აბისინიაში ნეგუსთა დინასტიის წინაშე

სომხური სათვისტომოს ეთიოპიური ისტორია უნიკალური და განუმეორებელია. ამ უძველეს ეგზოტიკური ქვეყნის სახელმწიფოებრივი და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში, მცირერიცხოვან სომხურ დიასპორას ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. მათ შორის რელიგიური სიახლოვე და არანაკლები კულტურული მონათესაობაა, ეთიოპიელი ბერები სამხრეთ სომხურ ქალაქებში- ურფაში, მარდინესა და ტირგანაკერში (ამჟამად დიარბეკირი) ცხოვრობდნენ.

დროის ძაფი

ბევრი რამ არის ნათქვამი სომხური და ეთიოპიური ანბანის მსგავსებაზე, თუმცა სპეციალისტები უარყოფენ მათ ურთიერთკავშირს. მეტ-ნაკლები მსგავსება არსებობს ორ ასო-ბგერაში, თუმცა იგივე შეიძლება ითქვას ქართულ ანბანთან მსგავსებაზეც. პრინციპული განსხვავება კი იმაში მდგომარეობს, რომ ეთიოპიური დამწერლობა მარცვლიანია, სომხური – ფონეტიკური. როგორც სჩანს ბრძენი მესროპ მაშტოცი ეთიოპიურ დამწერლობას იცნობდა.

ჩვენს ხელთ არსებული წყაროების მიხედვით, ეთიოპიასთან სომხების პირველი კავშირი პირველ საუკუნეს უკავშირდება. ხორენაცის “სომხეთის ისტორია” მოგვითხრობს სომეხ სამხედრო მთავარსარდალ ნააპეტ ზარმაირზე, რომელიც ტროას ომში ეთიოპიის არმიას ხელმძღვანელობდა. ძველი ისტორიული წყაროს მიხედვით, ნააპეტი ბრძოლის ველზე დიდებულმა მებრძოლმა ახილამ მოკლა.

კიდევ უფრო მჭიდრო კავშირი, რომელიც სარწმუნო წყაროებით დასტურდება, შედარებით უფრო გვიან იწყება. ათვლის სიმბოლურ წერტილად შეიძლება ჩაითვალოს, მეთხუტმეტე საუკუნეში სომხეთის კილიკიაში ეთიოპიელი ბერის ევსტაფიას (ევოსტატევოსის) მოგზაურობა, რომელიც ალექსანდრიაში რამდენჯერმე შეხვდა სომეხ პატრიარქს. შედეგად იგი სომხეთში დამკვიდრდა და მთელი დარჩენილი ცხოვრება იქ გაატარა. ბერის კილიკიაში ცხოვრების შესახებ ეთიოპიური ტექსტები საინტერესო ფაქტებსა და ინფორმაციას გვაწვდიან.

მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში, ამ ქვეყნებსა და ხალხს შორის კავშირები კიდევ უფრო აქტიურდება. მღვდელმა გევორგმა (აბბა გიორგიოს) ჯერ კიდევ XV საუკუნეში დაწერა ეთიოპიის ჰიმნი, რომელიც ღვითმსშობელს განადიდებდა. მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში კი ეთიოპიელი იმპერატორის ელჩი პორტუგალიაში, სომეხი მატევოსი იყო. მატევოსის დიპლომატიური მოღვაწეობა მხოლოდ პორტუგალიით არ შემოფარგლულა. იგი იმყოფებოდა ასევე, რომსა და ინდოეთში. სომეხი მურად ჩედები, რომელიც 103 წლის გარდაიცვალა, 50 წლის განმავლობაში წარმოადგენდა ეთიოპიას ევროპულ ქვეყნებში. იგი ლუდოვიკო XIV-ის სასახლეშიც წარგზავნეს.

დაახლოებით ასი წლის წინათ, ეჩმიაძინში უძველესი ეთიოპიური ხელნაწერები აღმოაჩინეს. თავად ეთიოპიაში კი, 600 წლის წინათ სომხური ენა ისწავლებოდა. შემორჩენილია სომხური ხელნაწერი, რომელსაც თან ახლავს გეეზის (მაშინდელი ეთიოპიური) ენაზე თარგმანი.

გონებით, სიბრძნითა და პატიოსნებით

ამ სამი ღირსების წყალობით, ეთიოპიელ სომხებს პოლიტიკურ, დიპლომატიურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ. ქვეყანა არც მეწარმეებისა და ხელოსნების დეფიციტს განიცდიდა. ეთიოპიის საგარეო პოლიტიკას, კერძოდ ევროპასთან ურთიერთობას, მნიშვნელოვანწილად სომხები ქმნიდნენ, ხოლო XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, ქვეყანას 15 წლის განმავლობაში მიქაელ სიული მართავდა, რომელიც შესანიშნავი პოლიტიკოსი და სამხედრო ლიდერი იყო. მან დააშოშმინა თავგასული ფეოდალები და ეთიოპიას ერთიანობა იმ დროს შეუნარჩუნა, როდესაც მის იმპერატორს ამის გაკეთება არ შეეძლო. საქმე იქამდე მივიდა, რომ მეზობელი ეგვიპტის ხელმძღვანელობა მიქაელს ოფიციალურად მოიხსენიებდნენ აბისინიის იმპერატორად. სიუმანდე და მის შემდეგაც, რამდენიმე ფინანსთა, ვაჭრობისა და სამხედრო საქმეების მინისტრები, სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები იყვნენ.

