თბილისში ახალგაზრდული კინოფესტივალი – “თაობა” გაიხსნა. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ, 5 დღის განმავლობაში, 13-დან 18 წლამდე მოზარდებს უმასპინძლა. ფესტივალში მონაწილეობდა საქართველოში მცხოვრები, როგორც ქართველი, ასევე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი 300 ბავშვი. პროექტი საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა და ის 29 მარტიდან 2 აპრილამდე გაგრძელდა.

პროექტის მიზანი, ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარება და კინოხელოვნების საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოყენებაა. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იყო 8, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომლებმაც მოზარდები მათი თაობისთვის აქტუალურ პრობლემებზე დააფიქრეს. ფილმების ნახვის შემდეგ მათ მსჯელობის საშუალება მიეცათ. ფესტივალზეც, სხვადასხვა დროს გადაღებული ამ სამი ქვეყნის ფილმები იყო წარმოდგენილი.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ეს არ არის მაღალბიუჯეტიანი ფილმები, მათ ფესტივალის ფარგლებში აერთიანებს მნიშვნელოვანი თემატიკა, როგორიც არის: ბულინგი სკოლაში, მშობლებთან უთანხმოება, ერთმანეთში კონფლიქტი და სხვა. ეს ის თემებია, რის შესახებაც სურთ ბავშვებს საუბარი. გააანალიზონ ნანახი სიუჟეტი, გამოიმუშაონ საჯარო გამოსვლის, კომუნიკაციის უნარები და რაც მთავარია პროექტი დატვირთული იყო კულტურულ – საგანმანათლებლო ელემენტებით, გაიმართა ვორკშოფები, ლექციები და მასტერკლასები. იყო გასართობი პროგრამაც.

ფესტივლისთვის ეს პირველი წელია. ის საქართველოს მასშტაბით იმართება. შემდგომ წლებში უკვე იგეგმება თანამშრომლობა, რამდენიმე ახალგაზრდულ კინოფესტივალებთან საზღვარგარეთ. გვინდა სომხეთი და აზერბაიჯანიც ჩავრთოთ მომდევნო წლებში და ამ ქვეყნების ბავშვები ჩავაბათ კინოფესტივალში”, – აცხადებს კინოფესტივალ “თაობის” დირექტორი ლევან დვალი.

მისივე თქმით, 2019 წლიდან ფესტივალი ყოველწლიურ სახეს მიიღებს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი. ფესტივალის მოდელი მორგებულია საუკეთესო უცხოურ გამოცდილებაზე და მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენას და მათ უცხოურ კინოფესტივალებში მონაწილეობის ხელშეწყობას.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა სპეციალურ კომისიას სამოტივაციო წერილი გაუგზავნეს. შეავსეს განაცხადიც. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სამოტივაციო წერილი ბავშვებს ინგლისურ ენაზე უნდა დაეწერათ.

“ფესტივალის მთავარი ​მოთხოვნაა ინგლისური ენის ცოდნა, რადგან წარმოდგენილი ფილმები არის ინგლისურად ან ინგლისური სუბტიტრებით. ინგლისურის საბაზისო კომპეტენცია მოითხოვება, რათა ბავშვებმა გაიგონ ფილმის ზოგადი კონტექსტი, დანარჩენი მასტერკლასები ქართულად ჩატარდება. 10-მდე განაცხადი შემოვიდა ქართულ ენაზე, შესაბამისად მათ ავტორებს მონაწილეობაზე უარი ეთქვათ, ისინი უბრალოდ ვერ გაიგებდნენ ფილმებს, და მათთვის ფილმებზე დასწრება იქნებოდა უინტერესო. იყო საკონცერტო პროგრამები და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები, რათა უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ამ ბავშვების დაახლოებას. ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები”, – აცხადებს ლევან დვალი.

რატომ “თაობა”?…

საკმაოდ დიდხანს იმუშავეს ფესტივალის სახელწოდებაზე. მასში უნდა ყოფილიყო იდეა, ხოლო სიტყვა მარტივად დასამახსოვრებელი.

“ჩვენ გვინდა აღმოვაჩინოთ ის თაობა, რომელსაც არ ეშინია საკუთარი აზრის გამოხატვის, ეძებს მუდმივად სიახლეებს. ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ბავშვების თვალსაწიერის გაფართოვებას, შეეძლოთ კომუნიკაცია. მაქსიმალურად იყვნენ ორიენტირებულნი სწავლაზე და განვითარებაზე. ეთნიკურობა რომ ჩამოვაშოროთ, იდენტურ ადამიანებს მივიღებთ, რომლებსაც საერთო პრობლემები და მისწრაფებები აქვთ. ვეძებთ ახალგაზრდებს, რომლებიც ცდილობდნენ, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები და სტიგმები დაამსხვრიონ, ამიტომ გვინდა, ის ბავშვები შევარჩიოთ, რომლებიც მუდმივად ეძებენ ახალ შესაძლებლობებს განვითარებისთვის”, – აცხადებს იგი.

“თაობას” არ აქვს კომერციული ინტერესი, ის უფასოა ყველა მონაწილე ახალგაზრდისთვის და მომავალშიც ასეთად დარჩება. რგორც წესი, მსგავსი ტიპის ფესტივალების უმრავლესობა არის კომერციული. მონაწილეებს უწევთ გარკვეული თანხის გადახდა. “თაობის” ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ფესტივალს განვითარების დიდი რესურსი აქვს, რადგან სამხრეთ კავკასიაში ამ მასშტაბის ფესტივალი არ ჩატარებულა, რომელიც მხატვრულ კინოზე და აუდიტორიის განვითარებაზე იქნებოდა ორიენტირებული. სრული რესურსი აქვთ იმისათვის, რომ შემდგომ წლებში მონაწილეთა რაოდენობა გაზარდონ.

სამომავლოდ მოლაპარაკებებს გამართავენ რამდენიმე ფესტივალთან, რომ შემდგომ წლებში შესაძლებელი იყოს მონაწილეების გაცვალა. ამ ეტაპზე კი შესაძლებელია შვედეთისა და მაკედონიის დასახელება. იმედოვნებენ, რომ მომავალ წელს სომხეთი და აზერბაიჯანიც იქნება ჩართული.

“ასეთი პროექტები საჭიროა იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ნიჭიერი ახალგაზრების აღმოჩენას, მივცეთ მათ სწავლის, განვითარებისა და უცხოური კულტურების გაცნობის საშუალება”, – აცხადებს ლევან დვალი.

შ. ქარჩავა