სიმღერის მსოფლიო კონკურს “ევროვიზიაზე” 2023 წელს საქართველოს 21 წლის ირუ ხეჩანოვი წარადგენს. მუსიკალურ ფესტივალზე ქვეყნის წარმომადგენლის სტატუსი კონკურსანტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ „ვოისში“ გამარჯვებით მოიპოვა. მან “ვოისის” დანარჩენ მონაწილეებს მაყურებელთა ზარებით აჯობა და ხმათა 21.88%-ით გაიმარჯვა. მეორე ადგილი გიორგი დათიაშვილმა დაიკავა, მესამე – ლიკუნა თუთისანმა. „ვოისის“ ფინალისტები ასევე იყვნენ: თაკო კაკალაშვილი, თინა დათიკაშვილი, ლიკა სირაძე, ანკა თათარაშვილი და კახა ასლამაზაშვილი.
“ვოისში” ირუს მენტორი ცნობილი მომღერალი და კომპოზიტორი, დათო ფორჩხიძე იყო. ამ ეტაპზე უცნობია, რა სიმღერას შეასრულებს ახალგაზრდა მუსიკოსი “ევროვიზიაზე”, თუმცა, ამბობს, რომ ბევრს იშრომებს და ბოლომდე დაიხარჯება, რათა მაყურებელმა იამაყოს იმით, რომ გულშემატკივრობენ ამჯერად “ევროვიზიაზე”. რაც ამ ეტაპზე არის ცნობილი, ის გიგა კუხიანიძის სიმღერას შეასრულებს.
ირუ ხეჩანოვი თბილისელი სომეხია. ის დედით ქართველია – მაკა ელბაქიძე. ჰყავს მშობლები და და-ძმა. გოგონამ დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის მუსიკალური კომპოზიციის განყოფილება. ამჟამად სწავლობს მაგისტრატურაში კავკასიის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტზე. მან სასცენო კარიერა 9 წლის ასაკში დაიწყო. ხეჩანოვის პირველი გამარჯვება “ანა-ბანას” ბავშვთა შეჯიბრმა მოუტანა.
ირუ ხეჩანოვს “ევროვიზიაში” მონაწილეობის გამოცდილება უკვე აქვს. 10 წლის იყო, როდესაც საბავშვო ჯგუფ „ქენდისთან“ ერთად, 2011 წელს საბავშვო “ევროვიზიაზე” საქართველოს წარმოადგენდა და მეორე გამარჯვება მოუტანა ქვეყანას.
„გამარჯვებისთვის დაუღალავი შრომა კანონია. 10 წლის ვიყავი მაშინ და დღეში 7-8 საათი მიწევდა სიმღერა. „ევროვიზიისთვია“ ძალიან ბევრი რამ არის საჭირო, არა მხოლოდ ფიზიკური არამედ ფსიქიკური მომზადებაც“, – ამბობს ირუ.
“ევროვიზიის” მასპინძელი ამჯერად დიდი ბრიტანეთის ქალაქი ლივერპულია. კონკურსი 9, 11 და 13 მაისს გაიმართება და მისი სლოგანია „მუსიკით გაერთიანებული“.
წილისყრა პირველ თებერვალს შედგა, რა დროსაც გაირკვა, რომ საქართველოს წარმომადგენელი, მეორე ნახევარფინალური შოუს მეორე ნახევარში იმღერებს. მეორე ნახევარფინალში, საქართველოსთან ერთად, სომხეთის, კვიპროსის, რუმინეთის, დანიის, ბელგიის, ისლანდიის, საბერძნეთის, ესტონეთის, ალბანეთის, ავსტრალიის, ავსტრიის, ლიეტუვის, სან მარინოს, სლოვენიისა და პოლონეთის წარმომადგენლები იმღერებენ.
პირველ ნახევარფინალურ შოუზე კი, მაყურებლის წინაშე, სერბეთი, ლატვია, პორტუგალია, ირლანდია, ნორვეგია, ხორვატია, მალტა, შვედეთი, მოლდოვა, შვეიცარია, ისრაელი, ნიდერლანდები, ფინეთი, აზერბაიჯანი და ჩეხეთი წარდგებიან.
