ევროკავშირის დამკვირვებელთა მისია, რომელმაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მონიტორინგი ითავა, შესაძლოა ამიერკავკასიის რეგიონში რუსეთთან წინააღმდეგობების სერიოზული გამომწვევი მიზეზი გახდეს. შეშფოთება იმისა, რომ სომხეთი შეიძლება დასავლეთსა და რუსეთს შორის კონკურენციის ერთ-ერთ მოედნად იქცეს, უფრო მეტად მაშინ გამოაშკარავდა, როდესაც ბრიუსელის გადაწყვეტილებას, რეგიონში 100 ექსპერტისგან შემდგარი გრძელვადიანი მისია გაეგზავნა, მოსკოვის მკაცრი რეაქცია მოჰყვა. რუსეთის თვალსაზრისით, ევროკავშირის წარმომადგენლებს “რეგიონში მხოლოდ გეოპოლიტიკური დაპირისპირება და არსებული წინააღმდეგობების გამწვავება” შეუძლიათ.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო, 23 იანვარს ევროკავშირის სამოქალაქო მისიის შექმნაზე შეთანხმდა, რომელიც სომხეთში ორი წლის განმავლობაში საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში იმოქმედებს. ეს იქნება წინა მოკლევადიანი მისიის, რომელიც 19 დეკემბერს დასრულდა, უფრო ფართო ვერსია. ოფიციალური ბრიუსელის თქმით, მისიის მიზანი სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებში სტაბილურობის ხელშეწყობა, ადგილზე ნდობის დამყარება და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა იქნება.
სომხეთი თითქმის მაშინვე მიესალმა ევროკავშირის ინიციატივას რეგიონში გრძელვადიანი მისიის გაგზავნის შესახებ, რომელსაც იგი საზღვარზე ესკალაციის შემაკავებელ ფაქტორად განიხილავს. იმავდროულად, ერევანში აღიარებენ, რომ, თუ ევროპელი სამოქალაქო სპეციალისტები სომხეთის სრულ დაცვას ვერ უზრუნველყოფენ, იქნებ, როგორც მესამე მხარემ პროვოკაციები (მათი არსებობის შემთხვევაში) მაინც დააფიქსირონ.
“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სამოქალაქო იქნება და შესაბამისად, ვითარების გამწვავების შემთხვევაში ვერ ჩაერევა. თუმცა ადგილზე ყოფნისას დამკვირვებლები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევებს დააფიქსირებენ და ევროკავშირს არსებული ვითარების შესახებ აცნობებენ”, – განაცხადა მმართველი ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატმა სარქის ხანდანიანმა.
იმავდროულად, სანამ ევროკავშირი სომხეთში თავისი გრძელვადიანი მისიის განლაგების შესახებ ამბიციური ამოცანის – “სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საქმეში წვლილის შეტანის მცდელობებში ” დეტალებს აზუსტებს, მოსკოვსა და ბაქოს, რომლებსაც არსებულ ვითარებაზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლიათ, ევროპულ ინიციატივას, რბილად რომ ვთქვათ, სიხარულით ნამდვილად არ შეხვდნენ. ოფიციალურმა ბაქომ, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, 50 დღეა ბლოკავს ლაჩინის დერეფანს – მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზას, რომელსაც ყველა მხრიდან აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აკრავს, მისიის გაგზავნის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას “ძალიან უსიამოვნო ფაქტი” უწოდა.
მოსკოვმა არაერთხელ უწოდა ევროპულ ინიციატივას “კონტრპროდუქტიული”. რუსეთის პოზიციის გამოხატვის კულმინაციური წერტილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იყო, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებს „რეგიონში მხოლოდ გეოპოლიტიკური დაპირისპირების მოტანა და არსებული წინააღმდეგობების გამწვავება შეუძლიათ“, რაზეც „ადგილზე არსებული ვითარების გათვალისწინებით“ სომხეთის საზღვრებზე მომსახურე რუსი მესაზღვრეები მოახდენენ რეაგირებას.
