თვეზე მეტია, ერევნის ცენტრში, არამის ქუჩის N29-ში, ქალაქის მცხოვრებლებსა და სტუმრებს უჩვეულო სანახაობა ხვდებათ. საქმე იმაშია, რომ ზუსტად ამ მისამართზე არსებული ხაჩკარების (ვერტიკალურად მდგარ ქვაზე გამოსახული რთულ ორნამენტებიანი ჯვარი) სახელოსნოსთან, გიგანტური ბროზეული “გაიზარდა”. კომპოზიცია იმდენად მიმზიდველია რომ გულგრილს არავის ტოვებს – ჯვრის ფორმის 2 ხმალთან ერთად, ტუფისგან გამოკვეთილი ბროწეული.

Dalma News-ის კორესპონდენტი კომპოზიციის ავტორს, სომხეთის ხაჩკარების სახალხო ოსტატს, ვარაზდატ ამბარცუმიანს ესტუმრა. მასთან იტალიური გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა,  რომლებიც ერთ-ერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე წარსადგენი ფილმისთვის მასალას იღებდნენ. ოსტატს, რომელსაც სომხურად ვარპეტს ეძახიან, გამუდმებით ურეკავდნენ კოლეგები და ჟურნალისტები. ამ ყველაფრის მიუხედავად, ვარპეტმა დრო გამონახა და Dalma News-თან თავისი ბროწეულის „დამწიფებაზე“, მისი შექმნის იდეასა და არსზე, თავის სხვა ქმნილებებზეც ისაუბრა.

– ცოტა ხნის წინ, ქვეყანაში რადიკალური ცვლილებების იმედი გამიჩნდა. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ პაშინიანმა აღმშენებლობის კურსი აიღო და როგორც იცით, განაცხადა: “მე პირობებს შეგიქმნით, თქვენ კი – იღვაწეთ”. მეც რჩევა გავითვალისწინე. ბევრი არ მიფიქრია, ხელში ინსტრუმენტები ავიღე. როდესაც მუშაობას ვიწყებდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ კომპოზიციის დასრულების დროისთვის, ჩვენი ხალხი აბსოლუტურად ახლებურად და უკეთესად იცხოვრებდა. რა შეიძლება ამის გარანტი იყოს? რა თქმა უნდა, მშვიდობიანი ზეცა, რომლის უზრუნველყოფაც ჩვენს გაბედულ და ღირსეულ არმიას შეუძლია. სწორედ აქედან გაჩნდა სომხური არმიისთვის ტუფის უჩვეულო კომპოზიციის მიძღვნის იდეა. ბროწეული ჩვენთვის – სომეხი ხალხის სიმბოლოა, ისინი ხომ ბროწეულის მარცვლებივით მთელს მსოფლიოში არიან მიმოფანტულნი. ორი ჯვრის ფორმის ხმალი კი სომხეთის და არცახის არმიების სიმბოლოა. ხმლების და ბროწეულის ტანდემი არმიის და ხალხის ერთობას განასახიერებს – არმია ხალხს იცავს, ხალხი არმიას ეყრდნობა!

– თქვენი სამუშაოს მონუმენტურობა, მხოლოდ იდეის მასშტაბურობით არის ნაკარნახევი და არა – გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრის მისწრაფებით?

– 30-წლიანი მუშაობის განმავლობაში, მსგავსი პრეტენზია და დიდება არასოდეს განმიზრახავს.  ჩემის აზრით, ნებისმიერი შემოქმედებითი ადამიანის ქმედებაში მნიშვნელოვანია გულწრფელობა და არა – უხეში გათვლები. როდესაც საბადოზე მივედი, არჩევანი 15-ტონიან ქვაზე შევაჩერე, მხოლოდ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ მასში დავინახე გიგანტური ბროწეული. განსაკუთრებული მადლობა თავდაცვის სამინისტროს, რადგანაც ამხელა ქვას ჩემი ძალებით სახელოსნომდე ვერასოდეს მივიტანდი.

– როგორც ჩანს, კომპოზიცია თითქმის უკვე მზად არის. საბოლოოდ, როდის შეძლებენ ადრესატები მისით ტკბობას?

– დიახ, მხოლოდ საბოლოო შტრიხები დარჩა. 15-ტონიანი ქვისგან 20 დღეში, 12-ტონიანი “ბროწეული მომწიფდა”. ხმლებმა კი, 5 ტონიდან 3 ტონამდე დაიკლეს. დარჩენილია, მხოლოდ ბროწეულის ფოთოლი და სხივები ხმლებისთვის. საერთო ჯამში, ქანდაკება კიდევ 20-30 სმ-ით მოიმატებს. თავდაცვის სამინისტროს სააღლუმე მოედანზე ხმლები და ბროწეული მაისში გაემგზავრება.

– როგორ მუშაობთ ასეთი მონუმენტური კომპოზიციებისთვის ერთობ შეუფერებელ პირობებში?