ამ ქვეყნების საეკლესიო ცხოვრებაც გადაიკვეთა. ეთიოპია ორ ცეცხლშუა აღმოჩნდა – ერთის მხრივ კოლონიზატორი ევროპა, ხოლო მეორე მხრიდან კიდევ უფრო ექსპანსიონისტური თურქეთი. ოსმალი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სომხებმა. ასეთ ვითარებაში ორი ქრისტიანული ეკლესია გამუდმებით ეხმარებოდა ერთმანეთს. სომეხი წმინდანების ცხოვრება ძველ ეთიოპურ ენაზე ითარგმნა. ეთიოპიური ეკლესია, დღესაც აღნიშნავს წმინდა გარეგინის დღეს, ასევე გაიანე და რუფსიმე წამებულების დღეებს.

1632 წელს მეფე ფეზილიდასი იეზუიტებზე განრისხდა და ისინი ეთიოპიიდან განდევნა. განრისხებულმა მეფემ იმავდროულად სხვა რელიგიური ორდენებიც აკრძალა. სამეფო ტახტის მრისხანებას, მხოლოდ სომეხი ბერები გადაურჩნენ და ამით არ ისარგებლეს ფრანცისკანელებმა და კაპუცინებმა, რომლებიც სომხურ ტანსაცმელში გადაცმულულები უპირობოდ ემსახურებოდნენ ეთიოპიას.

XIX საუკუნეში იმპერატორი თეოდროს (ფედორ) მეორე ინგლისელ დიპლომატებზე გაბრაზდა და ისინი ციხე-სიმაგრეში გამოამწყვდია. დედოფალმა ვიქტორიამ მათ განთავისუფლებაში დახმარება, იერუსალიმის ეპისკოპოსებს, სააკ ასტვაცატრიანსა და ტიმოთეუს საპრიჩიანს სთხოვა. “სამშვიდობო კონტიგენტი” ორი წლის განმავლობაში ცდილობდა სიტყვაძუნწ იმპერატორთან მოლაპარაკებას, ამისთვის ეთიოპიაში მცხოვრებ სომხებსაც კი იყენებდა. საბოლოოდ, ინგლისელები სამშობლოში დაბრუნდნენ. მისმა უდიდებულესობამ კი ბრძანა, ინგლისში ეპისკოპოსების რთული მისიის შესახებ, წიგნი დაეწერათ.

სხვათაშორის, როდესაც 1935 წელს, იტალია ეთიოპიაში შეიჭრა (ეს ქვეყანა ერთადერთია შავ კონტინენტზე, რომელიც კოლონია არასოდეს ყოფილა), მუსოლინის მამაცი მეომრები ქალაქ ოგდენთან, სომხების 800 კაციანმა არმიამ დაამარცხა. ეს არმია საიმპერატორო ორკესტრის ხელმძღვანელის გევორქ ნალბანდიანის ინიციატივით შეიქმნა, ხოლო მის მთავარსარდლად ბაბკენ სეფერიანი დაინიშნა, რომელსაც საექსპედიციო კორპუსის ლეიტენანტის წოდება მიანიჭეს. მსახურების დასრულების შემდეგ ბაბკენი ეგვიპტეში გადავიდა, მაგრამ სამხედრო წოდება და ცოდნა მეზობელ ქვეყანაშიც გამოადგა.

უჩვეულო კალეიდოსკოპი

დროდადრო ეთიოპიელი სომხების რაოდენობა ორი ათასამდეც იზრდებოდა. დღეს ადის-აბებაში ალბათ ასი სომეხიც არ მოიძებნება. თუმცა საოცარი სწორედ ის არის, რომ ასეთი მცირერიცხოვან დიასპორაზე, არაერთი საინტერესო წიგნის დაწერა შეიძლება.