მოსკოვში ასევე დასძინეს, რომ ერევანში “კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის მისიის მიმართულებით მუშაობა თავის ლოგიკურ დასასრულამდე ჯერ არ მიუყვანიათ და არჩევანს ევროკავშირის სასარგებლოდ აკეთებენ“. რაზეც ერევანში თავიანთი არგუმენტებით უპასუხეს. ერევნის თქმით, პირველი და უმთავრესი არგუმენტი, არის კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში არსებული მოკავშირეების და მათ შორის, მთავარი მოკავშირის – რუსეთის უნებლიობა, მიიღონ კონკრეტული ზომები სომხეთის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის და მის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების, 2021 და 2022 წლებში, შეჭრის დასაგმობად.
“როცა უსაფრთხოების სისტემა არ მუშაობს, აუცილებელია ამ უსაფრთხოების „დიპლომატიზაცია“, რასაც ახლა ვაკეთებთ. ეს არის არა გეოპოლიტიკური ვექტორის ცვლილება, არამედ არსებულ პირობებში მტრის ამბიციების როგორმე შეკავების სურვილი”, – განაცხადა ელჩი, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თანაშემწემ, განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა ედმონ მარუკიანმა.
მიუხედავად ამისა, ერევნის მიერ განხორციელებული ქმედებები, განსაკუთრებით გასული წლის შემოდგომის შემდეგ, რუსეთისგან დისტანცირების გარკვეულ ტენდენციას მოწმობს. 2020 წლის ომის დამთავრების შემდეგ, 2022 წლის13-14 სექტემბერს საზღვარზე ყველაზე დიდი ესკალაციის დროს აზერბაიჯანთან დასაპირისპირებლად სამხედრო დახმარების თაობაზე სომხეთის თხოვნის საპასუხოდ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის და მოსკოვის ფრთხილი რეაქციის შემდეგ, ერევანი ევროკავშირის და საფრანგეთის შუამავლობით, ბაქოსთან ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებაზე შეთანხმდნენ. ასე რომ, სომხეთი ფაქტობრივად დათანხმდა ყარაბაღის პრობლემის მოგვარებას აზერბაიჯანული ფორმულის მიხედვით და მიზნად ისახავდა მხოლოდ ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს.
მეტიც, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სექტემბრის საომარი მოქმედებების შემდეგ, ევროკავშირმა დამკვირვებელთა მცირე ჯგუფი გაგზავნა, რომელიც ორი თვის განმავლობაში ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას სომხეთის მხრიდან აკვირდებოდნენ.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, ერევანმა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წინააღმდეგ ორჯერ გაილაშქრა. გასული წლის ბოლოს, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ორგანიზაციის სამიტის საბოლოო დეკლარაციას ხელი არ მოაწერა, ისევე როგორც გადაწყვეტილების პროექტს ერევნის დახმარების შესახებ აზერბაიჯანთან კონფლიქტთან დაკავშირებით. უკვე 2023 წლის დასაწყისში, სამსაათიანი პრესკონფერენციის დროს, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა უარი თქვა სომხეთში კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წვრთნების ჩატარებაზე, რის შესახებაც მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. მან თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ თურქულ-აზერბაიჯანულმა ტანდემმა შესაძლოა წვრთნები საფრთხედ მიიჩნიოს, რაც „რუსეთის დუმილის პირობებში“ სომხეთის უსაფრთხოებაზე აისახება.
ბოლოს დააგვირგვინა იმან, რომ ევროკავშირმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მონიტორინგისთვის სომხეთში გრძელვადიანი მისიის გაგზავნა გადაწყვიტა. ქვეყანაში, რომელიც რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა,102-ე რუსული სამხედრო ბაზა და რუსი მესაზღვრეებია განლაგებული თურქეთთან საზღვრის დასაცავად. 2020 წლის ომის შემდეგ კი რუსმა სამხედროებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე პატრულირება დაიწყეს.