აღსანიშნავია, რომ დიდი ხუთეულის ქვეყნები: დიდი ბრიტანეთი, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია და 2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებული ქვეყანა – უკრაინა, ფინალში ავტომატურად მოხვდებიან. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ გერმანიას, საფრანგეთსა და იტალიას, ხმის მიცემის შესაძლებლობა, პირველ ნახევარფინალში ექნებათ. უკრაინას, ესპანეთს და ბრიტანეთს კი, მეორე ნახევარფინალში.
სკანდალი „ვოისში“ გამარჯვების გამო…
მიუხედავად იმისა, რომ “ევროვიზიისთვის” მზადება ჯერ ცხელ ფაზაში არ შესულა, ირუ სკანდალში გაეხვა. საქმე იმაშია, რომ პროექტ The Voice-ს ხმების გაყალბებაში ადანაშაულებენ. საქართველოს მაყურებელსა და არტისტებში უკმაყოფილო კომენტარები გაჩნდა, რომ მომღერლის გამარჯვება წინასწარ იყო დაგეგმილი, რომ ირუ ხეჩანოვს არ გაუმარჯვია, მას გაამარჯვებინეს.
ტელეკომპანია Georgian Times-მა გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც დავით ევგენიძე, სავარაუდოდ, პროექტის ერთ-ერთი მენტორი, ამბობს, რომ პროექტის მთელი გუნდი „სერიოზულად მუშაობს“, რათა ფინალში გავიდეს და გაიმარჯვოს. მუსიკოსს ამ ვითარებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ახალგაზრდა მომღერლის ფეისბუქ გვერდზე ამ დრომდე არ წყდება მის მიმართ ნეგატიური შინაარსის შემცველი კომენტარები. თავად ირუ ამას გაგებით ეკიდება. ამბობს, რომ ყველა კომენტარს კითხულობს.
“ყველა ჩემი გულშემატკივარი ვერ იქნებოდა. ყველაფერს ვიზამ, რომ გასახელოთ “ევროვიზიაზე”. მთავარი ბრძოლა წინ არის და თქვენი გვერდში დგომა ისევ ძალიან მჭირდება! მადლობა კიდევ ერთხელ”, – წერს ირუ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
რაც შეეხება “ვოისთან” დაკავშირებულ სკანდალს, ამბობს, რომ მაყურებლის აზრს ძალიან დიდ პატივს სცემს და უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს, ამიტომ “ვოისის” ნახევარფინალთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს:
“მე და ანი ძალიან დავმეგობრდით კონკურსის პერიოდში და რინგის რთული ეტაპი, სწორედ ანის კარგმა ხასიათმა, კომფორტულობამ და დამოკიდებულებამ გამიმარტივა. ის დაძაბულობა, რაც მსგავს კონკურსებს ახლავს, ჩვენს შორის საერთოდ არ არსებობდა და მოუთმენლად ველი ანის გამოჯანმრთელებას, რომ ერთად უამრავი კარგი მოგონება დავაგროვოთ. რაც შეეხება დათოს გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, იმიტომ გადამიყვანა შემდეგ ტურში, რომ გაითვალისწინა ჩემი გამოცდილება კონკურსებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. არც ერთი პროცენტითაც არ ვთვლი, რომ ანი ჩემზე სუსტი მონაწილე იყო”, – აცხადებს ირუ ხეჩანოვი.
ამ განმარტებამდე, პროექტში გასულ ვიდეოინტერვიუში მომღერალი ამბობს, რომ ანი რინგზე ძალიან სუსტი იყო და დათოს არჩევანის ირუზე გაკეთება არ უნდა გასჭირვებოდა.
როგორც ირუ აცხადებს, „ევროვიზიაზე“ გამოსვლას წლეულს, ვერავის დაუთმობდა.
“ვოისში” მოვედი, როგორც სახელი – „ირუ“, როგორც თავისუფალი პერფორმერი. სულ მეუბნებიან მონაწილეები, წელს დაგვითმე, შენ ხომ უკვე ერთხელ მოიგე “ევროვიზია“. მე „ევროვიზიაზე“ წინ ვარ სხვა კონკურსანტებთან შედარებით. დიდი გამოცდილება მაქვს მიღებული და მახარებს ეს მომენტი. კი მინდა, რომ გამოცადონ სხვა მომღერლებმა, რა არის “ევროვიზია”, მაგრამ წელს არა”, – განაცხადა მომღერალმა.
