აიდა 13 წლისაა და ხშირად უწევს თავისი ორწლინახევრის დის, ტატევიკის მარტოს მოვლა, რადგან გოგონების დედა და 14 წლის ძმა ხშირად იძულებულები არიან, გარკვეული დროის განმავლობაში სახლიდან წავიდნენ და ადგილობრივ მეურნეობებში სეზონურად იმუშაონ. ეს ოჯახი გიუმრიში, სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქში ცხოვრობს, რომელიც ერევნიდან 125 კილომეტრში ჩრდილოეთით მდებარეობს.
პატარა აიდა 8 საათზე დგება, დას აცმევს. 9 საათზე, პურის პატარა ნაჭერს ჩაის აყოლებენ. ამის შემდეგ აიდა სახლს ალაგებს და წყლის მარაგს იღებს საერთო ონკანიდან.
სახლში არ არის გათბობა, ელექტროგაყვანილობა და წყალი.
აიდა სარეცხს რეცხავს, შემდეგ კი უმცროს დასთან ერთად თამაშობს.
სამ საათზე ისინი ერთ ულუფა წვნიანს მიირთმევენ. საღამოს 9 საათამდე მშივრები არიან. 9 საათზე კი ისევ ჩაი, ოღონდ ამჯერად უპუროდ.
აიდა ძალიან ღელავს თავისი უმცროსი დის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. “ჩემი ორი და პნევმონიით გარდაიცვალა, ერთი ორი თვის, მეორე – ორი წლის ასაკში. ექიმი ამბობს, თუ ტატევიკს ნორმალური კვება და ცხოვრებისეული პირობები არ ექნება, ისიც შეიძლება ამ დაავადებით გარდაიცვალოს”, – ამბობს აიდა.
აიდას დასვენების დღე არ აქვს. მან სახლზე უნდა იზრუნოს: მცირედი კერძის მომზადებიდან დაწყებული სარეცხით დამთავრებული. ამასთან ის სკოლაშიც დადის. დასთან სათამაშოდ მას მხოლოდ მაშინ სცალია, როდესაც ყველა საქმეს მოითავებს.
სახლში ნესტია. ზოგიერთი ფანჯარა ჩამტრეულია.სკოლის კედლებს მიღმა აიდა არავისთან ურთიერთობს, მას მეგობრები არ ჰყავს. ამბობს,რომ ბევრი ლაპარაკი არ უყვარს და მარტოობა ურჩევნია. მისი ოცნებაა საკუთარი ოჯახის საჭიროებისთვის საკმარისი ფული გამოიმუშაოს. როდესაც ჰკითხეს, საჩუქრად რას ისურვებდა? ფერადი ფანქრებიო, – უპასუხა.
2005 წლის შემდეგ ტატევიკი ტუბერკულიოზით დაავადდა და სამკურნალოდ სანატორიუმში გადაიყვანეს, რომელიც სახლიდან 5 საათის სამგზავრო გზაზე იყო. ტატევიკი გამოკეთდა, მაგრამ დას კიდევ ორ წელიწადზე მეტ ხანს ვერ შეხვდა.
აიდა 2010 წელს გათხოვდა და 18 წლის ასაკში უკვე მეორე შვილზე იყო ორსულად. იგი ისევ საშინელ პირობებში ცხოვრობს – სასმელი წყლის, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე. ახლა ის უკვე საკუთარი ქალიშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავს.მას არც საკვები აქვს საკმარისად და არც ფული – წამლების საყიდლად. მისი მეუღლე სახლში ყოფნისას ავტომობილების რეცხვით ნაშოვნი ფულით არჩენს ოჯახს, მაგრამ როცა ეს სამუშაოც არ არის, ციმბირში მიდის გზების მშენებლობაზე სამუშაოდ.
დღეს აიდა ოთხ ქალიშვილთან ერთად ოროთახიან ნესტიან ბინაში ცხოვრობს. ტანსაცელს კრედიტით იძენენ. მთელ ბინას პატარა გაზის გამათბობელი ათბობს. მასზე თბება ბავშვების დასაბანი წყალიც. მათი საკვები ძირითადად შემწვარი კარტოფილია.ზამარში ხილსა და ბოსტეულს თვეში ერთხელ, ან ორჯერ ყიდულობენ. მთელი კვირის განმავლობაში დედა- შვილები შაბათის დადგომას ელიან, რადგან სწორედ ამ დღეს უშვებენ ტატევიკს გიუმრის სკოლა-ინტერნატიდან ნათესავების მოსანახულებლად.
P.S. სტატიის ავტორი – რორი მაკლინზი The Guardian -იდან. ფოტოები გადაიღო ფოტოგრაფმა ნიკ დენცინგერმა თავისი პროექტის Portraits of lives in poverty: Nick Danziger’s tales from Armenia-ს ფარგლებში. იგი ოჯახს 10 წლის განმავლობაში უღებდა ფოტოებს.