცია ძირითადად ჩინეთიდან (ნაკლებად დუბაიდან) ჩამოაქვთ. ყველაზე მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიებია ლიტვური “აკმე ჯორჯია” და ზემოთხსენებული “ალტა”.

ასორტიმენტი და ფასები

სომხეთის მსგავსად, სადისტრიბუციო კომპანიები უპირატესობას საშუალო ფასის პროდუქციას ანიჭებენ, ამიტომ ძვირადღირებული ნაწილები ქართულ ბაზარზე ნაკლებად იშოვება. აქედან გამომდინარე, პროდუქციის ღირებულება დამოკიდებულია ქართულ ბაზარზე არსებულ მარაგსა და დოლარის კურსზე.

კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიებში თქვენი ბიუჯეტით გათვალისწინებულ არჩევანს გთავაზობენ. მყიდველს შეუძლია მზა კომპიუტერი შეიძინოს, ან მისთვის სასურველი სიმძლავრის კომპიუტერი ააწყობინოს. INTEL-ის პროცესორი, ASUS-ის დედა პლატა, 4 გბ ოპერატიული სისტემა, მინიმალური ვიდეოკარტა, 500 გბ ვინჩესტერი – ასეთი კონფიგურაციის მქონე კომპიუტერი ყველაზე მოთხოვნადია საქართველოში და მისი შეძენა საშუალოდ 700-800 ლარად (350-400$) არის შესაძლებელი.

როგორც ვხედავთ, ფასი საკმაოდ მისაღებია – როგორც წესი, სხვადასხვა სახეობის კომპიუტერულ ტექნიკაზე დანამატი 20 %-ს არ აღემატება. გარდა ამისა, მაღაზიები კონკურენტების ფასებს ითვალისწინებენ და ცდილობენ, სხვაობა გაათანაბრონ. ხოლო, მსოფლიო ფასებს თუ შევადარებთ, დავრწმუნდებით, რომ საქართველოში მომუშავე მაღაზიები ტექნიკას მისაღებ ფასად ყიდიან.

მაგალითად, თეთრი ფერის აი პადი Samsung Galaxy Note SM-P601 32GB 10.1″ -ის ფასი Amazon-ზე 770$-ა, ალტა-ს მაღაზიაში კი, მისი შეძენა 1650 ლარად (830$) შეგიძლიათ. როგორც ვხედავთ, განსხვავება მხოლოდ 60$-ია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბიუჯეტი სასურველი ტექნიკის შეძენის საშუალებას არ გაძლევთ, კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიები განვადებას გთავაზობენ, რაც მომსახურების საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა საქართველოში. ზემოთხსენებული აი პადის განვადებით შეძენის შემთხვევაში, თქვენ დაახლოებით 90 ლარით (45$) მეტს გადაიხდით.

ტექნიკის შეკეთება

კომპიუტერული ტექნიკის შერჩევისას, ქართველი მომხმარებელი როგორც წესი, მიმართავს ლიცენზირებულ კომპანიებს, რომლებიც ბაზარზე დიდი ხანია დამკვიდრებულან. თუმცა, სულ სხვაგვარია ვითარება, როდესაც საქმე ეხება შეძენილი ტექნიკის შეკეთებას. თუ მწყობრიდან გამოსულ ნოუთბუქს საგარანტიო ვადა ამოეწურა (1 ან 2 წელიწადი), ქართველი მომხმარებელი კერძო ხელოსანს მიმართავს.

ოფისები, ოთახები და პატარა ჯიხურები ბანერებით: „ტექნიკის შეკეტება“ ქალაქის მასშტაბით თითქმის ყველგან შეგხვდებათ. უპირატესობა ისაა, რომ კერძო ხელოსანთან ვაჭრობა შეიძლება, ხოლო თუ ის თქვენი ახლობელია, ან თუნდაც ახლობლის ახლობელი, სიტყვიერი დაპირების ნაცვლად თქვენს ნოუთბუქს “ნისიადაც” (!) გააცოცხლებს.

თუ ბიუჯეტი ახალი ტექნიკის შეძენის საშუალებას არ გაძლევთ…

მეორადი კომპიუტერული ტექნიკის შეძენა-გაყიდვას ბაზარზე საკუთარი ნიშა უკავია. ხელოსნები მეორადი ნაწილებისგან ახალ კონფიგურაციებს აწყობენ და შემდეგ, დაბალ ფასებში ყიდიან. ხოლო, თუ კომპიუტერი ან მობილური ტელეფონი მოგბეზრდათ და ახლის შეძენა გსურთ, მეორადი ტექნიკის მყიდველს მარტივად გამოიძებნით – ამისთვის მხოლოდ My Market-ზე შესაბამისი განაცხადების განთავსებაა საჭირო.

ბაზრის სპეციფიკა და პერსპექტივები

საქართველოში SAMSUNG GALAXY S5 ($462) ხშირად, არა მხოლოდ სასურველი სიახლე, არამედ სოციალური სტატუსის განსაზღვრელი ფაქტორიცაა. კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიები, ქართველი მყიდველის მენტალობისა და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, მობილურ ტელეფონებსა და სმარტფონებს ანიჭებენ უპირატესობას და შესაბამისად, აღნიშნული ტექნიკის ასორტიმენტი ქართულ ბაზარზე უფრო მრავლადაა წარმოდგენილი. ამიტომ, თუ მსურველს მეზობელი სახელმწიფოდან პროდუქციის მისაღებ ფასად შეძენა სურს, შეუძლია თამამად ჩამოვიდეს საქართველოში.