ვაჭარი გრეგორ პოღოსიანი იმპერატორ მენელიკ მეორეს დაუმეგობრდა და მალე განსაკუთრებული საქმეების ელჩად დაინიშნა. გრეგორის უფროსი ვაჟი ადგილობრივ გოგონაზე დაქორწილდა და მათი შვილი ალექსანდრე პოღოსიანი, აფრიკის ყველაზე ცნობილი მხატვარია. სკუნდერ პოღოსიან – ხშირად ასე მოიხსენიებდნენ ალექსანდრეს. ის პირველი აფრიკელი იყო, ვისი ნამუშევრებიც ამერიკისა და ევროპის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

მენელიქ მეორემ თავის გარშემო სომხები შემოიკრიბა. სარქის ტერზიანს ძალზედ საპასუხისმგებლო და დელიკატური მოვალეობა ეკისრებოდა – ეთიოპიის არმიას იარაღით ამარაგებდა. 1890 წელს ტერზიანმა ფრანგული ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა სცადა. ფრანგებმა კი მიჰყიდეს იარაღი ეთიოპიას, მაგრამ მის ტრანსპორტირებაზე უარი განაცხადეს. მაშინ ტერზიანმა საფრანგეთის მფლობელობაში არსებულ ჯიბუტში, ტვირთი ჰოლანდიური გემებით გადაიტანა, შემდეგ ადის-აბებაში იარაღი აქლემებით ჩავიდა. საუბარია თითქმის 100 ათას თოფზე და 10 მილიონზე მეტ ტყვია-წამალზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ავტომატებზე. იმ დროისთვის, ეს იარაღის შეძენის რეკორდული შეთანხმება იყო. იტალიელებისთვის, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ ეთიოპიის დაპყრობას, უსიამოვნო იყო მოწინააღმდეგის მიერ ასეთი სერიოზული იარაღის შეძენა.

გამარჯვების შემდეგ ეთიოპიელი სამხედროები ტერზიანის საპატივცემულოდ ჰიმნს მშობლიურ ენაზე მღეროდნენ. ამის შემდეგ ტერზიანმა ეთიოპიაში რკინიზგის აგებას შეუწყო ხელი და ქვეყანაში პირველი ელმავალი შეიყვანა, რომელსაც “სარქის ბაბური” (“სარქისის ელმავალი”) უწოდეს.

ეთიოპიელი იმპერატორების სასახლის ფოტოგრაფებიც კი სომხები იყვნენ. ბოიაჯიანოვების რამდენიმე თაობა იმპერატორებს, პრინცებსა და პრინცესებს უღებდნენ ფოტოებს. აიკსა და ტონის ოფიციალური – ნეგუსთა დინასტიის ფოტოგრაფის ტიტული ჰქონდათ. აკოფ ზანაზანიანი, ხაილე სელასიე პირველის პირადი ფოტოგრაფი იყო და მას მონარქიის დამხობამდე, ანუ 1974 წლამდე ემსახურებოდა. ზანაზანიანი ავსტრალიაში გადავიდა. მისი შვილი – ერვანტი მამის კვალს გაჰყვა და იგი, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული საქორწინო ფოტოგრაფი გახდა.

ყველა ეთიოპიელი სომხების ჩამოთვლა, ცხადია, რთულია. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს არქიტექტორი გ. ოვანიანი, რომელსაც ადის-აბება თავისი თანამედროვე სახეს უნდა უმადლოდეს. ტიგრან ებეიანი და ბაგდასარიანების ოჯახი შესანიშნავი იუველირები იყვნენ, რომელთა ნამუშევრებიც დიდ იშვიათობად არის მიჩნეული. მეწაღეები, ტიპოგრაფიის მფლობელები, ადამიანები, რომლებიც მილიონერები გახდნენ და ისინი, ვინც ეთიოპიიდან წავიდნენ. ამ ქვეყნის სომხებს არასოდეს ავიწყდებოდათ მიწა, რომელიც მათთვის მშობლიურივით იყო. მათთვის ეთიოპიაში ცხორება იოლი არასოდეს ყოფილა, თუმცა სომხები ყველაფერს აკეთებდნენ ამ ყოფის შესამსუბუქებლად.

P.S. აფრიკის კონტინენტზე სომხების ცხორებას სერიოზული ისტორიულ-კულტურული და დეტალური გამოკვლევა სჭირდება. სოხმების კვალი შეინიშნება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უგანდა, ნამიბია, ხოლო პატარა სვაზილენდში სომხური ეკლესიაც კი არის. აღსანიშნავია ისიც, რომ ვასკო და გამას ექსპედიციის ისტორიკოსისა და ქრონოგრაფის გასპარ კორეას ხელნაწერებში ნათქვამია, რომ მოზამბიკის მკვიდრთ სულაც არ გაკვირვებიათ თეთრკანიანი ადამიანების დანახვა, რადგანაც მათივე თქმით, მათგან ოდნავ მოშორებით ცხოვრობდნენ პორტუგალიელების მსგავსი ქრისტიანები, რომლებიც თავის თავს სომხებს უწოდებნენ. კორეას ხელნაწერებმა ჩვენამდე შესანიშნავ მდგომარეობაში მოაღწია.

მოამზადა რუბენ გიულმისარიანმა

ფოტოსურათები გამოყენებულია საიტიდან Armenian Global Community