– პირობებს თანდათან ვერგები. ხმლები სახელოსნოს სახურავზეა მიყრდნობილი და საბოლოოდ მათ ადგილზე დავასრულებ. თუმცა, ზოგადად ცხოვრებაზე არ ვწუწუნებ. ქალაქის ამ ნაწილში უკვე დიდი ხანია მშენებლობებია დაწყებული და ძველი შენობების რეკონსტრუქციაც მიმდინარეობს. ის, რომ სახელოსნო ჯერჯერობით ცოცხალია, უბრალო შემთხვევითობაა. ჩვენი შენობის დემონტაჟზე,  როგორც კი მიდგება საქმე, ან ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ან რევოლუცია მოხდეს (იცინის), ჩვენ კი გვიხარია, დემონტაჟს რომ გადავრჩით. „ხაჩკარების ქუჩა“ თუ აღარ იარსებებს, ერევანი თავისი ისტორიის კოლორიტულ „ეპიზოდს“ დაკარგავს. გაქრება ის პატარა კუთხე, სადაც შეგიძლია ხაჩკარების ნამუშევრების დათვალიერება და მათი ოსტატებისგან საინტერესო და სანდო ინფორმაციების მოსმენა.

– მაგრამ ყველამ კარგად იცის, რაც არის ხაჩკარი. საკმარისია ინტერნეტში საძიებო სიტყვა – ხაჩკარი (ქვა-ჯვარი) ჩაწერო, რომ დაინტერესებული ადამიანი ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს. კიდევ არის რამე, რისი თქმაც შეიძლება?

– დიახ, ეს ყველაზე შაბლონური ტექსტია, რომელსაც ძირითადად გიდები იყენებენ. ხაჩკარი, რაოდენ პათოსითაც არ უნდა ჟღერდეს, ჩემთვის, ჩვენი ერის დაბადების ერთგვარი მოწმობაა. თავად განსაჯეთ, ღმერთმა თითოეულ ერს, რაღაც მისეული მიაკუთვნა. ჩვენ, სომხები, რწმენით დაგვაჯილდოვა – შემთხვევითი ხომ არ არის ის, რომ ერთ-ერთი პირველები ვართ, ვინც ქრისტიანობა მივიღეთ. ამის დასტურად შემოქმედმა “საჩუქარი” – ხაჩკარი გვიბოძა და მათზე თავისი ბეჭედი დაასვა. მაგრამ 70-წლიანი საბჭოთა მმართველობის დროს, ათეიზმის პროპაგანდის პირობებში, ხალხს შთააგონეს, რომ ხაჩკარები უბრალოდ საფლავის ქვებია. ეს ხომ სისულელეა. საუბარი, მხოლოდ საფლავის ქვებზე რომ იყოს, უძველესი დროიდან მათ ყველგან არ განალაგებდნენ: ბაღებში, საზღვრებზე, ეკლესიის ეზოებში, საკუთარ ბაღებში, პატარა ხაჩკარები საცხოვრისშიც კი იყო! დამეთანხმებით, სასაფლაოს მინი მაკეტს სახლში არავინ შეინახავდა!

– მაგრამ თუ ხაჩკარი საფლავის ქვა არ იყო, მაშ როგორ აღიქვამდენენ მას ჩვენი წინაპრები?

– ვფიქრობ, ეს რწმენაა. შესაძლოა ადამიანმა მღვდელს არ ჩააბაროს აღსარება. ჯვრის ფორმის უტყვ, წმინდა ქვას კი გულის ნადებს უზიარებენ. ამიტომ ხაჩკარებთან ადამიანები ჭეშმარიტად გულწრფელები იყვნენ, სულს უშლიდნენ. უზიარებდნენ ემოციებს, კითხულობდნენ ლოცვებს,   სწირავდნენ შესაწირს. ერთი სიტყვით მასთან, როგორც ქრისტიანული რწმენის ცოცხალ იმედთან, ისე ურთიერთობდნენ. საფლავის ქვის სტატუსი ხაჩკარებს მას შემდეგ მიანიჭეს, რაც XII საუკუნეში, ეკლესიამ და სახელმწიფომ საფლავები წმინდად გამოაცხადეს. შედეგად, ჩვენმა დიდმა პაპებმა საგვარეულო სასაფლაოებზე ხაჩკარების დადგმა დაიწყეს, რათა ამ წმინდა ქვას გარდაცვლილთა სულები დაეცვა.

– როგორ დაიწყო ხაჩკარებთან თქვენი ურთიერთობა?

