თბილისის მწერალთა სახლმა, სომეხი პოეტის, სონა ვანის ლექსების ქართულად გამოცემული კრებულის – “ლიბრეტო უდაბნოსთვის” პრეზენტაციას უმასპინძლა. ეს სონა ვანის უკვე მესამე კრებულია, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა. წიგნის წარდგინებას თავად ავტორიც დაესწრო. ის ამ დღისთვის საგანგებოდ ჩამოვიდა აშშ-დან. სონა ვანის ლექსები უკვე 15 ენაზეა თარგმნილი. თბილისის შემდეგ მას პრეზენტაციაზე ჩინეთში ელოდნენ.
ახალი კრებულის ლაიტმოტივია – ომი და პოეტი ქალი. მის ყველა სტრიქონში იგრძნობა მდედრი, ხან უსუსური, ხანაც დაუდგრომელი, კეკლუციც და შურისმაძიებელიც, მაგრამ ქალი. სონა ვანი ცდილობს რასის, საზოგადოებრივი მდგომარეობისა და კანის ფერის მიუხედავად, ყველა ქალის სულში შეაღწიოს, ყველა მათგანის ტკივილი და განცდა გაიზიაროს. მიაჩნია, რომ ქალების ისტორია ტყუპისცალებივით ჰგავს ერთმანეთს და ყველა მათგანის ტკივილი მისთვის ნაცნობია:
“შავკანიანო ჩემო დაო, მზით გარუჯულო ტყუპისცალო, ჩემო დაია”, – წერს თავის ერთ-ერთ ლექსში. ამ სტრიქონის ამოკითხვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ჩასწვდეთ შემოქმედი ქალის სულიერ სამყაროს. ქალის, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ომის საშინელებაც და თავისუფალი ქვეყნის სიოც.
სონა ვანის ოჯახი თურქეთის აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში არსებული სოფელ ვანიდან არის. ვანი ერთ დროს დიდი სომხეთის ტერიტორიად მოიაზრებოდა, შემდგომ კი ოსმალეთის იმპერიის ნაწილი გახდა. სწორედ აქედან აიღო პოეტმა ფსევდონიმად სახელი – ვანი. მისი წინაპრები ომს შეეწირნენ. ამის შესახებ ლექსებით გვიამბობს, თუ ოჯახში ვაჟის დაბადება ერთდროულად როგორც იყო სიხარულის და მწუხარების მომტანი, როგორ შეიწირა ომმა მისი ბაბუები, მამები, ბიძები – ოჯახში იბადება ვაჟი, ყველა ბედნიერია, მაგრამ იწყება ომი და დედები კარგავენ შვილებს. ომი თანამედროვე მსოფლიოს ყოველდღიურობად ქცეულა. ის საინფორმაციო გამოშვებების მთავარი თემაა. როგორც თავად სონა ვანმა გვითხრა, ომი ქცეული ბიზნესად ადამიანებს ართმევს ყველაზე საყვარელს და ყველაზე ძვირფასს – სიცოცხლეს, ბედნიერებას, მომავლის რწმენას.
“ვაჭერს ღილაკს და ჩაირთვება ტელევიზორი და მონიტორი ომს მთავაზობს ყავასთან ერთად”, – ამბობს პოეტი.
სონა ვანი წერს განურჩევლად ყველაზე. მისი ერთ-ერთი ლექსი მოგვითხრობს მუსულმან ქალზე, რომელსაც შვილის სიკვდილი შეატყობინეს და ის მაინც წავიდა სამსახურში. მგლოვიარემ მოიხადა საზოგადო ვალი და ამის შემდეგ თავი მოიკლა. ამ კრებულში პოეტი იმის შესახებ, თუ რამხელა ტრაგედიას ატარებენ ქალები გულით და როგორ ცდილობენ გადაარჩინონ მამაკაცები.
“ეს პირველი წიგნია, რომელიც ომს მივუძღვენი. ომი არის ჩვენი პირველი მტერი. ხსოვნა ხელს გვიშლის მისი წიაღიდან გამოსვლაში. ადამიანში ცხოვრობს ბოროტი და კეთილი. სამწუხაროდ ბოროტი უფრო ძლიერია და ეს ყოველთვის უკან გვხევს. დღეს ომი, გარკვეული ადამიანებისთვის არის ბიზნესი, რომელიც სხვა ადამიანების ბედნიერებას იტაცებს. მას მოაქვს ბევრი მსხვერპლი, ამიტომ მსოფლიო ერები უნდა გავერთიანდეთ ომის წინააღმდეგ”, – ამბობს სონა ვანი.
თბილისის მწერალთა სახლში შეკრებილ საზოგადოებას წიგნი ცნობილმა ქართველმა პოეტმა, მაყვალა გონაშვილმა წარუდგინა. მისი შეფასებით, სონა ვანის ლექსები ტკივილის, სიმართლისა და ნიჭიერების ძაფითაა აკინძული და ისინი მსოფლიოს მრავალ ენაზე უნდა ითარგმნოს. მისი წერის მანერა ორიგინალური და მხოლოდ მისეულია.
“ეს წიგნი არია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ქალმა გადაარჩინოს დედამიწა თავისი ლექსით, სიტყვით, თავგანწირვით. ეს კრებული ტრაგიკულიც არის და თამამიც. ძალიან საინტერესოდ დაწერილი ლექსებია. თავისუფალი ლექსი მდორედ კი არ მოედინება, პირდაპირ ეკლებივით გესობა სულში და გაფხიზლებს. ძალიან ცოცხალი და მფეთქავი ლექსებია”, – განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სონა ვანის პირველი კრებული სწორად მაყვალა გონაშვილმა თარგმნა. როგორც მან Dalma News-ს განუცხადა, სონა ვანი ქართველი მწერლების დიდი მეგობარია. სწორედ მისი დაფინანსებით გამოვიდა სომხეთში ქართული პოეზიის ანთოლოგია, სადაც 50 საუკეთესო პოეტის შემოქმედება შევიდა.
