ოქტომბრის შუა რიცხვებში, ბაქოს თანამედროვე ხელოვნების ცენტრ YARAT-ში აზერბაიჯანული დოკუმენტური ფილმი “დაბრუნება კავკასიაში” ინგლისური სუბტიტრებით წარადგინეს. ფილმი აზერბაიჯანის შესახებ მოგვითხრობს.
“დაბრუნება კავკასიაში” – აზერბაიჯანის და საფრანგეთის თანამედროვე პროექტია, რომელიც აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს, ასევე კომპანია ARTE–France-ის დაკვეთით დოკუმენტური ფილმების სტუდია Яддаш-მა და ფრანგულმა კომპანია B-Tween-მა გადაიღეს.
სცენარის ავტორები არიან: ფაუდ ახუნდოვი, სტეფან ბერგუნიუ, ჟან-პიერ დივილერი, ლესლი გრანბერგი. რეჟისორები: სტეფან ბერგუნიუ და ჟან-პიერ დივილერი, პროდიუსერები: არნო ფრილეი და ჯავიდ იმამვერდიევი.
ფილმში მთავარი როლი ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ შეასრულა.
ფილმს საფუძვლად უდევს ერთი ისტორიული ფაქტი. 1858 წელს ცნობილი ფრანგი მწერალი ალექსანდრ დიუმა კავკასიაში მოგზაურობისას აზერბაიჯანსაც ეწვია. აზერბაიჯანის მიწაზე – ბაქოს “ნავთობის ქვებიდან” დაწყებული, შამახით, შეკით და კავკასიის მთებით დამთავრებული – დიუმას წიგნით “მოგზაურობა კავკასიაში” დასრულდა.
150 წლის შემდეგ ჟერარ დეპარდიემ ალექსანდრ დიუმას მარშრუტით გავლა გადაწყვიტა, რათა თავად ენახა როგორ შეიცვალა ცხოვრება აზერბაიჯანში და თავისი თანამემამულის მიერ მოთხრობილისთვის შეედარებინა.
აღსანიშნავია ის, რომ დიუმა აზერბაიჯანში მხატვარ მუანესთან ერთად ჩავიდა. დეპარდიესაც თან ახლდა მხატვარი, მისი მეგობარი მატიე საპანი, რომელიც ჩანახატებს აკეთებდა და ნაწილობრივ პროექტშიც მონაწილეობდა. ისინი აზერბაიჯანელ ისტორიკოსთან და ფილმის თანაავტორ ფუად ახუნდოვთან ერთად ფრანგი მწერლის ნაკვალევს გაუყვნენ.
ფილმის პროდიუსერმა ჯავიდ იმამვერდიევმა და მკვლევარ-ისტორიკოსმა ფუად ახუნდოვმა, კინოკლუბ YARAT-ის ფარგლებში ფილმი პირადად წარადგინეს.
“როდესაც ბატონი დეპარდიე ბაქოში ჩამოვიდა, შევთანხმდით, რომ იგი ერთ-ერთ აზერბაიჯანულ დოკუმენტურ ფილმში მიიღებდა მონაწილეობას. ჩვენს შორის ერთ-ერთს უცებ დიუმას “მოგზაურობა კავკასიაში” გაახსენდა. ვიფიქრეთ, რატომაც არ შეიძლება, რომ კიდევ ერთმა ფრანგმა გაიაროს იგივე გზა, რაც დიუმამ 150 წლის წინათ”, – მოუთხრო მაყურებელს ჯავიდ იმამვერდიევმა.
გადაღებები 2012 წელს დაიწყო. იმ წელს აზერბაიჯანმა ევროპული მასშტაბის კონკურსს – ევროვიზიას უმასპინძლა. ამის მიუხედავად გუნდი მუხლჩაუხრელად მუშაობდა და გადაღებებში აქტიურად მონაწილეობდა.