– იმის გამო არა, რომ ერთ დღეს აღიარება მომინდა (იცინის). XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, სომხეთში, როგორც ცნობილია, სერიოზული ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისი იყო. ხალხი თავის გადასარჩენად ყოველ ღონეს ხმარობდა. სახლებიდან მაგიდები გამოჰქონდათ და ზედ აწყობდნენ ყველაფერს, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა: ჭურჭლიდან დაწყებული ლურსმნებით და გასაღებებით დამთავრებული. მე გამოსატანი და გასაყიდი არაფერი მქონდა. 30 წლის ასაკში,  ერთადერთი, რაც გამაჩნდა, მეუღლე და 5 შვილი იყო. როგორმე უნდა გამომეკვება ოჯახი, ამიტომ პროფესიით ტანსაცმლის მოდელიორმა მაკრამეს ქსოვა და მისი ვერნისაჟში ჩაბარება დავიწყე. თავი როგორღაც გაგვქონდა. ერთ მშვენიერ დღეს, ხელში ქვის სატეხი ავიღე და ქვაზე ჯვარი გამოვკვეთე. არც ისე ლამაზი გამომივიდა, თუმცა ხაჩკარი მეზობელ პარკში წავიღე და ჩემდა გასაოცრად, დადებით გამოხმაურება მოჰყვა. მეორე ხაჩკარი გარდაცვლილი მეზობლისთვის გამოვჭედე. დროთა განმავლობაში თავდაჯერებულობა შევიძინე… მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნამუშევრები შორის იყო პროფესიონალიზმისგან, ისინი ძალიან მენატრება. ძალიან მენატრება ის დროს, როდესაც ჩაქუჩს და ქვის სატეხს ვიღებდი და ყოველგვარი წესების გარეშე, მხოლოდ საკუთარი ფანტაზიით ვმუშაობდი. წლების შემდეგ, როდესაც მივხვდი, რომ არსებობს ხაზის გრძნობა, ოსტატის რეპროდუქციის ფორმები და ა.შ, პირვანდელი „დრაივის“ შენარჩუნება სულ უფრო მიძნელდებოდა. ოქროს შუალედის ძიებაში ბალანსის შენარჩუნებას დღემდე ვცდილობ, რადგანაც მხატვრისთვის უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია კანონების დაცვა, უშუალობის და გულწრფელობის შენარჩუნება.

– თქვენი ხაჩკარები განსხვავებულია. თამამად შეიძლება მათ საიუველირო ნამუშევარი ეწოდოს და ისიც შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ქვები არაჩვეულებრივად ქარიზმატულია, თითქოს ქვას აცოცხლებთ. საერთო ჯამში, რამდენ ასეთ “ჯვარს” ჩაჰბერეთ სუნთქვა?

– ვფიქრობ, 30 წლის განმავლობაში, ამ სახელოსნოდან, რამოდენიმე ათასი ნამუშევარი გავიდა. დიდად მადლიერი ვარ ჩემი თანაოსტატების, მოსწავლეების, დამხმარეების, რადგანაც მარტო ამხელა მოცულობის სამუშაოს თავს ვერ გავართმევდი. თავდაპირველად, ჩვენი ეზოს ბავშვებთან ერთად ვმუშაობდი, ახლა – უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, რომლებსაც დახელოვნების ძალიან დიდი სურვილი აქვთ. ჩვენი ხაჩკარები, თითქმის მთელს მსოფლიოშია გაბნეული, აფრიკის გამოკლებით. ცხადია, ეს ნებისმიერი ოსტატისთვის საამაყოა. მაგრამ, მხოლოდ ამით ვერ დავკმაყოფილდები. ვოცნებობ, საკუთარი სკოლის გახსნაზე, რადგანაც ჩვენს ბავშვებს ქვაში კვეთის ღვთისგან ბოძებული ნიჭი აქვთ და ამის უგულებელყოფა ძალიან დიდი ცოდვა იქნება.

– შინაგანი ხმა მკარნახობს, რომ ქვაზე კვეთის ხელოვნების, თქვენთვის უჩვეულო მიმართულებით მუშაობაში, გიგანტური ბროწეული პირველი მერცხალი იქნება…

– დიახ, გამოიცანით. სხვა ჩანაფიქრიც მაქვს. ერთ-ერთი მონუმენტის ესკიზის მონახაზები უკვე მაქვს, თუმცა ჯერჯერობით მასზე არ ვისაუბრებ. არ მიყვარს გადახტომამდე “ჰოპლას” თქმა. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს ჩემი დიდი ხნის ოცნებაა და იმედი მაქვს ავიხდენ. ჩემი მესამე ოცნებაა – ხაჩკარების პარკი. ესეც თუ ავიხდინე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ექნება. ძალიან მინდა, რომ სომხეთში არსებობდეს ისეთი ადგილი, სადაც ხალხი ხაჩკარების შემოქმედებით დატკბებიან და შეიმეცნებენ იმ მოტივებს, რომლებიც ოსტატების ქვებიდან გადმოიღვრება. ჩემის აზრით, ასეთ პარკში გასეირნების შემდეგ, ჩვენი სულები ნაკლებად “გაქვავდებიან”.

ირინა გრიგორიანი

თარგმანი: ხათუნა პაპაშვილი