მის ამ ინტერვიუს მაყურებლის მხრიდან ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის, კომენტარი გააკეთა ანის მენტორის, სტეფანე მღებრიშვილის მეუღლემ, მუსიკოსმა მაია დარსმელიძემ:
“აქა-იქიდან ჩიტებს მოაქვს ამბავი, რაღაც გამზადებულ სიმღერაზე და ერთი წლით ადრე ჩაფიქრებულ “პროექტზე”. და აი ეს ერთმანეთზე უკეთესი მართლა საოცარი შემსრულებლები ამ ვიღაცის პროექტის ანტურაჟად მოიყვანეთ და ვიღაცის ხუშტურის დეკორად აქციეთ?! ვინმემ ოდესმე ხომ უნდა თქვას, სიმართლე. ყველა სიკეთესთან ერთად, გოიმ პროდიუსერზე საზარელი არაფერია”, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დარსმელიძე.
ირუს უსამართლოდ გამარჯვებაში დარწმუნებული ადამიანები ფიქრობენ, რომ „ევროვიზიაზე“ საქართველოს მორიგი წარუმატებლობა ელის. ისინი შემდეგი შინაარსის კომენტარებს წერენ:
“ევროვიზიაზე წასული ბევრი გვინახავს, მეორე ეტაპზე ვერ გადასულიც, მაგრამ როცა ერის, სადაც მოღვაწეობ, სიყვარული არ გაქვს, როცა “გამარჯვებული” გქვია და ერი არ გაღიარებს, როცა ქვეყანას წარადგენ და მათი მხარდაჭერა არ გაქვს, რას აქვს აზრი? სად გინახავს მოგების შემდეგ ამხელა აგრესია? რა სახელი დაიმკვიდრე შენი თაობის კოლეგებს შორის?”;
“სამწუხაროდ არ ვიცი რას ფიქრობ, მაგრამ ფაქტია, რომ არასამართლიანი იყო შენი გამარჯვება. ჩაწყობილი იყო თუ არა, ამას ასახავს ვიდეოები ნეიტრალურ გვერდებზე, სადაც უმეტესობა ძალიან უკმაყოფილოა. ამიტომ ანრი ჯოხაძის არ იყოს, დაბალი აქტიურობა, როცაა “ევროვიზიაზე” და პასიურია მოსახლეობა, ნუ გაქვთ პრეტენზია. გინდა დამეთანხმე, გინდა არა. რაც შეეხება “ვოისის” პროექტს, ისედაც მცირე რეიტინგი აქვს, გაისად 100-ჯერ მცირე ექნება ამის გამო”.
ნეგატიურ გამოხმაურებებთან დაკავშირებით კომენტარი მომღერალი ნინო ძოწენიძემაც გააკეთა. ის პროდიუსერ გიგა კუხიანიძის მეუღლეა, ვისი სიმღერითაც უნდა წარსდგეს “ევროვიზიაზე” ირუ.
“გიგა ჩემი ცხოვრების თანამგზავრია და ყველაზე მეტად მე ვიცი, რამხელა შრომის შედეგად მიაღწია, რასაც მიაღწია… ვინ გაიმარჯვა 3-ჯერ საბავშვო ევროვიზიაზე და ვინ ჩამოვიდა ყოველთვის დამსახურებულად?! მას უყვარს ეს პროექტი და ბევრისგან განსხვავებით, არ ამბობს, რომ ეგოიმება… ის და მთელი მისი ჯგუფი მთელი არსებით არიან მონუსხული ამ პროექტით და შედეგსაც აღწევენ. იცით, რატომ?! იმიტომ, რომ უყვართ ეს პროექტი”, – წერს ნინო ძოწენიძე სოციალურ ქსელში.
იგი ირუს “ევროვიზიაზე” წარმატებას უსურვებს და მიაჩნია, რომ ის საოცრად მშრომელი და ნიჭიერი გოგონაა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის “ევროვიზია”, უკრაინაში უნდა გამართულიყო, რადგან 2022 წელს კონკურსში უკრაინულმა ჯგუფმა გაიმარჯვა. რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული დაპირისპირების გამო, ევროპული ფესტივალის ორგანიზატორი გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებელი BBC იქნება.
საქართველო „ევროვიზიაზე“ თოთხმეტჯერ მონაწილეობდა და უკვე ექვსი წელია, რაც ქვეყანა კონკურსის ფინალს მიღმა რჩება. საქართველოს საუკეთესო შედეგად კვლავ მე-9 ადგილი რჩება, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ, 2011-ში კი ჯგუფმა Eldrine-მა დაიკავეს.
შ. ქარჩავა