პროდიუსერის თქმით, გადამღებმა ჯგუფმა ორი თვის განმავლობაში ყველა ის ადგილი მოინახულა, სადაც ფრანგმა მწერალმა იმოგზაურა, შემდეგ გადაღებები 10-15 დღის განმავლობაში თავად დეპარდიეს მონაწილეობით გაგრძელდა.
“ძალზედ საინტერესოა ფილმის კონცეფცია, რადგანაც დიუმას ნაწარმოები “მოგზაურობა კავკასიაში” ნაკლებადაა ცნობილი საფრანგეთში. დიუმა ასოცირდება “სამ მუშკეტერთან”, “გრაფ მონტე-კრისტოსთან”. ხოლო ის, რომ დიუმა 1858 წელს კავკასიაში მოგზაურობდა, ბევრმა ფრანგმა არ იცის”, – ამბობს სცენარის თანაავტორი ფაუდ ახუნდოვი.
“ჩვენ თუ ჩვენის მხრივ აზერბაიჯანს წარმოვადგენდით, ფრანგები ნაწილობრივ ცნობილ უცნობს” ეცნობოდნენ. დიუმას მარშრუტი დერბენთით დაიწყო და ტფილისში დასრულდა. მისი მოგზაურობის ყველაზე დატვირთული და დიდმნიშვნელოვანი ნაწილი აზერბაიჯანს – გუბა-ბაქო-შამახ-შეკს უკავშირდება. დიუმას წიგნიდან ის ნაწილი ამოვიღეთ, სადაც აზერბაიჯანის შესახებ მოგვითხრობს და დეპარდიესთვის ერთგვარი საგზაო რუკა შევადგინეთ”.
როგორც ისტირიკოსი ამბობს, დიუმამ აზერბაიჯანის თითოეული კუთხის შესახებ, სადაც ის იმყოფებოდა, შესანიშნავი მოგონება დატოვა. სადაც არ უნდა ყოფილიყო ყველგან სუფთა ოთახი, საწერი მელანი და ფურცლები ჰქონდა, ხოლო სადაც არ უნდა გამოჩენილიყო დიუმას ქარავანი, მას ყოველთვის თან ახლდა თათარი (ასე უწოდებდნენ იმ დროს აზერბაიჯანელს). “იგი ყოველთვის ნახევარი საათით ადრე მიდიოდა იმ ადგილზე, სადაც დიუმას ქარავანი უნდა მისულიყო. ყველაფერი დეტალურად ორგანიზებული იყო – ეს მეცხრამეტე საუკუნის შუა წლების აზერბაიჯანული სერვისის მაჩვენებელი იყო. ამის შესახებ დიუმა წერდა: “ჩემი მოგზაურობის ბოლომდე მიკვირდა – სად ეძინა იმ თათარ-აზერბაიჯანელს, ან როდის სადილობდა”, – ციტირებს დიუმას წიგნიდან მთხრობელი.
ფუად ახუნდოვს მიაჩნია, რომ დიუმა სწორედ იმ ნაყოფიერ შემოქმედებით გარემოში მოხვდა, რომელიც მას ამ რეგიონის ამოცნობაში დაეხმარა და მისი საოცარი კალმის წყალობით ეს რეგიონი ევროპამაც გაიცნო.
ამის შემდეგ აზერბაიჯანელმა ისტორიკოსმა, რომელიც უშუალოდ ფილმის გმირებთან ურთიერთობდა, გადაღებების პროცესი გაიხსენა და თავის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.
“მე და დეპარდიემ ერთმანეთი სამი კამერის თანდასწრებით გავიცანით – საოცარი ადრენალინი იყო ჩემთვის! კაცმა არ იცოდა შედგებოდა თუ არა ჩვენი საუბარი. მე ფრანგული არც ისე კარგად ვიცი, დეპარდიე კი ინგლისურად საშუალო დონეზე საუბრობს. დიუმას თემის წყალობით კავკასიაში ენობრივი და რაღაც კულტურული ბარიერები მეორე პლანზე გადაინაცვლებენ ეს სწორედ ის მეთოდია, რომელიც აღმოსავლეთის და დასავლეთის დაახლოებას აჩვენებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით. თავის დროზე ეს მეთოდი დიუმამ განავითარა, დღეს კი ამის გაკეთებას ჟერარ დეპარდიე ცდილობს”.
