“საზაფხულო სკოლების” პროგრამის ფარგლებში ქვეპროგრმა “მულტიკულტურული საზაფხულო სკოლა ეთნიკური უმცირესობებისათვის” ხორციელდება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, პროექტი მეორე წელია რაც მოქმედებს და მისი მიზანია ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ჩართვა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
სკოლის მონაწილეები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ესეების კონკურსის – “ჩემი კულტურა და ტრადიცია” საფუძველზე შერჩეული 2014-2015 აკადემიური წლის მდგომარეობით საქართველოს რეგიონების (კახეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი) არაქართულენოვანი სკოლების/ სექტორების მე-9, მე-10 და მე-11 კლასების საუკეთესო შედეგების მქონე 50 მოსწავლე და “ჩემი კულტურა და ტრადიცია“ კონკურსში მონაწილე მოსწავლეების 50 მასწავლებელი.
ეთნიკურ უმცირესობებში დგას სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემა, რაც ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია მათი საზოგადოებაში სრული ინტეგრაციისათვის. შესაბამისად, დგება მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის ქართული ენის სწავლებისა და სხვა ხელშემწყობი ღონისძიებების გატარების საჭიროება. ამიტომ აღნიშნული ქვეპროგრამა ემსახურება კულტურათა შორის დიალოგისა და ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლა/სწავლების ხელშეწყობას, – აცხადებენ სამინისტროში.