საქართველოს ეროვნული არქივი, გარემოს ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, გეოლოგიური ფონდების დიგიტალიზაციის პროექტს განახორციელებს.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, გეოლოგიურ ფონდში გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან დაცული 20 ათასამდე გეოლოგიური ანგარიში ინახება. ანგარიშები მნიშვნელოვან გეოლოგიურ ინფორმაციას შეიცავს და დღემდე ქაღალდის ფორმატშია დაცული. სიძველის გამო უნიკალური ნიმუშების განადგურების საფრთხე არსებობს.
გეოლოგიური ფონდების ელექტრონულ ვერსიაში გადაყვანით მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადაურჩება განადგურებას, მოხდება ციფრული მასალების კატალოგიზაცია, უფრო სრულყოფილი გახდება ქვეყნის მინერალური რესურსების ბაზა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ კუთხით საინვესტიციო გარემოს და ხელს შეუწყობს მინერალური რესურსების რაციონალურ მართვას, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.