ფილმის ავტორების თქმით, ისინი გადაღებებით კმაყოფილნი არიან, ფრანგ მსახიობთან ერთად მუშაობა კი ერთი სიამოვნება იყო. “ჟერარ დეპარდიეს გასაოცარი მიმიკა აქვს. ფრანგულად გესაუბრება და მისი მიმიკებით ყველაფერი გესმის. გარდა ამისა, მას შესანიშნავი სმენა აქვს – შეუძლია ერთხელ მოსმენილი აზერბაიჯანული ფრაზა ზუსტად გაიმეოროს. თუმცა, შეიძლება ამ ფრაზის მნიშვნელობა არ იცოდეს. ეს შოკის მომგვრელია!”, – ყვებიან ფილმის შემქმნელები.
ფილმის გმირების წინაშე ბაქო, როგორც მის შესახებ დიუმა წერდა, “მთელი თავისი მშვენიერებით წარსდგა”. ისინი სეირნობენ “თეთრ ბაქოში” და “შავ ბაქოში”, ეტრფიან ბაქოს ცეცხლს, “რომელიც მთელს მსოფლიოშია ცნობილი, საფრანგეთის გარდა, რადგანაც ფრანგებს ყველაზე ნაკლებად უყვართ მოგზაურობა”. ფილმის გმირები ატეშგახის წმინდა ცეცხლს, ბიბი-აიბატის სასაფლაოს, კასპიის ზღვის სანაპიროზე არსებულ სოფელ “ნავთობის ქვებს” და ბევრ სხვა ადგილს ესტუმრნენ. “ქარების ქალაქის” შემდეგ ისინი თავიანთი მწერლის ნაკვალევს მიჰყვებიან – მოგზაურობენ აზერბაიჯანის უმშვენიერეს ადგილებში: გუბინის, შამახინის და შეკინის რაიონებში. იქ ისინი ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრებიან, ადგილობრივ ტრადიციებს ეცნობიან, ნაციონალური სამზარეულოს კერძებს აგემოვნებენ. დეპარდიეს განსაკუთრებულად აზერბაიჯანული ქაბაბი შეუყვარდა. ფრანგების მოგზაურობა სოფელ სარიბაშში დასრულდა. ის, სადაც მათი თანამემამულე ცხოვრობდა აზერბაიჯანში ყოფნის დროს.
ერთი სიტყვით, ორივე ფრანგმა მოგზაურმა აზერბაიჯანი ზუსტად ისე გაიცნო, როგორც ამის შესახებ დიუმა წერს თავის წიგნში – “მოგზაურობა კავკასიაში”.
ცხადია, დიუმას და საერთოდ, ევროპელების კავკასიაში მოგზაურობის თემა, მხოლოდ ამ ერთი ფილმით ვერ ამოიწურება. წიგნში აღწერილი ძალიან ბევრი მომენტში, ცხადია, ფილმში ვერ მოხვდა. ფუად ახუნდოვის და ჯავიდ იმამვერდიევის თქმით, წიგნი “დიუმას მოგზაურობა კავკასიაში” დღეს ისევ აქტუალური უნდა გახდეს და მას პროპაგანდა უნდა გაუწიონ.
ფილმი “დაბრუნება კავკასიაში” ტურისტული ფილმების ზოგიერთ ფესტივალში მონაწილეობდა და ჟიურის სპეციალური ჯილდოც დაიმსახურა. ფილმის ჩვენება ფრანგულ ტელეარხ Arte-სა და ბევრ უცხოურ არხზე შედგა.
ჩინარა გურბანქიზი