“სონა ქართული მწერლობის გულშემატკივარია და გადავწყვიტეთ, რომ ასეთი ნიჭიერი ქალბატონი გამხდარიყო ჩვენი მწერალთა კავშირის საპატიო წევრი”, – გვითხრა მაყვალა გონაშვილმა.
“ლიბრეტო უდაბნოსთვის” ორიგინალიდან, საქართველოში მცხოვრებმა სომეხმა მწერალმა და მთარგმნელმა, გივი შახნაზარმა თარგმნა. როგორც წესი, იგი კლასიკური ფორმის პოეზიას თარგმნის, ამდენად, სონა ვანის რითქმისგან თავისუფალ პოეზიასთან შეჭიდება მისთვისაც ერთგვარი გამოწვევა იყო, რომელიც წარმატებით შეასრულა.
“როდესაც მთარგმნელს დედანში შეუძლია კითხვა, ეს დიდი უპირატესობაა. ყველაფერთან ერთად, სიმართლე რომ გითხრათ, ამას თავისებური ნიჭი სჭირდება. ეს არის და ეს. მე საერთოდ კლასიკური ფორმის პოეზიას, რითმიან ლექსს ვთარგმნი. რა არის იცით? დრო რომ იცვლება, თავისთავად თავისი მოაქვს და თუ ალღოს აუღებ ყველაფერი გამოვა. სონა ვანი თავისუფალ ქვეყანაში, ამერიკაში ცხოვრობს და მის ლექსებში ე.წ. თავსმოხვეული არაფერია. ის მთელ კაცობრიობას თავისი ტკივილის შესახებ, თავის მშობლიურ ენაზე უამბობს. ეს წიგნი ჩემთვის ტრაგიკული მონოლოგების კრებულია და კარგად მესმის ავტორის სურვილი, რაც შეიძლება მრავალ ენაზე ითარგმნოს იგი”, – გვითხრა გივი შახნაზარმა.
სონა ვანის გადმოქართულებული ლექსები, თბილისის მწერალთა სახლში შეკრებილ საზოგადოებას თავად გივი შახნაზარმა წაუკითხა. წიგნის პრეზენტაციას ცნობილი ქართველი მსახიობი, ჟანრი ლოლაშვილიც ესწრებოდა. მან სონა ვანის გაცნობის ეპიზოდი გაიხსენა.
“ყველაზე დიდი საჩუქარია დრო. დრო, რაც ღმერთმა გვიბოძა საცხოვრებლად ისედაც ცოტაა. ჩვენ მას ვწეწავთ, ვწიწკნით და ვჩუქნით ერთმანეთს დიდსულოვნად. კი არ ვფლანგავთ, ვჩუქნით. სონა ვანმა ერთ მშვენიერ დღეს გამიკეთა დიდი საჩუქარი, მაჩუქა თავისი წილი დრო. მეწვია სახლში, სრულიად უცნობი, ერთ პოეტესასთან ერთად. მაშინ გავიგე მისი შემოქმედების შესახებ. სონა ვანის პოეზია სულ სხვანაირად ჟღერს. გინდა მოდერნი უწოდე მას, გინდა აბსტრაქცია. ეს პოეზია მისთვის არის ბუნებრივი მდგომარეობა. კარგი, რომ ღრმავდება ჩვენი ფესვები, რასაც ჰქვია ქართულ-სომხური მეგობრობა”, – განაცხადა ჟანრი ლოლაშვილმა.
საღამო მხოლოდ ქართულ ენაზე აჟღერებულ ლექსებს არ დათმობია. სონა ვანის რამდენიმე ლექსი ორიგინალურ ენაზე, სომეხმა მსახიობმა სილვა იუზმაჩიანმა წაიკითხა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სონა ვანი ამერიკაში ცხოვრობს, მისი ლექსები სომხეთში ყველაზე კითხვადია.
“მიხარია, რომ გივი შახნაზარისა და მაყვალა გონაშვილის დახმარებით, ქართველ მკითხველსაც აქვს შესაძლებლობა გაეცნოს მის შემოქმედებას. მის ლექსებს როცა ვკითხულობ, ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ საკუთარი თავის შეცნობას ვახდენ”, – განაცხადა სილვა იუზმაჩიანმა.
საღამოზე სიტყვით გამოვიდა ვან ბაიუბურთი. მან ერთგვარი დავალება მისცა პოეტს, შემდეგი კრებული ქართულ-სომხურ ურთიერთობებს მიუძღვნას.
“ქართველებმა კარგად იციან რა არის გენოციდი, ეს მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს. შემდეგი წიგნი უნდა იყოს ქართულ-სომხურ ურთიერთობებზე”, – განაცხადა ვან ბაიბურთმა.
საღამო სონა ვანის სამადლობელო სიტყვით დასრულდა, იმ იმედით, რომ ის კიდევ ხშირად ესტუმრება თბილისს. “ეს არის ქალაქი, სადაც დიდი მწერლების სული ტრიალებს”, – განაცხადა სონა ვანმა. მან მადლობა გადაუხადა მაყვალა გონაშვილს, გივი შახნაზარსა და მხატვარ გივი წერეთელს მისი კრებულის გამოცემისთვის. ლექსებსა და ლექსებს შორის, წიგნი გაფორმებულია პოეტის თემატური პორტრეტებით, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მას. სომეხ პოეტს, სონა ვანს საქართველოს მწერალთა კავშირის საპატიო წევრის სტატუსი მიენიჭა.
შორენა პაპაშვილი