“სომხეთის გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს გვერდიდან თუ შეხედავთ, შეიძლება შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ სომხეთი თავისი მოკავშირის შეცვლის გზაზეა, როგორც ამას რუსეთში ზოგიერთი პოლიტიკოსი და ექსპერტი აცხადებს. თუმცა, სინამდვილეში ეს ასე არ არის. სომხეთის გადაწყვეტილებების მიზეზი გასული წლის სექტემბრის მოვლენებია, როდესაც არსებულმა უსაფრთხოების სისტემამ არ გაამართლა”, – განაცხადა სომხეთის მთავრობის მაღალჩინოსანმა Dalma News-თან საუბარში.
ერევნისთვის განსაკუთრებული შოკი იყო გასული წლის სექტემბერში აზერბაიჯანის საზღვარზე სამხედრო კონფლიქტის გამწვავება, – აღიარებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი და ჟურნალ International Analytics-ის მთავარი რედაქტორი სერგეი მარკედონოვი. მისივე თქმით, მოსკოვის უკიდურესად ფრთხილი პოზიცია და ბაქოს შეტევითი იმპულსი „ეს ის ინგრედიენტებია, რომლებშიც უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მოთხოვნა დუღდა“.
მისი მოსაზრებით, სომხეთში „მისიონერების“ გაგზავნა არც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციიდან და ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან ქვეყნის გამოსვლას ნიშნავს და არც – ერევნის საგარეო პოლიტიკის მკვეთრ ცვლას. „ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები იმყოფებიან, ხოლო 102-ე სამხედრო ბაზა გიუმრიში რჩება. ეს არის საუკეთესო რეცეპტი ვაშინგტონისა და ბრიუსელის აქტივობის წინააღმდეგ, რათა მათ ეფექტურად იმუშაონ“, – წერს პოლიტოლოგი სერგეი მარკედონოვი თავის Telegram-არხზე.
თუმცა, ღიად რჩება საკითხი: კონკრეტულად როგორ იმოქმედებს მისია, თუ მას პრობლემები შეექმნება აზერბაიჯანულ მხარესთან და რუსეთთან, რომლის სამშვიდობო ჯარები მთიან ყარაბაღში 2020 წლიდან არის განლაგებული და რომელსაც სომხეთის მხარეს სამხედრო ბაზა აქვს და მესაზღვრეები ჰყავს.
სომხეთში იმედოვნებენ, რომ ევროპული მისიის საზღვრისპირა განლაგება რუს სამხედროებს რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას არ შეუქმნიან.
“სომხეთში ევროკავშირის წინა მისიის მუშაობამ აჩვენა, რომ ამ ქვეყანაში ევროპული მისიისა და რუსი სამხედროების მუშაობის შეთავსება შესაძლებელია”, – განაცხადა ცოტა ხნის წინ ედმონ მარუკიანმა.
ოპოზიციას ეშინია, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული გეოპოლიტიკური კონკურენცია, რომელიც დღითი დღე მწვავდება, სომხეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს და აცხადებს, რომ ამან შეიძლება ცუდი ზეგავლენა მოახდინოს სომხურ სახელმწიფოებრიობაზე.
„ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ ევროკავშირის დამკვირვებლების განლაგება რუსეთსა და დასავლეთს შორის გეოპოლიტიკური მეტოქეობის ჩვენს რეგიონში, კერძოდ, სომხეთის ტერიტორიაზე გადატანის საბაბი არ გახდეს. ერევანმა ეს ყველანაირად უნდა აღკვეთოს“, – განუცხადა Dalma News-ს სომხეთის პარლამენტის წევრმა, ოპოზიციური ბლოკის “ღირსება მაქვს“ ფრაქციიდან ტიგრან აბრამიანმა.
აიკ გრიგორიანი